საქმე №ას-1164-1084-2017 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. შ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. შ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან აბონენტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის _ 4 785 ლარისა და მორალური ზიანის _ 15 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მოპასუხის აბონენტია, რომელსაც, მოპასუხემ დაუმონტაჟა მრიცხველი 2001 წელს მისამართზე _ თბილისი, ქ–ის შესახვევი, კორპ. #3, ბ#42 . იმის გამო, რომ სისტემატურად ხდებოდა მაღალი თანხის დარიცხვა, აბონენტს გაუჩნდა ეჭვი მრიცხველის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით, თუმცა 2001 წლიდან 2013 წლამდე არ მომხდარა მისი გეგმიური შემოწმება. აღნიშნული თხოვნით მიმართა მოპასუხეს არაერთხელ, თუმცა, მიიღო უარი, მოგვიანებით, 2013 წლის 3 დეკემბერს, შპს „ს-მა“ დაასკვნა, რომ მრიცხველი აფიქსირებდა გაცილებით მეტ ბრუნვას, ვიდრე დასაშვებია. ამ დასკვნის საფუძველზე, აბონენტმა მოითხოვა 2001 წლიდან 2013 წლამდე დარიცხული ჩვენების დაკორექტირება, რაზეც მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ მათ შეეძლოთ მხოლოდ ბოლო სამი თვის თანხის განსხვავებული კომპენსაციის ანაზღაურება, ან მოხმარებული ელ.ენერგიის ვალში გაქვითვა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მიერ 2015 წლის 22 მაისს მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილით აღიარებულია ის გარემოება, რომ მათი მიზეზით მოსარჩელეს მიადგა ზიანი, თუმცა, არ არის აღიარებული ზიანის სრული ოდენობა. 12 წლის მანძილზე მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 785 ლარი. გარდა მატერიალური ზიანისა, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანიც, რომლის ოდენობაც შეადგენს 15 000 ლარს. მორალური ზიანის წარმოშობა მოსარჩელემ დაუკავშირა მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულ ფინანსურ და მორალურ დანაკლისს, მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანების გასტუმრების მიზნით, ლომბარდში ძვირფასეულობის დაგირავებასა და სხვა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო განცდილ სიდუხჭირეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ აბონენტს ელ.ენერგიის მრიცხველი დაუმონტაჟდა 2001 წლის 10 მაისს, რომელიც შემოწმდა 2013 წლის 29 ოქტომბერს, „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის მე-80 მუხლის მეორე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 12-წლიანი პერიოდის დაცვით.ლაბორატორიული შემოწმებისას, მექანიკური დაზიანების გამო, იგი აღმოჩნდა გაუმართავი (დასაშვები ნორმის ფარგლებში) და აბონენტს იმავე დღეს დაუმონტაჟდა ახალი ციფრული მრიცხველი. მოსარჩელე თავად განმარტავს, რომ არცერთ საექსპერტო დაწესებულებას არ შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, თუ როდის დაზიანდა მრიცხველი, ყველა მრიცხველს გააჩნია გადაცდომის დასაშვები ფარგლები და იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ამ ცდომილებას გადააჭარბებს, აღრიცხული კილოვატები გადაანგარიშდება სემეკის მიერ ელექტროენერგეტიკულ სფეროში მოქმედი სპეციალური ნორმატიული აქტის - 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების საფუძველზე, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ლიცენზიანტისთვის. აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ ვითარებას მოპასუხე ვერ გადაუხვევდა და ვერ მიაკუთვნებდა აბონენტს იმაზე მეტს, ვიდრე აღნიშნული ნორმების ფარგლებშია დაშვებული, რის გამოც, 12 წლის მანძილზე ზიანის არსებობის ფაქტი არ შეიძლება, დადასტურებულად იქნას მიჩნეული. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ასევე გაუმართლებელია, ვინაიდან ის არ წარმოადგენს მოპასუხის ქმედების შედეგს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხემ დაარღვია თუ არა ვალდებულება, იყო თუ არა მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო, ამ დარღვევას შედეგად მოყვა თუ არა ზიანი, ასევე, არსებობს თუ არა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს, რომელიც, ძირითადად, სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევას შეეხება.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. მოსარჩელემ მრიცხველი დაიდგა 2001 წლის 10 მაისს, შემოწმებისთვის კი, მოიხსნა 2013 წლის 29 ოქტომბერს და გაიგზავნა მეტროლოგიის ლაბორატორიაში;
1.2.2. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად #239057 მრიცხველი, მექანიკური დაზიანების გამო, აღმოჩნდა გაუმართავი (დასაშვები ნორმის ფარგლებში), კერძოდ, მრიცხველი ელექტროენერგიას აღრიცხავს 5,78%-იანი ცდომილებით მომხმარებლის საზიანოდ;
1.2.3. მრიცხველის დაზიანების ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების, საქმის მასალებისა და მხარის შედავებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული წინაპირობები (სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. დავის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო წესების დარღვევით და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა).
1.3.2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე. უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს აბონენტს, ხოლო, მოპასუხე _ განაწილების ლიცენზიატს, რომელიც აბონენტს აწვდის ელექტრო ენერგიას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის სამართალურთიერთობა (იხ. სემეკ-ის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების („ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები, შემდგომში _ წესები) მე-3 მუხლი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი), რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 477-ე და შემდგომ ნორმებთან ერთად, რეგულირდება აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და სემეკის დადგენილებით დამტკიცებული წესებით, რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (დადგენილების მუხლი 3.3.: ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს). სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის (გამყიდველი) მხრიდან ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი აღრიცხავს მოხმარებულზე მეტი ოდენობით ელექტროენერგიას და მას უწევს ზედმეტი გადასახადის გადახდა, ასეთ ვითარებაში მოთხოვნის წინაპირობა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმადაც, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთს მცირე რაოდენობით. რაც შეეხება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, მას სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (თუ მყიდველი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად) და „წესების“ მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების ჩასწორებისთანავე ან/და მოხდეს მისი მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ)) წარმოადგენს.
1.3.3. მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებიდან გამომდინარე, მითითების ფარგლებში მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს, სარჩელში აღნიშნოს:
ა) მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა;
ბ) მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი შესრულების განხორციელება მომხმარებლის საზიანოდ;
გ) ვალდებულების დარღვევის პერიოდი და ამ დარღვევით გამოწვეული ზიანის ოდენობა.
რაც შეეხება შესაგებელს, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ზემოხსენებულ ფაქტს შეედავება მოპასუხე და რამდენად არსებითი ხასიათის შედავებას წარადგენს იგი, განისაზღვრება მტკიცების საგანი და სადავო გარემოებების დადასტურების ვალდებულება დაეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
1.3.4. საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი, რომელიც, მართალია, არსებითი ხასიათისაა და მოპასუხე მოთხოვნის წარმოშობის დროს ხდის სადავოდ, პროცესუალური თვალსაზრით, საინტერესოა რამდენიმე მიმართულებით: მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ შემოწმების შედეგად დადგენილია მრიცხველის ცდომილების ფაქტი, ამასთანავე, გამოთქვამს მზაობას წესების მე-10 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, აუნაზღაუროს აბონენტს ბოლო სამი თვის ზედმეტად გადახდილი თანხა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ეს გარემოება შეაფასეს იმგვარად, რომ არ შეუმოწმებიათ, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტის აღიარების წინაპირობები (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება, საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას).
1.3.5. საკასაციო სასამართლო, რასაკვირველია, სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის დროის მითითება/დამტკიცება დაზარალებულის ტვირთს წარმოადგენს, ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მრიცხველის დაზიანების კონკრეტული პერიოდი, ამ მხრივ, არც საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, თუმცა, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრულად უარყოფის საფუძველი ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის ელექტროენერგიის მრიცხველებისათვის ვადა განისაზღვრება 12 წლით. „წესების“ მე-11 მუხლის მე-3, მე-7, 81 პუნქტების ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ როგორც გეგმიური, ისე _ საცალო მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არაგეგმიური შემოწმებისათვის მრიცხველის წარდგენა განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას წარმოადგენს. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას და საკუთარი ინიციატივით ვერც პალატა შეამოწმებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც შესაძლოა, ადასტურებდეს აბონენტის მიმართვას განაწილების ლიცენზიატისათვის არაგეგმიური შემოწმების ჩატარების თაობაზე, თუმცა, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის სწორი განმარტებისათვის, მნიშვნელოვანია, განისაზრვროს გეგმიური 12-წლიანი შემოწმების პერიოდის საკითხი: სამოქალაქო კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლების თანახმად, კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები. თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აბონენტს მრიცხველი დაუმონტაჟდა 2001 წლის 10 მაისს, შემოწმებისთვის კი, მოიხსნა 2013 წლის 29 ოქტომბერს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.1.). სამოქალაქო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი - სამას სამოცდახუთით. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა ისე დაადგინეს მრიცხველის კანონით დადგენილ ვადაში გეგმიურად შემოწმების ფაქტი, რომ არ გამოუკვლევით, ზემოხსენებული თარიღების გათვალისწინებით, განაწილების ლიცენზიატმა დაიცვა თუ არა შემოწმების ჩატარების ვადები და ამ გზით ხომ არ დაარღვია ხელშეკრულება. ამასთანავე, შესაფასებელია გადამოწმების 12-წლიანი პერიოდის გადაცილების თვეთა რაოდენობა ხომ არ წარმოშობს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის წინაპირობას.
1.3.6. მართალია, საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის ის ფაქტი, რომ აბონენტის საწინააღმდეგოდ, მრიცხველის ცდომილება დადგენილია დასაშვებ ფარგლებში, თუმცა, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების წინაპირობებისა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.3.2.) და მოპასუხის მიერ შესაგებელში გადმოცემული 3 თვის კომპენსაციის გათვალისწინებით, ეს გარემოება სარჩელის წარმატების გამომრიცხველი არ შეიძლება გახდეს.
1.3.7. საკასაციო სასამართლო სრულად უარყოფს კასატორის შედავებას მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს ხსენებული ნორმა და მართებულად დაუკავშირეს იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ დაზარალებულის სულიერ განცდებს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და სხვა. თუმცა, გაუმართლებელია ელექტროენერგიის მრიცხველის აღრიცხვიანობის ცდომილების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება დაუკავშირდეს მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალებას და ამ ფაქტის თანმდევ შედეგებს, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო საჩივრით დასაბუთებული, ლოგიკური არგუმენტაცია მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებთან დაკავშირებით მხარეს არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის, რაც თავისთავად საჩივრის წარუმატებლობაზე მეტყველებს.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების/გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა), საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და განსაზღვროს უფლების საკითხი. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რის გამოც, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
2. კასატორის შუამდგომლობები:
2.1. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს საქმისათვის მტკიცებულებების დართვას, ასევე, შუამდგომლობს საგამოძიებო ორგანოებისათვის საქმის მასალების გადაცემის თაობაზე.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407- მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარდგენას თავად საპროცესო წესები გამოიცხავს, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის საფუძველი, პალატა მათ უბრუნებს კასატორს.
2.3. რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვას, პალატა ამ შუამდგომლობასაც უარყოფს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის განხილვისას საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსს 137-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. ამავე ნორმის მე-3 და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე კი, თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით. ამგვარი წინაპირობების არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება და არც მხარის შუამდგომლობა შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას დოკუმენტის სიყალბის, მისი შემდგომი გამოვლინებისა და სხვა წინაპირობების თაობაზე, რაც მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
3. პროცესის ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაიმე შუამდგომლობა პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწლების თაობაზე წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სარჩელის უარყოფის გამო, სასამართლო ხარჯს გაიღებს სახელმწიფო, ხოლო, მატერიალური ზიანიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარისწორების საკითხი, ამავე ნორმიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 137-ე, 407-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. გ. შ–ის შუამდგომლობა საქმის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. კასატორს დაუბრუნდეს 22.11.2017წ. #4885-17 განცხადებაზე დართული კომუნალური გადასახადის ქვითრებისა და შემოსავლის ორდერის ასლი 3 (სამი) ფურცლად, ასევე, 26.12.2018წ. #ა-915-18 განცხადებაზე დართული კომუნალური გადასახადის ქვითრების ასლები 4 (ოთხი) ფურცლად.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე