საქმე №ას-610-610-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. წ-ე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. წ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე მესამე პირის სარჩელზე), რ. კ-ე-წ-ე, თ. წ-ე (მოპასუხეები თავდაპირველ, ასევე, მესამე პირის სარჩელებზე)
მესამე პირი _ მ. წ-ე (მესამე პირის სარჩელზე)
თავდაპირველი სარჩელის თანამოპასუხეები: ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი რ. გ-ე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (მესამე პირის სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/მესამე პირის მოთხოვნა და სარჩელების ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ. წ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. კ-ე-წ-ის, თ. წ-ის, ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს რ. გ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე, მესამე პირის _ გ. წ-ის მიმართ და მოითხოვა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი მამის _ ა. წ-ის დანაშთ ქონებაზე ანდერძისმიერ მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაგრძელება, ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს რ. გ-ის მიერ რ. კ-ის სახელზე 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული #2-469 სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რ. კ-ე-წ-ისა და თ. წ-ის გამოსახლება ზესტაფონში, წ–ის ქ#...-ში მდებარე #17 ბინიდან.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მამა _ ა. წ-ე გარდაიცვალა 1998 წლის 1 ნოემბერს. გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებელს დარჩა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რიცხული 50 კვ.მ ოროთახიანი ბინა (მდებარე ზესტაფონში, წ–ის ქ#17-ში). 1983 წლის 11 აპრილს შედგენილი ანდერძით, რომელიც რ. კ-ე-წ-ემ გადასცა მოსარჩელეს, მთელი დანაშთი ქონება უანდერძა ბ. წ-ეს მამკვიდრებელმა. დედინაცვლის, რ. კ-ე-წ-ის თხოვნით, ის და მოსარჩელის ნახევარდა _ თ. წ-ე დროებით დატოვა სადავო ბინაში საცხოვრებლად, სანამ შეიძენდნენ სხვა საცხოვრებელს. თვითონ კი, ფაქტიურად ფლობდა როგორც მამის სიცოცხლეში, ასევე, მამის გარდაცვალების შემდეგაც მამის სახელზე რიცხულ ქონებას ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ რ. კ-ემ დაუმალა ნოტარიუსს ანდერძის არსებობის ფაქტი და მიიღო სამკვიდრო მოწმობა წ–ის ქუჩა #8-ში მდებარე #17 ბინაზე, რითაც დაირღვა მისი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრის უფლება. 2007 წლის 4 დეკემბერს აღძრული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობას, ასევე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, ანდერძისმიერ მემკვიდრედ აღიარებასა და მოპასუხეების: რ. და თ. წ-ეების ბინიდან გამოსახლებას. 2018 წლის 10 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო (მოპასუხეები თ. და რ. წ-ეების საკუთრებაში დარჩებოდა ქალაქ ზესტაფონში, წ–ის ქუჩა #8/17 ოროთახიანი ბინა, ხოლო მოსარჩელე ბ. წ-ეს დარჩებოდა საკუთრებაში ზესტაფონის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე სახლი და მიწის ნაკვეთები). დავის შესახებ ცნობილი იყო ბ. წ-ის ძმის _ გ. წ-ისათვის, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო დავაში და მხოლოდ 2015 წელს მიმართა სასამართლოს ბ. წ-ესა და რ. კ-ე-წ-ეს შორის გაფორმებული მორიგების განჩინების გაუქმების თაობაზე. სასამართლომ გააუქმა რა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინება, ბ. წ-ემ კვლავ მხარი დაუჭირა 2007 წლის 4 დეკემბერს აღძრული სარჩელის მოთხოვნებს.
1.2. მესამე პირმა _ გ. წ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ., თ., მ. წ-ეებისა და რ. კ-ე-წ-ის მიმართ და მოითხოვა რ. და თ. წ-ეების სახელზე 2007 წლის 4 დეკემბრის გაცემული #463 სამკვიდრო მოწმობის 1/3 ნაწილში ბათილად ცნობა, ზესტაფონში, წ–ის ქუჩა #8-ში მდებარე 50 კვ.მ #17 ბინის 1/3-ის, ასევე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
1.2.1. მესამე პირის სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ. წ-ე მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა _ შვილი. მისთვის კანონით დადგენილი წესით არ უცნობებიათ ბ., რ. და თ. წ-ეებს შორის მიმდინარე დავის შესახებ. მისი განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 იანვრის განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ და განახლდა საქმის წარმოება. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისათვის მის სახელზე ირიცხებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთები, აგრეთვე, ქ.ზესტაფონში, წ–ის ქუჩა #8/17-ში მდებარე ოროთახიანი ბინა. მამკვიდრებელს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: შვილები: გ. წ-ე, ბ. წ-ე, თ. წ-ე (შვილი მეორე ქორწინებიდან) და მეუღლე _ რ. კ-ე-წ-ე. მამის გარდაცვალების შემდეგ გ. წ-ე ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დანაშთ ქონებას, სამკვიდროს მიღების ვადაში ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე მამის საცხოვრებელ სახლში, ამუშავებდა მიწის ნაკვეთებს, რომელიც ირიცხებოდა მამკვიდრებლის სახელზე. 2007 წლის 4 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ.ზესტაფონში მდებარე ბინა სრულიად უკანონოდ საკუთრებაში გადაეცათ თ. წ-ესა და რ. კ-ეს. 1994 წლის 10 დეკემბერს, ა. წ-ის სახელზე გაცემულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. ამ დროისათვის, ა. წ-ის სიცოცხლეში, საკოლმეურნეო კომლს, როგორც სამართლის სუბიექტს შეწყვეტილი ჰქონდა არსებობა. 1992-1993 წლებში ბ. წ-ე ცხოვრობდა ქ.თბილისში, დაამთავრა ინსტიტუტი, შემდეგ დაიწყო მუშაობა და იმყოფებოდა იქ. მამის გარდაცვალებისთანავე წავიდა ქ.თბილისში და კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში სამკვიდრო ქონება არ მიუღია. სოფელ მ-ში დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა მეზობლად, ჯ. წ-ის სახლში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით რ. კ-ე-წ-ემ არ ცნო ბ. წ-ისა და გ. წ-ის მოთხოვნები. შესაგებლის თანახმად, მოპასუხე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ა. წ-ესთან და 1985 წლის 7 იანვარს შეეძინათ შვილი _ თ. წ-ე. 1991 წელს მეუღლეებმა დაარეგისტრირეს ქორწინება. ამ დროიდან მოყოლებული მოპასუხე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, წ–ის ქუჩა #8/17-ში მდებარე ოროთახიან ბინაში, მეუღლეები ფლობდნენ და ამუშავებდნენ სოფელ მ-ში სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს. ა. წ-ის ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, ბ. და გ. წ-ეები ოჯახებით ცხოვრობდნენ ქ.თბილისში. 1998 წელს გარდაიცვალა მოპასუხის მეუღლე, რომელიც გაასვენა ბ. წ-ემ და დაკრძალა სოფელ მ-ში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხემ შვილთან ერთად გააგრძელა ცხოვრება ქ.ზესტაფონში მდებარე ბინაში, ასევე, ამუშავებდა სოფელ მ-ში მეუღლის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ თბილისიდან სისტემატურად ჩადიოდა ზესტაფონში ბ. წ-ე და ამუშავებდა მამის კუთვნილ მიწის ნაკვეთებს. 2007 წელს ნოტარიუსმა ნ. ფ-ემ ბ. წ-ეს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმის გამო, რომ მემკვიდრეებს შორის წარმოიშვა დავა სამკვიდროს გაყოფაზე. შვილსა და მეუღლესთან ერთად ქ.ზესტაფონში, წ–ის ქუჩა #8/17-ში მდებარე ბინაში 10-წლიანი ცხოვრების გათვალისწინებით, მოპასუხეს ბინის მიღების უპირატესი უფლება ჰქონდა. ამიტომაც მიმართა ნოტარიუსს და აიღო სამკვიდრო მოწმობა. ბ. წ-ის სახელზე ანდერძის არსებობის გამო, მოპასუხე შეუთანხმდა ამ უკანასკნელს, რომ ქალაქის ბინა დარჩებოდათ მას და თ. წ-ეს, ხოლო სოფელში არსებული უძრავი ქონება ბ. წ-ის საკუთრება იქნებოდა. გ. წ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისსა და ზესტაფონში, წ–ის ქუჩაზე მდებარე ბინასთან მას არასოდეს ჰქონია კავშირი. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი 10 წელი არ ჩასულა სოფელ მ-ში და არც ფაქტობრივად დაუფლებია დანაშთ ქონებას. სოფელში დაბრუნების შემდეგ მუდამ უსიამოვნება ჰქონდა მხარეებთან, აყენებდა მოპასუხეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც რ.კ-ემ დატოვა სოფელი და აღარ ჩადიოდა;
2.2. ამავე გარემოებებზე მითითებით, სასამართლო მოთხვნები უარყო თ. წ-ემაც;
2.3. ნოტარიუსმა რ. გ-ემ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მას სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ მიმართა რ. წ-ემ და წარუდგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, ის და მისი შვილი _ თ. წ-ე იყვნენ ა. წ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები, შესაბამისად, სანოტარო მოქმედება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა;
2.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2007 წლის 12 მაისის #5157 გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ ბ. წ-ის სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა, სააგენტოს განმარტებით, რ. და თ. წ-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობაზე კი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6. მუხლის თანახმად, მოპასუხე არ არის პასუხისმგებელი. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოში თ. წ-ის მიერ წარდგენილ იქნა 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული #2-469 სამკვიდრო მოწმობა და შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზები. ვინაიდან არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, სააგენტომ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. მიღებული გადაწყვეტილების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი;
2.5 ბ. წ-ემ მესამე პირის _ გ. წ-ის სარჩელი არ ცნო. გ. წ-ე ნამდვილად არის ა. წ-ის შვილი პირველი ქორწინებიდან, თუმცა, იგი ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში. მამასთან ჩასვლისას გ. წ-ე სისტემატურად აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ა. წ-ემ 1983 წელს შედგენილი ანდერძით მთელი ქონება ბ. წ-ეს უანდერძა და ამით გ. წ-ეს ჩამოართვა მემკვიდრეობა. მამკვიდრებელს მეორე ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი _ მ. წ-ე, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც ბ. წ-ეა, მ. წ-ეს ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორიც მესამე პირს აქვს. მამკვიდრებლის გარდაცვალებით კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა, რადგან კომლის წევრი იყო და დღემდე არის ბ. წ-ე. მამის გარდაცვალებამდეც და შემდეგაც კომლის ქონებას მოპასუხე ამუშავებდა და პატრონობდა. ანდერძის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, მამის მესამე მეუღლის, რ. კ-ისაგან, რის შემდეგაც მან ანდერძის საფუძველზე მოითხოვა ქ.ზესტაფონში მდებარე ქონების გადაფორმება, თუმცა, რ. წ-ესთან შედგა მორიგება და რაიმე პრეტენზია აღარ ჰქონია. გ. წ-ე სტუმარადაც არ ჩადიოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მ-ში მამის გარდაცვალებიდან 15-16 წლის განმავლობაში, მას არც ფაქტობრივი ფლობით და არც სანოტარო ბიუროსათვის მიმართვის გზით არ მიუღია სამკვიდრო. ბოლო წლებია გ. წ-ე სტუმრად ჩავიდა სოფელში და მას ბ. წ-ემ დაუთმო საკუთარი სახლი რამოდენიმე დღით. არც ერთი მიწის ნაკვეთი არ დაუმუშავებია, რაც ა. წ-ის კომლს ეკუთვნოდა. მოპასუხე ანდერძისმიერი მემკვიდრეა და მამის დანაშთი ქონება, ანდერძის შესაბამისად, მას ეკუთვნის;
2.6. მ. წ-ემ არ ცნო გ. წ-ის სარჩელი, შესაგებლის თანახმად, გ. წ-ე არის აწ გარდაცვლილი ა. წ-ის შვილი, ისევე, როგორც თავად, ბ. და თ. წ-ეები თუმცა, მამკვიდრებელმა ანდერძით სამკვიდრო ბ. წ-ეს დაუტოვა, რომელიც წარმოადგენდა მისი კომლის წევრს. ა. წ-ის გარდაცვალებით კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა, რამდენადაც კომლის წევრი იყო და არის ბ. წ-ე. ბ. წ-ეს სამკვიდროს მიღების ვადა არ გაუშვია, რადგანაც ის ცხოვრობდა და ცხოვრობს ა. წ-ის კომლში. გ. წ-ე როდის ან რა გზით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, მოპასუხისათვის უცნობია, რადგანაც მესამე პირის ფაქტობრივი და რეგისტრაციის მისამართი არის ქ.თბილისი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ბ. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1/3 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ. გ-ის მიერ რ. და თ. წ-ეების სახელზე 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული #2-469 სამკვიდრო მოწმობა და მის საფუძველზე ქ.ზესტაფონში, წ-ის ქუჩა #8/17-ში მდებარე ბინაზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი (თ. წ-ისა და რ. წ-ის თანასაკუთრება 1/3 ნაწილში). ბ. წ-ე ცნობილ იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა. წ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე ქ.ზესტაფონში, წ-ის ქუჩა #8, ბინა #17, ს/კ #32.10.07.026. 0-...) 1/3-ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ. მოპასუხეები: რ. კ-ე-წ-ე და თ. წ-ე გამოსახლდნენ ხსენებული ბინის 1/3 ნაწილიდან. ამავე გადაწყვეტილებით გ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. წ-ემ, რ. კ-ე წ-ემ, თ. წ-ემ და გ. წ-ემ. ბ. წ-ემ მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რ. კ-ე-წ-ემ და თ. წ-ემ _ ბ. წ-ის სარჩელის უარყოფა, ხოლო, გ. წ-ემ _ მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით, ბ. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 4/6 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს რ. გ-ის მიერ რ. და თ. წ-ეების სასარგებლოდ 2007 წლის 4 დეკემბერს გაცემული სასამკვიდრო მოწმობა, შესაბამისად გაუქმდა აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში რ. და თ. წ-ეების თანასაკუთრებად ზესტაფონში, წ–ის ქ#8-ში მდებარე #17 ბინის რეგისტრაცია 4/6 ნაწილში და ბ. წ-ე ცნობილ იქნა 1998 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილი ა. წ-ის დანაშთი სამკვიდროს (მდებარე ქ.ზესტაფონში, წ–ის ქ#8/17-ში) 4/6-ის ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ. აღნიშნული ბინიდან მოპასუხეების: რ. წ-ე-კ-ისა და თ. წ-ის გამოსახლებაზე მოსარჩელე ბ. წ-ეს ეთქვა უარი. ამავე გადაწყვეტილებით, გ. წ-ის სარჩელი 2007 წლის 4 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე, ა. წ-ის სამკვიდროს (ზესტაფონში, წ-ის ქ#8-ში მდებარე #17 ბინის, ზესტაფონის სოფელ მ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთზე) მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. წ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და მესამე პირის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. წ-ის ვინდიკაციური მოთხოვნის უარყოფისა და შესაბამისად, პროცესის ხარჯის განსაზღვრის ნაწილში საკასაციო წესით არ გასაჩივრებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში და იგი საკასაციო განხილვის საგანი ვეღარ გახდება, არამედ, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გ. წ-ის მიერ სამკვიდროს მიღების დადგენა, კერძოდ, ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა იგი გარდაცვლილი მამის ქონებას, რამაც სამკვიდროზე თანასაკუთრების უფლება წარმოუშვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს, რომელიც, ძირითადად, სასამართლოს მხრიდან საპროცესო წესების დარღვევას შეეხება, კერძოდ, საკასაციო საჩივრის შესწავლით პალატა მიდის დაკსვნამდე, რომ კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს მესამე პირის სარჩელის უარყოფის თაობაზე და პრეტენზიას გამოთქვამს სასამართლოს მხრიდან მხარეთა განმარტებების არასწორად შეფასების, ასევე, სხდომაზე მოპასუხის მიერ აღიარებული ფაქტების შეუფასებლობის თაობაზე, რომელთა ერთობლიობა, კასატორის მოსაზრებით, ოურიდიულად გამართლებულს ხდის მის სასარჩელო მოთხოვნას.
1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. მამკვიდრებელი ა. წ-ე არის მოდავე მხარეების: გ. წ-ის, ბ. წ-ისა და თ. წ-ის მამა, ხოლო, რ. წ-ე-კ-ის მეუღლე (რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1991 წლის 30 აპრილიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში, 1985 წლის 7 იანვარს შეეძინათ შვილი თ. წ-ე);
1.2.2. 1983 წლის 11 აპრილს მამკვიდრებელმა შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმადაც თავისი საკუთრება უანდერძა შვილს - ბ. წ-ეს;
1.2.3. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 1998 წლის 1 ნოემბერს (მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მოდავე მხარეები: შვილები _ ბ. წ-ე, გ. წ-ე, თ.წ-ე და მეუღლე _ რ. კ-ე-წ-ე, მათ შორის, ბ. წ-ე არის ა. წ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე);
1.2.4. გარდაცვალების შემდეგ მამკვიდრებელს დარჩა ქ.ზესტაფონში, წ–ის ქ#8-ში მდებარე 50 კვ.მ #20 ბინა (საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ა. წ-ის სახელზე 1992 წლის 14 აგვისტოს პრივატიზაციის #2670 ხელშეკრულების საფუძველზე) და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში მდებარე 0.86ჰა მიწა 8 ნაკვეთად;
1.2.5. ა. წ-ის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში არცერთი პირველი რიგის მემკვიდრეს არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის განცხადებით, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით (ზესტაფონის ნოტარიუსმა რ. გ-ემ 2007 წლის 4 დეკემბერს რ. და თ.წ-ეების სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც მათ მემკვიდრეობით გადაეცათ ქ.ზესტაფონში, წ-ის ქუჩა #8-ში მდებარე #20 ბინა და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. და თ. წ-ეების სახელზე. ბ. წ-ემ ანდერძის საფუძველზე მოითხოვა ხსენებული სამკვიდრო მოწმობისა და საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ანდერძისმიერ მემკვიდრედ აღიარება და მოპასუხეების: რ. და თ. წ-ეების ბინიდან გამოსახლება. საქმის წარმოება დასრულდა მორიგებით და ზესტაფონის რაიონის სოფელ მ-ში მდებარე 1050 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული #01/1 და #02/1 შენობა-ნაგებობით დარეგისტრირდა ბ. წ-ის საკუთრებად, ხოლო, ქ.ზესტაფონში მდებარე ბინა აღირიცხა თ. და რ. წ-ეების საკუთრებად, თუმცა ეს განჩინება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა);
1.2.6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ ა. ა-ის 2007 წლის 4 დეკემბრის #863 ცნობის თანახმად, ა. წ-ე გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.ზესტაფონში, წ–ის ქ#8/17-ში, მის დანშთ ქონებას ფლობენ მისი მეუღლე რ. წ-ე და შვილი თ. წ-ე;
1.2.7. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მ-ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელ ი. თ–ის 2015 წლის 7 დეკემბრის ცნობის თანახმად, ბ. წ-ე ფლობს ა. წ-ის კუთვნილ 0.8ჰა მიწის ნაკვეთს, ა. წ-ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალებიდან დღემდე.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. როგორც უკვე ითქვა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გ. წ-ის მხრიდან სამკვიდროს მიღების საკითხი. როგორც სარჩელით, ისე _ შემდგომ წარდგენილი საჩივრებით მემკვიდრე აპელირებს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების საკითხზე, შესაბამისად, მისი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
1.3.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მის უფლებას და არა ვალდებულებას და, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი, გააჩნდა თუ არა მემკვიდრეს დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის ნება. პირის მხრიდან სამკვიდროს მიღება ცალმხრივი ნების კატეგორიაში ექცევა და ნების ნამდვილობისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ზოგად წინაპირობებთან შედარებით, სპეციალურ დანაწესებს განსაზღვრავს მემკვიდრეობითი სამართლის ზემოხსენებული ნორმა. ამასთანავე, გარდა კანონისმიერი ფორმალობებისა (ნოტარიუსისათვის განცხადებით მიმართვა, ქონების დაუფლება), სავალდებულოა, მემკვიდრემ შინაგანი ნება, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, გამოავლინოს სამკვიდროს გახსნიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, თანახმად სკ-ის 1319-ე-1320-ე მუხლებისა) 6-თვიან ვადაში.
1.3.3. ზემოხსენებული წინაპირობების დაცვის აუცილებლობა განპირობებულია სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე. თუკი პირი დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით მიიღებს სამკვიდროს, სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლიდან გამომდინარე, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ჩაითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეს ქონების მიმართ წარმოეშობა სანივთო უფლებები, რომლებიც დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს, როგორც ეროვნული, ისე _ საერთაშორისო სამართლის დანაწესებიდან გამომდინარე.
1.3.4. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების საკითხს თუ მივუბრუნდებით, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების წინაპირობების მითითების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ამასთანავე, იმის მიხედვით, თუ რომელ მისათითებელ ფაქტს შეედავება მოპასუხე კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 201-ე მუხლი), ერთმანეთისაგან გაიმიჯნება უდავო ფაქტები და მტკიცების საგანი და მასში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ეკისრება მოსარჩელეს. სადავო ფაქტების მტკიცების თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა რაიმე სპეციალურ დანაწესს არ ადგენს, არამედ, მემკვიდრეს ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, შეუძლია დადგენილ ვადაში ქონების დაუფლების დადასტურება (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით), სასამართლო კი, მტკიცებულებათა იურიდიული სანდოობის შემოწმების, მათი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების შედეგად განსაზღვრავს, დაძლია თუ არა მხარემ მტკიცების ტვირთი.
1.3.5. სხვა მემკვიდრეებისაგან განსხვავებით, კასატორს არ წარმოუდგენია წერილობითი ან/და ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც მისი მხრიდან სამკვიდრო ქონების დაუფლებას, მისით სარგებლობა-განკარგვის ფაქტს ან მემკვიდრის ამგვარი განზრახვის არსებობას დაადასტურებდა, არამედ გ.წ-ემ სასამართლოს ძირითადად მოწმეთა ჩვენებებით შესთავაზა სადავო ფაქტის დამტკიცება. ამ მხრივ პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, ისინი ერთობლივად, თანმიმდევრულად და ლოგიკურად არ ასახავენ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან მოყოლებული მოვლენათა განვითარებას, ეს მტკიცებულებები, საკასაციო პალატის დასკვნით, სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით იქნა შეფასებული და ამ ნაწილში კასატორს არ გააჩნია დასაბუთებული შედავება, თუმცა, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მის იმ არგუმენტს, რომლის თანახმადაც სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ბ. წ-ის აღიარებას.
1.3.6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას, მისი გარდაცვალებიდან 6-თვიან ვადაში დაეუფლა ბ. წ-ე და შეუდგა მის მართვას, გ. წ-ე რეგისტრირებული იყო და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში, თუმცა, 2017 წლის 7 მარტის სხდომაზე ბ. წ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი თავდაპირველად ცხოვრობდა ბიძის _ ჯ. წ-ის სახლში, რადგანაც მამის გარდაცვალებიდან 2-3 თვეში სოფელ მ-ში დაბრუნდა მისი ძმა, გ. წ-ე, რომელმაც ჩაუკეტა სახლის კარი (იხ. 07.03.2017წ. სხდომის ოქმი, 16:58:23სთ). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარის ხსენებული განმარტება უნდა შეფასდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში და გაირკვეს, მოპასუხე ხომ არ აღიარებს იმგვარ ფაქტებს, რომლებიც მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის და ადასტურებს მისი, როგორც მემკივიდრის მხრიდან იმგვარი ქმედებების განხორციელებას, რომლებიც საკუთრებას წარმოუშობდა მას ქონებაზე. ამ განმარტების ხსენებული ნორმის ფარგლებში შეფასება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღიარება შეიძლება საკმარისად იქნას მიჩნეული სარჩელის წარმატებისათვის და საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ხსენებული განმარტება ასახულია პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სხდომის ოქმში და მისი, როგორც საპროცესო აღიარების შეფასებაზე გ.წ-ე სააპელაციო საჩივარშიც აპელირებდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა მასზე, თუმცა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ კუთხით დასაბუთებას არ შეიცავს, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საპროცესო დარღვევა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ შესაძლებელია, გადაწყვეტილების კანონიერებაზე ახდენდეს გავლენას.
1.4. საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ბ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა), საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად უნდა დაადგინოს გ. წ-ის მიერ სამკვიდროს დადგენილ ვადაში დაუფლების საკითხი და სასარჩელო მოთხოვნათა ფარგლებში განსაზღვროს თანამემკვიდრეთა წილი საზიარო საგანზე.
2. კასატორის შუამდგომლობები:
2.1. 2018 წლის 31 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები და ითხოვა მათი საქმისათვის დართვა.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების წარდგენას თავად საპროცესო წესები გამორიცხავს, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამოდინარე კი (სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ), ვინიადან არ არსებობს მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის საფუძველი, პალატა მათ უბრუნებს კასატორს.
3. პროცესის ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაიმე შუამდგომლობა პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების თაობაზე წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების საკითხი კი, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განსაზღვროს საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 407-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. წ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ბ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და გ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. გ. წ-ეს დაუბრუნდეს 31.08.2018წ. #ა-4064-18 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 17 (ჩვიდმეტი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური