საქმე №ას-1066-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „ს. - კ. გ. ა. ო. ქ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, გამგეობის წევრად აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. კ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ს. - კ. გ. ა. ო. ქ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან იურიდიული პირი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 2015 წლის 13 იანვრის #1 კრების ოქმის ბათილად ცნობა და იურიდიული პირის გამგეობის წევრად მოსარჩელის აღდგენა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე იურიდიული პირი შედგებოდა 18 წევრისაგან. 2013 წლის 24 სექტემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საზოგადოება დატოვა ერთმა წევრმა _ „ჯ. ე. ლ. ნ.“ და დარჩა 17 წევრი. 2015 წლის 13 იანვარს, ნაცვლად 17 წევრისა, ორი პირის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის, გამგეობის წევრობიდან მოსარჩელის გამოყვანისა და გამგეობაში ახალი წევრების არჩევის შესახებ, აღნიშნული ორი პირიდან ერთი _ ნ. ს-ი არ იყო საზოგადოების წევრი. კრების ოქმი ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან, დარღვეულია კრების მოწვევისა და ჩატარების წესი: მოსარჩელე არ იყო მიწვეული და კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე არა იურიდიული პირის წევრი, არამედ ორგანიზაციის თანამშრომელი და გამგეობის წევრი იყო. 2013 წლის 30 მარტის კრების ოქმში არასწორადაა მითითებული საზოგადოების წევრებად ოფისში დასაქმებული თანამშრომლები, რის შესახებაც ეცნობა მარეგისტრირებელ ორგანოს. კრება ჩატარდა და გადაწყვეტილება მიღებულია კანონისა და წესდების მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 2 000 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2015 წლის 13 იანვრის #1 კრების ოქმი და მოსარჩელე აღდგენილ იქნა გამგეობის წევრად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოპასუხე ორგანიზაცია სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2000 წლის 21 ნოემბერს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ. წესდების შესაბამისად, ასოციაციის დამფუძნებლები არიან: ნ. ჯ-ია, ლ. ჯ. ე. ნ-ე, ნ. ს-ი, ი. მ-ი და თ. ბ-ძე;
1.2.2. 2015 წლის 13 იანვრის მდგომარეობით ასოციაციის წევრი მხოლოდ ნ. ჯ-ია არ ყოფილა, არამედ, ასოციაციაში სულ 17 წევრი იყო გაერთიანებული, მათ შორის, კ. ბ-ძე (მოპასუხის წევრთა საერთო კრების 2013 წლის 30 მარტის #9 ოქმის თანახმად, 2013 წლის 30 მარტის მდგომარეობით ასოციაციის წევრები იყვნენ: ლ. ჯ. ე. ნ-ი, ნ. ჯ-ია, რ. გ-ი, ი. ქ-ი, ნ. თ-ძე, ი. ქ-ია, კ. ბ-ე, მ. ვ-ა, კ. ჭ-ი, ლ. ნ-ი, ა. ნ-ე-დ-სი, ე-ე კ-ი, ნ. შ-ძე, თ. მ-ძე, ნ. თ-ძე, ა. მ-ი, ჭ. ჯ-ე, ნ. ხ-ე. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოქმედი გამგეობის შემადგენლობა (ლ. ჯ. ე. ნ-ი, ნ. ჯ-ია, ე. ნ-ძე, ი. ქ-ი, ნ. თ-ძე) შეიცვალა და გამგეობის ახალი შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი წევრების მონაწილეობით: ლ. ჯ. ე. ნ-ი, ნ. ჯ-ია, ჭ. ჯ-ძე, ი. ქ-ი, კ. ბ-ძე. წევრთა საერთო კრების 2013 წლის 24 სექტემბრის #12 ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდნენ არასამეწარმეო იურიდიული პირის წევრები: ნ. ჯ-ია, რ. გ-ი, ი. ქ-ი, ნ. თ-ძე, ი. ქ-ია, კ. ბ-ძე, მ. ვ-ა, კ. ჭ-ი, ლ. ნ-ი, ე. კ-ი, ნ. შ-ძე, თ. მ-ძე, ნ. თ-ე, ჭ. ჯ-ძე, ნ. ხ-ძე. აღნიშნული კრებაზე მოსმენილ იქნა ლ. ჯ. ე. ნ-ის განცხადება გამგეობის წევრობიდან გადადგომისა და არასამეწარმეო იურიდიული პირის წევრობის დატოვების შესახებ. კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: გათავისუფლდა ლ. ჯ. ე. ნ-ი გამგეობის წევრობიდან და მის ნაცვლად არჩეულ იქნა ნ. შ-ძე. საერთო კრების 2013 წლის 24 სექტემბრის #26 ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: ნ. ჯ-ია, ჭ. ჯ-ძე, კ. ბ-ძე, ი. ქ-ი, ნ. შ-ძე. კრებაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: გათავისუფლდა ლ. ჯ. ე. ნ-ი არასამეწარმეო იურიდიული პირის წევრობიდან);
1.2.3. მოპასუხის შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ კ. ბ-ძეს წერილობით არ მიუმართავს გამგეობისათვის და არც გამგეობას მიუღია გადაწყვეტილება მისი წევრად მიღების შესახებ, თუმცა, ასოციაციის წესდების (2013 წლის 23 აპრილამდე მდგომარეობით) 6.12 პუნქტის შესაბამისად, გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას ახალი წევრების მიღებაზე. ამავე წესდებით არ არის დადგენილი გამგეობისათვის მიმართვის წერილობითი ფორმა. ამ ფაქტს ვერ გააქარწყლებს მოწმეთა ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებები სადავო საკითხთან მიმართებით, ვინაიდან კრების ოქმებით (2013 წლის 30 მარტის და 2013 წლის 24 სექტემბრის კრების ოქმებით) ცალსახად დგინდება, რომ კ. ბ-ძე 2013 წლის 30 მარტის მდგომარეობით წარმოადგენდა ასოციაციის წევრს. კრების ოქმები ხელმოწერით დადასტურებულია თვით ნ. ჯ-ას მიერ, ერთ შემთხვევაში, როგორც გამგეობის წევრის, მეორე შემთხვევაში _ როგორც კრების თავმჯდომარის და ამავდროულად, გამგეობის თავმჯდომარის მიერ. აღნიშნული კრების ოქმები დადასტურებულია სანოტარო წესით და მათ უპირატესი მტკიცებულებითი მნიშვნელობა გააჩნია მოწმეთა ახსნა-განმარტებებთან მიმართებით. უდავოა, რომ 2013 წლის 30 მარტიდან 2015 წლის 13 იანვრამდე მოსარჩელე მონაწილეობდა საერთო და გამგეობის კრებებში, მისივე განმარტებით, ის ასოციაციაში გაწევრიანდა 2013 წლის 30 მარტამდე, ხოლო 2012-2013 წლის 30 მარტამდე ასოციაციის კრების ოქმები მოპასუხეს არ წარუდგენია;
1.2.4. ასოციაციის 2015 წლის 13 იანვრის #1 კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდნენ ნ. ს-ი და ნ. ჯ-ია, კრების გადაწყვეტილებით, დამტკიცდა წესდების ახალი რედაქცია, მოსარჩელე გამოყვანილ იქნა გამგეობიდან და გამგეობის წევრებად დაინიშნენ ნ. თ-ძე და ლ. ჯ. ე. ნ-ი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2015 წლის 13 იანვრის #1 კრების ოქმით დაირღვა საზოგადოების 2015 წლის 13 იანვრამდე მოქმედი წესდების მე-6 მუხლის მოთხოვნები: საზოგადოების საერთო კრება არ იყო მოწვეული სათანადო წესით და არ იყო გადაწყვეტილებაუნიარიანი (წესდების 6.9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო კრება ამტკიცებს წესდებას და ცვლილება შეაქვს მასში. წესდების 6.4 მუხლის თანახმად, საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, გარდა ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებისა, რასაც მონაწილე წევრთა ხმათა 2/3 ესაჭიროება. ყველა წევრს აქვს თითო ხმა. წესდების 6.3 მუხლი განსაზღვრავს საერთო კრების მოწვევის წესს, რომლის თანახმადაც, საერთო კრების მოწვევის შესახებ გამგეობის თავმჯდომარემ სენის წევრებს უნდა აცნობოს წერილობითი სახით (წერილით, ფაქსით, ელ.ფოსტით) კრებამდე, სულ მცირე 2 კვირით ადრე), რადგანაც 2015 წლის 13 იანვრის კრებას ესწრებოდნენ ნ. ს-ი და ნ. ჯ-ია. ნ. ს-ი არ წარმოადგენდა ასოციაციის წევრს. ამდენად, ნაცვლად ასოციაციის 17 წევრისა, გადაწყვეტილება წესდების ახალი რედაქციისა და გამგეობის წევრობიდან კ. ბ-ის გამოყვანის შესახებ მიღებულია ერთი პირის მიერ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ საერთო კრებაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მრავალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობა ნების თეორიის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სამოქალაქო კოდექსი, რიგ შემთხვევაში, გვთავაზობს იმპერატიულ მოწესრიგებას, ხოლო, რიგ შემთხვევაში კანონმდებლის მიდგომა დისპოზიციურია. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ გამოვლენილი ნების იურიდიული ძალმოსილების მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი დისპოზიციური მოწესრიგებით ხასიათდება და უპირატესობას ანიჭებს სათანადოდ დამოწმებული სადამფუძნებლო ხელშეკრულების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, როგორც მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ ამტკიცებს მის მთავარ არგუმენტს, რომ ერთი პირის მიერ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური. თავის მხრივ, დადგენილია, რომ კრების სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება წესდების 6.3. და 6.4. პუნქტების მოთხოვნებს (ძველი რედაქციის), სწორედ ამ საფუძვლითაა გაუმართლებელი ცვლილებების შემდგომი რედაქციით წესდების გამოყენებაც (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.4., ასევე, წესდების 6.9. პუნქტი). საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ დისპოზიციური მოწესრიგების მოთხოვნათა დარღვევით გამოვლენილი ნება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი ძალის არმქონეა და არსებობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობები. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელე ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, პალატა მას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მართალია, მორიგების ფარგლებში, ჯერ კიდევ პირველი ინსტანციით საქმის განხილვის დროს მოსარჩელეს შეეთავაზა გამგეობის წევრად მიღება, თუმცა გაურკვეველი რჩება თავად კასატორის მოქმედება, თუკი ის მზად არის შეასრულოს ხსენებული შეთავაზება, რას ემსახურება მისი მხრიდან საკასაციო საჩივრის წარდგენა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უარყო პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამაბელი და დამატებითი გადაწყვეტილება და სწორად დააკმაყოფილა სარჩელი, სასამართლოს დასკვნები გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტიდან, ხოლო კასატორი ვერ ამტკიცებს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მრავალმხრივი ნების გამოვლენის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან, წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს სპს „ს. ბ. კ., ჟ.“ მიერ 26.07.2018წ. #15326... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ს. - კ. გ. ა. ო. ქ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა(ა)იპ „ს. - კ. გ. ა. ო. ქ.“ (ს/კ #2044...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სპს „ს. ბ. კ., ჟ.“ მიერ 26.07.2018წ. #1532608312 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი