საქმე №ას-1669-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე გ, ც-ძე (მოპასუხე)
მესამე პირი _ სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე გ. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) და სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ, მოპასუხისათვის 20 960,29 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის #709 განკარგულებით, მოპასუხეს დაუმტკიცდა სესხი - 95 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, მესამე პირსა და მსესხებელს შორის 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. 2012 წლის 28 სექტემბერს, სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა „ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რესტრუქტურიზებულ იქნა 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ოქტომბრის #1843 განკარგულებით განხორციელდა 2012 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით მსესხებელზე რიცხული მიმდინარე ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, თანხით 17 133.03 ლარი. მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ დაფარა რესტრუქტურიზებული თანხა გრაფიკით განსაზღვრულ დროში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა სრულად. კერძოდ, სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით და იპოთეკის საგანი ნატურით გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, შესაბამისად, დავალიანების დაფარვის მოთხოვნა გაუმართლებელია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2008 წლის 31 ოქტომბერს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის #709 განკარგულების საფუძველზე მსესხებელს 5 წლის ვადით დაუმტკიცდა 95 000 ლარის ოდენობით სესხი. სესხის სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8%-ს, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ თანხაზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,007%-ის ოდენობით;
1.2.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2009 წლის 26 აგვისტოს, 5 წლის ვადით, ამავე მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე ქობულეთში, რ. ქ#...-ის მიმდებარედ), რომელიც სრულად უზრუნველყოფდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნას (ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს). იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულება 2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 235 284 ლარს;
1.2.3. 2012 წლის 25 ივლისს ცვლილება შევიდა 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში და სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრა გაცემული სესხის დაფარვის გრაფიკი. ამასთან, დადგინდა 2012 წლის 6 ივლისის მდგომარეობით მსესხებელზე რიცხული მიმდინარე დავალიანება, რომლის ოდენობამ შეადგინა 16 273.57 ლარი, საიდანაც ძირი თანხა 11 362.00, სარგებელი _ 4 379.00, პირგასამტეხლო _ 532.57 ლარს შეადგენდა (2012 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, 4.1 პუნქტში მოხსენიებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა, მეწარმე ვალდებულია წარმოადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება დავალიანების გადაუხდელ თანხაზე. შესაბამისი ხელშეკრულება დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. იგივე შინაარსის დათქმას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ოქტომბრის #1843 განკარგულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი);
1.2.4. 2012 წლის 28 სექტემბერს სამინისტროს და მოპასუხეს შორის გაფორმდა „ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რესტრუქტურიზებულ იქნა 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, მეწარმეზე 2012 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 17 133,03 ლარის ოდენობით (ძირითადი თანხა - 11 362 ლარი, პროცენტი - 4 379 ლარი, პირგასამტეხლო - 1 392,03 ლარი), შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ოქტომბრის #1843 განკარგულებით განხორციელდა 2012 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული მიმდინარე ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია თანხით 17 133.03 ლარი;
1.2.5. მოპასუხემ ვერ შეძლო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 6 თებერვალს მიღებულ იქნა #35 ბრძანება - სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ბენეფიციარის - ი/მ „გოჩა ცენტერაძეს“ მიმართ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალების გამოყენების შესახებ. მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 30 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით (98 191.52 ლარი) დადგინდა 2009 წლის 26 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. მითითებული ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 20 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
1.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, მსესხებლის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი (2801 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე: ქობულეთში, რ. ქ#...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს/კ #20.42....) ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში. ქონების ღირებულება განისაზღვრა 123 500 ლარით;
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განმარტეს სესხის ხელშეკრულების 4.2. პუნქტი და სწორად დაადგინეს, რომ იპოთეკა მხარეთა შემდგომი ნების გათვალისწინებით უზრუნველყოფდა სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს. პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები წარმოადგენს (გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციით), რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელეს ევალებოდა მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობების მითითება/დამტკიცება. ფორმალური თვალსაზრისით წარმოდგენილი სარჩელი გამართულია, თუმცა მოპასუხემ მის წინააღმდეგ იმდენად არსებითი შედავება წარადგინა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, იგი სასარჩელო მოთხოვნას წყვეტს (მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი). შეპასუხებიდან დგინდება, რომ მოვალემ ვალი ვერ გადაიხადა, თუმცა, კრედიტორის სასარგებლოდ შესრულება განხორციელდა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემით (სკ-ის 286-ე და მე-300 მუხლები). პალატა ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2.; 1.2.5. და 1.2.6. პუნქტებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე-454-ე მუხლებში გადმოცემულია ვალდებულების შეწყვეტის სახეები, რომელთაგან ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ინსტიტუტი. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიზნებისათვის (შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტა) არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მოვალე რა ფორმით ასრულებს ვალდებულებას, არამედ არსებითია შესრულების მიღება უფლებამოსილი პირის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლი წარმოადგენს რა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებას, იგი მიმართულია კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის/საკუთრებაში გადაცემის გზით ხორციელდება ვალდებულების შეწყვეტა (სკ-ის 427-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კრედიტორმა (რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოა და იგი კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილოებდა სამინისტროსა და მესამე პირის მეშვეობით) საკუთრებაში მიიღო იპოთეკის საგანი, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით სრულად უზრუნველყოფდა სესხიდან გამომდინარე ძირითად და შესაძლო მეორად მოთხოვნებს (უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა), შესაბამისად, შეწყვეტილი ვალდებულების კვლავ შესრულების მოთხოვნის თაობაზე სარჩელი გაუმართლებელია.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც იპოთეკის საგნის კრედიტორისათვის გადაცემის გზით ვალდებულების შეწყვეტის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი