საქმე №ას-1730-2018 15 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა. დ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ბენეფიციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა. დ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გარანტი) მიმართ, მოპასუხისათვის 84 630,96 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელესა და შპს „გ-ს“ (შემდგომში _ პრინციპალი) შორის 2013 წლის 22 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 7 777 777 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, პრინციპალს ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 22 თებერვალს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია 388 890 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება, გადაეხადა აღნიშნული თანხა ბენეფიციარის პირველი მოთხოვნისთანავე პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის 2013 წლის 17 ოქტომბრის წერილით პრინციპალს ეთხოვა კონკრეტული ობიექტების შეკეთება 2013 წლის 30 ოქტომბრამდე, თუმცა სამუშაოები წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევით - 2013 წლის 2 და 30 დეკემბერს (გადაცილებულ იქნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით) იქნა შესრულებული. 2013 წლის 22 თებერვლის ხელშეკრულების 12.3. მუხლის თანახმად, კონკრეტულ ობიექტზე ვადაგადაცილებული გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარული დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობით. 2013 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით პრინციპალმა შეასრულა 2 891 642.77 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების თანხამ შეადგინა 4 886 134.23 ლარი, რომლის 5% შეადგენს 244 306.72 ლარს. 2014 წლის 23 იანვარს, 2014 წლის 28 მარტს, 2014 წლის 25 ივლისსა და 2015 წლის 29 დეკემბერს ბენეფიციარმა წერილობით მიმართა გარანტს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილის გადახდის მოთხოვნით, თუმცა გარანტმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 244 306.72 ლარის ნაცვლად, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხა მხოლოდ 159 675.76 ლარი, დარჩენილი 84 630.96 ლარის ჩარიცხვაზე კი უარი განაცხადა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მას საბანკო გარანტიის ნამდვილობა და პირობები სადავოდ არ გაუხდია, თუმცა აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და პრინციპალს შორის დადებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შესაკეთებელი კონკრეტული ობიექტების მისამართი, პროექტი და შესრულების გეგმა-გრაფიკი შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად ეცნობებოდა მიმწოდებელს. სარჩელს თან არ ახლავს მოსარჩელის მიმართვის წერილი, რითაც დასტურდება პრინციპალის მიერ კონკრეტული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. 2014 წლის 28 მარტის შეტყობინებით ბენეფიციარმა აცნობა მოპასუხეს, რომ პრინციპალის მიერ შესრულებულ იქნა 4 584 261.72 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო შესასრულებელი სამუშაოების ოდენობამ შეადგინა 3 193 515,28 ლარი, შესაბამისად, მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხის ნაწილის _ 159 675.76 ლარის გადახდა. 2014 წლის 28 მარტს ბენეფიციარმა განმეორებით მოითხოვა საგარანტიო თანხის ნაწილის - 159 675,76 ლარის ჩარიცხვა. აღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, #1/14-0508 შეტყობინებით გარანტმა ბენეფიციარს გაგუგზავნა სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რის საფუძველზეც პრინციპალსა და მოსარჩელეს შორის არსებული სასამართლო დავის დასრულებამდე გარანტს ეკრძალებოდა მოთხოვნილი საგარანტიო თანხის გადახდა. 2014 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ მოითხოვა გარანტისაგან 244 306.72 ლარის ჩარიცხვა, რაც ეწინააღმდეგებოდა საგარანტიო პირობებს საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის წარმოდგენის გამო, შესაბამისად, გარანტმა მხოლოდ საგარანტიო პირობების დაცვით მოთხოვნილი თანხა - 159 675.76 ლარი ჩაურიცხა ბენეფიციარს 2016 წლის 21 ივლისს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბენეფიციარმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 22 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „გ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. შპს „გ-ს“ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2013 წლის 22 თებერვალს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია. გარანტია მოქმედებდა 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
1.2.2. პრინციპალმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც, 2014 წლის 23 იანვარს ბენეფიციარმა წერილით მიმართა გარანტს 2013 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, პრინციპალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, საბანკო გარანტიის თანხის - 159 675.76 ლარის გადახდის მოთხოვნით. 2014 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა წერილით მოპასუხეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით და ამჯერად, საბანკო გარანტიის სახით მოითხოვა 244 306.72 ლარის გადახდა;
1.2.3. 2016 წლის 21 ივლისს გარანტმა ბენეფიციარს გადაურიცხა 159 675.76 ლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი წარმოადგენს. სარჩელის შესწავლით ირკვევა, რომ იგი ფორმალური თვალსაზრისით გამართულია, თუმცა, ბენეფიციარის მოთხოვნას პრინციპალმა არსებითი შედავება დაუპირისპირა, კერძოდ, მან მიუთითა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნის წარდგენის ფაქტზე (სადავო თანხის ნაწილში). საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარანტიით განსაზღვრული თანხის ნაწილზე მოთხოვნა მართლაც ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი ბენეფიციარის მიერ, რასაც ვერ შეცვლის მისი მტკიცება, რომ ეს მოთხოვნა გარემოებათა დაზუსტების შედეგს წარმოადგენს და იგი პირველი მოთხოვნის წარდგენის ვადაში უნდა შეფასდეს. ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სარჩელის უარყოფის სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი. ამ მხრივ, გასაჩივრებული განჩინების დასკვნები გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტიდან, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ანაზღაურების უარყოფის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: სისგ #ას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა..
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი