საქმე №ას-1777-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა. ნ-ძე, ლ. ა-ია, ზ. წ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ო. ლ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა. ნ-ძემ, ლ. ა-იამ და ზ. წ-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „მ. ო. ლ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ, კრედიტორის სასარგებლოდ, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის (პირგასამტეხლოს განაკვეთისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში) მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას იმ დასაბუთებით, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არ არის შეუსაბამოდ მაღალი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრუებო ფურცელში და პირგასამტეხლოს განაკვეთი _ 0,2% შემცირდა 0,05%-მდე, შესაბამისად, შემცირდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაც, დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელად.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სააპლაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას არასწორად დაუდო საფუძვლად მისი წარდგენის ვადის დარღვევა, რადგანაც საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან შესაბამის ვადაში სასამართლოსთან სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად მხარეებს ეცნობათ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მზად. ამის შემდგომ, საშვებულებო პერიოდის გამო, ვერ მოხერხდა ინფორმაციის გადამოწმება მოსამართლის აპარატთან, რაც კანონით მხარის ვალდებულებას არც წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებს ჩაბარდათ დასაბუთებული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარიც დადგენილ ვადაში მომზადდა და წარედგინა სასამართლოს, ის ფაქტი, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების სრულად ჩაბარება, არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს აპელანტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ძის, ლ. ა-ასა და ზ. წ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს აპელანტის მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოსარჩელეთა უფლებამოსილი წარმომადგენელი (რწმუნებულება იხ. საქმის მასალებში), რომელსაც ამომწურავად განემარტა გამოცხადებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა და მისი გასაჩივრების წესი/ვადა;
1.2.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2018 წლის 27 ივლისი, 30-ე დღე _ 3 აგვისტო, ხოლო სააპელაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელი დღე _ 17 აგვისტო;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ იგი შედგენილი და სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილია 2018 წლის 7 სექტემბერს;
1.2.4. რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას, კანონით განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელეთა/მათი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებას და გადაწყვეტილების ჩაბარების შეუძლებლობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მართალია, კერძო საჩივარში მხარე უთითებს სატელეფონო კომუნიკაციაზე სასამართლოს აპარატთან, ასევე, სასამართლოს შვებულებაში ყოფნის ფაქტზე, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მას არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. უდავოა ის ფაქტიც, რომ კერძო საჩივრის ავტორები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტები არ არიან.
1.5. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ №ას-1161-1106-2014 [დიდი პალატა], 2014 წლის 30 დეკემბერი).
1.6. როგორც უკვე ითქვა (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ. 1.2.4.) სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე (2) მუხლით განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შეუძლებლობის მტკიცება კერძო საჩივრის ავტორებს ეკისრებოდათ, თუმცა მათ ამ კუთხით სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, სხვა შემთხვევაში, თუკი დადასტურდება სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევა, ეს, ბუნებრივია, მხარეს არ შეიძლება შეერაცხოს ბრალად. მსგავს სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ მხარეს არ უნდა შეეზღუდოს კანონიერი უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, გაასაჩივროს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, თუმცა სასამართლოს მხრიდან ამ გამონაკლისის დაშვება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებას, რომლითაც დადგინდება სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის ფაქტი. თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივრის დროულად წარუდგენლობა მოგებული მხარის უფლებებზე ახდენს გავლენას, რადგანაც მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება იძენს აღსრულებად ძალას (სსსკ-ის 264-ე მუხლის (1) „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული, ხოლო, 267-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ). სამოქალაქო პროცესი აგებულია რა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე (იხ. სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლები), ზოგადი წესის თანახმად, მხარე, საკუთარი პოზიციის მტკიცების მიზნით, თავადაა ვალდებული, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები (იხ. სსსკ-ის 103-ე მუხლი). იმგვარ ვითარებაში, როდესაც აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვადა სასამართლოს მხრიდან იქნა დარღვეული, სწორედ მან უნდა ამტკიცოს ეს ფაქტი, ამ მხრივ, 2591 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა შესაბამისი მიდგომა, როდესაც მხარე კანონით დადგენილ ვადაში ცხადდება სასამართლოში და გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის ფაქტს ხელმოწერით ადასტურებს სასამართლო მოხელე, ასევე, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარის მოთხოვნით სასამართლო შესაბამისი ცნობით ადასტურებს გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობის ფაქტს. ამგვარი შინაარსის მტკიცებულება საქმეში არ არის, ხოლო მხარის ზეპირი განმარტება სასამართლოსათან სატელეფონო კომუნიკაციისა თუ შვებულებაში ყოფნის თაობაზე არ გამოდგება სადავო ფაქტის სამტკიცებლად.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 2591, 369-ე მუხლებით და სწორად უთხრა უარი მოვალეებს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ნ-ძის, ლ. ა-ასა და ზ. წ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი