Facebook Twitter

საქმე №ას-1689-2018 22 თებერვალი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ. ჯ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ბ. ჯ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 130 084,26 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ უარყო მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ზეპირად დადება, ხოლო წერილობითი შეთანხმების ფარგლებში მიუთითა მის მიერ შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სააპელაციო სასამართლოში.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 5 203,7 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა და საპროცესო ვადა განესაზღვრა 10 დღით. ვინაიდან ეს ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი, აპელანტმა მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხზე არ იმსჯელა, თუმცა განჩინებაში განმარტა, რომ მას შეექმნა კომპანიის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებისა დასაბუთებული ვარაუდი. სასამართლოს ამგვარი მიდგომა დაუსაბუთებლად ზღუდავს აპელანტის ინტერესებს, რადგანაც მისთვის ცნობილია, როგორც კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის, ისე _ იმ ფაქტის შესახებ, რომ მისი ხელმძღვანელი პირები საქართველოში არ იმყოფებოდნენ და აპელანტი ვერ ახერხებდა თანხის გადახდას, გარდა ამისა, წინამდებარე დავას არსებითი მნისვნელობა ჰქონდა მოსარჩელისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. ჯ.“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის საპატიოობა და ამ მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. სარჩელის უარყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მხარე შუამდგომლობდა მისი გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები საქართველოში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მას არ შეეძლო გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. რაიმე მტკიცებულება, რომელიც მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა ან კომპანიის ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა საჩივარს არ ერთვოდა;

1.2.2. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა რა კანონის მოთხოვნებს (არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. ამავე განჩინებით, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა პროცესის ხარჯის გადავადების თაობაზე და მასვე განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგები;

1.2.3. აღნიშნულის შემდგომ სასამართლომ აპელანტს 2-ჯერ გაუგრძელა საპროცესო ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, არც ამჯერად შეუსრულებია მხარეს დაკისრებული მოვალეობა, ბოლოს მან სასამართლოს კვლავ საპროცესო ვადის 26 დღით გაგრძელების თხოვნით მიმართა;

1.2.4. მართალია, სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს დასკვნას ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა მისი შესწავლით ირკვევა, რომ პალატამ იმსჯელა შუამდგომლობაზე და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით, უარყო მხარის მოთხოვნა.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი შუამდგომლობაზე, რადგანაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარის ქონებრივ მდგომარეობას და არა იურიდიული პირის ხემძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის საზღვარგარეთ ყოფნას მიიჩნევს, კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი სარწმუნო მტკიცებულება კი, საქმეში არ მოიპოვება, უფრო მეტიც, აპელანტს არ წარუდგენია დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტსა და იმ გარემოებას, რომ საწარმოს აქტივის განკარგვაზე უფლებამოსილი სხვა პირი (მაგ: ბუღალტერი) საქართველოში არ იმყოფებოდა, რაც აფერხებდა მინდობილ პირს საპროცესო მოქმედების შესრულებაში, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლითა და 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების წინაპირობა, დასაბუთებულია. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად გადაცემიდან გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე გავიდა ყველა ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლებოდა, გაგრძელებულიყო ხარვეზი (საქმე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განაწილდა 2018 წის 23 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2018 წლის 24 სექტემბერს).

1.4. უდავოა, რომ ხანგრძლივი ვადის მიუხედავად, აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სწორად დატოვა განუხილველად საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორს კი, არ მიუთითებია გარემოებებზე, რომელთა შესწავლითაც სასამართლო გამოიტანდა დასკვნას, რომ მხარის პრეტენზია იყო საფუძვლიანი, შესაბამისად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ. ჯ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი