საქმე №ას-1797-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ყ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ს. ჩ-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ყ-ძის (შემდგომში _ მოპასუხე აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მხარეთა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით ყოვეთვიურად 500 ლარის, ასევე, 2015 წლის 26 იანვრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის 18 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მიმდინარე პერიოდისათვის თვეში ალიმენტის 200 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხეს 2018 წლის 28 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 260 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 160 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ალიმენტის ყოველთვიურად 100 ლარით განსაზღვრა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩვრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები. ალიმენტის დაკისრება საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავას წარმოადგენს და ამ დავაზე არ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, არამედ სახელმწიფო ბაჟი უნდა განისაზღვროს 150 ლარით, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ყ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიჩნეული საფუძვლიანად და მოპასუხეს არასრუწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის სახით დაეკისრა 260 ლარის გადახდა;
1.2.2. ეს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის 160 ლარით შემცირება.
1.2.3. პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის ღირებულების გამოთვლის ზოგად წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტი ყოველთვიური ალიმენტის განსაზღვრას მოითხოვდა 100 ლარით და გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდა 160 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1 920 ლარს შეადგენს (160X12=1 920).
1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საოჯახო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ საქმეებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, რადგანაც არცერთი საპროცესო ნორმა ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებს. ხსენებული ნორმის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და განსაზღვრულია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
1.4. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, იგი უფლების დარღვევად ვერ განიხილება, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კერძო საჩივარი მისი ავტორის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე შედავებას არ შეიცავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ კუთხით წინამდებარე განჩინებით არ იმსჯელებს.
1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ყ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი