Facebook Twitter

13 ივნისი, 2019 წელი

№ას-838-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ა.დ–ძე, ი.ს. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ს.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს “ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1.1. ა.დ–ძესა და ი.ს–ს (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეები ან კასატორები), მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2008 წლის 18 მარტის NSBI000356 იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 11 273.92 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 703.007 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 336.75 აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2008 წლის 18 მარტის NGAI000353 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სადაზღვევო კრედიტის ძირითადი თანხა 52.53 აშშ დოლარი, 7.84 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი და 4.78 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარეალიზაციოდ მიექცა ერთ-ერთი მოპასუხის - ა.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი ..... . ს/კ ...... გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ დაფარავს მოსარჩელის წინაშე არსებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების ხარჯზე.

1.4. ა.დ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2014 წლის 29 სექტემბერს მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული ექსპრეს-სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 250 ლარი, პირგასამტეხლო - 28.44 ლარი.

1.5. ა.დ–ძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 20 ივნისს მოსარჩელის მიერ ა.დ–ძის სახელზე გაცემულ პლასტიკურ საკრედიტო (ამექსი) ბარათზე არსებული დავალიანების გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1 276.39 აშშ დოლარი, პროცენტი - 123.37 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 50.03 აშშ დოლარი.

1.6. ა.დ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, (სს „პ–ის“ მიერ) მასზე გაცემულ პლასტიკურ საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 604 ლარი, პროცენტი - 231.84 ლარი, პირგასამტეხლო - 21.52 ლარი.

1.7. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ დავალიანების დაფარვა განხორციელდებოდა ა.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ხარჯზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება) მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება 2019 წლის 11 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

6. სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

7. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინება ფოსტით გაეგზავნათ მოპასუხეებს. აღნიშნული განჩინებები ორივე მოპასუხის ნაცვლად ერთ-ერთმა მოპასუხემ კერძოდ ა.დ–ძემ პირადად 2019 წლის 20 მარტს ჩაიბარა, რაც დასტურდება საქმეში არსებული გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტებით (ტ1. ს.ფ. 302-303). აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები მეუღლეები არიან. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების საფუძველზე.

8. სსსკ-ის 60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 21 მარტს და ამოიწურა 2019 წლის 10 აპრილს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 11 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

10. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.დ–ძისა და ი.ს–ის, საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მზია თოდუა