საქმე №ას-323-2019 5 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.კ. (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.კ–ძე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. თ.კ–ძემ (შემდგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მ.კ–ას (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქ.ბათუმში, ...... (შემდეგში - იპოთეკის საგანი) მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
2. მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 18 ივნისს, მხარეებს შორის დაიდო 20 000 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება. მოვალემ დათქმულ ვადაში ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, 2012 წლის 13 ნოემბერს, ქ.ბათუმის ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარედგინა სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად. მიუხედავად კრედიტორის მცდელობისა მოეხდინა თანხის დაბრუნება, მოპასუხემ სარჩელი აღძრა სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერების მოითხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, არსებობს სესხის ძირითადი თანხის დაკისრებისა და ამ თანხის გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, თანხის გადაცემაზე უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რაც არ განხორციელებულა, ვინაიდან, თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, რაც ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, სესხის დაბრუნების ვადას წარმოადგენდა 2012 წლის 18 დეკემბერი. მოცემული სარჩელი აღძრულია 2016 წლის 31 აგვისტოს, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ადასტურებს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა. დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 ივნისს, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 20000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოვალემ (მოპასუხე), დათქმულ ვადაში ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი.
6. მოპასუხემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ..... ა) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა; ბ) მოპასუხესა და ც.ა–ს შორის, 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ასევე, იშუამდგომლა, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე აღსრულების შეჩერება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეს და ც.ა–ს შორის, 2012 წლის 05 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ......, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
7. დავის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 50-ე, 128-131-ე, 138-ე, 268-269-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლები
8. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
10. სააპელაციო საჩივრის უარყოფა ეფუძნება, როგორც ამ განჩინების პპ: 5, 6-ში მითითებულ და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11. აპელანტის პრეტენზიის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა 20000 აშშ დოლარის მოპასუხეზე გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში განთავსებულ მტკიცებულებას, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის წერილობით ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თანხის გადაცემა უნდა დადასტურდებულიყო, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით.
12. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სამართლებრივი თვალსაზრისით, უპირველესად შეფასდა 18.06.2012წ.-ის წერილობით ხელშეკრულებაში გამოხატული ნება.
13. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მითითებული მატერიალური ნორმისა (სკ-ის 623-ე მუხლი) და სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, წინამდებარე შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 20000 აშშ დოლარის მსესხებელზე გადაცემის ფაქტის მტკიცება, გამსესხებლის ვალდებულებაა, ვინაიდან მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
14. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მითითებული მატერიალური ნორმისა (სკ-ის 623-ე მუხლი) და სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, წინამდებარე შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის 20000 აშშ დოლარის მსესხებელზე გადაცემის ფაქტის მტკიცება, გამსესხებლის ვალდებულებაა, ვინაიდან მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
15. მოსარჩელემ (კრედიტორმა) სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ასევე, იმავე მხარეებს შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული და კანონიერ ძალაშია შესული.
16. საქმეში განთავსებულ, მხარეთა მიერ, სანოტარო წესით დადასტურებულ, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ „..ქალბატონმა თ.კ–ძემ, ქალბატონ მ.კ–აზე-6 (ექვსი) თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, გასცა სესხი თანხით 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რაც (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი=1,6363 ლარს) ექვივალენტია 32 726 (ოცდათორმეტი ათას შვიდასოცდაექვსი) ლარის, ხოლო მ.კ–ამ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, რის შესახებაც მხარეები შეადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს...“ (ს.ფ.55).
17. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილ, ამ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების შეფასებით, ნათლად დასტურდება, რომ მსესხებელზე გამსესხებლის მიერ თანხა რეალურად გადაცემული იქნა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. ის, რომ დამატებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი არ ყოფილა, ვერ აქარწყლებს თანხის გადაცემის ფაქტს, ვინაიდან, მატერიალური კანონმდებლობა, სესხის გაცემის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ ასეთი დოკუმენტის შედგენას არ ითვალისწინებს და მოვალის ხელმოწერით დადასტურებული, ნებისმიერი წერილობითი ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომლის შინაარსი სარწმუნოდ დაადასტურებს ამ მოქმედების განხორციელებას, მიჩნეული უნდა იქნეს სათანადოდ.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე (დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ) და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმავე მხარეებს შორის, სამოქალაქო დავაზე, კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების 6.1. პუნქტით დადგენილია, რომ 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეზე 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, გასცა სესხი თანხით 20 000 აშშ დოლარი.
19. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან, მიღებული სესხის - 20 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხეს გააჩნდა, რაც არ განუხორციელებია, სსკ-ის 623-ე, 361-ე, 301-ე მუხლების შესაბამისად, ამ თანხის დაკისრებისა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული, რაც გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
20. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სამართლომ სწორად დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ 2016 წლის 09 სექტემბერს სამოქალაქო წესით სარჩელის წარდგენამდე, კერ კიდევ, 2012 წლის 13 ნოემბერს მიმართა სანოტარო ორგანოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, რითაც სცადა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით დადგენილი სხვა საშუალებით, თუმცა, მოპასუხემ სარჩელით სადავო გახადა, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ისე სააღსრულებო ფურცლის ნამდვილობა, რის გამოც, სესხის დაბრუნების მიზნით აღსრულება ვეღარ განხორციელდა. ამდენად, სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სააღსრულებო ფურცლის ბათილობასთან დაკავშირებით მოპასუხის სარჩელზე მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (10.09.2015წ.), ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 09 სექტემბერს წარდგენილი სარჩელი, სამწლიან ვადაში წარდგენილად, რაც გამორიცხავს ხანდაზმულად მიჩნევას.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
22. კასატორი მიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე სარჩელის ხანდაზმულობის შეწყვეტის საკითხი არასწორად დაადგინა სასამართლომ. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2012 წლის 18 ნოემბერს. როცა ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. არ შეიძლება მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, მაშინ როცა მოსარჩელემ იცოდა რა, ხელშეკრულებით არ ქონდა უფლება ნოტარიუსს გაეცა სააღსრულებო ფურცელი, მან მისი ბრალეული ქმედებით მიაღწია, რომ კანონის დარღვევით მიეღო სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსისგან. სააღსრულებო ფურცლის ბათილობის გამო, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 2012 წლის 18 ნოემბრიდან, რა შემთხვევაშიც გასულია ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
23. ასევე, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხის გადაცემაზე არ იქნა შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტი, რაც ხელშეკრულების მიხედვით უნდა შეედგინათ მხარეებს თანხის გადაცემის შემთხვევაში.
სამოტივაციო ნაწილი:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პრეტენზიიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ გადასცა, თუ არა მოვალეს სესხის თანხა 20 000 აშშ დოლარი და ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნა არის, თუ არა ხანდაზმული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამავე პრეტენზიას ემყარებოდა მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარიც, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. თუმცა, საკასაციო პალატა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელებს კასატორის ორივე პრეტენზიის დასაშვებობაზე.
26. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხზე და მიუთითებს, რომ რგორც საქმის მასალებითაა დადგენილი 2012 წლის 18 ივნისს, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 20000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოვალემ (მოპასუხე), დათქმულ ვადაში ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოვალე/კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეთა შეთანხმების წესის მიხედვით შედგენილი არ ყოფილა მიღება-ჩაბარების აქტი, ფაქტობრივი გარემოება თანხის გადაცემის შესახებ არასწორადაა დადგენილი.
28. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).
29. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის სადავოობის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებმა თავად განსაზღვრეს მტკიცების სტანდარტი (სპეციალური მტკიცებულება), თუმცა, საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის სადავო სესხის თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება, რაც იმის მიუხედავად გაფორმებულია თუ არა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით, დადასტურებულია როგორც პრეიუდიციული ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელემ (კრედიტორმა) სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ასევე, იმავე მხარეებს შორის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მიუთითა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული და კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, 2012 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია, რომ „..ქალბატონმა თ.კ–ძემ, ქალბატონ მ.კ–აზე-6 თვის ვადით, თვეში 5%-ის დარიცხვით, გასცა სესხი თანხით 20 000 აშშ დოლარი, რაც (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი=1,6363 ლარს) ექვივალენტია 32 726 ლარის, ხოლო მ.კ–ამ მიიღო აღნიშნული თანხა სესხად, რის შესახებაც მხარეები შეადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს...
30. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს სამოქალაქო საპროცესო სამართლით გათვალისწინებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტების ინსტიტუტზეც. (სსკ-სკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი)
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხილეთ: სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015; სუსგ №ას-58-56-2016, 26.02.2016წ.).
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. „გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი“ (შდრ. სუსგ №ას-710-2011-09, 07.09.2009წ.). ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება. იხ. სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015წ).
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
34. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტს, რომელიც იურიდიულად ამართლებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას პრეიუდიციულად და ის უნდა იქნას შეყვანილი მტკიცების საგანში (იხ. სუსგ-ები №ას-1281-2018, 27 მარტი, 2019 წელი; №ას-455-769-09, 03 დეკემბერი, 2009 წელი; №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი; №ას-74-68-2015, 27 თებერვალი, 2015 წელი).
35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილ, ამ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების შეფასებით, ნათლად დასტურდება, რომ მსესხებელზე გამსესხებლის მიერ თანხა რეალურად გაიცა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად გააფორმებდნენ მიღება-ჩაბარების აქტს. ის, რომ დამატებით, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი არ ყოფილა, ვერ აქარწყლებს თანხის გადაცემის ფაქტს, ვინაიდან, მატერიალური კანონმდებლობა, სესხის გაცემის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ ასეთი დოკუმენტის შედგენას არ ითვალისწინებს და მოვალის ხელმოწერით დადასტურებული, ნებისმიერი წერილობითი ფორმით შედგენილი დოკუმენტი, რომლის შინაარსი სარწმუნოდ დაადასტურებს ამ მოქმედების განხორციელებას, მიჩნეული უნდა იქნეს სათანადოდ.
36. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ ამ ნაწილში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად.
37. განსახილევლ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 09 სექტემბერს სამოქალაქო წესით სარჩელის წარდგენამდე, კერ კიდევ, 2012 წლის 13 ნოემბერს მიმართა სანოტარო ორგანოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, რითაც სცადა თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით დადგენილი სხვა საშუალებით, თუმცა, მოპასუხემ სარჩელით სადავო გახადა, როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ისე სააღსრულებო ფურცლის ნამდვილობა, რის გამოც, სესხის დაბრუნების მიზნით აღსრულება ვეღარ განხორციელდა. ამდენად, სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ჩაითვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სააღსრულებო ფურცლის ბათილობასთან დაკავშირებით მოპასუხის სარჩელზე მიღებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (10.09.2015წ.), ხოლო სსკ-ის 141-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 09 სექტემბერს წარდგენილი სარჩელი ითვლება, სამწლიან ვადაში წარდგენილად, რაც გამორიცხავს ხანდაზმულად მიჩნევას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მოცემულ სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორს მ.კ–ას (პ/ნ : .....) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 18 მარტს საგადახადო დავალება N7712249372 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2686.10 ლარი) 1880.27 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე