საქმე №ას-376-2019 14 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „გ.“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ხ–ძე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ტ.ხ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) ხელშეკრულების საფუძველზე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს ,,გ–თან“ (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) და მუშაობდა მორიგე ექიმი თერაპევტის თანამდებობაზე.
2. მოსარჩელემ 2017 წლის 31 დეკემბერს მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
3. მოსარჩელის სახელფასო თანხის ოდენობამ 2016 წლის ოქტომბერში 801.25 ლარი, ნოემბერში 823.75 ლარი, ხოლო დეკემბერში 770 ლარი შეადგინა.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, 2395 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
5. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე მოპასუხესთან მორიგე ექიმი თერაპევტის თანამდებობაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მოპასუხის დირექტორი დააკავეს, მოპასუხის ქონებას ყადაღა დაედო და მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა. მოსარჩელეს 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების კუთვნილი ხელფასი არ მიუღია და დავალიანების ოდენობამ 2395 ლარი შეადგინა.
6. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არ მუშაობდა მასთან და არც შრომითი ხელშეკრულება დადებულა მხარეთა შორის. ამასთან, მოპასუხემ უარყო ხელფასის გაცემაც. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის დირექტორმა, სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე დაადასტურა, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან 2016 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით. აგრეთვე, მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება არ აქვთ, რადგან მისთვის ცნობილია, რომ კუთვნილი ხელფასი სრულად იქნა გადახდილი (იხ. სასამართლოს 22.12.2017 წლის სხდომის ოქმი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება. დრო 15:53:00 - 15:56:00 სთ.).
7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების (დარიცხული) 2395 ლარის გადახდა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების სახელფასო დავალიანება 2395 ლარის ოდენობით.
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებაზე, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის დებულებებზე, რომლის მიხედვით მიხედვით ფულადი ვალდებულების შესრულებისას დადგენილი მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს ეკისრება მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი ანუ, მოპასუხე მხარე, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დასაქმებულის მიმართ სახელფასო ვალდებულების შესრულების დადასტურების ტვირთი ეკისრება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელფასი სრულად და მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის დირექტორის განმარტებით მოსარჩელეს სრულად აქვს ანაზღაურებული კუთვნილი ხელფასი. თუმცა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელეზე 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასის გაცემის ფაქტი დადასტურდებოდა. მოპასუხე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიისაგან ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს მოხდა 2016 წლის 13 ივლისს. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ, 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მოსარჩელისათვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა შრომითსამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი თავისებურების გათვალისწინებით.
13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (შდრ. სუსგ № ას-98-94-2016, 26.07.2016).
14. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. სუსგ. № ას-922-884-2014, 16.04.2015).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ანუ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ფაქტი, რითაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა გამოირიცხებოდა. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ (დირექტორმა) განმარტა, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს ანაზღაურებული კუთვნილი ხელფასი და არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელეზე 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასის გაცემის ფაქტი დადასტურდებოდა, ხოლო საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს 2016 წლის 13 ივლისს მოხდა, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანი იყო და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
16. პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
18. კასატორის კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
19. კასატორის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საქმეზე იყო წარდგენილი ყალბი დოკუმენტები, რომელთა წარმოშობას მოწინააღმდეგე მხარე ვერ ასაბუთებდა; ექსპერტიზაზე არ იყო წარდგენილი მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არ იცის ვინ და საიდან მოუტანა შრომითი ხელშეკრულება და სახელფასო ბარათი. კასატორი იმ პერიოდში იმყოფებოდა ციხეში და ხელფასის დაანგარიშებას ვერ შეძლებდა, ისევე როგორც, ვერ შეძლებდა ბარათის გადაცემას.
20. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა სადავო პერიოდში სამედიცინო ცენტრში, თუმცა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
21. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ხელფასის ოდენობა, მაშინ როცა საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თანამშრომელმა იმუშავა ზუსტად იმდენი საათი, რამდენის შესაბამის ანაზღაურებასაც ითხოვდა. მხოლოდ ყალბ სახელფასო ბარათზე დაყრდნობით სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, მაშინ როცა დადასტურებული ფაქტი იყო, რომ მოპასუხის დირექტორი 2017 წლის იანვრის თვეში უკვე იმყოფებოდა ციხეში და ვერანაირად ვერ გასცემდა სახელფასო ბარათს, რომელზეც დასმულია არა კლინიკის ბეჭედი, არამედ კომპანიის სხვა დანიშნულებისთვის გათვალისწინებული ბეჭედი.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა დამსაქმებლისათვის სახელფასო დავალიანების დაკისრების კანონზომიერება.
25. კასატორი სადავოდ ხდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხე კომპანიას ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება.
26. შესაბამისად, საკასაციო საჩივრით სადავოა საქმეზე საპროცესო დარღვევების არსებობა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და რელევანტური მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის რეგულირებისა და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესთან დაკავშირებით არაერთხელ განიმარტა, რომ სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რადგან დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის განაწილება აგრეთვე შესაბამისობაშია ფულადი ვალდებულების შესრულებისას დადგენილი მტკიცების სტანდარტთან, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს ეკისრება მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების ტვირთი ანუ, მოპასუხე მხარე,ს რომელიც ამ შემთხვევაში, წარმოადგენს დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დასაქმებულის მიმართ სახელფასო ვალდებულების შესრულების დადასტურების ტვირთი ეკისრება. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა ხელფასი სრულად და მის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის დირექტორის განმარტებით მოსარჩელეს სრულად აქვს ანაზღაურებული კუთვნილი ხელფასი. თუმცა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელეზე 2016 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასის გაცემის ფაქტი დადასტურდებოდა. მოპასუხე მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიისაგან ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს მოხდა 2016 წლის 13 ივლისს. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ, 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მოსარჩელისათვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო.
28. საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
30. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომითსამართლებრივ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხებსა და სახელფასო დავალიანების დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან კასატორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით და საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, კასატორს უნდა დაეკისოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 45 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „გ–ს“ (ს/კ: ....) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფოპ ბაჟის გადახდა 45 ლარის ოდენობით. თანხა გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე