Facebook Twitter

საქმე №ას-465-2019 14 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ.კ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ხ.კ–ის (შემდგომ – კასატორი მოპასუხე), ზ.ჯ–ის (შემდგომ – მოპასუხე), რ.თ–ისა (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და ი.კ–ის (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად საკრედიტო დავალიანების – 6068,76 ლარის გადახდის შესახებ, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4445.67 ლარი, პროცენტი – 746.12 ლარი, პირგასამტეხლო – 864,64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 12.33 ლარი. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეებს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მის სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების ძირ თანხაზე – 4445,67 ლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი წლიური 25%, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 92,61 ლარის ოდენობით გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტიდან – 2017 წლის 23 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ, არაუმეტეს, 2018 წლის 23 ივნისისა, თანხით – არაუმეტეს 555,66 ლარისა. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 2 თებერვალს კასატორ მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე, კერძოდ, ბანკმა იკისრა ვალდებულება, კლიენტს მომსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით – საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.

3. 2016 წლის 23 მაისს მათ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კასატორ მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5748 ლარი, წლიური 25% სარგებლის დარიცხვით, 19 თვის ვადით. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მიმდინარე სესხის რეფინანსირება.

4. 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

5. 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეორე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

6. 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

7. 2016 წლის 23 მაისს სადაზღვევო კომპანიამ დააზღვია მსესხებელის სიცოცხლე, რის საფუძველზე მოპასუხეთა მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრა სადაზღვევო თანხის წლიური 1%-ით, აღნიშნული დაზღვევის თანხა მსესხებელს სრულად არ დაუფარავს, რის გამოც მისი დავალიანება დაზღვევის გადაუხდელი პრემიის სახით შეადგენს 12, 33 ლარს.

8. მსესხებელმა – კასატორმა მოპასუხემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას დაუგროვდა ვადამოსული დავალიანება მოსარჩელის მიმართ, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სესხის დაფარვა უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 23 დეკემბერს, მსესხებელს კვლავ გააჩნია აღნიშნული სასესხო ხელშეკრულებიდან მომდინარე დავალიანება ბანკის მიმართ, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 6268,76 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4645,67 ლარი, პროცენტი – 746,12 ლარი, ჯარიმა – 864,64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 12,33 ლარი.

9. მოპასუხეებს ბანკის მიერ 2017 წლის 24 აპრილს, ხოლო მოპასუხეს 2017 წლის 17 ნოემბერს, გაეგზავნათ და ჩაბარდათ გამაფრთხილებელი წერილები, რომლითაც ეცნობათ, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, დავალიანება არც დამატებით ვადაში დაფარულა.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ – მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცნეს, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანების – 5504.12 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4445.67 ლარი, პროცენტი – 746.12 ლარი, პირგასამტეხლო – 300 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა – 12,33 ლარი, მიუღებელი შემოსავალი ყოველთვიურად – 92.61 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტიდან – 2017 წლის 23 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2018 წლის 23 ივნისისა და არაუმეტეს 555.66 ლარისა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თავად მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობას ემყარება, რაც აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი. მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღიარება (ცნობა) არის მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების განკარგვის აქტი, რითაც იგი ცნობს სარჩელის მოთხოვნის მართლზომიერებას.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია და სასამართლო ვალდებული აღარ არის, შეამოწმოს და შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარე ნების ნამდვილობის ნაკლზე მიუთითებს. აღიარება ნამდვილია, თუ იგი გამოხატავს ამღიარებლის თავისუფალ ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება ნების არარსებობა, აღიარება გაქარწყლდება. ამავე კოდექსის 133-ე მუხლით მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამავე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. ამდენად, აღიარების გაქარწყლება დასაშვებია, თუ დაცული იქნება ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული პირობები.

16. განსახილველ შეთხვევაში აპელანტმა მხარემ სადავოდ არ გახადა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით გამოვლენილი ნების ნამდვილობა და არ მიუთითა გამოვლენილი ნების შეუსაბამობაზე მის ნამდვილ ნებასთან, მეტიც, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი არცერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ, როგორც უდავო გარემოება, უნდა გაიზიაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეების დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2016 წლის 23 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 6068.76 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 4445.67 ლარი, პროცენტი – 746.12 ლარი, პირგასამტეხლო – 864.64 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა კი – 12.33 ლარი.

17. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს.

18. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინეს არაკვალიფიციური შესაგებელი. კერძოდ, მოპასუხეთა შესაგებელი არ შეიცავს მითითებებს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო გარემოებებზე და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ასეთი შესაგებელი განიხილება, როგორც უპასუხობა, ანუ დასტური (აღიარება) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შტეფან შმიტი, ჰარალდ რიხტერი „მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში“).

19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი გარემოებების დადასტურება, რაც მოსარჩელის წინაშე მოპასუხეთა ვალდებულების არსებობას გამორიცხავდა, თუმცა აპელანტ მხარეს ასეთი მტკიცება სააპელაციო სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მისი პოზიცია მაშინ, როდესაც იგი 6 შვილის მამაა და იღებს დახმარებას სახელმწიფოსაგან. მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლო იყო ტენდენციური და გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის სასარგებლოდ. არ იქნა გათვალისწინებული კასატორი მოპასუხის მიერ რიგი დასაბუთებული არგუმენტები და მითითებები უტყუარ მტკიცებულებებზე.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით კასატორი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

25. 2015 წლის 2 თებერვალს კასატორ მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკი და კლიენტი შეთანხმდნენ ხელშეკრულებაში აღწერილი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის წესსა და პირობებზე, კერძოდ, ბანკმა იკისრა ვალდებულება, კლიენტს მომსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით – საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.

26. 2016 წლის 23 მაისს მათ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კასატორ მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 5748 ლარი, წლიური 25% სარგებლის დარიცხვით, 19 თვის ვადით. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მიმდინარე სესხის რეფინანსირება.

27. 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

28. 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეორე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

29. 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესამე მოპასუხემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებებთან დაკავშირებით 7472,4 ლარის ფარგლებში.

30. 2017 წლის იანვრიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი და გაფრთხილებულ იქნენ დავალიანების დაფარვის შესახებ.

31. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი მოთხოვნის დასაბუთება და შესაბამისი მტკიცებულებანი, თუმცა კასატორს არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი პრეტენზია ან მტკიცებულება არ გაითვალისწინა პალატამ.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია ის გარემოება, რომ მან მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, შესაბამისად, წარმოეშვა როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

36. მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

39. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

40. მოსარჩელემ ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება, მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შეტანილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში ცნო კიდეც. ამჟამად კასატორი ვერ ასაბუთებს რაიმე იმდაგვარი გარემოების არსებობას, რომელიც სადავო ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან მისი გათავისუფლების შესაძლო სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს, რის გარეშეც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას პერსპექტივა არ გააჩნია.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე