საქმე №ას-480-2019 14 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ.უ.'' (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს) - შპს „ნ.ს.''
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 03 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა (შემდეგში: სამინისტრო ან მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და შპს „ნ.ს–ის“ (შემდეგში: მესამე პირი ან კომპანია) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №128-70 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ღირებულების - 700 000 ლარის ფარგლებში კომპანიას უნდა განეხორციელებინა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი .... მდინარე მახკოლურაზე 100კვტ. სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის და სოფელი .... შიდა გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.
2. კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 28 ნოემბერს სს „ს.კ.უ–მა“ (შემდეგში: გარანტორი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) გასცა №1288614 საბანკო გარანტია, რომლის მიხედვით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით. 2014 წლის 28 ნოემბრის გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის საავანსო თანხის პრინციპალის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დღიდან 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდი. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრა 640 000 ლარით.
3. 2015 წლის 30 დეკემბერს, კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გარანტორმა გასცა №1288614-1 საბანკო გარანტია. წინამდებარე საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული, მათ შორის, წინამდებარე საბანკო გარანტიის გაცემამდე, შესრულების ოდენობით, რომელიც განხორციელებულია პრინციპალსა და ბენეფიციას შორის 2014 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული №128-70 ხელშეკრულების ფარგლებში. 2015 წლის 30 დეკემბრის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 თებერვლამდე პერიოდი. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 640 000 ლარით.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა გარანტორის წინააღმდეგ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო თანხიდან - 319 600 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩაერთო კომპანიაც.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს, 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით. აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა ორივე მხარის ინტერესების დაცვით, თუ 2015 წლის 29 დეკემბერს სამუშაოს შესრულების ვადა დარღვეული იყო, მაშინ შემსყიდველს ამ დროისთვის უკვე მოთხოვნილი უნდა ჰქონოდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს თანხა, მაგრამ ასეთს ადგილი არ ჰქონია. პირიქით სამუშაოები სრულდებოდა ურთიერთშეთანხმებით და მათთვის სასურველ ვადებში, რასაც მოწმობს ამავე შეთანხმების ჩანაწერი: „იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით ობიექტი არ არის ექსპლუატაციაში შესული ამდენად საჭირო გახდა ხელშეკრულების და საავანსო საბანკო გარანტიის (N1288614) მოქმედების ვადის გაგრძელება''. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმებაში მოსარჩელე მხარე ვადების დარღვევის გამო პრეტენზიას არ აცხადებს, პირიქით ადასტურებს რომ სამუშაოები შესრულდა, მხოლოდ დარჩა ბოლო ეტაპი მხოლოდ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, რისთვისაც გაგრძელდა როგორც ხელშეკრულების ვადა, ასევე, საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეგნებულად მოითხოვა ახალი საავანსო საბანკო გარანტია და შეგნებულად გააგრძელა ხელშეკრულების ვადა, ანუ შეცდომაში შეიყვანა როგორც გარანტი, ასევე მიმწოდებელი, რათა შემდგომში სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა და მოეთხოვა პირგასამტეხლოს თანხა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელი დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-3 ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
10. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 2 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კომპანიის მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდინარე მახკორულიზე 100 კვტ. სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის და შიდა გამანაწილებელი ქსელის სამშენებლო შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების (ფორმა №2) აქტების მიხედვით შეადგენს - 892 336.01 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 854 139.79 ლარი დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით.
11. სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, გარანტორს მოსთხოვა საგარანტიო თანხიდან - 319 600 ლარის გადახდა. მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ „საბანკო გარანტია არ უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ვალდებულებებს“.
12. მოსარჩელემ გარანტორს 2016 წლის 5 თებერვალს განმეორებით მოთხოვა საბანკო გარანტიის სახით შესაბამისი ოდენობით თანხის ანაზღაურება. ბენეფიციარის მოთხოვნა მეორედაც არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწერიგებლად იხლმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 879-ე მუხლით, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
14. სსკ-ის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.
15. სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მათ შორის, ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც ის არის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
16. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ. სუსგ №ას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში, გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა, მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015).
17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, რა დროსაც, უნდა უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა.
18. სსკ-ის 885-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია.
19. განსახილველ შემთხვევაში, ბენეფიციარმა - მოსარჩელემ 2016 წლის 27 იანვარს, №1288614-1 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მიმართა გარანტორს და მოითხოვა კომპანიის მიერ საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდა 319 600 ლარის ოდენობით.
20. სსკ-ის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.
21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით. ასევე, დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 892 336.01 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 854 139.79 ლარი დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით, რაც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მოთხოვნებს და ასახულია შესრულებული სამუშაოების აქტებში.
22. ამდენად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება საგარანტიო თანხას. შესაბამისად, საგარანტიო თანხის მთლიანად ათვისება (ამოწურვა) თავისთავად გამორიცხავს გარანტისადმი რაიმე მოთხოვნის წაყენების საშუალებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა.
25. კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომლიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
26. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის 2014 წლის 03 ოქტომბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N128-70 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ჰიდროელექტროსადგურისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სრული საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 17 ნოემბერი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და მშენებლობა დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში შეყვანის ვადად 2015 წლის 30 სექტემბერი, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაიცა საბანკო გარანტია. კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულებების ნაწილი არ შეასრულა. ამასთან, სამუშაოებს ახორციელებდა მშენებლობის ნებართვის გარეშე, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება.
27. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი საბანკო გარანტია არ ემსახურებოდა და არ უზრუნველყოფდა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას და იგი წარმოადგენდა საავანსო გარანტიას. ამასთან, მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საგარანტიო თანხის მთლიანად ათვისება გამორიცხავდა გარანტისადმი რაიმე მოთხოვნის წაყენების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.
31. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
32. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების პირობები თავად ხელშემკვრელმა მხარეებმა განსაზღვრეს სსკ-ის 319-ე, 327-ე, 879-ე და მომდევნო მუხლების საფუძველზე. ამასთან, მხარეებმა გაითვალისწინეს 2014 წლის 28 ნოემბრის №1288614 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის შემცირების შესაძლებლობა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით (იხ., ამ განჩინების პ-2); გათვალისწინებული იქნა აგრეთვე, 2015 წლის 30 დეკემბერს გაცემული №1288614-1 საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირების შესაძლებლობაც (იხ., ამ განჩინების პ-3).
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 885-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. სსკ-ის 887.1 მუხლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.
34. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბენეფიციარმა - მოსარჩელემ №1288614-1 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში მიმართა გარანტორს 319 600 ლარის გადახდის მოთხოვნით, რაც უარყოფილი იქნა, როგორც პირველი, ასევე, განმეორებითი მოთხოვნის შემთხვევაშიც.
35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შემოწმების საგანია მითითებული მოთხოვნის კანონზომიერება, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გააჩნდა ვარგისი სამართლებრივი საფუძველი, რამუთუ როგორც აღინიშნა საბანკო გარანტიის ერთ-ერთი პირობა იმგვარად იყო ჩამოყალიბებული, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა მცირდებოდა კერძო კომპანიის მიერ შესრულებული ვალდებულების კვალობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანიის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 892 336.01 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 854 139.79 ლარი დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით. ამდენად, დადასტურებულია, რომ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა საგარანტიო თანხას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით [სსკ-ის 888-ე მუხლი], რომლის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია (შდრ: სუსგ №ას-130-122-2017, 24 მარტი, 2017 წელი, პ-13). შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საგარანტიო თანხის მთლიანად ათვისება (ამოწურვა) თავისთავად გამორიცხავდა გარანტისადმი რაიმე მოთხოვნის წაყენების შესაძლებლობას, ხოლო აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ვერც მატერიალური და ვერ საპროცესო სამართლებრივი დარღვევეის არსებობის საფუძვლით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ.ალავიძე