17 ივნისი, 2019 წელი,
№ას-790-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.(ბ.) კ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ვ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 3245 ლარის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის - 1492.82 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი მოპასუხისათვის 1350.89 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება), მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ განჩინება არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 2019 წლის 31 მაისს გაეგზავნა და ამავე წლის 3 ივნისს ჩაჰბარდა.
7. 2019 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კერძო საჩივრის ავტორის განცხადება, რომლითაც ის მოითხოვდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის (მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის) ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. დასახელებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორს ამავე წლის 3 ივნისს ჩაჰბარდა. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 4 ივნისს და დასრულდა ამავე წლის 6 ივნისს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში - 2019 წლის 6 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტით გამოაგზავნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მიუხედავად თანხის სიმცირისა, ფინანსური უსახსრობის გამო, ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება იშუამდგომლა.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც ამ უფლებების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი მცირე თანხაზე - 25 ლარზე და მიეცა გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც მან არ განახორციელა. აქვე აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საუბრობს ზოგადად ფინანსურ უსახსრობაზე და არა რაიმე კონკრეტულ საპატიო და მხედველობაში მისაღებ მიზეზზე, რაც შესაძლოა ყოფილიყო გათვალისწინებული.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.(ბ.) კ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა