Facebook Twitter

საქმე №ას-1103-2018 3 დეკემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.მ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა „ბ-ის წევრები - ვ.კ–ი, დ.ე–ძე, ა.ე–ძე, ტ.ე–ძის უფლებამონაცვლე ა.ე–ძე, რ.ფ–ძე, მ.ბ., გ.გ–ძე (მოპასუხეები)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შ.ა–ძე, გ.ბ–ძე, ზ.ქ–ი, ხ.ფ–ძე, ლ.მ–ძე, თ.გ–ი, ნ.ღ–ი, გ.ნ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.მ–ის სარჩელი მოპასუხეების მიმართ, უძრავი ქონების საკთრებაში გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ.მ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 2 700 (ორი ათას) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, და დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, თ.ლ–ძეს, ჩაბარდა, 2018 წლის 10 აგვისტოს.

2018 წლის 17 აგვისტოსს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება, რადგან მისი მარწმუნებლის თბილისში არ ყოფნის გამო, განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2 700 (ორი ათას) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება, კასატორის წარმომადგენელ თ.ლ–ძეს, ჩაბარდა 2018 წლის 9 ოქტომბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 2 700 (ორი ათას შვიდასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 9 ოქტომბერს, ჩაბარდა ნ.მ–ის წარმომადგენელს თ.ლ–ძეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად. დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 10 ოქტომბერს და ამოიწურა 2018 წლის 15 ოქტომბერს (ორშაბათი).

ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი