Facebook Twitter

¹ბს-18-1-კს-04 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “მ.-ის” წარმომადგენელმა ი. კ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოსახლების აღსრულების და საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის, როგორც ადმინისტრაციული აქტის, მოქმედების შეჩერება.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ 30.09.02წ. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებული აუქციონის შედეგად სს “მ.-ის” უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება შეიძინა შპს “ს.-მ” (ამჟამად შპს “ა.-ი”) და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს აღნიშნული საწარმოდან სს “მ.-ის” გამოსახლება.

აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საოლქო სასამართლოს 27.11.03წ. განჩინებით არ დაკმყოფილდა. 15.12.03წ. სს “მ.-ის” წარმომადგენელმა ნ. კ.-მ და ნ. წ.-მ წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 27.11.03წ. განჩინების გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს 22.12.03წ. განჩინებით სს “მ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ არ იყო დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუტარებლობა თუ რამდენად გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ასევე არ იყო მითითებული დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე ან მისი აღსრულება რა არსებით ზიანს მიაყენებდა მხარეს, კერძოდ გახდიდა თუ არა შეუძლებელს მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და კერძო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემორებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში წარდგენილ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში და კერძო საჩივრის ტექსტში, სსკ-ის 191-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ არის დასაბუთებული ის გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სადავო ქონებაზე სხვა სასამართლო განხილვების მიმდინარეობა, ამასთანავე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი აღნიშნულის დასადასტურებლად. სს “მ.-ის" წარმომადგენლების მიერ ადმინისტრაციული აქტის შეჩერების საფუძვლად მითითებული სასკ-ის 29-ე და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებენ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას არა სარჩელის უზრუნველყოფის სახით, არამედ სარჩელის სასამართლოში წარდგენით. ამასთანავე, დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევა. საჯარო რეესტრის ჩანაწერი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი დოკუმენტაციით, ამდენად უძრავი ქონების ირგვლივ მხარეთა შორის უფლებრივ საკითხზე დავის არსებობა, სარჩელის აღძვრა სასამართლოში თავისთავად არ იწვევს სასკ-ის 29-ე და 30.2 მუხლის საფუძველზე უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის შეჩერებას, უკანასკნელი იცვლება ობიექტზე უფლების გადასვლისთანავე. “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოტყუების, არასწორი ან არასრული მოქმედების თავიდან აცილების მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადებით ან მის გარეშე, რეგისტრატორი უფლებამოსილია მისცეს მითითება სააღრიცხვო ბარათის შესაბამის განყოფილებაში შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ. ქონების განკარგვის შეზღუდვის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს არა სასკ-ის 29-ე, 30.2 მუხლის საფუძველზე, არამედ სსკ-ის 23 თავით განსაზღვრული წესებით. ამასთანავე, პალატა შეუძლებლად თვლის სსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებას მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სსკ-ის 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “მ.-ის” წარმომადგენლების ნ. კ.-ისა და ნ. წ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.03წ. განჩინება.

2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.