Facebook Twitter

საქმე №ას-1195-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 1 000 აშშ დოლარით განსაზღვრა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. დ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. თ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 23 იანვარს გაცემულ სანოტარო სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მე-7 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს (2013 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი დავალიანების 0,2%) 1 000 აშშ დოლარით განსაზღვრა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (უზრუნველყოფილი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე, ქ.თბილისში, ... მასივის მე-... კვარტალში, ...-ე კორპუსის #.. ბინით), რომლის საფუძველზეც, სამი თვის ვადით მოსარჩელემ კრედიტორისაგან ისესხა 34 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო სარგებლიანი და ის ყოველ თვეში შეადგენდა ძირითადი თანხის 3%-ს. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 18 სექტემბერს. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენდა 37 060 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოვალეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,2%-ის ოდენობით. მოსარჩელემ წინასწარ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი. ხელშეკრულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მოვალის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რაც მას კერძო აღმასრულებლის 2015 წლის 27 იანვრის წინადადებით ეცნობა. აღმასრულებლის წინადადებით მოვალეს ეუწყა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, 2 თვის სარგებელი - 600 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ძირი თანხის 0,2%-ს, 2013 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი კი, შეადგენდა 124,36 ლარს. პირგასამტეხლოს ოდენობამ მთლიანად შეადგინა 9 960 აშშ დოლარი, პროცენტისა და პირგასამტეხლოს თანხა ჯამში მეტია სესხის ძირ თანხაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი, დავის ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, არამედ, განმარტა, რომ 2014 წლის 23 დეკემბერს დამოწმებული მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულებით სესხის _ 34 000 აშშ დოლარიდან 24 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება კრედიტორმა დაუთმო მესამე პირს, რის გამოც მოპასუხის მიმართ ძირი თანხის დავალიანებამ შეადგინა 10 000 აშშ დოლარი, 2 თვის სარგებელმა - 600 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%, 2013 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე. მოპასუხის მიერ გაწეულია ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი. სარჩელის შეტანის დროისათვის დავალიანება შეადგენს 20 900 აშშ დოლარს, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი არის ძირი, 1 200 აშშ დოლარი _ სარგებელი, ხოლო, 9 700 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 23 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მე-7 პუნქტში (მოვალისათვის პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,2%, გადახდის დაკისრების ნაწილში) და პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორის წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,05%-ით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 1 000 აშშ დოლარით განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2013 წლის 18 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ ისესხა 34 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ის ოდენობით სარგებლის გადახდის პირობით;

1.2.2. სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #01.13.03.042...);

1.2.3. ხელშეკრულების პირველი პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.4. 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, კრედიტორმა 2013 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება სესხის თანხიდან 24 000 აშშ დოლარის ნაწილში დაუთმო მესამე პირს;

1.2.5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილი იყო, მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად;

1.2.6. 2013 წლის 18 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 23 იანვარს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: სესხის ძირი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 600 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - ძირი თანხის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 18 სექტემბრიდან 2015 წლის 22 იანვრამდე;

1.2.7. კერძო აღმასრულებელმა 2015 წლის 27 იანვარს მოვალეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიებს პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი წარმოადგენს რა მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების ლეგალურ საფუძველს, ნორმის დანიშნულებაა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი უფლების მართლზომიერად სარგებლობის ხელშეწყობა (სკ-ის 115-ე მუხლი), ნორმის მიზანს წარმოადგენს მათ შორის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად იქნას შენარჩუნებული კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა პროპორციულობა და ბალანსი იყოს გონივრული. სასამართლო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ხელძღვანელობს რა ხსენებული ნორმით, გონივრულ თანაფარდობას ადგენს იმგვარად, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ შეილახოს არსებითად, ანუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არ უნდა იქნას იმგვარად აღქმული, რომ მან დაკარგოს პრევენციული ფუნქცია და გახდეს ფორმალური ხასიათის. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სახელშეკრულებო შეთანხმება დავალიანების ძირი თანხის 0,2%-ზე სწორედ შეუსაბამოდ მაღალია ვალდებულების დარღვევისა, ხოლო მისი 0,05%-ით განსაზღვრა უზრუნველყოფს, როგორც მოვალის დაცვას შეუსაბამოდ მაღალი თანხის გადახდისაგან, ისე _ ინარჩუნებს პირგასამტეხლოს ფუნქციას და თანაზომიერია კრედიტორის დარღვეული უფლების დაცვისა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო, კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, პირგასამტეხლოს შემცირების/გონივრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. დ-ს (პ/#01005....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი