საქმე №ას-1225-2018 1 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს. გ. წ. კ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ა-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. გ. წ. კ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კომპანია ან დამსაქმებელი) მიმართ, შრომითი ურთიერობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 3 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობის, კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე განაცდურის, თვეში _ 1 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წლების განმავლობაში დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს მუშაობდა საფინანსო სამსახურის უფროსად. კომპანიაში დაიკარგა მრიცხველები, რაც გახდა შრომითი ურთიერთობის მოშლის საფუძველი, თუმცა ბრძანება მიღებულია კანონსაწინააღმდეგოდ, რადგანაც დაკარგული მრიცხველები ინახებოდა წყალტუბოს საწყობში, რომელთანაც არც წვდომა და არც მათ შენახვაზე რაიმე პასუხისმგებლობა არ ჰქონდა დასაქმებულს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ კომპანიის რეგიონული ფილიალის ტიპიური დებულების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგიონული ფილიალის საწყობში მარაგი ნაწილების მიღება, შენახვა, გაცემა და კონტროლი, ასევე, ნაწილების სერვის-ცენტრისათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრებოდა საფინანსო სამსახურს, რეგიონული ფილიალის დაქვემდებარებაში იყო რეგიონის საწყობი, შესაბამისად, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაკარგული მარაგ-ნაწილების მოძრაობის, მათი მიღებისა და გაცემის ბრუნვის კონტროლი, რასაც დასაქმებული არ ასრულებდა. შრომითი მოვალეობების დარღვევამ განაპირობა კომპანიისათვის ზიანის მიყენება, რამაც განაპირობა კომპანიის მიერ ცალმხრივად სამსახურებრივი ურთიერთობის მოშლა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 3 ივლისის ბრძანება, დასაქმებული აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე და გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე მიეკუთვნა იძულებითი განაცდურის, თვეში 1 500 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის საფინანსო სამსახურში ჯერ საწყობის სპეციალისტის, ხოლო, 2016 წლის 5 სექტემბრიდან _ საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 500 ლარს. შრომითი ურთიერთობა იყო უვადო;
1.2.2. კომპანიის შინაგანაწესის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია, გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კომპანიის სტრუქტურული ან/და ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია, განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ ერთეულს. კომპანიის თანამშრომელი პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, კერძოდ, თანამშრომელი ვალდებულია: ქონება გამოიყენოს სამსახურებრივი მიზნებისათვის; ქონების ნებისმიერი გადაადგილების, დაზიანებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს; აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით კომპანიის ქონებისათვის მიყენებული ზიანი;
1.2.3. დასაქმებულის განმარტებით, ის არ აკონტროლებდა სასაწყობე მარაგებს, ვინაიდან, კავშირი არ ჰქონდა "FMG" პროგრამასთან და ასევე არ აკონტროლებდა სასაწყობო მარაგების ბრუნვისას წარმოებულ შესაბამის დოკუმენტაციას (ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები). მას არ ევალებოდა მოპასუხის მიერ მითითებული მოქმედებების განხორციელება;
1.2.4. კომპანიის დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის #პ/23... ბრძანების თანახმად, მოსარჩელე, შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევისათვის, 2017 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლდა რეგიონული ფილიალის საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან;
1.2.5. საქმეში წარმოდგენილი არ არის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობები (სამუშაო აღწერილობა);
1.2.6. კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის საწყობის ინვენტარიზაციის დროს საწყობში აღმოჩნდა 605 ცალი დ-15 მმ მრიცხველების დანაკლისი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საფინანსო სამსახურის უფროსს ნამდვილად ეკისრებოდა (ან/და მის პირდაპირ დაქვემდებარებაში შედიოდა) მითითებულ დაწესებულებაში სასაწყობე მატერიალურ ფასეულობებზე კონტროლი და მისი დაკარგვის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა. სასაწყობე დანაკლისის გამო, წყალტუბოს სერვის-ცენტრის საწყობის უფროსი გათავისუფლდა თანამდებობიდან და მასვე დაეკისრა კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება (საქმეში წარმოდგენილი აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნაშიც მითითებულია, რომ წყალტუბოს სერვის-ცენტრის საწყობის უფროსისათვის „აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი ფაქტის გამო მის მიმართ 2017 წლის 18 აპრილის #პ/13... ბრძანებით გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „თანამდებობიდან ჩამოქვეითება“). მოსარჩელის, როგორც კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის საფინანსო სამსახურის უფროსის მიმართ არც 2017 წელს ყოფილა მიღებული რაიმე სახის პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო მოწმედ დაკითხულმა ირაკლი წითელაშვილმა (საწყობის ყოფილი უფროსი) სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ „მან არ იცის მის საქმიანობაზე ბრძანებით ევალებოდა თუ არა კონტროლი ფინანსური სამსახურის უფროსს“.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც დასაქმებულისათვის სასაწყობე მარაგების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხება და მისი მტკიცებით, სწორედ ამ პასუხისმგებლობის დარღვევა გახდა მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების სამართლებრივ საფუძველს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს და ამგვარ ვითარებაში, ნების კანონიერებას განაპირობებს დასაქმებულის მიერ ჩადენილი იმგვარი განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს შრომითი ურთიერთობის პირობებს. თავის მხრივ, ნორმით განსაზღვრული შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა, რომ ქმედება, რომლის დარღვევასაც დასაქმებულს ედავება დამსაქმებელი, შრომითი ურთიერთობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდეს (იყოს შრომითი ხელშეკრულებით ან შინაგანაწესით განსაზღვრული). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების ფორმის თავისუფლებას და რა თქმა უნდა, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების პირობებში ამა თუ იმ მოვალეობის დასაქმებულისათვის დაკისრება აკრძალული არ არის, თუმცა, სადავოობის შემთხვევაში, როგორც წერილობითი, ისე _ ზეპირი სახელშეკრულებო ურთოერთობიდან გამომდინარე მოვალეობების დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ორგანიზაციულ მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს _ დამსაქმებელს ეკისრება. სასამართლოს ეს დასკვნა არა მხოლოდ შრომით ურთიერთობაში დამსაქმებლის მომეტებულ პასუხისმგებლობას, არამედ შრომის კოდექსის ნორმათა ფართო განმარტებას ემყარება (მაგ: შკ-ის 6.5. მუხლის თანახმად, შინაგანაწესის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიჩნევისათვის დამსაქმებელს ევალება მისი დასაქმებულისათვის გაცნობის ვალდებულება და სხვა). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა დანაკარგზე მოსარჩელის პასუხისმგებლობის არსებობის ფაქტი. ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას, არამედ მხარე ცდილობს მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებებზე, ასევე, არაპირდაპირ მტკიცებულებებზე დაყრდნობით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი: საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) დაამტკიცოს სადავო საკითხი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სარჩელით შედავებულია შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის მოტივით სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის კანონიერება, დამსაქმებელს, როგორც ნების გამომვლენ სუბიექტს, აწევს ნების ფაქტობრივი წინაპირობების დადასტურების ვალდებულება. ამ მხრივ მოპასუხეს დასაბუთებული შედავება არ გააჩნია, შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები და დამსაქმებლის ბრძანება, როგორც მართლსაწინააღმდეგო, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე სწორად ჩათვალა ბათილად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის არსებობა, ასევე, მისი ვაკანტურობის საკითხი მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ, შესაბამისად, გადაწყვეტილება პირის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე იურიდიულად გამართლებულია, ისევე, როგორც ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე არსებობდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანოიერია, ხოლო კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოშლის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 10.05.2018წ. #25135625 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 04.10.2018წ. #25137493 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 400 ლარის, სულ _ 2 700 ლარის 70% _ 1 890 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. გ. წ. კ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს. გ. წ. კ.“ (ს/კ #41267....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.05.2018წ. #2513.... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და მის მიერვე 04.10.2018წ. #25137493 საგადახდო დავალებით გადახდილი 2 400 ლარის, სულ _ 2 700 ლარის 70% _ 1 890 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი