Facebook Twitter

საქმე №ას-1337-2018 1 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. თ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ. თ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, სკოლა ან დამსაქმებელი) მიმართ, სახელფასო დავალიანების _ 3 496,5 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე დასაქმებულია მოპასუხე სკოლაში პედაგოგად. წლების განმავლობაში იღებდა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას, მაგრამ 2013 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტამდე, დირექციის გადაწყვეტილებით, დასაქმებულს შეუწყდა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის ხელფასი და ეძლეოდა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პედაგოგის ხელფასი. აღნიშნული ფაქტი მოსარჩელემ არაერთხელ გააპროტესტა, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და სთხოვა საკუთარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა მოსარჩელის დიპლომი მაგისტრის აკადემიური ხარისხით, რაც იმას მოწმობს, რომ დასაქმებულს წლების განმავლობაში მართლსაწინააღმდეგოდ არ ეძლეოდა კუთვნილი ოდენობით ანაზღაურება (მაგისტრის აკადემიური ხარისხის პედაგოგს ერთ აკადემიურ საათში ეძლევა 30 ლარი, ხოლო ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პედაგოგს _ 21 ლარი). 2013 წლის სექტემბრიდან 2017 წლის მარტამდე დასაქმებულს ჩატარებული აქვს 388,5 აკადემიური საათი და მან შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 3 496,5 ლარით ნაკლები.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე, 2005 წლის 21 სექტემბრის #5 ბრძანების თანახმად, სკოლაში დასაქმებულია ისტორიის პედაგოგად. დიპლომის მიხედვით იგი 1997 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში, 2002 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, მიენიჭა ისტორიკოსის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით და მის სახელზე იყო გაცემული ბაკალავრის დიპლომი #B:02N..... 2005 წლიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე სკოლა მას მართლაც უნაზღაურებდა შრომას მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით, ხოლო, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 20 მარტამდე _ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის კოეფიციენტით. 2013 წლის 1 სექტემბერს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით ანაზღაურება მოსარჩელეს შეუჩერდა იმ მიზეზით, რომ დასაქმებულს სკოლისათვის უნდა წარედგინა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2016 წელს მოსარჩელემ შეცვალა უმაღლესი განათლების დიპლომი. მის სახელზე გაიცა SJSU #00... დიპლომი, სადაც კვლავ არ იყო ჩანაწერი, რომ მისი განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. 2017 წელს დასაქმებულმა მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის 2017 წლის 9 მარტის #2258... წერილით დადასტურდა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აღნიშნული დოკუმენტი სკოლას 2017 წლის 20 მარტს ჩაბარდა, რომლის შემდეგაც პედაგოგს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით ეძლევა ხელფასი. სკოლის სპეციალისტის მიერ შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 20 მარტამდე მოსარჩელის შრომის ანაზღაურების სხვაობა შეადგენს 922.59 ლარს და არა 3496.50 ლარს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 922,59 ლარის ანაზღაურება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები იმყოფებიან შრომით ურთიერთობაში;

1.2.2. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის #126/ნ ბრძანების 3.1. მუხლის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0.8; ბ) პროფესიული განათლება - 0.9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე, 2000 წლის ჩათვლით მიღებული ოთხწლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1.1; ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2;

1.2.3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, დადასტურებულ იქნა მოსარჩელის ახალი დიპლომი SJSU #000... და აღიარების საფუძველზე, 2017 წლის 20 მარტიდან იღებს ანაზღაურებას მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის კოეფიციენტით;

1.2.4. მოსარჩელე სადავო პერიოდშიც წარმოადგენდა სუბიექტს, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო ზემოხსენებული ბრძანებით მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო. თუმცა, მან კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მტკიცება იმისა, თუ რას წარმოადგენს სხვაობა მიღებულ და მისაღებ ანაზღაურებას შორის;

1.2.5. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე აღიარებს დავალიანების ოდენობას, კერძოდ, მან განმარტა, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 20 მარტამდე დასაქმებულის ხელფასის სხვაობა შეადგენს 922.59 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა სრულად უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც დასაქმებულის მხრიდან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის წესს შეეხება და მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არა მატერიალური სამართლის ნორმათა დანაწესი, არამედ _ საპროცესო აღიარება დაედო საფუძვლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება, საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლით მოპასუხემ დაადასტურა დავალიანების ოდენობა, რაც სააპელაციო სასამართლომ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის აღიარებად მიიჩნია და ამ აღიარების ფარგლებში დააკმაყოფილა სარჩელი, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ არ ხდის შესაგებელში გადმოცემული განმარტების აღიარებად მიჩნევის კანონიერებას, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, პალატა ამ საკითხს ვერ შეაფასებს, გარდა ამისა, კასატორს არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ უსარგებლია ამავე კოდექსის 133-ე მუხლით და არც კი უცდია აღიარების გაქარწყლება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც საპროცესო აღიარების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

განსახილველი სარჩელის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 3 496,5 ლარს, რის გამოც, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელზეც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება (სსსკ-ის 39.2 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადაიხადა 300 ლარი, რის გამოც, საპროცესო ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 და 42-ე მუხლები), მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ამასთანავე, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლადაა მიჩნეული, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), მასვე უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლას (ს/კ #2233...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.10.2018წ. #84 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი