საქმე №ას-20-2019 15 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ხ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დარეჯან დვალმა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #01.14.11.011.... უძრავი ქონების (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მესაკუთრეს გადაეცა გამოთავისუფლებული უძრავი ქონება;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა და მოითხოვა მათი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სასამართლოს აპელირება გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადის დარღვევის თაობაზე არასწორია, რადგანაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ, მასში მითითებული გასაჩივრების წესების შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენელი უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია, ვინაიდან მოსამართლეს არ ჰქონდა მომზადებული, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მხოლოდ 2018 წლის 14 ნოემბერს გახდა შესაძლებელი და 15 ნოემბერს აიტვირთა იგი ელექტრონულ პროგრამაშიც. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა მხარისათვის ჩაბარებიდან უნდა დაეწყო, რადგანაც სასამართლოს მოტივაციის გაცნობის გარეშე მისი გასაჩივრება შეუძლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპრცესო ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მფლობელის უფლებამოსილი წარმომადგენელი (რწმუნებულება იხ. ს.ფ.137-139.), რომელსაც განემარტა მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, მისი ჩაუბარებლობის შედეგები, ასევე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა;
1.2.2. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2018 წლის 28 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე _ 7 ნოემბერი;
1.2.3. მფლობელის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2018 წლის 14 ნოემბერს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 37-ე დღეს, რაიმე მტკიცებულება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში მხარის/წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოცხადებასა და გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას, ასევე, დადგენილ ვადაში სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მომზადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება (სასამართლოს ელექტრონული პროგრამიდან ირკვევა, რომ დასაბუთებული განჩინება მომზადდა 2018 წლის 26 ოქტომბერს);
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, ის მომზადდა და სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 22 ნოემბერს.
1.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ [დიდი პალატა] 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, თუნდაც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა და/ან აპელანტის მცდელობა, მოეპოვებინა ამ ვადაში გადაწყვეტილება, მისი პოზიცია მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის შესახებ ემყარება არა რაიმე მტკიცებულებას, არამედ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რასაც უარყოფს პალატა.
1.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2.-.1.2.4. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე (გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 08.11.2018წ. და ამოიწურა 21.11.2018წ, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 22.11.2018წ.) და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც მის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად.
1.6. კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველი დავის საგნის ღირებულება 4 000 ლარია, რაც, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მხარეს.
1.7. გარდა ამისა, წინამდებარე კერძო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის საკითხი, კერძო საჩივარს კი, ერთვის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმეში არსებული ხელწერილის ასლი. ვინაიდან მოცემული დოკუმენტები დედნის სახითაა საქმეში განთავსებული, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი ასლების კვლავ საქმისათვის დართვის წინაპირობა, რის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმოდგენილ ასლებს სასამართლო უბრუნებს მხარეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. მ. ხ-ს (პ/#010080....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.
4. კერძო საჩივრის ავტორს ასევე დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებისა და ხელწერილის ასლები 13 (ცამეტი) ფურცლად (ს.ფ. 295-307).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი