Facebook Twitter

საქმე №ას-22-2019 15 მარტი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: მ. ო-ე, რ. დ-ე, მ. ო-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „კ. ბ.““ (უფლებამონაცვლე სს „კ. ბ.“ შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, მ. ო-ის, მ. ო-ისა და რ. დ-ის (შემდგომში _ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე მოპასუხე, მოვალეები, პირველი მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ მოპასუხეებისათვის 23 181,56 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი მხოლოდ პირველმა მოპასუხემ წარადგინა, რომელმაც სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში იგი ცნო, ამავე ნაწილში სარჩელი ცნეს სხვა თანამოპასუხეებმაც საქმის მომზადების ეტაპზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 181,56 აშშ დოლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ (ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მეორე და მეოთხე მოპასუხემ, თუმცა, მასზე საკასაციო პალატა არ მსჯელობს, რადგანაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე არც ერთ მხარეს საჩივარი არ წარუდგენია) და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ იხელძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით და მცდარად უარყო აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თოაბაზე, რადგანაც მხარეს წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება, რომ მხარეს არ აქვს შემოსავალი, ერთადერთი ბინა დატვირთულია იპოთეკით, ჰყავს პენსიონერი დედა, რომელსაც უამრავი დაავადება აწუხებს, მკურნალობა ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც მისი პენსიაც არ ჰყოფნის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა: წარმოედგინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 927.26 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია;

1.2.2. დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა ხელშეკრულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, რაც სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით განუმარტა მხარეს საპროცესო მოქმედების შეუსრულებელობის შედეგები;

1.2.3. დადგენილ ვადაში სასამართლოს კვლავ განცხადებით მიმართა აპელანტმა, განმარტა, რომ არის უმუშევარი, არ აქვს შემოსავალი, მისი ერთადერთი საცხოვრებელი ბინა დატვირთულია იპოთეკით სს „კ. ბ.“მიერ. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ჰყავს პენსიონერი დედა, რომელსაც აქვს არაერთი დაავადება, მისი მკურნალობა ყოველთვიურად დიდ ხარჯებს მოითხოვს და ერთადერთი შემოსავალი არის დედამისის პენსია, რომელიც მისი მკურნალობის ხარჯებს ფარავს. განცხადებას ერთვის 01.08.2018წ. გაცემული სამედიცინო ცნობა გულნაზ ბიწკინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

1.2.4. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ იქნა გაზიარებული, ხოლო, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად;

1.2.5. ხარვეზის გამოსწორების ვადის გასვლის შემდგომ ანალოგიური შუამდგომლობითა და ანალოგიური მტკიცებულებებით მიმართა მხარემ სასამართლოს განცხადებით, რომელიც, როგორც საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ დატოვა განუხილველად.

1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, ის შეიძლება, გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს. შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს, რომელიც სასამართლოთა დაუსაბუთებელი გადატვირთვის თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, თუმცა, ამავდროულად, კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად: ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, ერთ-ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა, რაც მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტს არ აქვს შემოსავალი, ასევე, არ არის წარდგენილი სააპელაციო წარმოების დაწყების მდგომაროებით საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ქონებაზე სანივთო უზრუნველყოფის საშუალების არსებობას დაამტკიცებდა, რაც შეეხება საკრედიტო ორგანიზაციებთან დადებულ სესხის ხელშეკრულებებს, პალატა შენიშნავს, რომ სს „კ. ბ.“ გაფორმებული სესხის გრაფიკის თანახმად, ვალდებულება წყდებოდა (გადახდის ბოლო ვადა) 2018 წლის 5 დეკემბერს, „ვ.“ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2017 წლის 30 აგვისტოს, სს „თ. ბ.“ მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების გრაფიკის თანახმად, თანხის ბოლო გადახდა 2018 წლის 6 დეკემბერს უნდა განხორციელებულიყო, ხოლო „ლ.“ გაფორმებული ორი ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ 1 090 ლარზე გაფორმებული სესხის დაბრუნების ვადა 2022 წლის 1 სექტემბერი, ხოლო 350 ლარზე გაფორმებული სესხის დაბრუნების ვადა 2020 წლის 11 იანვარია. განცხადებებს არ ერთვის რაიმე დოკუმენტი იმისა, რომ მხარე სასესხო ვალდებულებებს ვერ ასრულებს და გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება. იმ პირობებში კი, როდესაც არ დგინდება პირის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, საკასაციო სასამართლო პროცესის ხარჯების გადავადების ერთადერთ საფუძვლად ვერ მიიჩნევს აპელანტის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მით უფრო, როდესაც განცხადებაში მითითებული ფაქტი (რომ დედა საჭიროებს მატერიალურ დახმარებას მკურნალობის გამო გასაწევ ხარჯებზე, რაც შვილის, როგორც მორალურ, ისე _ მატერიალურ ვალდებულებას წარმოადგენს) საქმის მასალებით არ დგინდება.

1.4. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა, მიუხედავად საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, არ გამოასწორა საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.

1.5. როგორც უკვე ითქვა, წინამდებარე განჩინების საგანს წარმოადგენს მხარის მიერ ხარვეზის გამოსწორების/სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სისწორის შემოწმება. წარმოდგენილ კერძო საჩივარს ერთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის განჩინებების ასლები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ განჩინებებით რაიმე ახალი გარემოება შესაფასებელი საკითხის ირგვლივ არ დგინდება, უფრო მეტიც, ისინი დედნის სახითაა წარმოდგენილი საქმეში და მათი განმეორებით მიღების წინაპირობა არ არსებობს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო უარს აცხადებს ხსენებული მასალების საქმისათვის დართვაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უბრუნებს კერძო საჩივრის ავტორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. მ. ბ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2018წ. და 11.10.2018წ. განჩინებების ასლები 7 (შვიდი) ფურცლად (ს.ფ. 338-344).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი