საქმე №ას-8-2019 15 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ. ე.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა
დავის საგანი – გირავნობის საგნის დაბრუნება ან მისი ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ. ე.“ (შემდგომში _ მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა გირავნობის საგნის _ მოსარჩელის კუთვნილი ოქროს ნივთების დაბრუნება ან მათი ღირებულების _ 2 629,76 აშშ დოლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, რის გამოც, გირავნობის შეთანხმების შესაბამისად, გირავნობის საგანი სარეალიზაციოდ მიექცა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და არსებითად განხილვა.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: აპელანტი, მართალია, ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუმცა, 30-დღიან ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მისი ბრალის გარეშე ვერ მოხერხდა, მხარე უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა სასამართლოს, გადატვირთულობის გამო, არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადებული, ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო სასამართლოს, რადგანაც სხვა შემთხვევაში, მიღებული განჩინება არასამართლიანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გულნარა გურგენიძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მხარე, რომელსაც განემარტა მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი, მისი ჩაუბარებლობის შედეგები, ასევე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა;
1.2.2. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 2018 წლის 27 ოქტომბერი;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს პირველად 2018 წლის 2 ნოემბერს მიმართა და იმავე დღეს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება. რაიმე მტკიცებულება, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში მხარის/წარმომადგენლის მიერ სასამართლოში გამოცხადებასა და გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნას, ასევე, დადგენილ ვადაში სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მომზადების შეუძლებლობას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება;
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, ის მომზადდა და სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 14 ნოემბერს.
1.3. მოხმობილი გარემოებების სამართლებრივად შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. პალატა დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ [დიდი პალატა] 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). როგორც ითქვა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, თუნდაც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევა და/ან აპელანტის მცდელობა, მოეპოვებინა ამ ვადაში გადაწყვეტილება, მისი პოზიცია მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის შესახებ ემყარება არა რაიმე მტკიცებულებას, არამედ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რასაც უარყოფს პალატა.
1.5. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.2.-.1.2.4. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, აპელანტის მხრიდან საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე (გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 28.10.2018წ. და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე 10 ნოემბერი იყო შაბათი, სსსკ-ის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 12.11.2018წ, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 14.11.2018წ.) და მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე მუხლების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის საფუძველზე მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც მის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი