საქმე №ას-673-673-2018 8 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – თ. ტ-ე, ნ. გ-ა, მ. ტ-ე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის დაკისრება, ასევე, თანხის გადახდამდე ნივთის ვინდიცირებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა (თავდაპირველ სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე. ი-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ტ-ის, ნ. გ-სა და მ. ტ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები, თამარ ტაბიძე, ასევე, წოდებული, როგორც შეგებებული მოსარჩელე) მიმართ, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ზ. მე-... მიკრორაიონის ...-ე კორპუსში მდებარე #... ბინის (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მეუღლე მუშაობდა შპს „თ.“, რომელსაც სამსახურმა სადავო ბინა გადასცა საკუთრებაში სადავო. ბინის მიმღები გარდაიცვალა 2013 წლის 24 მარტს და ქონება მემკვიდრეობით გადაეცა მოსარჩელეს. შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი 2014 წლის 14 იანვრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. მის ბინაში უკანონოდ არიან შეჭრილი მოპასუხეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ქონების ფლობის უფლება და არ ათავისუფლებენ ფართს.
1.2. მ. ტ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ სადავო ქონების გარემონტებისა და გარე კომუნიკაციების მოწესრიგების ხარჯის _ 15 460 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შეგებებულმა მოსარჩელემ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განცხადების საფუძველზე დაიკავა სადავო ბინა და ფლობს 2003 წლიდან. ამ დროისთვის კორპუსზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. ბინის კარკასი საცხოვრებლად ვარგისი მფლობელმა გახადა. ყველა საყოფაცხოვრებო გაყვანილობაზე ბინებში შესახლებულმა მაცხოვრებლებმა იზრუნეს, რაზეც სახელმწიფოს თანხმობაც ჰქონდათ. გარე და შიდა რემონტის ხარჯმა საერთო ჯამში შეადგინა 15 460 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის განხორციელების შემფერხებელი შესაგებლით თავდაპირველმა მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელეს სადავო ქონებაზე უფლება არ მოუპოვებია, რადგანაც შპს „თ.“ ვერ უზრუნველყო კორპუსების მშენებლობის დასრულება, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით კი, დაუსრულებელი მშენებლობის განაწილება დაუშვებელი იყო. „თ.“ სტრუქტურულმა ერთეულმა _ „მიწისქვეშა მშენებლობის სამმართველომ“ კი შექმნა ე.წ პროფკომიტეტის ოქმი, რომელიც არც „მ.“ ხელმძღვანელობასთან შეთნხმებულა და არც აღმასკომს არ დაუმტკიცებია, რაც ეწინააღმდეგება ადრე მოქმედი საბინაო კოდექსის 53-ე მუხლს. საბოლოოდ ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაასხვისა სადავო ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ხოლო, მოსარჩელემ ყალბი დოკუმენტების წარდგენით შეძლო საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის მოპოვება. მოსარჩელე, მსგავსად სხვა პირებისა, ენდო საქართველოს პრეზიდენტის ე.შევარდნაძისა და შემდგომ მ.სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვებს, რომელთა თანახმადაც მოქალაქეებს შეეძლოთ, მოეძიებინათ და დაეკავებინათ მიტოვებული საცხოვრებელი სადგომები, რომელთაც არ ჰყავდათ მესაკუთრეები, სწორედ ამ გზით დაეუფლა მოპასუხე სადავო ქონებას, რომელიც საცხოვრებლად უვარგისი იყო. კორპუსი პირველად 2006 წელს დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე და მფლობელებმა ქონება კეთილმოაწყეს სახელმწიფოსავე ნებართვით. პრაქტიკულად, სახელმწიფოსა და მფლობელებს შორის არსებობდა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობა. 2013 წლის 25 აპრილს მოსახლეობამ მიმართა ქ.თბილისის მერიას ქონების დაკანონების თხოვნით, თუმცა, უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ ეკუთვნოდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ამ უკანასკნელმა კი, წერილობით აცნობა განმცხადებლებს, რომ მიღებული იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება;
2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნო თავდაპირველმა მოსარჩელემ იმ დასაბუთებით, რომ ის წარმოადგენს ქონებაზე საკუთრების უფლების მქონე პირს, თანახმად საკუთრების მოწმობისა, თუმცა მეუღლე ისე გარდაიცვალა, რომ ვერ შეძლო საკუთრებით სარგებლობა. რაც შეეხება შეგებებული მოსარჩელის არგუმენტს, რომ მან საქართველოს პრეზიდენტის დაპირების საფუძველზე დაიკავა ფართი, მოპასუხემ განმარტა, რომ ამგვარი შინაარსის ბრძანებულება მართლაც გამოიცა, თუმცა მისი სუბიექტები იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ და მათ შეეძლოთ ესარგებლათ სახელმწიფოს კუთვნილი მიტოვებული შენობებით. რაც შეეხება გაწეულ ხარჯებს, მოპასუხემ მის ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ შეგებებული მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ბინაზე თავდაპირევლი მოსარჩელის საკუთრების უფლება, რომელიც არ იყო თანახმა, მის საკუთრებაზე გაწეულიყო შესაბამისი ხარჯები, მან თვითნებურად გაარემონტა ნივთი, ამასთან, მფლობელი თავად სარგებლობს შესრულებული სარემონტო სამუშაოებით იმგვარად, რომ მესაკუთრე დღემდე ვერ იყენებს უძრავ ქონებას. მიუხედვად იმისა, რომ მფლობელისათვის ქონების მესაკუთრის შესახებ ცნობილი იყო, მას არ შეუტყობინებია ხარჯების გაწევის შესახებ, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, მესაკუთრე არ დასთანხმდებოდა ამ ხარჯების გაღებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლებულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ამავე გადაწყვეტილებით მფლობელის შეგებებული სარჩელი ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო თავდაპირველი სარჩელით წარდგენილი მოთხოვნის მას შემდეგ დაკმაყოფილება, რაც აღსრულდება შეგებებულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის ქონების გასაუმჯობესებლად გაწეული ხარჯის დაკისრება, ასევე, თანხის გადახდამდე ნივთის ვინდიცირებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო, სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. თავდაპირველი მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს;
1.2.2. მოპასუხეები ფლობენ დავის საგანს;
1.2.3. მფლობელებმა ნივთის ფლობის მართლზომიერი უფლების არსებობა ვერ დაადასტურეს, ამგვარად, არ განიხილება მათი მტკიცება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასცა ინდივიდუალური გამრიცხველიანების ნებართვა, ვინაიდან, იგი წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო საკითხს და თუნდაც არამართლზომიერი ფლობის შემთხვევაშიც, ამ ქმედებით სახელმწიფომ მისცა საშუალება, ესარგებლა საარსებოდ აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობებით, რაც არ გულისხმობს, დათანხმებას ფლობის ფაქტზე. გარდა ამისა, მოპასუხეებმა იცოდნენ, რომ ფართი, რომელსაც ფლობდნენ, წარმოადგენდა სხვა პირთა საკუთრებას და მიუხედავად ამისა, მაინც განახორციელეს გარკვეული სამუშაოები. ამ გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის V განყოფილების 2009 წლის 10 მარტისა და 2013 წლის 6 მარტის წერილები, ასევე, 2007 წლის 30 მაისის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის #4 ოქმი და სასამართლოზე მოწმედ დაკითხული იოსებ ბერიაშვილის ჩვენებაც;
1.2.4. მფლობელებმა ასევე ვერ დაამტკიცეს დავის საგანზე უშუალოდ მათ მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა და ამ ხარჯის აუცილებლობა (ინდივიდუალურ აუდიტორ მ. გ-ას მიერ 2016 წლის 22 აპრილს შედგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად დანახარჯების თაობაზე, თ. ტ-ის მიერ მოთხოვნილ სახლში დაუმთავრებელი ...-ე კორპუსის #.... ბინის კარკასის ღირებულებაა 4 000 აშშ დოლარი, ბინაში შიგნით შესრულებული შიდა სამუშაოების ღირებულება 2 500 აშშ დოლარი და კორპუსის დღევანდელ მდგომარეობამდე მოსაყვანად გაწეული გარე სამშენებლო და საკომუნიკაციო ხარჯების წილი 12 960 აშშ დოლარი. მთლიანად თამარ ტაბიძეს, აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, დახარჯული აქვს 15 460 (2 500 + 12 960) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ქ.თბილისში, ზ. მე-... მ/რ, კორპუსებში: #.... და #... და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 620 407.11 ლარს. როგორც დასკვნაში აღნიშნავს ექსპერტი, დასკვნის გაცემისას დაეყრდნო, ქ.თბილისში, ზ. დასახლების მე-... მ/რ-ს, კორპუსი #...-ისა და #....-ის მობინადრეთა 2016 წლის 28 ნოემბრის კრების ოქმში მითითებულ ინფორმაციას. ხოლო მობინადრეთა საერთო კრების ოქმის თანახმად, შეფასებულ იქნა ქ.თბილისში, ზ. დასახლების მე-.... მ/რ-ის კორპუსები: ...-..., 2005-2012 წლებში ჩატარებული სამუშაოები. ოქმში აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე შეიცვალა ძველი, ამორტიზირებული საკანალიზაციო სისტემა, 2 კმ-დან გამოყვანილ იქნა წყლის ცენტრალური მილი, განხორციელდა სახლის სახურავის ჰიდროიზოლაცია, თითოეულმა ოჯახმა მოახდინა შიდა წყალგაყვანილობის მიერთება ბინებში. კორპუსების მობინადრეთა მიერ განხორციელდა გზის მოწყობა და დაგრეიდერება, ელექტრო და გაზმომარაგების პროექტირება და ა.შ. აღნიშნული დასკვნით, ქ.თბილისში, ზ. მე-... მ/რ-ის, კორპუსები #..., #... და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია კორპუსის მაცხოვრებლების, კერძოდ, 27 ოჯახის მიერ და არა კონკრეტულად განსახილველი დავის მხარის მიერ, ამასთან, შპს „თ.“ მიერ გაცემული 2016 წლის 11 ივლისის ინფორმაციით, ზ. დასახლების მე-... მ/რ-ში, „თ.“ მიერ მშენებარე #... კორპუსში დასრულებული იყო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, კორპუსი გადახურული იყო ბრტყელი გადახურვით, ჰიდროსაიზოლაციო მასალით. სადარბაზოებში კიბის უჯრედებში გაკეთებული იყო ხის მოაჯირები. #25 ბინაში, ისევე, როგორც მთლიანად კორპუსში, გაყვანილი იყო ელ.სადენები და შესრულებული იყო ლესვითი სამუშაოები, ასევე, ელ.ენერგიის სადენები მიყვანილი იყო კორპუსამდე. კორპუსამდე მიყვანილი იყო წყალგაყვანილობა. კორპუსის გარეთ გაკეთებული იყო საკანალიზაციო ქსელი. აივნებზე დაყენებული იყო რკინის მოაჯირები. ზემოაღნიშნულ ბინაში, ისევე როგორც მთელ კორპუსში, ჩაყენებული იყო ხის კარ-ფანჯრები. ის ფაქტი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2003-2012 წლებში რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა, დასტურდება სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობებით).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით განსაზღვრული ვინდიკაციური სარჩელის ელემენტების არსებობა მხარეთა შორის დავას აღარ იწვევს, კერძოდ, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, კასატორები ფლობენ ნივთს და მესაკუთრემ მფლობელს წაუყენა დასაბუთებული პრეტენზია (იხ. სკ-ის 168-ე მუხლი), რაც შეეხება დანახარჯების ანაზღაურებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის კონტექსტში კასატორები არ წარმოადგენენ უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელებს, ამ მხრივ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ზემოხსენებული ნორმა და სწორადვე განმარტა მისი წინაპირობები, ამასთანავე, კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების თვალსაზრისით, მართალია, სააპელაციო პალატის დასკვნა შეგებებული სარჩელის უარყოფის შესახებ საფუძვლიანია, თუმცა არასწორადაა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის ელემენტები, კერძოდ, დანახარჯების ანაზღაურებაზე უარი სასამართლომ დაუკავშირა მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ქონება მოსარჩელეს (მის მეუღლეზე) განაწილდა „თ.“ შესაბამისი გადაწყვეტილებით და უდავოა, რომ საკუთრების მოწმობის გაცემას სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად, ამდენად, უფლების დამდგენი დოკუმენტის გადაცემის მომენტიდან მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევა უფლებამოსილ პირად და რეესტრში რეგისტრაცია, კონსტიტუციური ხასიათიდან გამომდინარე, არა მისი საკუთრების ხელახლა წარმოშობის საკითხს, არამედ უფლების დადასტურებას წარმოადგენს (უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების წინაპირობად წერილობითი დოკუმენტის არსებობა და არა უფლების რეესტრში რეგისტრაცია განიხილება. მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-202-191-2017, 27 სექტემბერი, 2017 წელი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, 987-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამდიდრების ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრებათ კასატორებს, მათ კი, პირდაპირი მტკიცებულება იმისა, თუ რა ოდენობით ხარჯი გასწიეს სადავო ქონებაზე, საჭირო იყო თუ არა ეს ხარჯი და სხვა, არ წარმოუდგენიათ. იმ ვითარებაში კი, როდესაც შეგებებულმა მოსარჩელემ ვერ დაძლია საკუთარი მტკიცების ტვირთი, მისი მოთხოვნა დანახარჯების ანაზღაურებაზე მაინც წარუმატებელია. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის ფაქტს.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების, ასევე, კონდიქციური მოთხოვნის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებული არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ტ-ის, ნ. გ-სა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი