საქმე №ას-1929-2018 2 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – გ. ხ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „შ. ...“ (მოსარჩელე)
წარმომადგენლები _ ი. კ-ე, ი. გ-ი (დირექტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „შ. ...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ხ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ა. ქუჩის მე-... ჩიხის #...-ში მდებარე #1 ბინისა და სარდაფის (ს/კ #01.14.11.018...; #01.14.11.018....) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
1.2. მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელმაც საკუთრების უფლება მოიპოვა გარიგების საფუძველზე. მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ ფლობს ამ ქონებას და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს მის გამოთავისუფლებაზე, რითაც ილახება მესაკუთრის უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო ქონების გამყიდველი არ წარმოადგენდა ამ ქონების მესაკუთრეს, არამედ, ის იყო იპოთეკარი. მოსარჩელე გაფრთხილებული იყო უფლების ხარვეზის თაობაზე, რაც ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას გამორიცხავს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 მარტის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა მოსარჩელეს;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით გ.ხოფერიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, შესაბამისად, მათ იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით, გაბრიელ ხოფერიას საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. სასამართლოს სხდომაზე სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები და საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტეს მორიგების პირობები და მხარი დაუჭირეს მის შემდეგი სახით დამტკიცებას:
1. გ. ხ-ა (პ/#01008...) იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში შპს „შ. ...“ (ს/კ #20528...) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს უძრავი ნივთები: მდებარე ქ.თბილისში, ა. ქუჩა, ჩიხი ..., #..., ბინა #1 (ს/კ #01.14.11.018...) და ქ.თბილისში, ა. ქუჩა, ჩიხი ..., #.., ბინა #1 (ს/კ #01.14.11.018.....). ნივთების გადაცემა უნდა დადასტურდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით;
2. თავის მხრივ, შპს „შ. ...“ (ს/კ #2052...) იღებს ვალდებულებას, გ. ხ-ას (პ/#01008...) გადაუხადოს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი;
3. მორიგების აქტის მე-2 პუნქტში მითითებული თანხიდან 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარს შპს „შ. ...“ (ს/კ #20528...) გადაიხდის ნივთის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ხოლო, დარჩენილ 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარს _ 2019 წლის 2 სექტემბრამდე;
4. იმ შემთხვევაში, თუ გ. ხ-ა (პ/#010...) არ შეასრულებს მორიგების აქტის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვალდებულებას, შპს „შ. ...“ (ს/კ #20528....) შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვოს გ. ხ-ას (პ/#01008...2) იძულებით გამოსახლება. ასეთ შემთხვევაში შპს „შ. ...“ (ს/კ #2052...) არ წარმოეშობა გ. ხ-ასათვის თანხის გადახდის ვალდებულება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდება, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. პროცესის ხარჯები/სარჩელის უზუნველყოფის ღონისძიება:
2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწოფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ამასთან, მორიგების აქტით მხარეებს პროცესის სხვა ხარჯების საკითხზე შეთანხმებისათვის არ მიუღწევიათ;
2.2. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა, რაც გამორიცხავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით განსაზღვრული წინაპირობების შემოწმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგების აქტი შპს „შ. ...“ (ს/კ #20528...) დირექტორ ი. გ-სა (პ/#1700100...) და გ. ხ-ას (პ/#01008...) შორის შემდეგი პირობებით:
2.1. გ. ხ-ა (პ/#0100801...) იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში შპს „შ. ...“ (ს/კ #205287...) გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცეს უძრავი ნივთები: მდებარე ქ.თბილისში, ა. ქუჩა, ჩიხი ...., #... ბინა #1 (ს/კ #01.14.11....) და ქ.თბილისში, ა. ქუჩა, ჩიხი ..., #..., ბინა #1 (ს/კ #01.14.11.018....). ნივთების გადაცემა უნდა დადასტურდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით;
2.2. თავის მხრივ, შპს „შ. ...“ (ს/კ #20528..) იღებს ვალდებულებას, გ. ხ-ას (პ/#01008...) გადაუხადოს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი;
2.3. მორიგების აქტის 2.2. პუნქტში მითითებული თანხიდან 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარს შპს „შ. ...“ (ს/კ #20528...) გადაიხდის ნივთის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, ხოლო, დარჩენილ 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარს _ 2019 წლის 2 სექტემბრამდე;
2.4. იმ შემთხვევაში, თუ გ. ხ-ა (პ/#010080...) არ შეასრულებს მორიგების აქტის 2.1. პუნქტში აღნიშნულ ვალდებულებას, შპს „შ. ...“ (ს/კ #20528...) შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვოს გ. ხ-ას (პ/#010080...) იძულებით გამოსახლება. ასეთ შემთხვევაში შპს „შ. ...“ (ს/კ #205287...) არ წარმოეშობა გ. ხ-ასათვის თანხის გადახდის ვალდებულება.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე _ შპს „შ. ...“ სარჩელის გამო, გ. ხ-ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი