საქმე №ას-836-2019 14 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით შ. ს-ის (შემდგომ – მოსარჩელე) განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ვ. ბ-ის (შემდგომ – მოპასუხე) საკუთრებაში არსებულ კონკრეტულ უძრავ ქონებას.
2. კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, მოითხოვა მხარეთა შორის 2013 წლის 23 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნასყიდობის საგნის უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების მესაკუთრედ, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: 1.1. 7000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, აპელანტი (მოპასუხე) დაუბრუნებს საკუთრებაში მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) სადავო უძრავ ქონებას; 1.2. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მოპასუხეს მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული თანხა შემდეგი გრაფიკით: 2018 წლის 30 მარტამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 აპრილამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 მაისამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ივნისამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ივლისამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 აგვისტომდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 სექტემბრამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ოქტომბრამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ნოემბრამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 დეკემბრამდე – 900 აშშ დოლარი. ანგარიშსწორება განხორციელდეს მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. 1.4. მოსარჩელე უფლებამოსილია, ვადაზე ადრე განახორციელოს შესრულება. 1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული თანხის სრულ გადახდამდე დავის ობიექტი დარჩება მოპასუხის საკუთრებაში, გორის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების გარეშე. 1.6. მოსარჩელის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული თანხის, 7000 აშშ დოლარის 1.2. 1.4. ანდა 1.7. პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით სრულად გადახდა წარმოადგენს მოპასუხის მიერ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაფორმების ვალდებულების საფუძველს, რომლის განუხორციელებლობა ანიჭებს უფლებას მოსარჩელეს, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე განახორციელოს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავის სახელზე რეგისტრაცია. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ორიგინალის წარდგენა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის. 1.7. წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია, მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, რომლის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებული საბანკო ანგარიშის ამონაწერის დამოწმებული ასლი, რომლიდანაც დადასტურდება ვალდებულების დარღვევა.
6. 2018 წლის 18 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 1991 მუხლის შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის გაუქმება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოპასუხის განცხადება ყადაღის მოხსნის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საჩივრის საფუძვლები:
8. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, რომლის გაცემის წინაპირობას წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებული საბანკო ანგარიშის ამონაწერის დამოწმებული ასლი, რომლითაც დასტურდებოდა ვალდებულების დარღვევა. მოპასუხე დღემდე არაკეთილსინდისიერად აყოვნებს მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერი შესაძლებლობის გამოყენებას. სააპელაციო პალატამ ხელი შეუწყო მოპასუხის მიერ კუთვნილი უფლების ბოროტად გამოყენებას და ყადაღა მოხსნა თვალთმაქცურად დადებული გარიგებით გასხვისებულ უძრავ ნივთს, რომელიც ამჟამადაც მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
9. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ნასყიდობისა და მორიგების საგანი – სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის მხრიდან დასაფარი – 6450 აშშ დოლარზე გაცილებით მეტი ღირებულებისაა. ამასთან, მოსარჩელე დასაქმებულია და იღებს ხელფასს 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისად, აღსრულების მიქცევა შესაძლებელია ყოველთვიური ანაზღაურების მიმართაც.
10. საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების განუხორციელებლობის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ დაუშვა მოპასუხის უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა და გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყება არ შეიძლება განხილულ იქნეს უფლების დაცვის წარმატებულ საშუალებად, რითაც სააღსრულებო წარმოება, რომელიც უფლების განხორციელების ფინალური ეტაპია, მართლმსაჯულების ფორმატში საქმის დასრულებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სრულიად ეჭვქვეშ დააყენა, ამიტომ იგი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც სსსკ-ის, ისე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის კონცეფციასა და სულისკვეთებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმესთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების 1.6 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული თანხის – 7000 აშშ დოლარის 1.2. 1.4. ანდა 1.7. პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით სრულად გადახდა წარმოადგენს მოპასუხის მიერ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაფორმების ვალდებულების საფუძველს, რომლის განუხორციელებლობა ანიჭებს უფლებას მოსარჩელეს, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე განახორციელოს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავის სახელზე რეგისტრაცია.
13. ამდენად, მხარეები თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, შეთანხმებული თანხის გადახდა წარმოშობს მოპასუხის ვალდებულებას, დაუბრუნოს თავდაპირველ მესაკუთრეს უძრავი ნივთი. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ დაარღვია მორიგების პირობა და თანხა არ გადაიხადა. აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა.
14. სააპელაციო პალატამ განუმარტა საჩივრის ავტორს, რომ მოპასუხის სახელზე აღრიცხული სადავო ქონება ამ უკანასკნელისათვის არ წარმოადგენს უსაფუძვლოდ მიღებულს. უძრავი ქონება მოწინააღმდეგე მხარის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მართლზომიერად, მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, მორიგების პირობების მიხედვით, მხარეებმა უძრავი ქონების დაბრუნების წინაპირობად მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება გაითვალისწინეს, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ მომხდარა. ამდენად, არ არსებობს ნივთის უკან დაბრუნების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება, კრედიტორის მიერ იძულებითი აღსრულების დაწყების შესაძლებლობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, აღნიშნული ღონისძიება კრედიტორისათვის არ შეიძლება განხილულ იქნეს უფლების დაცვის წარმატებულ საშუალებად. აღნიშნული არ გულისხმობს აღსრულების, როგორც ინსტიტუტის დაკნინებას, როგორც ამას საჩივრის ავტორი განმარტავს, არამედ მოვალის ქონების არარსებობის გამო, ვერ მოხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება ქონების რეალიზაციის გზით და სწორედ ამიტომ ვერ განხორციელდება აღსრულება წარმატებულად.
15. ამდენად, სააპელაციო პალატამ კვლავ განმარტა, რომ გაუმართლებელია ნივთზე უფლებრივი შეზღუდვის უსასრულოდ არსებობა და ამ გზით მესაკუთრისათვის საკუთრებით სარგებლობაში გაუმართლებლად ხელშეშლა.
16. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს და გულისხმობს სასამართლოს მიერ გარკვეულ ღონისძიებათა გატარებას, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, განახორციელოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების რეალიზაცია და მისი ეფექტური აღსრულება. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაცულია, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოპასუხის ნებაზე ზემოქმედება და მისი თვითნებობის გამორიცხვა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნებისმიერი სახეობა კატეგორიული ხასიათისაა და იმპერატიულად ადგენს ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის შედეგს. უზრუნველყოფის ღონისძიების კატეგორიულობა სარჩელის უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის დანიშნულებიდან გამომდინარეობს, რაც, მოპასუხის მიერ მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვასა და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება.
17. სარჩელის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დაშვებული იძულებითი ხასიათის იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელსაც სასამართლო იყენებს მოსარჩელის შუამდგომლობით და რომელიც მიმართულია არა მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ, არამედ ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი აღსრულებისკენ. უზრუნველყოფის აღნიშნული ბერკეტების გამოყენებით მოსარჩელე, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაცულია, მის აღსრულებაზე მოქმედი ობიექტური რისკფაქტორებისაგან.
18. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის საჩივრის ავტორის მიერ ვ. ბ-ისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადახდა განხორციელებულია გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდგომ, კერძოდ, 2019 წლის 19 მარტისა და 25 მარტის პერიოდში. აღნიშნული ფაქტი, არ ცვლის ფაქტობრივ ვითარებას მასზე, რომ მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულება იქნა დარღვეული. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არ განხორციელებულა. სადავო თანხა გადახდილია შეთანხმებული ვადის გასვლის შემდგომ. ამდენად, გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარმოდგენა არ ცვლის იმ ფაქტობრივ სინამდვილეს, რომლის გათვალისწინებითაც იქნა მიღებული გასაჩივრებული განჩინება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოვალის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, არ არსებობს უძრავი ნივთის უკან დაბრუნების საფუძველი. აღნიშნულით გამოწვეულმა (თანხის გადაუხდელობა) უარყოფითმა ქონებრივმა შედეგმა კი, გავლენა არ უნდა მოახდინოს კრედიტორის უფლებებზე. ამ უკანასკნელის, რომელიც, ამავდროულად უნდა იქნეს განხილული როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრე, კანონით დაცული ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს დაუსაბუთებლად და არათანაზომიერად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და მოპასუხის განცხადება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი მოწესრიგების პროცესში მისი მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. საქმის წარმოება და მორიგებით საქმის წარმოების დასრულება მხარეთა უფლებაა. საქმის შედეგით მატერიალურ-სამართლებრივი დაინტერესება გულისხმობს, რომ საქმის გადაწყვეტის შედეგად ერთ-ერთმა მხარემ შესაძლოა შეიძინოს რაიმე მატერიალური სიკეთე, ხოლო მეორე მხარე – ამ სიკეთეს კარგავს. მორიგებისას მდგომარეობა განსხვავებულია, აქ ინტერესი და სამართლებრივი სიკეთით სარგებლობა ერთდროული და ორმხრივია.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორიგების სამართლებრივი მნიშვნელობა ორი დამოუკიდებელი ნიშნით განისაზღვრება. პირველი – მატერიალური და მეორე – პროცესუალური ნიშნით.
23. მორიგებით სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო სამართალწარმოებაში ესაა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული მხარეთა შესაძლებლობა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. „არავინ არ შეიძლება იყოს იძულებული, წარადგინოს სარჩელი მისი ნების წინააღმდეგ” (nemos invitus agree cogitur). დისპოზიციურობის პრინციპი მიიჩნევა საქმის წარმოების უტყუარ საწყისად არა იმიტომ, რომ მას ვერ დაარღვევდა კანონი, არამედ იმიტომ, რომ მისი უარყოფა ვერც ერთ შემთხვევაში პრაქტიკაში ვერ პოვებს განხორციელებას დაინტერესებულ პირთა ნების გარეშე.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მორიგებით საქმის დამთავრება სამართალწარმოების დასრულების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა, ვიდრე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა. ზოგჯერ კი მორიგება უკეთესი ალტერნატივაა, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით, თუ მორიგების შეთავაზება მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოსამართლის განტვირთვას, მისი სამუშაოს შემსუბუქებას, არამედ მხარეთა შორის წამოჭრილ დავის საგანზე წარმოშობილი კონფლიქტის სამართლიან მოგვარებას.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მატერიალური ნიშნით მორიგება გარიგებაა. გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების ყველაზე გავრცელებული სახე ხელშეკრულებაა, რომელიც ორ ან მეტ სუბიექტს შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, ცვლის ან წყვეტს.
26. მორიგების ხელშეკრულებად მიჩნევას ორი ძირითადი და არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მორიგება ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენის ფაქტია. თუმცა, მორიგება გარკვეულწილად განსხვავდება სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებისაგან. კერძოდ, გარიგებისაგან განსხვავებით მორიგება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ნების გამოვლენის შედეგი. მორიგებაში ცალმხრივი ნების გამოვლენა შეუძლებელია. ცალმხრივი ნება, სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობებში შესაძლოა გამოიხატოს სარჩელის ცნობით (აღიარებით) ან სარჩელზე უარის თქმით, რაც მორიგებას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც იძლევა შედეგს სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის სახით.
27. მორიგება წარმოადგენს მხარეების მიერ ახალ გარემოებებზე შეთანხმებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში წყდება სამართალწარმოება, უქმდება საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მტკიცდება მორიგება. ასეთი მორიგება უკვე მხარეთა შორის გამოხატული ახალი ნებაა, რაც ახალი გარიგების დადებას გულისხმობს.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცესუალური ნიშნით მორიგება სამართლებრივი პროცესია და იგი ორ კომპონენტს მოიაზრებს: მორიგება, როგორც დამოუკიდებელი პროცესი და მორიგება, როგორც საქმის წარმოების პროცესის შემადგენელი ნაწილი ანუ პროცესის პროცესი. მორიგება, როგორც დამოუკიდებელი პროცესი დამოუკიდებელი სამართლებრივი მოვლენაა დასაწყისით, სამართლებრივი ეტაპებით და დასასრულით. მორიგების დაწყების საფუძველი მხარეთა შორის არსებული დავაა. იგი მოიცავს მოდავე მხარეების სამომრიგებლო მცდელობებს, წინადადებებს, მოლაპარაკებებს, რაც მიმართულია საქმის წარმოების მორიგებით დასრულდებისკენ. რაც შეეხება მორიგებას, როგორც საქმის წარმოების პროცესის შემადგენელ ნაწილს, აქ უმნიშვნელოვანესია, რომ მორიგება აქცესორული ხასიათის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც საქმის წარმოების გარეშე არ არსებობს. მორიგების არსებობა და მისი სამართლებრივი განხორციელება სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესზეა დამოკიდებული და მის გარეშე არ არსებობს. მორიგების უფლება არ წარმოიშობა მთავარი საპროცესო უფლების – საქმის წარმოების გარეშე. თუ არ იქნება საქმის წარმოება ანუ სასამართლო წესით განსახილველი დავა, მორიგებაც ვერ განხორციელდება ანუ „თუ არ იქნება დავა, მოსარიგებელი არაფერია“, შესაბამისად, მორიგება საქმის წარმოების პროცესის შემადგენელი ნაწილია. მორიგების ძირითადი პრინციპებია: მორიგება მხოლოდ სასამართლოს პირობებში ხორციელდება, როგორც საქმის განხილვის, ისე აღსრულების ეტაპზე; მორიგების კანონიერების უზრუნველყოფა სასამართლოს ვალდებულებაა; მორიგების აქტი მტკიცდება სასამართლოს განჩინებით; მორიგებით დასრულებულ საქმეზე ხელახალი განხილვისათვის სასამართლოსთვის მამართვა დაუშვებელია; მორიგების პირობების შეუსრულებლობა ექვემდებარება იძულებით აღსრულებას.
29. მორიგების „მოქმედება სამართალში“ გამოიხატება იმაში, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოაქვს საქმის წარმოების მორიგებით დასრულებას. მორიგება იძლევა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს, რაც, ერთი მხრივ, დავის გადაწყვეტაში, ხოლო, მეორე მხრივ, საქმის წარმოების დამთავრებაში გამოიხატება. მას შემდეგ რაც მხარეები წარმოადგენენ მორიგების აქტს, ისინი მიმართავენ სასამართლოს თხოვნით დამტკიცდეს აღნიშნული მორიგების აქტი და შეწყდეს საქმის წარმოება. ასეთი სახის თხოვნა კანონით დადგენილი წესით განხორციელებული შუამდგომლობაა, რომელიც შესაძლოა დააკმაყოფილოს სასამართლომ, შესაძლოა –არა. თუმცა სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, რასაც განჩინებაში ჩამოყალიბებული გარემოებების საფუძველზე ადგენს.
30. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: 1.1. 7000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, აპელანტი (მოპასუხე) დაუბრუნებს საკუთრებაში მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) სადავო უძრავ ქონებას; 1.2. მოსარჩელე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მოპასუხეს მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული თანხა შემდეგი გრაფიკით: 2018 წლის 30 მარტამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 აპრილამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 მაისამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ივნისამდე – 400 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ივლისამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 აგვისტომდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 სექტემბრამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ოქტომბრამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 ნოემბრამდე – 900 აშშ დოლარი; 2018 წლის 30 დეკემბრამდე – 900 აშშ დოლარი. ანგარიშსწორება განხორციელდეს მოპასუხის საბანკო ანგარიშზე. 1.4. მოსარჩელე უფლებამოსილია, ვადაზე ადრე განახორციელოს შესრულება. 1.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული თანხის სრულ გადახდამდე დავის ობიექტი დარჩება მოპასუხის საკუთრებაში, გორის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების გარეშე. 1.6. მოსარჩელის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული თანხის, 7000 აშშ დოლარის 1.2. 1.4. ანდა 1.7. პუნქტებით გათვალისწინებული ფორმით სრულად გადახდა წარმოადგენს მოპასუხის მიერ უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაფორმების ვალდებულების საფუძველს, რომლის განუხორციელებლობა ანიჭებს უფლებას მოსარჩელეს, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და მის საფუძველზე განახორციელოს უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თავის სახელზე რეგისტრაცია. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ორიგინალის წარდგენა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის. 1.7. წინამდებარე მორიგების აქტის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია, მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, რომლის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებული საბანკო ანგარიშის ამონაწერის დამოწმებული ასლი, რომლიდანაც დადასტურდება ვალდებულების დარღვევა.
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
32. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
33. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.
34. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
35. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი მორიგების 1.7. პუნქტის შინაარსი უნდა განიმარტოს მხარეთა შეთანხმების მიზნებიდან და მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხს სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების გრაფიკის ზედიზედ ორჯერ დარღვევა წარმოშობს მოპასუხის უფლებას, სააპელაციო სასამართლოსაგან მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და კომპეტენტური ორგანისათვის მისი წარდგენის შედეგად დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცედურა კუთვნილი თანხის (7 000 აშშ დოლარი) დარჩენილი ნაწილის მისაღებად. მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი (დაგვიანებით) შესრულების შემთხვევაში მორიგების პირობებით რაიმე სხვა სანქცია გათვალისწინებული არ ყოფილა.
36. მეორე მხრივ, მოსარჩელის მიერ დავალიანების სრულად დაფარვა წარმოშობს მოსარჩელის უფლებას, დაიბრუნოს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
37. საკასაციო სასამართლო ყურდაღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგინდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ 2019 წლის 19 მარტისა და 25 მარტის პერიოდში მორიგების აქტით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებების სრული მოცულობით შესრულების ფაქტი.
38. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა გაუმართლებელია.
39. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
40. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
41. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
42. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
43. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
44. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ფარგლებში ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ნივთს.
45. სააპელაციო პალატის განჩინებით დამტკიცებული მხარეთა მორიგების პირობების თანახმად, არსებობს მოსარჩელისათვის სადავო ქონების დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს იმ განჩინების აღსრულებას, რომლითაც მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ სადავო ნივთზე უფლებრივი შეზღუდვის გაგრძელება და ამ გზით მესაკუთრისათვის საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლა გაუმართლებლად არასწორად ჩათვალა.
46. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოსარჩელის მიერ მორიგებით გათვალისწინებული თანხის გადახდის გარიგების დარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სადავო ქონებაზე ყადაღის გაუქმების საფუძველს.
47. სარჩელის უზრუნველყოფის სადავო ღონისძიების გაუქმება მიზანშეწონილი არ არის არც იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ დაყადაღებული უძრავი ნივთი გამოყენებულ უნდა იქნეს მოპასუხის ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილების გარანტად. ამგვარი დანაწესი მხარეებს მორიგების პირობებში არ გაუთვალისწინებინათ.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინებები კი გაუქმდეს და მოპასუხის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისისა და 13 თებერვლის განჩინებები.
3. ვ. ბ-ის განცხადება გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე