Facebook Twitter

21 ივნისი, 2019 წელი,

№ას-886-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ჯ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს “ს.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ჯ.მ–ძისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 19 995.59 ლარის დაკისრებას, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 467.25 ლარი, პროცენტი - 1195.40 ლარი, პირგასამტეხლო - 1292.94 ლარი, საკომისიო - 40.00 ლარი, სრულად დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება), მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. გასაჩივრებული განჩინება მოპასუხეს საქმეში არსებულ მისამართზე გაეგზავნა და 2019 წლის 10 მაისს მის მეუღლეს - ლ.ტ–ს პირადად ჩაჰბარდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 17-18).

5. 2019 წლის 23 მაისს თბილსიის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოპასუხის კერძო საჩივარი, რომელიც გამოგზავნილია ფოსტით ამავე თარიღში. აღნიშნული კერძო საჩივრით კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

7. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი 2019 წლის 10 მაისს კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე და მის მეუღლეს - ლ.ტ–ს პირადად ჩაჰბარდა, რაც დასტურდება ფოსტის უკუგზავნილით. ვინაიდან მოპასუხეები მეუღლეები არიან, სასამართლო გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 74.1 მუხლის საფუძველზე.

9. სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 11 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 22 მაისს საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტით არის შემოსული, რომელზეც გამოგზავნის თარიღად აღნიშნულია 2019 წლის 23 მაისს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება კერძო საჩივრით კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის გასაჩივრებული.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.მ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა