საქმე №ას-614-2019 21 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ს. ს. ს. ჩ.“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ს.-ს. ს. ს. ჩ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების – 134 606,95 ლარის, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს – 2 557,53 ლარის, მოპასუხის მიერ სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი თანხის – 11 600 ლარის ანაზღაურება, შემცირდეს მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 74697,58 ლარი და მოსარჩელეს დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს – 4530,69 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ჩატარებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
3. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღე. ხელშეკრულების დანართით, ასევე სატენდერო დოკუმენტაციით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 26 ივნისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია 11600 ლარის ოდენობით.
4. სხვა შპს-ს მხრიდან მშენებლობის გახანგრძლივების გამო, 2014 წლის 31 ივლისს მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა სამუშაოების შესრულების ვადები და შესრულების ვადად განისაზღვრა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილობითი დავალების მიცემიდან 50 დღე, მაგრამ არა უგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბერი.
5. 2014 წლის 29 ოქტომბერს სამუშაოების პროექტში შესატანი აუცილებელი ცვლილებების გამო, მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები და საბოლოოდ განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. ამასთან, შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება და განისაზღვრა 565 013,43 ლარით. 2015 წლის 5 მარტის შეთანხმებით სამუშაოს მოცულობა კვლავ დაკორექტირდა და ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 537 599,14 ლარით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოების ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე. მოსარჩელის მიერ სრული მოცულობით განხორციელდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ 134 606,95 ლარის ღირებულების ბოლო ორი შესრულება მიიჩნია წუნდებულად და ანგარიშსწორება არ მოუხდენია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხემ შესრულებული სამუშაოების წუნდებული ნაწილის გამო, სამუშაოების მთლიანი ღირებულების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, როცა წუნდებულად მხოლოდ მისი ნაწილი შეაფასა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხემ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოდან“ წარმოდგენილი ცნობები ნალექიანობის შესახებ, რაც, ფორსმაჟრული გარემოებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა შესრულებული ვადის შეჩერების საფუძველს, სულ – 41 კალენდარული დღე.
6. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების №1 აქტი 60 240,47 ლარის ღირებულებით, ამასთან, 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმდა №2 შუალედური აქტი მიღება-ჩაბარების 198 016,25 ლარის ღირებულებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის წერილის თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2014 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით 6780,16 ლარი, ხოლო 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით – 37 855,90 ლარი.
7. მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დაგვიანებით შესრულება გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ნალექის გამო სამუშაოს შესრულების შეუძლებლობით, რაც, თავის დროზე, მოპასუხეს შეტყობინებით ეცნობა. ამასთან, მოსარჩელემ წარადგინა გარანტიის მოთხოვნა 11 600 ლარის ოდენობით.
8. მოსარჩელის მითითებით, მათ მოპასუხეს მიმართეს 2015 წლის 18 თებერვალს სამუშაოების დასრულების თაობაზე და წარუდგინეს შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტები ოთხ ნაწილად. მოპასუხემ ააიპ „თ. მ. ლ.“ დასკვნის საფუძველზე 2015 წლის 11 მარტს შესრულებული სამუშაოების მხოლოდ ორ ნაწილზე გააფორმა 144 735,50 ლარის ღირებულების მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო დანარჩენი ორი ნაწილი 134 606,95 ლარის ფარგლებში კი მიიჩნია წუნდებულად 4178,14 კვ.მ-ის ასფალტო-ბეტონის საფარის ზედა ფენაში ასფალტო-ბეტონის შემადგენლობის ხარისხობრივი კოეფიციენტის არადამაკმაყოფილებლობის გამო, და უარი განაცხადა აღნიშნული თანხის ანგარიშსწორებაზე. ამასთან, მოპასუხემ პირველ ორ ნაწილზე პირგასამტეხლო დააკისრა 2015 წლის 1 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით – 8901,59 ლარი. 2015 წლის 20 მარტს მოპასუხემ ააიპ „თ. მ. ლ.“ დასკვნის საფუძველზე 2015 წლის 16 თებერვალს შესრულებული სამუშაოების წუნდებული ბოლო ორი ნაწილის გამოსწორების მიზნით, მოსარჩელეს განუსაზღვრა ერთკვირიანი ვადა, ხოლო 2015 წლის 24 აპრილის წერილით კი, მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო 2015 წლის 17 თებერვლიდან 21 აპრილის ჩათვლით 21 459,93 ლარის ოდენობით და უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. მხარის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ მიერ 2014-2015 წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ნაწილი მოპასუხის მიერ წუნდებულად იქნა მიჩნეული, არ დაზიანებულა და სრული მოცულობით ექსპლუატაციაშია.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოსა და ჯარიმის – 21 459,93 ლარის დაკისრება.
10. შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო 2014 წლის 1 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ობიექტსაც წარმოადგენდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულდა, კერძოდ, გზის საფარის ზედა ფენის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, რაც მოსარჩელემ, შესაბამისი გაფრთხილების მიუხედავად, არ გამოასწორა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მხარეს შეთანხმებულ ვადაში არ ჩაბარდა, შესაბამისად, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, კერძოდ, 2015 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით – 1160 ლარი, 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 21 აპრილის ჩათვლით – 19139,93 ლარი. ასევე, არაჯეროვანი შესრულების გამო დაჯარიმდა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ით – 580 ლარით, სულ აღნიშნულმა ჯარიმებმა შეადგინეს 21 459,93 ლარი. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2015 წლის 21 აპრილიდან მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 134 606,95 ლარის გადახდა, შემცირდა მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და მოსარჩელეს დაეკისრა 4530,69 ლარის, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს – 2 557,53 ლარისა და მოპასუხის მიერ სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი 11 600 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი 11 600 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
13. 2014 წლის 1 ივლისს მოპასუხეს („შემსყიდველი“) და მოსარჩელეს („მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც განისაზღვრა 579 998 ლარით.
14. ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს მისი მოქმედების ვადა 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით (3.6. პუნქტი), ანგარიშსწორება 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (5.2. პუნქტი), შესრულებული სამუშაოს მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი (7.1-7.3 პუნტები), შემსყიდველის ვალდებულება ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით (7.5 პუნქტი). მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (12.2. პუნქტი), მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით (12.3. პუნქტი).
15. შემსყიდველის მიერ 5.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ანუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანგარიშსწორების) შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა ჩასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (12.8. პუნქტი).
16. მხარეთა ვალდებულებაა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანით, მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით (17.1. პუნქტი).
17. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ორჯერ დარღვევის ან შესრულების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოთხოვნის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის (11 600) ოდენობით (12.4. პუნქტი).
18. მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილობითი დავალების მიცემიდან 50 დღით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბრისა. ცვლილება შევიდა 3.6 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბერის ჩათვლით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
19. შეთანხმებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებად კი – 565 013,43 ლარი (579 998 ლარი შემცირდა 14 984,57 ლარით).
20. საბოლოოდ სამუშაოების მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების გამო, ორივე მხარის შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 537 599,14 ლარით (565 013,43 ლარი შემცირდა 27 414,29 ლარით).
21. ამდენად, მხარეთა ორმხრივი ნების საბოლოოდ შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხელშეკრულების ღირებულებად კი – 537 599,14 ლარი.
22. უდავოა, რომ 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით მიმწოდებელს სამუშაოები არ დაუსრულებია. მხარეთა შორის გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ, 2014 წლის 27 ნოემბრის მიღება-ჩაბარების №1 აქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 60240,47 ლარს, მათ შორის დღგ – 9189,22 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2014 წლის 25 ნოემბრის №2 ფორმის მიხედვით.
23. 2015 წლის 6 თებერვლის მიღება-ჩაბარების №2 აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 198 016,25 ლარს, მათ შორის, დღგ – 30 205,87 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 31 იანვრის №2 ფორმის მიხედვით, 2015 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების №3 აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 108 381,80 ლარს, მათ შორის, დღგ 16 532,82 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 10 მარტის №2 ფორმის მიხედვით (სამუშაოს დასრულების თარიღია 16 თებერვალი, 2015 წელი).
24. 2015 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების №4 აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 36 353,70 ლარს, მათ შორის დღგ – 5545,48 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 10 მარტის №2 ფორმის მიხედვით (სამუშაოს დასრულების თარიღია 16 თებერვალი, 2015 წელი.
25. მხარები არ დავობენ, რომ ზემოაღნიშნულ ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 402 992 ლარი შემსყიდველის მიერ ანაზღაურებულია სრულად. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოოდ შეთანხმებული ღირებულებიდან – 537 599,14 ლარიდან ანაზღაურებული არ არის 134 606,95 ლარი, ანუ სწორედ ის თანხა, რასაც მიმწოდებელი წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს.
26. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება 134 606.95 ლარის ოდენობით, რომელზეც, მართალია, მიღება-ჩაბარების აქტზე შემსყიდველს ხელი არ მოუწერია, თუმცა სამუშაოები ფაქტობრივად მიღებულია, ვინაიდან მოწყობილ საფარზე მოქალაქეები გადაადგილდებიან. საქმეში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების მიღების №5 აქტი, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულია სულ 134 606.95 ლარით და ხელმოწერილია მოსარჩელის დირექტორის მიერ.
27. საქმის მასალებით დგინდება, რომ შემსყიდველის მიერ 134 606.95 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ წუნდებულად მიიჩნია ა/ბ საფარის ზედა ფენა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის წინაპირობა არ არსებობს.
28. 2015 წლის 18 თებერვლის წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს შეატყობინა, რომ დასრულდა პროექტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და ითხოვა საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურების წარმოება.
29. ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ 2015 წლის 6 მარტის წერილით შემსყიდველს და მიმწოდებელს ეცნობათ, რომ 2015 წლის 24 თებერვალს, ა/ბ საფარის ზედა ფენის ხარისხის დადგენის მიზნით, ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი. არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაფიქსირდა, ასევე, გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 4 მარტის ჩატარებული კვლევითაც.
30. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ააიპ „თ. მ. ლ.“ დასკვნებზე დაყრდნობით თავად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პოზიცია იყო არა 134 606.95 ლარის ანაზღაურებაზე სრულად უარი, არამედ აქედან ღირებულების ნაწილის ანაზღაურება, თუმცა მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა (ქალაქ თბილისის მერიამ) საერთოდ უარი თქვა 134 606.95 ლარის გადახდაზე, რასაც მოჰყვა წარმოდგენილი სარჩელი.
31. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ისეთ პირობებში, როცა 2014 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების პერიოდული ინსპექტირება და კონტროლი ცალსახად შემსყიდველის ვალდებულება იყო (6.1. პუნქტი), მისი მტკიცების ტვირთია იმის უტყუარად დადასტურება, რომ შესრულება იყო ნაკლიანი (კონკრეტული ხარვეზების დასაბუთებით), ნაკლი იყო მნიშვნელოვანი და არ არსებობდა 134 606.95 ლარის შესრულებული სამუშაოს მიღების საფუძველი.
32. ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 20 მარტის წერილით მიმწოდებელს განესაზღვრა ერთკვირიანი ვადა წუნდებული სამუშაოების გამოსასწორებლად. ამასთან, მიმწოდებლის განმარტებით, მართალია, შემსყიდველი უთითებდა საფარის ზედა ფენის ხარვეზზე, მაგრამ ნაკლზე მითითება იმდენად ზოგადი, იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ რა უნდა გამოსწორებულიყო ისიც ბუნდოვანი იყო (ამის საშუალებას არ იძლეოდა მიმწოდებლისათვის მიწოდებული დოკუმენტაცია, მიღებული შესრულების მიზნობრივი ექსპლუატაცია არ ფერხდებოდა.
33. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მიმწოდებლის მსჯელობა, რომ თუ შემსყიდველის პრეტენზია შეეხებოდა მნიშვნელოვან ნაკლს, რაც შესრულების მიზნობრივ გამოყენებას შეაფერხებდა, ვერ მოხდებოდა შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივად მიღება და მიზნობრივი გამოყენება (მასზე გადაადგილება).
34. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ე.წ. ნაკლის გამოსწორების მიზნით, დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროების გამოვლენის და ასეთი სამუშაოების ვინმეს მიერ ჩატარების ფაქტს დაადასტურებდა. შესაბამისად, ივარაუდება, რომ შესრულებული სამუშაოების რეზულტატის ნაკლი იყო იმდენად უმნიშვნელო, რომ დამკვეთმა/შემსყიდველმა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია მის გამოსასწორებლად დამატებით რაიმე სამუშაოების წარმოება.
35. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ 2014 წლიდან დღემდე ქუჩაზე შემსყიდველის მიერ დამატებით განხორციელებული რაიმე სახის სამონტაჟო თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება არ დგინდება. ასევე არ დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ ე.წ. „უხარისხოდ“ იქნა შესრულებული სამუშაოები, შემსყიდველი იძულებული გახდა, დამატებით გამოეცხადებინა ტენდერი დარჩენილი სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერს შემსყიდველის წარმომადგენელი, მას ფაქტობრივად მიღებული აქვს შესრულებული სამუშაოები და ეკისრება მიმწოდებლისათვის მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
36. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივ მიღებას, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სსკ-ის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017).
37. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 629-ე, 649-ე მუხლებით, ხოლო 639-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მითითებული ნორმა მენარდეს აკისრებს ნივთობრივად უნაკლო სამუშაოს რეზულტატის გადაცემის ვალდებულებას. ასეთად კი, ამავე კოდექსის 641-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა შეთანხმებული პირობების რეზულტატის გადაცემა, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ შესრულების რეზულტატი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
38. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შესრულება ფაქტობრივად მიღებულია და შემსყიდველს არა აქვს ე.წ. ნაკლის გამოსწორების მიზნით დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროების გამოვლენის და ასეთი სამუშაოების ვინმეს მიერ ჩატარების ფაქტი უტყუარად დადასტურებული, საფუძვლიანი სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის – 134 606,95 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
39. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა 74 697.58 ლარის პირგასამტეხლოს 4 530.69 ლარამდე შემცირების შესახებ და არ დაკმაყოფილდა შემსყიდველის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა 21 459.93 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
40. მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა გამოიწვია ნალექიანი დღეების სიმრავლემ, რაც მიმწოდებლის ბრალით არ იყო გამოწვეული და პირგასამტეხლოს ოდენობა ძალიან მაღალია, ამასთან, ბოლო შესრულება ფაქტობრივად მიღებულია.
41. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელის მიერ ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით არ შესრულდა (იხ.: გადაწყვეტილების 11,12 პუნქტები). რაც შეეხება ამ ვადის დარღვევის მიზეზებს, ნალექიან დღეებს, საქმეში წარმოდგენილია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 4 ნოემბრის გაცემული ცნობა, რომ 2014 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობა შეადგენდა 24 დღეს. ამავე სააგენტოს 2014 წლის 17 დეკემბრის ცნობის თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობა იყო 17 დღე.
42. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ 2014 წლის 29 ოქტომბრის ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, უშუალოდ ამ შუალედში ნალექიანი დღეების რაოდენობა არც ისე ბევრია, მაგრამ ეს დამაბრკოლებელი გარემოება გაგრძელდა ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდში.
43. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა არა პირგასამტეხლოსაგან საერთოდ გათავისუფლება, არამედ მხოლოდ მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება, რაც შეეხება 17 თებერვლიდან დარიცხულ პირგასამტეხლოს, მიმწოდებელი არ აღიარებს ამ ვალდებულებას.
44. სულ შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაარიცხა 74 697.58 ლარის პირგასამტეხლო: 2014 წლის 3 დეკემბრის წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ მის მიერ დაირღვა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2014 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, კერძოდ, 6780,16 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.50). აღნიშნული პირგასამტეხლო სრულად იქნა გადახდილი 2014 წლის 4 დეკემბერს (ტ.1, ს.ფ.51).
45. 2015 წლის 18 თებერვლის წერილით მიმწოდებელს ეცნობა ვადის დარღვევის გამო 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდზე იმავე მეთოდით დარიცხული პირგასამტეხლოს – 37 855,90 ლარის მოთხოვნა (ტ.1, ს.ფ.66).
46. აღნიშნული პირგასამტეხლო სრულად იქნა გადახდილი 2015 წლის 19 თებერვალს (ტ.1, ს.ფ.67).
47. 2015 წლის 13 მარტის წერილით მიმწოდებელს ეცნობა ვადის დარღვევის გამო 2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე იმავე მეთოდით დარიცხული პირგასამტეხლოს – 8 601,59 ლარის მოთხოვნა. აღნიშნული პირგასამტეხლო სრულად იქნა გადახდილი 2015 წლის 16 მარტს (ტ.1, ს.ფ.86).
48. 2015 წლის 13 აპრილის წერილით შემსყიდველმა აცნობა მიმწოდებელს, რომ სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო ერიცხებოდა პირგასამტეხლო 2015 წლის 17 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით 1160 ლარი, ხოლო 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 21 აპრილის ჩათვლით – 19 139,93 ლარის ოდენობით (სულ – 21 459.93 ლარი) (ტ.1, ს.ფ. 102,103).
49. იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ორ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო მოთხოვნილ იქნა 1160 ლარის ოდენობით, ნათლად ჩანს, რომ პირგასამტეხლო გამოანგარიშებულია არა სამუშაოს მიუღებელი ნაწილის ღირებულებიდან, არამედ მთელი ხელშეკრულების ღირებულებიდან, უფრო კონკრეტულად კი, არა მისი საბოლოოდ დაკორეტირებული 537 599,14 ლარიდან, არამედ იმ ღირებულებიდან, რაც თავდაპირველად ხელშეკრულებაში აღინიშნა.
50. ამდენად, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 74 697.58 ლარს, საიდანაც მოსარჩელის მიერ გადახდილია 2014 წლის 14 ნოემბრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლო, სულ – 53 237.67 ლარი. ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 21 აპრილის ჩათვლით დარიცხულ პირგასამტეხლოს – 21 459.93 ლარს, აღნიშნული მოსარჩელის მიერ გადახდილი არ არის.
51. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა (21 459.93 ლარის გადახდა), რამეთუ მიმწოდებელმა შემსყიდველს 2015 წლის 18 თებერვლის წერილობით აცნობა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შესახებ. ანუ ამ თარიღამდე სამუშაოები დასრულებული იყო, კერძოდ, დასრულდა 2015 წლის 16 თებერვალს. როგორც შემსყიდველის 2015 წლის 24 აპრილის წერილით დასტურდება, ამ დროისთვის სამუშაოების დასრულების ფაქტი შედავებული არ არის, შედავებულია ამ სამუშაოს ხარისხი (ტ.1, ს.ფ.102). ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დადგინდა მიმწოდებლის მხრიდან ნაკლის მქონე შესრულება და დადგინდა შემსყიდველის მიერ შესრულების ფაქტობრივად მიღება, არ არსებობს 2015 წლის 17 თებერვლიდან დარიცხული პირგასამტეხლოს მიმწოდებელზე დაკისრების საფუძველი.
52. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობა.
53. რაც შეეხება პირვანდელი სარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელი. სსკ-ის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას დაკრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევიპირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სსკ-ის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.: სუსგ Nას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
54. ამდენად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. აქვე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სასამართლოს მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ Nას-144-140-2016, 19.04.2016წ.).
55. რაც შეეხება გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს ნაწილი უკვე გადახდილია, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ეს არ წარმოადგენს მის გონივრულობაზე მსჯელობის დამაბრკოლებელ გარემოებას.
56. როგორც საქმეზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, შემსყიდველის წერილებით და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებებით დასტურდება, შემსყიდველის მიერ მიღებული სამუშაოს ღირებულების მიმწოდებლისათვის ჩარიცხვა მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა, რაც მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს შესაბამის ნაწილს (ტ.1, ს.ფ. 383,384). ეს გარემოება სააპელაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული და გაქარწყლებული არ არის (ტ.1, ს.ფ.391-404). შესაბამისად, ასეთი გადახდა არ შეიძლება სამართლებრივად შეფასდეს ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში ნებაყოფლობით ვალდებულების შესრულებად და ამ გზით მისი ოდენობის შედავების კანონისმიერი უფლების შეზღუდვის საფუძვლად.
57. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავინთი უფლებები და მოვალეობანი.
58. ამასთან, რადგან დადგინდა 2015 წლის 17 თებერვლამდე მიმწოდებლის მიერ სამუშაოს სრულად შესრულება და არ დადგინდა შემსყიდველის მიერ 134 606.95 ლარის ანაზღაურებაზე უარის კანონიერება, გათვალისწინებით იმისა, რომ ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა პირვანდელი სარჩელის მოთხოვნა 2 557,53 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების 12.8. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ 5.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ანუ შესრულების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანგარიშსწორების) შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
59. სააპელაციო პალატამ მოთხოვნილი ოდენობა და მისი გამოთვლის წესი (უშუალოდ ჩასარიცხი თანხის პროცენტი) მიიჩნია გონივრულად და ჩათვალა, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.
60. მიმწოდებელი პირვანდელი სარჩელით, ასევე, ითხოვს საბანკო გარანტიის საფუძველზე გამოთხოვილი 11 600 ლარის მისთვის დაბრუნებას. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მიმწოდებლის (პრინციპალის) ვალდებულება შემსყიდველის (ბენეფიციარის) წინაშე უზრუნველყოფილი იყო 11 600 ლარზე გაცემული საბანკო გარანტიით, რომლის მოქმედების ვადაც გაგრძელდა 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.30,32). სსკ-ის 879-ე მუხლი ადგენს საბანკო გარანტიის დეფინიციას: საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
61. სადავო არ არის, რომ 2014 წლის 12 დეკემბრის ანუ გარანტიის მოქმედების ვადის დაცვით, შემსყიდველმა წერილით მიმართა გარანტს და აცნობა პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის თაობაზე და ხელშეკრულების 12.4. პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საბანკო გარანტიის ფარგლებში გარანტიით გათვალისწინებული თანხის 11600 ლარის ანგარიშზე ჩარიცხვა (ტ.1, ს.ფ.55, 56).
62. ამდენად, პრინციპალი (მიმწოდებელი) ითხოვს ბენეფიციარისაგან (შემსყიდველისაგან) ამ უკანასკნელის მიერ გარანტისაგან მიღებული და შემდეგ პრინციპალისაგან ანაზღაურებული თანხის გადახდას, როგორც უსაფუძვლოდ მიღებულ თანხას.
63. სააპელაციო პალატამ გაამახვილა ყურადღება, რომ პრინციპალი სადავოდ არ ხდის არც იმ ვალდებულებას, რომლის დარღვევასაც გარანტია უზრუნველყოფდა, არც პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტს და არც ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის გარანტიის მოქმედების ვადაში წარდგენას.
64. მიმწოდებლის სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვალდებულების დარღვევა არ არის გამოწვეული მისი ბრალით (გამოიწვია ნალექიანმა დღეებმა). გამომდინარე იქიდან, რომ დადგინდა ვალდებულებების მიმწოდებლის მიერ დარღვევა, არ არსებობს მისი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი, რაც, თავის მხრივ, დასტურდება მისივე სარჩელით, რომლითაც იგი ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან არა საერთოდ გათავისუფლებას, არამედ მის გონივრულ ოდენობამდე შემცირებას ითხოვს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მიერ გარანტისაგან მიღებული თანხა შეესაბამებოდა საგარანტიო პირობებს და არ არსებობს ამ ნაწილში პირვანდელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
65. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილა, ხოლო ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
66. კასატორმა მიუთითა, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელეა (მიმწოდებელი) ვალდებული, დაამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ ყოფილა წუნდებული, სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა შესაბამისი მტკიცებულებით. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელს ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილების საწინააღმდეგოდ არ წარუდგენია სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხთან შესაბამისობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
67. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება მოსარჩელისთვის პირგასატეხლოს დაკისრების ფორმალური საფუძვლის (წერილობითი შეთანხმების) არარსებობის გამო, ვინაიდან მხარისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ხელშეკრულების შეწყვეტამდე – 2015 წლის 24 აპრილამდე და არა კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ვადის გასვლამდე – 2014 წლის 13 ნოემბრამდე.
68. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკით ნებაყოფლობით გადახდილი პირგასამტეხლო შემცირებას არ ექვემდებარება. აღნიშნულზე გერმანულ სამართლაშიც ცალსახა დამოკიდებულებაა.
69. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო, – მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, თუ შეუსრულებელი ამ დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პრაქტიტა საკმაოდ ხშირად იყენებს სსკ-ის 420-ე მუხლს, პირგასამტეხლოს შემცირებისას შეფასების ზუსტი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების არგუმენტი არის ის, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია. სასამართლოს აღნიშული მსჯელობა დაუსაბუთებელია და ეწინაამდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას.
70. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორისათვის პირგასამტეხლოს – 2557,53 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორება ვერ მოხდებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
71. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
72. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
73. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
74. 2014 წლის 1 ივლისს მოპასუხეს („შემსყიდველი“) და მოსარჩელეს („მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც განისაზღვრა 579 998 ლარით.
75. ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს მისი მოქმედების ვადა 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით (3.6. პუნქტი), ანგარიშსწორება 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში (5.2. პუნქტი), შესრულებული სამუშაოს მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი (7.1-7.3 პუნტები), შემსყიდველის ვალდებულება ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით (7.5 პუნქტი). მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით (12.2. პუნქტი), მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით (12.3. პუნქტი).
76. შემსყიდველის მიერ 5.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების (ანუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ანგარიშსწორების) შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა ჩასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (12.8. პუნქტი).
77. მხარეთა ვალდებულებაა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანით, მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით (17.1. პუნქტი).
78. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ორჯერ დარღვევის ან შესრულების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მოთხოვნის საბანკო გარანტიით უზრუნველყოფა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის (11 600) ოდენობით (12.4. პუნქტი).
79. მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წერილობითი დავალების მიცემიდან 50 დღით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 30 ნოემბრისა. ცვლილება შევიდა 3.6 პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბერის ჩათვლით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება 2014 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
80. შეთანხმებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებად კი – 565 013,43 ლარი (579 998 ლარი შემცირდა 14 984,57 ლარით).
81. საბოლოოდ სამუშაოების მოცულობების ნაწილობრივი კორექტირების გამო, ორივე მხარის შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 537 599,14 ლარით (565 013,43 ლარი შემცირდა 27 414,29 ლარით).
82. ამდენად, მხარეთა ორმხრივი ნების საბოლოოდ შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, ხელშეკრულების ღირებულებად კი – 537 599,14 ლარი.
83. უდავოა, რომ 2014 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით მიმწოდებელს სამუშაოები არ დაუსრულებია. მხარეთა შორის გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, კერძოდ, 2014 წლის 27 ნოემბრის მიღება-ჩაბარების №1 აქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 60240,47 ლარს, მათ შორის დღგ – 9189,22 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2014 წლის 25 ნოემბრის №2 ფორმის მიხედვით.
84. 2015 წლის 6 თებერვლის მიღება-ჩაბარების №2 აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 198 016,25 ლარს, მათ შორის, დღგ – 30 205,87 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 31 იანვრის №2 ფორმის მიხედვით, 2015 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების №3 აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 108 381,80 ლარს, მათ შორის, დღგ 16 532,82 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 10 მარტის №2 ფორმის მიხედვით (სამუშაოს დასრულების თარიღია 16 თებერვალი, 2015 წელი).
85. 2015 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების №4 აქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 36 353,70 ლარს, მათ შორის დღგ – 5545,48 ლარი. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები დადასტურებულია 2015 წლის 10 მარტის №2 ფორმის მიხედვით (სამუშაოს დასრულების თარიღია 16 თებერვალი, 2015 წელი.
86. მხარები არ დავობენ, რომ ზემოაღნიშნულ ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით გათვალისწინებული 402 992 ლარი შემსყიდველის მიერ ანაზღაურებულია სრულად. შესაბამისად, ხელშეკრულების საბოლოოდ შეთანხმებული ღირებულებიდან – 537 599,14 ლარიდან ანაზღაურებული არ არის 134 606,95 ლარი, ანუ სწორედ ის თანხა, რასაც მიმწოდებელი წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს.
87. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
88. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
89. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
90. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
91. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
92. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
93. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
94. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
95. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
96. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
97. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
98. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
99. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
100.ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
101.პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
102.წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
103.აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
104.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
105.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
106.კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
107.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.
108. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება ვერც იმ ნაწილში, რომ პირგასამტეხლოს ნაწილი უკვე გადახდილია და მისი შემცირება დაუშვებელია.
109. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების – მიღება-ჩაბარების აქტების, შემსყიდველის წერილებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებების საფუძველზე დაადგინა, რომ შემსყიდველის მიერ მიღებული სამუშაოს ღირებულების მიმწოდებლისათვის ჩარიცხვა მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა, რაც მიმწოდებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს შესაბამის ნაწილს, ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ამგვარის სახის ვალდებულების შესრულება მხარის მიერ ნებაყოფლობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად განხორციელებულ ქმედებად ვერ შეფასდება. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შეუშლის ხელს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობას.
110. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს მხარის არგუმენტი მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებისა და ანაზღაურების საკითხზე.
111. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017).
112. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის, რომ მოპასუხე დააკისრა იმ გარემოების მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს უხარისხობის გამო საჭირო გახდა დამატებითი ღონისძიებების ჩატარება.
113. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
114. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
115. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
116. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
117. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე