საქმე №ას-754-2019 21 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ღ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. ღ-მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ. ბ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 1 426 903, 56 ლარის ანაზღაურების შესახებ, საიდანაც 89639 ლარი არის საწესდებო ფონდის ანგარიშზე შეტანილი თანხა, ხოლო 1 337 264,56 ლარი – დარიცხული დივიდენდის ნაშთი.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი ხანდაზმული და დაუსაბუთებელია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 13 მარტს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 216-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 13 მარტს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2019 წლის 20 თებერვალს პირადად ეცნობათ, რაც მათივე ხელმოწერილი ხელწერილით დასტურდება. აპელანტის მიერ წარმომადგენლის სახელზე გაცემული სათანადო ფორმით დამოწმებული რწმუნებულება ერთვის საქმეს (იხ. ს.ფ 116), რომელიც სასამართლო უწყების ჩაბარების უფლებამოსილების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებას მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრებს.
7. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2019 წლის 13 მარტს, 11:58 საათზე, ანუ სასამართლო პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე და განმარტა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადებას, ამასთან, სასამართლოს მიმართა თხოვნით, მის მიერ მითითებულ დღეებში არ ჩანიშნოს პროცესი. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი არ უთითებს, ჯანმრთელობის რა სახის გაუარესებასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა ეს ჯანმრთელობის იმდაგვარი გაუარესება, რომ სასამართლომ მიიჩნიოს საპატიოდ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადებას ასევე არ ერთვის მტკიცებულება, რაც მხარის ავადმყოფობას დაადასტურებდა, ამასთან აპელანტის წარმომადგენელი განცხადებაში დოკუმენტის არდართვის მიზეზს არ განმარტავს.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სსსკ-ით დადგენილი წესით. სასამართლოსთვის 2019 წლის 13 მარტს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის განცხადებაში მითითებულ მიზეზს ვერ მიიჩნევს საპატიოდ. მხარის პროცესზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ „პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომის დღეს იმგვარად იქნა გაუარესებული, რომ მან ვერ მოახერხა პროცესზე მისვლა. მითითება აღნიშნულ გარემოებაზე დაუსაბუთებელია და სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით არ არის გამყარებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნული საპატიო მიზეზის არსებობას დაადასტურებდა.“ მეტიც, უზენაესი სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას „რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი და მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე“. მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენელმა არათუ სამედიცინო ცნობა არ წარმოადგინა, არამედ წარმოდგენილ განცხადებაშიც არ მიუთითა ჯანმრთლობის რა სახის გაუარესებამ შეუშლა მას ხელი პროცესზე გამოცხადებაში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი არ არსებობს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ვერ შეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება, რადგან დათქმულ დრომდე ორი საათით ადრე გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნულის შესახებ მან აცნობა სასამართლო განცხადებით პროცესის დაწყებამდე. რაც შეეხება თავად აპელანტს, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და დამოუკიდებლად საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ შეძლებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
14. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
17. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
18. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).
19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2019 წლის 13 მარტის სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
20. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტი მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით.
22. წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.
23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
25. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
26. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე.
27. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს 2019 წლის 13 მარტს, 11:58 საათზე, ანუ სასამართლო პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე და განმარტა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს სასამართლოს პროცესზე გამოცხადებას, ამასთან, სასამართლოს მიმართა თხოვნით, მის მიერ მითითებულ დღეებში არ ჩანიშნოს პროცესი.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერც აპელანტმა და ვერც მისმა წარმომადგენელმა ვერ წარუდგინა სასამართლოს, მათ შორის, ვერც კერძო საჩივართან ერთად, იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მითითებულ პირებს ობიექტურად არ შეეძლოთ საქმის განხილვაზე გამოცხადება. აპელანტის წარმომადგენლის მიერ განცხადებაზე დართული დოკუმენტი სსსკ-ის 215-ე მუხლის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
29. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რომ აპელანტი მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა საპატიო მიზეზმა, რის გამოც სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე