Facebook Twitter

საქმე №ას-876-2019 10 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ნ. თ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – მამობის აღიარება, ალიმენტის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. თ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე, განმცხადებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ს-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ არასრულწლოვანი შვილის მამად აღიარებისა და ალიმენტის – ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდის შესახებ სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2018 წლის 12 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი მამად აღიარებისა და ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის ნაწილში ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე აღიარებულ იქნა მოსარჩელის არასრულწლოვანი ბავშვის მამად, მასვე დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 12 ივნისიდან) მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განემარტა, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველს ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის ნაწილში.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძველები:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება. ამავდროულად, მოსარჩელემ იშუამდგომლა სსსკ-ის 271-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საზოგადოებებში მის წილებზე ყადაღის დადება.

6. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ მოპასუხე არ ასრულებს მშობლის ვალდებულებებს და არ ნახულობს საკუთარ შვილს. შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობა, რომ მან გაასხვისოს ან გადააფორმოს კუთვნილი ქონება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თავიდან ასარიდებლად.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს მოპასუხის სახელზე რიცხულ 2326 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

10. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

11. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

12. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

13. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის ან გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ფარგლებში საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს უზრუნველსაყოფი თანხის მოცულობით.

16. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხული რამდენიმე უძრავი ნივთისა და სამეწარმეო საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილების დაყადაღება.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ წინამდებარე საქმეში როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, მოპასუხე შეეცადოს მისი აღსრულების თავიდან აცილებას, შესაბამისად, მიზანშეწონილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენება, თუმცა აღნიშნულისათვის განმცხადებლის მიერ მითითებული მთლიან ქონებაზე ყადაღის დადების საჭიროება არ არსებობს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღა დაედოს მოპასუხის სახელზე აღრიცხულ კასპის რაიონის საკრებულოს ... ... მდებარე 2362 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით №67.04.43.183.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 199-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. თ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს კასპის რაიონის საკრებულოს ... .... მდებარე 2362 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით №67.04.43.183.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე