Facebook Twitter

საქმე №ას-539-2019 21 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე. კ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ე. კ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ნ-ასა (შემდგომ – მსესხებელი, მოპასუხე) და ზ. მ-ის (შემდგომ – თავდები, კასატორი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეთათვის სოლიდარულად ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის – 5529 აშშ დოლარის, სარგებლის – 3040.95 აშშ დოლარის, ხელშეკრულების ვადის გასვლიდან დღემდე დარიცხული სარგებლის მიუღებელი შემოსავლის სახით – 2165.52 აშშ დოლარის, ჯარიმის – 30 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 2991.84 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული თანხის გადახდევინება უნდა მოხდეს მის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის გზით, ხოლო რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის დარჩენილ ნაწილზე მსესხებელმა პასუხი უნდა აგოს მთელი თავისი ქონებით, სოლიდარულმა თავდებმა კი – ზღვრული თანხის ფარგლებში. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 1 თებერვალს მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხად გადაეცა 5900 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მსესხებელს დავალიანება უნდა დაეფარა 12 თვის ვადაში ყოველთვიურად.

3. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი. აღნიშნულის გარდა, სესხი უზრუნველყოფილ იქნა კასატორის მოპასუხის სოლიდარული თავდებობით.

4. მსესხებელმა გადაიხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული ერთი თვის გადასახადი. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეებს სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება: სესხის დარჩენილი ძირი თანხა – 5529 აშშ დოლარი; სარგებელი – 2016 წლის 1 აპრილის და ყოველი მომდევნო თვის 1 რიცხვისათვის სესხის 5%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 276.45 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გასულია სრული 11 თვე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 3040,95 აშშ დოლარს. მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული სარგებლის გადახდა მიუღებელი შემოსავლის სახით. ხელშეკრულების ვადის გასვლიდან გასულია 7 თვე და 22 კალენდარული დღე, ამდენად, სარგებელი მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 2165.52 აშშ დოლარს (276.45X7 + 25 კალენდარული დღის სარგებელი 230.37 აშშ დოლარი), ჯარიმა – 30 აშშ დოლარი გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილებისთვის; პირგასამტეხლო – სესხის დარჩენილი ნაწილის 0.1%-ის ოდენობით (რაც შეადგენს 5.52 აშშ დოლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). ვინაიდან 2016 წლის 2 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 5 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 2991.84 აშშ დოლარს (52X5.52).

5. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 2016 წლის 2 სექტემბერს ხელშეკრულებით დადგენილი წესით მესაკუთრეს გაეგზავნა ელექტრონული შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადმოცემის მოთხოვნით, ასევე, 2017 წლის 25 მაისს ხელშეკრულებით დადგენილი წესით მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხეებს დავალიანება არ დაუფარავთ.

მოპასუხის პოზიცია:

6. კასატორმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. მან ასევე, სადავოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე.

7. მსესხებელ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის – 5529 აშშ დოლარი, სესხის პროცენტის – 3040.95 აშშ დოლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით 866,06 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 500 აშშ დოლარისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის – 30 აშშ დოლარის ანაზღაურება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დადგინდა დაგირავებული ავტომობილის იძულებითი წესით რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით, რაც თავდებმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით თავდები მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სესხის პროცენტის განსაზღვრის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი სესხის პროცენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის პროცენტის – 1824,57 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2016 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 5900 აშშ დოლარი. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა 12 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ასევე, მასზე დარიცხული სარგებელი.

11. სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით.

12. 2016 წლის 1 თებერვალს თავდებ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებმა იკისრა მსესხებელსა და კრედიტორს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხა განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 463-ე, 464-ე, 465-ე, 895-ე მუხლებისა და 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,

14. სააპელაციო პალატამ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტები სესხისთვის გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია თვიური 5%-ის (წლიური 60%) ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

15. სსკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

18. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სახელმძღვანელოა დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპი. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და, ასევე, თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი – ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგან მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ.

19. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე გაკეთებული განმარტება, რომელიც ეყრდნობა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და სარგებლის მიმღები (ამ შემთხვევაში მოსარჩელე) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი, მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას (იხ. საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მართებდა სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, დაედასტურებინა სესხის სარგებლის მართლზომიერება, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

21. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებულ საქმეზე გაკეთებული განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთად (სარგებელი) თვიურად 3%-ის განსაზღვრა იქნება გონივრული და სამართლიანი ოდნოება, რაც 11 თვის გათვალისწინებით შეადგენს 1824,57 აშშ დოლარს (5529-ის 3%=165.87; 165.87*11=1824.57).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 894-ე მუხლის საფუძველზე თავდების მიმართ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წარდგენა გაუმართლებელია, რადგან მას უშუალოდ მოვალის მიმართ ვალდებულების იძულებით აღსრულება არ უცდია. აღნიშნულის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით თავდები მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

27. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2016 წლის 1 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 5900 აშშ დოლარი. მსესხებელს თანხა უნდა დაეფარა 12 თვის ვადაში ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ასევე, მასზე დარიცხული სარგებელი.

28. სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით.

29. 2016 წლის 1 თებერვალს თავდებ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებმა იკისრა მსესხებელსა და კრედიტორს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხა განისაზღვრა 24000 აშშ დოლარით.

30. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც კრედიტორმა მოთხოვნა წარადგინა როგორც მოვალის, ისე თავდების მიმართ.

31. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში თავდებმა მოპასუხემ მოითხოვა სესხის სარგებლის ოდენობის შემცირება, რაც სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა.

32. წინამდებარე საკასაციო საჩივარში კი მხარემ განმარტა, რომ სსკ-ის 894-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს თავდების მიმართ მოთხოვნის წარდგენა შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე შეეცდებოდა უშუალოდ მოვალის მიმართ ვალდებულების იძულებით აღსრულებას.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

35. სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

36. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოს ვერ იმსჯელებს კასატორის იმგვარი პრეტენზიაზე, რომელიც თავის დროზე სააპელაციო საჩივრის შეფასების საგანი არ გამხდარა და მხარეს სააპელაციო ინსტანციაში სადავოდ არ გაუხდია.

37. ამდენად, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველი თავდებისადმი კრედიტორის მიერ პრეტენზიის წარდგენის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც თავდებ მოპასუხეს აღნიშნულ საკითხზე აპელირება მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარი არ ჰქონია.

38. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ჯიმშერ ტყებუჩავას (საგადახდო დავალებაში მითითებულია გადამხდელის გვარი – „ტ-ა“) მიერ 2019 წლის 30 აპრილს №78794... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ. მ-ეს (პირადი №120010...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ჯიმშერ ტყებუჩავას (საგადახდო დავალებაში მითითებულია გადამხდელის გვარი – „ტ-ა“) მიერ 2019 წლის 30 აპრილს №78794... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე