Facebook Twitter

№ას-632-2019 21 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – სს „ლ. ბ.“ (მოპასუხე, აპელანტი)

მეორე კასატორი – მ. ქ-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ქ-მა (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სს „ლ. ბ.“ (შემდგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან პირველი კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1) დასაქმებულისათვის წერილობითი საყვედურის გამოცხადების შესახებ 2017 წლის 24 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობა; 2) დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა; 3) დასაქმებულის აღდგენა ბანკის ქარელის ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე; 4) დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება 2017 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით; 5) დამსაქმებლისათვის დაყოვნებული თანხის დაკისრება 0.07% ყოველი დაყოვნებული დღისათვის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევა დაასახელა. მან აგრეთვე მიუთითა, რომ დასაქმებულს ჩაბარდა ბრძანება გათავისუფლების შესახებ, ხოლო რაც შეეხება დისციპლინური წარმოების მასალებს, მათი ჩაბარება არც დასაქმებულს მოუთხოვია და ამას არც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ბანკის ქარელის ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე; ბანკს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით; სარჩელი 2017 წლის 24 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე, ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის უარყოფა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა კომპენსაციის სახით 18 000 ლარის გადახდა (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).

6. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება არაკანონიერად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით:

7. 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე, 2016 წლის 01 ივლისს გაფორმებული N8969 ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ბანკში მოქმედი კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული მოთხოვნების უხეში დარღვევის გამო, ასევე, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სანქციების დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, ნაკისრი შრომითი ვალდებულებების განმეორებით დარღვევის გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2017 წლის 11 აგვისტოდან. ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები. დასაქმებულის ვალდებულების დარღვევა კი, გამოიხატა შემდეგ ქმედებებში: 1) თანამშრომლისათვის კუთვნილი საკრედიტო ბარათის სარგებლობაში გადაცემა, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყენებით; 2) საკუთარ ანგარიშზე წარმოებული არაავტორიზებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, დარღვევის აღკვეთის მიზნით, სათანადო რეაგირების განუხორციელებლობა და დარღვევების დაფარვა.

8. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელემ საკრედიტო რისკების სასესხო ადმინისტრირების და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ბ. მ-ეს (შემდეგში - მესამე პირი) ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე (შვილის მკურნალობის მიზნით) სარგებლობაში გადასცა კუთვნილი საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი ლიმიტით. ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით შიდა აუდიტის და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკრედიტო რისკების სასესხო ადმინისტრირების და ანგარიშგების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიერ თანხის მითვისების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მითვისებული თანხის დაზუსტება. დასკვნის თანახმად, თანხის მითვისებას მესამე პირი ახდენდა არასანქცირებული ოპერაციების გზით, კერძოდ: იმ კლიენტებზე, რომლებიც ბანკის საკრედიტო პოლიტიკის მიხედვით ვერ აკმაყოფილებდნენ შესაბამის მოთხოვნებს სესხის გასაცემად, მესამე პირის მიერ თვითნებურად არის დაშვებული ოვერდრაფტების და საკრედიტო ბარათების ლიმიტები და შემდგომ კლიენტებისათვის გამორთული ბარათებით აღნიშნული ანგარიშებიდან თანხა არის მითვისებული. მესამე პირის მიერ ბანკის შიდა ანგარიშებიდან (1851/1905... ანგარიშები) კლიენტების ანგარიშებზე არასანქცირებული ოპერაციებით გადატანილია ბანკის კუთვნილი თანხა და შემდგომ კლიენტის ანგარიშებიდან (უმეტეს შემთხვევაში, ბანკომატიდან) გატანილია მესამე პირის მიერ, ან ისევ დაბრუნებულია ბანკის ანგარიშებზე (რიგ შემთხვევაში, ნაკლები თანხით). მესამე პირი პროგრამულად გატარებული არასანქცირებული ოპერაციებით თავს არიდება მის სახელზე რიცხული სესხის დაფარვას, სესხზე დარიცხული პროცენტის დამალვის გზით. შემოწმების საფუძველზე არასანქცირებული ოპერაციების გზით ბანკისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 121 857 ლარი. დასკვნაში მითითებული 11 კლიენტიდან ერთ-ერთი იყო მოსარჩელე. მოსარჩელის განმარტებით, მესამე პირის თხოვნით აიღო საკრედიტო ბარათი თავდაპირველად 1000 ლარის ოდენობით. თხოვნის საფუძველზე ლიმიტი გაიზარდა 2 000 ლარამდე. მოკლე პერიოდის შემდგომ მესამე პირის მიერ კლიენტის დაუკითხავად თავისი ლიმიტი გაზარდა 2500 ლარამდე. კლიენტის განცხადებით თანხა სრულად აითვისა მესამე პირმა.

9. დასაქმებულის მოვალეობები განისაზღვრება ხელშეკრულებით (მათ შორის, კორპორატიული სახელმძღვანელოთი და თანამდებობრივი ინსტრუქციებით) და ბანკის სხვა ზოგადი პოლიტიკითა და შიდა ინსტრუქციებით. დასაქმებული ვალდებულია მკაცრად დაიცვას აღნიშნული წესები და მოთხოვნები (5.1. პუნქტი). მხარეთა შორის გაფორმებული 01.07.2016წ. შრომის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას კორპ. სახელმძღვანელოთი და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობები (5.2. პუნქტი). დასაქმებული ვალდებულია კეთილსინდისიერად გაუძღვეს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (5.4. პუნქტი). ბანკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დასაქმებული ვალდებულია: არ დაუმალოს მის მიერ ჩადენილი უნებლიე გადაცდომა და შეატყობინოს ამის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს (6.5.4. პუნქტი).

10. კორპორაციული სახელმძღვანელოს (2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით) 7.16. პუნქტის მიხედვით დასაქმებული უნდა იყოს პატიოსანი და ობიექტური, როგორც კლიენტების, აგრეთვე თავისი კოლეგების და ხელქვეითების მიმართ. დასაქმებული ვალდებულია არ დაიყოლიოს (წააქეზოს) თანამშრომელი ისეთი ქმედებ(ებ)ის განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, კორპორატიული სახელმძღვანელოთი, მისი/მათი ნებისმიერი დანართით, ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებ(ებ)ს, ასევე, ბანკის შიდა ინსტრუქციებს, კორპორატიული ქცევის ნორმებს, ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს ან/და ხელმძღვანელის ზეპირ ან/და წერილობით მითითებ(ებ)ს.

11. ბანკი უფლებამოსილია, იმ დასაქმებულის მიმართ, რომელიც სხვა თანამშრომლის მეშვეობით ჩაიდენს დარღვევას ან/და წააქეზებს სხვა დარღვევის ჩადენაზე, გამოიყენოს არანაკლები სიმძიმის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რა დისციპლინური სანქციაც დაეკისრება უშუალო დამრღვევს (7.20. პუნქტი).

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო საკრედიტო ბარათზე მესამე პირის მიერ განხორციელებული არასანქცირებული ტრანზაქციის შესახებ.

13. ბანკის წარმომადგენლმა მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ მოსარჩელეს, როგორც ფილიალის მმართველს და პროფესიონალს უნდა სცოდნოდა მის ბარათზე არასანქცირებული ტრანზაქციის შესახებ.

14. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზეპირსიტყვიერი მითითება და ვარაუდი შეუძლებელია საფუძვლად დაედოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. შესაბამისად, დაუდასტურებელი იყო მოსარჩელის მონაწილეობა რაიმე სახით ან/და სხვაგვარი დაინტერესება მესამე პირის მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ. მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 01 ივლისის შემდეგაც, მას შემდეგ რაც, მოპასუხეს მესამე პირისაგან მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, მოსარჩელემ გადაცდომის ფაქტი დამალა, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან მოპასუხის განმარტებით, 2017 წლის 1 ივლისს, შაბათ დღეს, მას მესამე პირისაგან მიუვიდა შეტყობინება და 2017 წლის 03 ივლისს, ორშაბათ დილით, ისე, რომ სამსახურში არც მისულა, თბილისში ჩავიდა დაკითხვაზე და იქ განაცხადა აღნიშნული ფაქტის შესახებ (27.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:30:51-15:31:49 სთ). იმ გარემოებების გათვალიწინებით, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 03 ივლისამდე შუალედი, წარმოადგენდა არასამუშაო დღეებს და მოპასუხემ მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს - 2017 წლის 03 ივლისს, დაკითხვისას განაცხადა დარღვევის ფაქტის შესახებ, ბანკის მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 01 ივლისის შემდეგაც დამალა დარღვევის ფაქტის არსებობა, არაგონივრულია.

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებაში, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელეს საკუთარ ანგარიშზე წარმოებული არაავტორიზებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, დარღვევის აღკვეთის მიზნით, სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და დარღვევები დაფარა, არ დასტურდება.

16. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ კუთვნილი საკრედიტო ბარათის მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტს, ამ თვალსაზრისით, საყურადღებო იყო თავად მოპასუხის მითითება მასზედ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული საგადახდო ბარათების შესახებ დებულების თანახმად (ტ.1. ს.ფ. 112-116), ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელი (5.10 პუნქტი).

17. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულება საგადახდო ბარათების შესახებ, ასევე, ლიბერთი ანგარიშების მომსახურების პირობები არეგულირებს ბანკსა და ბანკის კლიენტებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის, ადგენს ბარათის მფლობელის (კლიენტის) პასუხისმგებლობას ბანკის მიმართ მიყენებული იმ ზიანისათვის, რაც შეიძლება წარმოიშვას ბარათის მესამე პირისათის გადაცემის შედეგად (ამასვე ადასტურებს დებულების პირველი მუხლის სამართლებრივი ანალიზიც). სასამართლოს მითითებით, აქტები არ განსაზღვრავს დამსაქმებელ ბანკსა და ბანკის დასაქმებულს შორის ურთიერთ პასუხისმგებლობასა და უფლება-მოვალეობებს. ამასთან, ბანკის კლიენტის მიერ ბარათის (კოდების) მესამე პირისათვის გადაცემის აკრძალვის მიზანია, ერთი მხრივ, კლიენტის ინტერესების დაცვა იმ რისკებისაგან, რაც შეიძლება წარმოიშვას ბარათის სხვა პირის მიერ გამოყენების შედეგად (ასეთ შემთხვევაში, კლიენტისათვის მიყენებული ზიანის რისკი ბარათის მფლობელზეა და ბანკი თავისუფლდება მის წინაშე პასუხისმგებლობისაგან) და, მეორე მხრივ, თავად ბანკის ინტერესების დაცვა, ბარათის გამოყენების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, რა დროსაც, მის მიმართ პასუხისმგებელი არის ბარათის მფლობელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის საკრედიტო ბარათის სარგებლობაში გადაცემით, მას დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი დასაქმებულის ვალდებულებები კი არ დაურღვევია, არამედ, მან, როგორც ბანკის კლიენტმა, ნაკლები წინდახედულობის ფარგლებში, იკისრა პასუხისმგებლობა ყველა იმ რისკებზე, რაც უკავშირდებოდა ბანკის ან თავად მისი ქონებრივი უფლებების დარღვევას, მასზე გადავიდა ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის რისკი. ამ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ ბანკისათვის მიყენებული ზიანი სრულად იყო ანაზღაურებული იმ პირის (მესამე პირი) მიერ, რომლის უშუალო ქმედების შედეგადაც წარმოიშვა იგი.

18. ბანკის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ მესამე პირისათვის საკრედიტო ბარათის გადაცემით დაარღვია კორპორატიული სახელმძღვანელოს და ბანკის ანგარიშის პირობები, ვინაიდან მითითებული პირობებით, რომ კონკრეტულად, მესამე პირისათვის საკრედიტო ბარათის გადაცემა წარმოადგენს დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას და შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ წინაპირობას.

19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის, როგორც ფილიალის მმართველის მიერ, მესამე პირისათვის საკრედიტო ბარათის სარგებლობაში გადაცემა, ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, მართლია მიზანშეუწონელი იყო, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ბანკში მოქმედი კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული იმ მოთხოვნების დარღვევას, რაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა.

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ვალდებულებების აღებისას, დამსაქმებლის მოლოდინი და ინტერესები საქმიანობის კვალიფიციურად შესრულების გამო, გარდაუვალია. ეს მდგომარეობა ფორმულირებულია საკანონმდებლო თუ დამსაქმებლის შიდა ნორმატიულ დონეზეც. ამიტომ დამსაქმებელმა დასაქმებულის განთავისუფლების კანონიერება იმგვარად უნდა დაასაბუთოს, რომ თავიდან აიცილოს ყოველგვარი ეჭვი მისი მხრიდან დასაქმებულის მიმართ.

21. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლები არ არის უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული, რის გამოც, ის კანონშეუსაბამო და ბათილია. რაც შეეხება გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულ დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, ნაკისრი შრომითი ვალდებულებების განმეორებით დარღვევას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული დანარჩენი ორი საფუძვლის კანონიერება ვერ იქნა დასაბუთებული, დარღვევის განმეორებითობაზე მსჯელობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.

22. შესაბამისად, 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებაში მითითებული საფუძვლები, რაც დამსაქმებლის მიერ მიჩნეული იქნა ინდივიდუალური ხელშეკრულებითა და დასაქმებულის შრომითი მოვალეობების განმსაზღვრელი სხვა აქტებით დადგენილი ნორმების დარღვევად, საქმის მასალებით არ დადასტურდა.

23. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 54-ე მუხლით და მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბანკის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები.

24. რაც შეეხება დასაქმებულისათვის საყვედურის გამოცხადების შესახებ 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებას, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეები შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2005 წლიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ბოლო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმდა ბანკის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, უვადოდ. მამუკა ქვრივიშვილის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების დანართის - სამუშაო აღწერილობის 2.1 მუხლით, დასაქმებული ვალდებულია: განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. გააკონტროლოს პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება და მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება. არ დაადასტუროს ოპერაცია თუ სახეზე არ იქნება ყველა დოკუმენტი დადაიცვას კლიენტის იდენტიფიკაციის სტანდარტი საბანკო ოპერაციის განხორციელებამდე. აკონტროლოს საბანკო გატარებები. კეთილსინდისიერად მიუდგეს საკუთარ საქმიანობას. ბანკის სხვა სამსახურებს და დაიცვას პროფესიული ეთიკა. ზედმიწევნით დაიცვას კორპორაციული სახელმძღვანელო, კანონმდებლობა, შიდა ინსტრუქციები. გაუფრთხილდეს ბანკის მატერიალურ ფასეულობებს და პასუხი აგოს ის ზიანისათვის, რაც ბანკს მიადგება გაუფრთხილებლობით ან განზრახ დაკარგვა/დაზიანებით.

25. მოსარჩელისათვის წერილობითი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ,,ბ“ დანართი დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები: პუნქტი 2.1. აბზაცი 1. განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი: აბზაცი 4. გააკონტროლოს დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულება და მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება. აბზაცი 13. მოითხოვოს თანამშრომლებისაგან ბანკში დადგენილი კლიენტთა მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა; კლიენტების საოპერაციო მომსახურების კოორდინირების და მონიტორინგის დეპარტამენტის შეტყობინება დისციპლინის გადაცდომის ჩადენის თაობაზე.

26. უდავოდ დადგენილია, რომ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე 2017 წლის 5 ივლისის შეტყობინებით ირკვევა, რომ სტანდარტული საერთო გადამოწმების პროცესში, ქარელის ფილიალში გამოვლინდა სხვადასხვა პროცედურების მრავლობითი დარღვევები ფილიალში დასაქმებული მოლარე ოპერატორების მიერ სამსახურებრივი მოვალეოებების შესრულებისას. ასევე დადგენილია, რომ ფილიალის თანამშრომელთა მიმართ, მათ მიერ ჩადენილი დარღვევების გამო, გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური სახის ღონისძიებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მოლარე ოპერატორების მიერ გადაცდომების ჩადენის დროს, ერთ შემთხვევაში, 2017 წლის 13 აპრილს, არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, მივლინებაში ყოფნის გამო, სხვა შემთხვევაში კი- იგი იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე.

27. დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას დარღვევის ადეკვატური დისციპლინური ღონისძიების ზომის გამოყენება ემსახურება არსებული ვითარების გამოსწორების მიზანს, დასაქმებული მუშაკის იძულებას, მოიქცეს უფრო წინდახედულად და გულისხმიერად, გახდეს უკეთესი, აიმაღლოს კვალიფიკაცია და სხვა. ამასთან, ამ ზომებს გააჩნია ზოგადპრევენციული მნიშვნელობაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ დასაქმებულებმა არ ჩაიდინონ იგივე დარღვევა და მათ შეექმნათ უფრო ეფექტურად მუშაობის მოტივაცია.

28. მოცემულ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა ფილიალის თანამშრომელთა მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევის ჩადენის ფაქტი, რომელთა საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება მოსარჩელის, როგორც მენეჯერის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა, დამსაქმებელს ჰქონდა მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველი და იგი ვითარების გამოსწორების, დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლის გაუმჯობესების მიზანს ემსახურებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის წერილობითი საყვედურის გამოცხადების თაობაზე 07.24.2017 წლის N1344 ა.დ. NHღ050210 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

29. გამომდინარე იქედან, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები განხორციელებულად იქნა მიჩნეული, სააპელაციო პალატამ იმსჯელა ბანკის ქარელის ფილიალის მმართველის თანამდებობის ვაკანტურობის საკითხზე (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) და იმავდროულად, განმარტა, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი სამსახურში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ: თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა.

30. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ თანამდებობა, რომელზედაც დასაქმებული იყო მოსარჩელე კვლავაც არსებობდა. შესაბამისად, უნდა დადგენილიყო ამ თანამდებობის ვაკანტურობის საკითხიც. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ცნობების (ტომი II, გვ 22-23) თანახმად, აღნიშნული პოზიცია არ იყო ვაკანტური და დასაქმებული იყო სხვა პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შედეგი უნდა იყოს არა სამსახურში აღდგენა, არამედ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

31. სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, მხედველობაშია მისაღები მატერიალური დანაკარგი, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის; უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი; კომპეტენცია; სამსახურის შოვნის პერსპექტივა; ოჯახური მდგომარეობა; სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

32. ზემოაღნიშნული წესისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მისაღები ხელფასის ერთი წლის ოდენობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, 18 000 ლარს (1500X12) შეადგენს (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) იქნებოდა კომპენსაციის ადეკვატური და გონივრული ოდენობა.

33. უარყოფილი იქნა მოთხოვნა განაცდურის და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრებასთან დაკავშირებით.

34. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგება.

35. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დააკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის მიკუთვების თაობაზე, სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდურის დაკისრება საფუძველს მოკლებული იყო.

36. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, საიდანაც ეს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს და განმარტა, რომ სშკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.

37. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.

38. პირველი კასატორი (მოპასუხე) მოითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში.

39. პირველი კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა ორი ინსტანციის სასამართლოს როგორც პროცესუალურ დოკუმენტებში, ისე სხდომაზეც პირველმა კასატორმა განაცხადა, რომ ბანკის მხრიდან სრულიად იყო დაცული მტკიცების ტვირთი და წარდგენილი იყო ყველა სათანადო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ იცოდა მისი ბარათით განხორციელებული დარღვევების შესახებ, სასამართლომ მაინც არ მიიჩნია აღნიშნული საკმარის მტკიცებულებად და განმარტა, რომ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები წარდგენილი სასამართლოში, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული დამატებითი მტკიცებულება, რაც შეიძლებოდა ბანკს წარედგინა და ვერ წარადგინა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ასეთი მტკიცებულება არ არსებობდა. პირველი კასატორის განცხადებით, არადამაჯერებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირდაპირ არ იყო მითითებული კორპორაციულ სახელმძღვანელოსა და ხელშეკრულებაში ის, რომ ბარათის გადაცემა იყო დარღვევა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ კორპორაციის სახელმძღვანელოში პიდაპირ იყო მითითებული, რომ დარღვევად ითვლებოდა მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ინსტრუქციების დარღვევა, რასაც წარმოადგენდა როგორც ლიბერთი ანგარიშის პირობები, ისე პრეზიდენტის ბრძანება ბარათების შესახებ. პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 1-დან 3 ივლისამდე დარღვევის ფაქტის დამალვა არ არის დარღვევა, რადგან 1-ლი ივლისი იყო შაბათი, რომელიც სამუშაო დღე იყო მოსარჩელისთვის, რადგან შაბათ დღეს ფილიალები მუშაობს და მას შეეძლო შაბათ დღეს მოეხდინა მეილით შესაბამის პირთა ინფორმირება. კასატორისთვის გაუგებარია, სასამართლოს მიერ იმის გააზრება, რომ ანგარიშზე შესვლით მაინც ვერ მიხვდებოდა მოსარჩელე დარღვევას; განაცხადი კი შეავსო, მაგრამ არ ახსოვდა მისი ოდენობა და ვერც გაზრდილ-გამინუსებული ანგარიშით, ვერც მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიხედვით გაზრდილ გადასახდელ %-ით და არც სხვა პირთა ანგარიშებიდან გადმორიცხულ ტრანზაქციებში ვერ შეიტანდა ეჭვს, თუმცა პროცესზე გადამოწმდა ანგარიშები, სადაც ჩანდა ყველა ის დარღვევა, რაც გათავისუფლების საფუძველი გახდა. პირველი კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის და დაადგინა, რომ ბანკის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ იცოდა ან უნდა სცოდნოდა მის ბარათზე განხორციელებული არასანქცირებული ოპერაციების შესახებ. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მოსარჩელის სტატუსს და მისდამი ნდობის აუცილებლობას დამსაქმებლის მხრიდან, მაშინ, როცა აღნიშნული არსებითი მნიშვენლობისაა ბანკისათვის და მისი გათანაბრება მოხდა ჩვეულებრივ პირთან, რის შედეგადაც, სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ მოსარჩელის მხრიდან დარღვევის დაფარვას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მსჯელობა მხოლოდ ცალმხრივად წაიყვანა და მხოლოდ იმაზე გაამახვილა ყურადღება, შეიძლებდა თუ არა ანგარიშის ნახვის შედეგად მიმხვდარიყო არსებობდა თუ არა დარღვევები.

40. პირველი კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკის ბრძანება და ბანკის მოხმარების წესების დარღვევა არ შეიძლება დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ამავდროულად ბანკის კლიენტიცაა და მასზეც ჩვეულებრივად ვრცელდება ამ წესების დაცვის ვალდებულება.

41. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი ციტირებს კორპორაციული სახელმძღვანელოს 12.7.7. და 12.2-ის მუხლებს და განმარტავს, რომ რადგან კორპორაციულ სახელმძღვანელოში გაწერილია მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შიდა ინსტრუქციების დარღვევისას დასაქმებული პირის გათავისუფლება, სწორედ ამ რეგულაციაში ჯდება როგორც ლიბერთი ბარათის პირობების, ისე ეროვნული ბრძანებების დარღვევაც, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია და აღნიშნულ ნორმები ცალმხრივად შეაფასა. ასევე, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ კორპორაციულ სახელმძღვანელოში დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი მხოლოდ განზრახი ბრალი არაა, არამედ გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც გათვალისწინებულია შესაბამისი შედეგის დადგომა.

42. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა ფაქტებს და არსებითად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე, კომპენსაცია კი მასზე დამოკიდებული მოთხოვნაა და პირველადი მოთხოვნის გამო ისიც დაუსაბუთებელია. კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია და გაურკვეველია რატომ ჩათვალა სასამართლომ ადეკვატურად აღნიშნული დარღვევების პირობებში 1 წლიანი კომპენსაცია შესაბამის ანაზღაურებად.

43. მეორე კასატორი (მოსარჩელე) მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

44. მეორე კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა იგი, რამაც ხელი შეუშალა დასაქმებულის ინტერსების დაცვას.

45. მეორე კასატორი უთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგსა და მორალურ ზიანს, რაც პირმა უკანონო გათავისუფლებით განიცადა, გარდა ამისა, თანხის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა დასაქმებულის სამუშაო გამოცდილება, სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და დამსაქმებელს დაეკისრა 1 წლის ოდენობის ხელფასის გადახდა კასატორისთვის. კასატორის განმარტებით, იგი დღემდე უმუშევარია და მისი კვალიფიკაციის სამსახურს ვერ შოულობს, ამიტომ ითხოვს აღდგენილ იქნეს პირვანდელ სამუშაო ადგილას.

46. კასატორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს და 115-ე მუხლს, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას Nას-24-22-2017 და განმარტავს, რომ დამსაქმებელმა გამოიყენა უპირატესობა და საკმარისი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა კასატორი სამსახურიდან.

47. კასატორის განცხადებით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა რატომ არის შეუძლებელი მისი პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა, ამასთან არასწორად იქნა განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა. კასატორი უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას Nას-943-908-2016 და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ალტერნატივებს შორის უპირატესობა ენიჭება პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას და დასაქმებული უნდა აღდგეს პირვანდელ თანამდებობაზე, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობა არ გაუქმებულა.

48. კასატორი ციტირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას Nას-1276-1216-2014, რომლის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური, მოცემულ შემთხვევაში კასატორს დამსაქმებლის წინაშე არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა.

49. კასატორის განმარტებით, მისი გათავისუფლება, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, იყო კანონსაწინააღმდეგო და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილი. ამასთან, შრომითი ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეწყვეტის მომენტიდან მიიჩნევა გაგრძელებულად, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის დამსაქმებლის მიერ გამოვლოენილი ნების მიუხედავად არსებობდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, კასატორს აქვს ანაზღაურების მიღების უფლება, ამასთან უფლება მიიღოს საურავი დამსაქმებლის ბრალით ანაზღაურების მიუღებლობის გამო. კასატორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლს და საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას Nას-1283-1210-2012.

50. კასატორის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. ამასთან კასატორი მოითხოვს განაცდურის დაკისრებას.

51. კასატორის განმარტებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სს „ლიბერთი ბანკის“ 2017 წლის 24 ივლისის წერილობითი საყვედური, რადგანაც სამსახურებრივი გადაცდომის დროს მამუკა ქვრივიშვილი იმყოფებოდა მივლინებაში, ხოლო მითითება, რომ მას ევალებოდა კონტროლის გაწევა თანამშრომლებზე, მოცემულ პირობებში შეუსაბამოა.

52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი, ხოლო 2019 წლის 20 მაისის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

53. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არც პირველი და მეორე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ორივე მათგანი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

54. თავდაპირველად საკასაციო პალატა იმსჯელებს პირველი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე და ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ პირველი კასატორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების კანონიერებას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისთვის კომპენსაციის მიკუთვნების ნაწილში.

55. პირველი კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება სადავო ბრძანების გამოცემისათვის საკმარისი წინაპირობების არსებობას, რაც მისივე მოსაზრებით, არასწორად გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სტაბილური სასამართლო პრაქტიკით განმარტებულია დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (შდრ: სუსგ-ები №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-602-577-2016, 02 სექტემბერი, 2016 წელი და ა.შ). ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დასახელებული ზომის განსაზღვრით (სამსახურიდან გათავისუფლება), რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის პასუხისმგებლობის უკიდურეს ფორმას, გამოყენებულ არ იქნა როგორც დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური ზომა. ამ დასკვნის საფუძველს საკასაციო პალატას აძლევს საქმეზე თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ გამოცემული სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები. დასაქმებულის ვალდებულების დარღვევა კი, გამოიხატა შემდეგ ქმედებებში: 1) თანამშრომლისათვის კუთვნილი საკრედიტო ბარათის სარგებლობაში გადაცემა, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრების გამოყენებით; 2) საკუთარ ანგარიშზე წარმოებული არაავტორიზებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, დარღვევის აღკვეთის მიზნით, სათანადო რეაგირების განუხორციელებლობა და დარღვევების დაფარვა. მაშასადამე, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ამ გარემოებათა არსებობა და მათი დადასტურების შემთხვევაშიც კი, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლოსბი ზომის პროპორციულობა.

56. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს საკასაციო პალატის მიდგომას, რომელიც არაერთ გადაწყვეტილებაშია ხაზგასმული: „სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (შდრ: სუსგ-ები №ას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი; №ას-903-843-2017, 19 ოქტომბერი, 2017 წელი). მოცემულ შემთხვევაში, დაუდასტურებელ გარემოებად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მონაწილეობა რაიმე სახით ან/და სხვაგვარი დაინტერესება მესამე პირის მიერ ჩადენილი ქმედებების მიმართ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებაში, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელეს საკუთარ ანგარიშზე წარმოებული არაავტორიზებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, დარღვევის აღკვეთის მიზნით, სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და დარღვევები დაფარა, არ დასტურდება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ კუთვნილი საკრედიტო ბარათის მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტს, ამ თვალსაზრისით, საყურადღებო იყო თავად მოპასუხის მითითება მასზედ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული საგადახდო ბარათების შესახებ დებულების თანახმად (ტ.1. ს.ფ. 112-116), ბარათით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია ბარათის მფლობელი (5.10 პუნქტი). სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული დებულება საგადახდო ბარათების შესახებ, ასევე, ლ. ანგარიშების მომსახურების პირობები არეგულირებს ბანკსა და ბანკის კლიენტებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის, ადგენს ბარათის მფლობელის (კლიენტის) პასუხისმგებლობას ბანკის მიმართ მიყენებული იმ ზიანისათვის, რაც შეიძლება წარმოიშვას ბარათის მესამე პირისათის გადაცემის შედეგად (ამასვე ადასტურებს დებულების პირველი მუხლის სამართლებრივი ანალიზიც). სასამართლოს მითითებით, აქტები არ განსაზღვრავს დამსაქმებელ ბანკსა და ბანკის დასაქმებულს შორის ურთიერთ პასუხისმგებლობასა და უფლება-მოვალეობებს. ამასთან, ბანკის კლიენტის მიერ ბარათის (კოდების) მესამე პირისათვის გადაცემის აკრძალვის მიზანია, ერთი მხრივ, კლიენტის ინტერესების დაცვა იმ რისკებისაგან, რაც შეიძლება წარმოიშვას ბარათის სხვა პირის მიერ გამოყენების შედეგად (ასეთ შემთხვევაში, კლიენტისათვის მიყენებული ზიანის რისკი ბარათის მფლობელზეა და ბანკი თავისუფლდება მის წინაშე პასუხისმგებლობისაგან) და, მეორე მხრივ, თავად ბანკის ინტერესების დაცვა, ბარათის გამოყენების შედეგად მისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, რა დროსაც, მის მიმართ პასუხისმგებელი არის ბარათის მფლობელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის საკრედიტო ბარათის სარგებლობაში გადაცემით, მას დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი დასაქმებულის ვალდებულებები კი არ დაურღვევია, არამედ, მან, როგორც ბანკის კლიენტმა, ნაკლები წინდახედულობის ფარგლებში, იკისრა პასუხისმგებლობა ყველა იმ რისკებზე, რაც უკავშირდებოდა ბანკის ან თავად მისი ქონებრივი უფლებების დარღვევას, მასზე გადავიდა ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის რისკი. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს უდავო გარემოებაზე, რომ ბანკისათვის მიყენებული ზიანი სრულადაა ანაზღაურებული იმ პირის (მესამე პირი) მიერ, რომლის უშუალო ქმედების შედეგადაც წარმოიშვა იგი. მაშასადამე, დამსაქმებელს არ დაუდასტურებია, რა ზიანი მიადგა მას დასაქმებულის ამგვარი ქცევით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება სანქციის სახით ეწინააღმდეგება დასაქმებულის შრომის უფლებას, რის გამოც, სადავო ბრძანება სწორად იქნა ბათილად ცნობილი (შდრ: სუსგ-ები №ას-499-499-2018 , 08 ივნისი, 2018 წელი, პ-69; №ას-630-630-2018 , 6 ივლისი, 2018 წელი, პ-41.№ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-1120-1040-2017, 03 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-528-528-2018, 8 ივნისი, 2018 წელი).

57. ყოველივე ზემოაღნიშნული და საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველმა კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მოსარჩელის, როგორც ფილიალის მმართველის მიერ, მესამე პირისათვის საკრედიტო ბარათის სარგებლობაში გადაცემა, ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, მართლია მიზანშეუწონელი იყო, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და ბანკში მოქმედი კორპორატიული სახელმძღვანელოთი განსაზღვრული იმ მოთხოვნების დარღვევას, რაც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს წარმოშობდა.

58. რაც შეეხება პირველი კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან. იხ., სუსგ-ები N ას-353-338-2016, 03.05.2016წ; №ას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-45-2019, 5 აპრილი, 2019 წელი; Nას-1329-2018, 22/02/2019 და ა.შ. კონკრეტულ შემთხვევაშიც სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ისე, რომ როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, უპრიანი არ არის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ყოფილიყო კომპენსაციის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი და ისიც , თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის დარიცხული სახელფასო განაკვეთი. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არუნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი,პ-11.7). ამავე მსჯელობის შესაბამისად, უსაფუძვლოა მეორე საკასაციო საჩივარში აღნიშნული პრეტენზია კომპენსაციის არასაკმარისობასთან მიმართებითაც.

59. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვების სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, პირველ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

60. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს, აღსანიშნავია, რომ კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

61. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ არსებობდა მისი სამსახურში აღდგენის წინაპირობები, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, შდრ: სუსგ-ები №ას-45-2019, 5 აპრილი, 2019 წელი; №ას-411-411-2018, 14 ნოემბერი, 2018 წელი, პ-1.2.11). მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ ის პოზიცია, რომელიც მოსარჩელეს გათავისუფლებამდე ეკავა, ვაკანტური არ არის და თანამდებობას ლეგიტიმურად იკავებს მესამე პირი, შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად არა სამსახურში აღდგენა, არამედ - მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

62. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების პ-50-ში მითითებულ მეორე საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს, შესაბამისად, იხ., წინამდებარე განჩინების პ: 33- 35.

63. ამასთან, წინამდებარე განჩინების პ-51-ში მითითებული საკასაციო პრეტენზია ასევე დაუსაბუთებელია უსაფუძვლობის გამო და ამ ნაწილშიც გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების პპ;25-28-ში.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, წინამდებარე საქმეში არსებულ სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

66. საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ. ბ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ლ. ბ.“ (ს/კ:203...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 12 აპრილს საგადახდო დავალება N5154774768 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარის) 70% – 700 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. მ. ქ-ს (პ/ნ:43001...) უკან დაუბრუნდეს მ. ლ-ას მიერ 2019 წლის 25 აპრილს საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 101001000.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე