Facebook Twitter

საქმე №ას-713-2019 21 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ. ა-ა, ა. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ა-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ა-სა (შემდგომ – მოპასუხე) და ა. მ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, 2018 წლის 12 მარტს მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ქონების 9/10 ნაწილში ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მითითებულ ნაწილში უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მამამისი გარდაიცვალა 2011 წლის 28 დეკემბერს, რის შედეგად მოსარჩელემ ანდერძით მიიღო მამის დანაშთი ქონება.

3. ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მხოლოდ ½ წილზე, ხოლო მეორე ნახევარი გაიცა მოსარჩელის ნახევარდის – მოპასუხის სახელზე.

4. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ცნობილ იქნა მამის დანაშთი ქონების 9/10 წილის მემკვიდრედ, ხოლო მოპასუხე – სამკვიდრო ქონების 1/9 წილის მემკვიდრედ. გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მამას დარჩა მისი კომლის სახელზე სისტემურად რეგისტრირებული კონკრეტული საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების 1/3, რომელიც შეცდომით რეგისტრირებული იყო სხვა პირის სახელზე. მოპასუხემ დავის პერიოდში საკრებულოს მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე ჯერ თავის სახელზე დაირეგისტრირა მამის წილი მთლიანი უძრავი ქონება, შემდეგ კი მისი ნაწილი 3 000 ლარად მიჰყიდა მეორე მოპასუხეს, მხარეების მეზობელს, რომელმაც იცოდა, რომ ქონების წილი მოსარჩელეს ეკუთვნოდა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოპასუხის მამა გარდაიცვალა 2011 წლის 28 დეკემბერს. სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხე ცნობილ იქნა მამის დანაშთი ქონების 1/9, ხოლო მოსარჩელე – 9/10 წილის მემკვიდრედ. მამის გარდაცვალების შემდეგ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დარჩა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. სხვა ქონება მის სამკვიდრო მასაში არ ირიცხებოდა. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, მეორე მოპასუხე არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. შესაბამისად, არ არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შორის 2018 წლის 12 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი 9/30 ნაწილში, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 9/30 წილის მესაკუთრედ, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაა 900 ლარი, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 12 მარტს მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის ღირებულება, რომლის 9/10 ნაწილში ბათილად ცნობასაც მოსარჩელე მოითხოვდა, შეადგენს 3000 ლარს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი 9/30 ნაწილში. ამდენად, დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, რომელიც ბევრად აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას. სააპელაციო საჩივრის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ აპელანტი არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მისთვის სადავო ქონების 21/30 ნაწილში კეთილსინდისიერ შემძენად აღიარების შესახებ და ითხოვდა მის კეთილსინდისიერ შემძენად ცნობას მთლიან ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება აპელანტებმა სრულად გაასაჩივრეს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა გამოთვლილიყო 3000 ლარიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

13. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

14. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)

15. დავის საგნის ღირებულება და მისი ოდენობის განსაზღვრის წესს ითვალისწინებს სსსკ-ი, რომლის მე-40 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა, რომ ბათილად იქნას ცნობილი მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება 9/10 ნაწილში და მითითებულ ნაწილში უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა.

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

18. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შორის 2018 წლის 12 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი 9/30 ნაწილში, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 9/30 წილის მესაკუთრედ.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად განსაზღვრა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 900 ლარით (სარჩელში დავის საგნის ღირებულების – 3000 ლარის 9/30 – დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილი). აღნიშნული ღირებულება კი სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ა-სა და ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე