გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-192-85-კს-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 4 თებერვალს სს “ს. ს. ბ.” სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსათვის საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ძირითადი თანხის – 390897 ლარის და 91319 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 130000 აშშ დოლარის, ოვერდრაფტით სარგებლობისათვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით 6138,58 აშშ დოლარის, თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 475679,8 ლარის, სულ 866576,8 ლარისა და 227457,58 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. 2003წ. 28 თებერვალს სს “ს. შ. B.” განცხადება შეიტანა იმავე სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, კერძოდ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ¹3კ/1028.02 საქმეზე 2003წ. 28 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ს. ს. კ. ც.” მოთხოვნა და სს “ს. ს. ბ.” დააკისრა 543.312 ლარის დაბრუნება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სასამართლოს მიერ სს “ს. ს. ბ.” სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულება გაძნელდებოდა, რადგან ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსათვის საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი სახსრები არ მოიცავდა ასეთი დავალიანების ასანაზღურებელ თანხებს, მოპასუხეს კი სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 მარტის განჩინებით სს “ს. ს. ბ.” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სს “ს. ს. ბ.” განმეორებით რამდენიმეჯერ მიმართა სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფისათვის ყადაღა დასდებოდა სს “ს. ს. ბ.” არსებულ შპს “ს. ს. კ. ც.” საბანკო ანგარიშებს, მაგრამ სასამართლო კოლეგიის 2003წ. 6 და 24 მარტის განჩინებებით შუამდგომლობები უარყოფილ იქნა.
2003წ. 26 მარტს სს “ს. ს. ბ.” განცხადებით ისევ მოითხოვა შპს “ს. ს. კ. ც.” საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, იმ მოტივით, რომ იგი მართალია სხვა პირთან იმყოფება, მაგრამ ეკუთვნის მოპასუხეს – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინებით სს “ს. ს. ბ.” განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “ს. ს. კ. ც.” ანგარიშს სს “ს. ს. ბ.” ყადაღა დაედო 549.312 ლარის ფარგლებში.
2003წ. 8 აპრილს შპს “ს. ს. კ. ც.” კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სააღსრულებლო ფურცლის გაუქმება, რომლითაც შპს “ს. ს. კ. ც.” ფულად სახსრებს ყადაღა დაედო “ს. ს. ბ.” 549.312 ლარის ფარგლებში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააღსრულებო ფურცლის თანახმად კრედიტორი არის სს “ს. ს. ბ.”, ხოლო მოვალე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, ხოლო რა კავშირშია “ცენტრის” ანგარიშის დაყადაღება ამ ორ იურიდიულ პირს შორის სასამართლოს დავასთან მისთვის გაუგებარია, რადგან აღნიშნული თანხა ეკუთვნის შპს “ს. ს. კ. ც.”, რაც დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია ძალაში და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 28 იანვარს გამოიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალეს (სს “ს. ს. ბ.”) დაევალა 549.312 ლარის დაბრუნება ცენტრისათვის. მაგრამ, ვინაიდან ბანკის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალება, ამონაწერი თავისი შინაარსით ეწინააღმდეგებოდა სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილის მოთხოვნებს, ამიტომ შესაბამისი წერილი გაეგზავნა სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციას და ამჟამად მიმდინარეობს ფაქტზე მოკვლევა, ხოლო 549.312 ლარსა და აგრეთვე 10000 ლარზე იძულებითი აღსრულება შეჩერდა თანხის დაყადაღების გამო. საჩივრის ავტორის განმარტებით, “ცენტრს” არა აქვს არცერთი მხარის დავალიანება, პირიქით მისი აზრით სს “ს. ს. ბ.” დღემდე ითვლება ცენტრის მოვალედ 559000 ლარით, მათ შორის არის ხსენებული 549312 ლარი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ აღნიშნული თანხის დაყადაღებით საფრთხე ექმნებოდა ტელევიზიის პირველი არხის ფუნქციონირების ტექნიკურ უზრვნველყოფას, ვინაიდან თანხა 549312 ლარი გამიზნული იყო შპს “ს. ტ.” სსიპ “საქტელერადიოკორპორაციის” მხრიდან საბიუჯეტო დავალიანების დასაფარავად, რომელიც ცენტრს უნდა გადაერიცხა “ტელერადიოცენტრისათვის” თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინებით შპს “ს. ს. კ. ც.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიის განმარტებით შპს “ს. ს. კ. ც.” საჩივარი თავისი შინაარსით სსკ-ს მიხედვით წარმოადგენს კერძო საჩივარს. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხება განცხადება. დაცულია ასევე კერძო საჩივრის შეტანის ვადაც.
სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ დაყადაღებული თანხა წარმოადგენს მის საკუთრებას და ის განკუთვნილია “საქტელერადიოცენტრის” დავალიანების დასაფარავად, რაც დასტურდება განცხადებაზე თანდართული განჩინებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ კერძო საჩივარ დაუშვებელია, რამდენადაც არ არის გადახდილი კერძო საჩივრისათვის სსკ-ს 39-ე მუხლით დადგენილი სახელმწიფო ბაჟი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 5000 ლარს. სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად სასამართლო კოლეგიამ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინებით შპს “ს. ს. კ. ც.” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინება და კერძო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა დაენიშნა კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის გასწორების ვადა, რაც არ ყოფილა გაკეთებული და აღნიშნულით შპს “ს. ს. კ. ც.” მოესპო შესაძლებლობა ხარვეზის შევსებისა.
საკასაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლო კოლეგიას უნდა დაეზუსტებინა კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, რადგან ეს უკანასკნელი საჩივარში ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას და ემსჯელა შპს, “ს. ს. კ. ც.” შუამდგომლობაზე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან შემცირების თაობაზე და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
შპს “ს. ს. კ. ც.” 2003წ. 19 ივნისს წარადგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომლითაც იგივე საფუძვლებით მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის განხილვამდე სსკ-ს 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 2003წ. 1 აპრილის სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება შპს-ს ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.
სასამართლო კოლეგიის 2003წ. 25 ივნისის განჩინებით შპს “ს. ს. კ. ც.” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინების აღსრულება ამ განჩინებაზე შემოტანილი კერძო საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლო კოლეგიის 2003წ. 27 ივნისის განჩინებით შპს “ს. ს. კ. ც.” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: შპს-ს შეუმცირდა კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარამდე; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შპს “ს. ს. კ. ც.” ანგარიშს სს “ს. ს. ბ.” ყადაღა დაედო 549312 ლარის ფარგლებში.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ დაყადაღებული თანხა წარმოადგენდა კერძო საჩივრის ავტორის საკუთრებას და განკუთვნილი იყო “საქტელერადიოცენტრის” დავალიანების დასაფარავად, რაც დასტურდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინებით.
ს.ს. “ს. ს. ბ.” მიერ კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრებული იქნა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 25 ივნისისა და 2003წ. 27 ივნისის განჩინებები შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, შპს “ს. ს. კ. ც.” მიერ გაშვებულია განჩინების გასაჩივრების ხუთდღიანი ვადა. სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრით შპს ითხოვდა ამ განჩინების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას, რაზედაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც მიუთითა. ხოლო ამ განჩინების გაუქმების მოთხოვნა წარმოადგენს არა დაზუსტებულ კერძო საჩივარს, არამედ დამოუკიდებელ კერძო საჩივარს დამოუკიდებელი მოთხოვნით, რომლის შეტანის ვადაც დარღვეული იქნა. სააღსრულებო ფურცლის გაუქმება წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნას და სკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე უკანონოდ მიიჩნევს სასამართლო კოლეგიის 2003წ. 25 ივნისის განჩინებას სააღსრულებლო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზეც, რომლის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება არ საჩივრდება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება რეგულირდება სსკ-ს 197-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს საჩივრის შეტანის და სადავო განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შეჩერების შესახებ უნდა გავრცელდეს მითითებული 197-ე მუხლის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ს.ს. “ს. ს. ბ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას შპს “ს. ს. კ. ც.” მიერ გასაჩივრებას ვადის გაშვების თაობაზე. სასამართლო კოლეგიის 2003წ. 26 მარტის განჩინებაზე შპს “ს. ს. კ. ც.” კერძო საჩივარი შეიტანა კანონით განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში. შპს აღნიშნული საჩივრით ფაქტობრივად ასაჩივრებდა ყადაღის დადების კანონიერებას, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარში მიუთითებდა და ითხოვდა სააღრულებო ფურცლის გაუქმებას. საკასაციო პალატამ სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო მიუთითა სასამართლო კოლეგიას, რომ დაეზუსტებინა ეს საკითხი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო კოლეგიამ თავდაპირველად შპს “ს. ს. კ. ც.” კერძო საჩივარი განუხილველად დატოვა მხოლოდ ამ მოტივით, რომ არ იყო გადახდილი ბაჟი. საკასაციო პალატის მიერ მითითებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ სასამართლო კოლეგიამ არსებითად იმსჯელა კერძო საჩივარზე და დააკმაყოფილა იგი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “ს. ს. კ. ც.” არ დაურღვევია განჩინების კერძო საჩივრის გზით გასაჩივრების 5 დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ სასამართლო კოლეგიას ს.ს-”ს. ს. ბ.” უნდა მიეცა შესაძლებლობა სააღასრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ 2003წ. 25 ივნისის განჩინების გასაჩივრების უფლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 197-ე მუხლი კერძო საჩივრის შეტანას უშვებს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან საჩივრის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე გამოტანილ განჩინებაზე და მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის შეჩერების საკითხი არ შეიძლება დარეგულირდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი ნორმებით. სსკ-ს 194-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაშვებულია სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერება ან უკვე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ხოლო 197-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა, როგორც აღინიშნა, შეიძლება მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების განჩინებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ს.ს. “ს. ს. ბ.” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ივნისის, 2003წ. 27 ივნისისა და 2003წ. 11 ივლისის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს. “ს. ს. ბ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ივნისის, 2003წ. 27 ივნისისა და 11 ივლისის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.