Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-196-87-კს-03 5 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: დაუყოვნებლივი აღსრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 აპრილს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხის სს “ს.” მიმართ სარჩელი აღძრა და სს “ს.” საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანების 1341598,16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2002წ. 18 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სს “ს.” მიმართ კიდევ ერთი სასარჩელო განცხადება წარადგინა და მოპასუხისათვის საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანების 701875,81 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და 6000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებით სკ-ს 182-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდა.

2003წ. 13 მაისს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა და ამავე კოლეგიის 2003წ. 15 აპრილის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივნისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიის 2003წ. 24 ივნისის განჩინებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში საბაჟო დეპარტამენტმა კერძო საჩივარი შეიტანა და ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე მიუთითა:

იგი აღნიშნავდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2002წ. დავალიანების ვადაზე გადაუხდელობის გამო საქართველოს კონტროლის პალატის შუალედური აქტით დარიცხულ საურავს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ვადის დადგომიდან საკმაოდ დიდი დრო იყო გასული და მოპასუხეც არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, იგი საბაჟო ორგანოს და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას თავს არიდებდა.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ იმპორტირებული საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას დავალიანების მქონე ორგანიზაციის კუთვნილი საქონელი საბაჟო საზღვარზე არ გაეშვა და ამით სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიენების დროული ამოღება უზრუნველეყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 ივლისის განჩინებით საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ,,თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”. საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დაადასტურა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლოვი აღსრულების გამოუყენებლობის შემთხვევაში, თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგებოდა სააქციო საზოგადოებას ან მომავალში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი რატომ გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივნისის განჩინება უცვლელად დატოვა და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივნისისა და 18 ივლისის განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივნისისა და 18 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 191-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.”

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 268-ე მუხლი დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებების ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ,,თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება”.

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გამოუყენებლობის შემთხვევაში, თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება სააქციო საზოგადოებას ან მომავალში აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი რატომ გახდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივნისისა და 18 ივლისის განჩინებები;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.