16 მაისი, 2019 წელი, საქმე № ას-429-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ქ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "მ.ო.ჯ.კ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სს „მ.ო.ჯ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა 2014 წლის 22 მაისის საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ, დ.ჯ–თვის დაკისრებული და გადაუხდელი დავალიანების გადახდევინების მიზნით, ნ.ქ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ....., ფართი 83.80 კვ.მ, ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან სადავო ქონება), რეალიზაციას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე, 372-ე და 374-ე მუხლებით.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 7 - დღიანი საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის. პალატის დასკვნით, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2019 წლის 18 თებერვალს, აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, მან სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის ნაწილში კი, ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის საფუძვლით, რომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქალაქო სასამართლოშივე ჰქონდა კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივარი წარდგენილი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი სრულად არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის აპელირება, რომ მას დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოშივე ჰქონდა წარდგენილი, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს - ს.ჩ–ს იმავე წლის 9 თებერვალს ჩაჰბარდა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 160-162; ჩაბარების დასტური, ს.ფ. 190), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყო და იმავე წლის 18 თებერვალს დასრულდა (ვინაიდან ხარვეზის შევსების მე-7 დღე 16 თებერვალი, უქმე დღე - შაბათი იყო) თუმცა, აღნიშნულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, მან სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში, მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
11. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: № ას-200-2019, 2019 წლის 26 მარტის განჩინება; № ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; № ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; № ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; № ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ქ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი