საქმე №ას-820-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ო-ძე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – 1. ნ. თ-ია (მოსარჩელე) 2. იბა „დ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ას (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე იბა „დ.-ის“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირ გ. გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 65 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
3. ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 55 000 აშშ დოლარის, ბინის ქირის – 49 000 აშშ დოლარისა და ზიანის – 25 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. მოპასუხემ საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
განმცხადებლის პოზიცია
5. 2019 წლის 11 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ო-ემ (შემდგომ – განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე ამხანაგობის წევრია და მიწვეული უნდა ყოფილიყო მოცემული საქმის განხილვაზე, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მას, ამხანაგობის სხვა წევრებთან ერთად, მოუწევთ თანხის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, 427-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენა დაუშვებელია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია, კანონიერ ძალაში შესული არ არის და საქმის წარმოება ჯერაც მიმდინარეობს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
9. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია თუ რომელი სასამართლოს განსჯადი იყო მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელმა მიმართა განსჯად სასამართლოს, რადგან საქმის წარმოება მიმდინარეობდა სააპელაციო პალატაში. მხარის მოსაზრებით, განცხადება უნდა განხილულიყო მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოება ჯერ დასრულებულ არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მეთერთმეტე კარი ეძღვნება საქმის წარმოების განახლების წესს, პირობებსა და პროცედურას. კანონმდებელი ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოსათვის წარდგენის საფუძვლებს და აწესებს მოთხოვნებს, რომელთაც ამგვარი განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს. იმ საკითხის გადასაწყვეტად, შეესაბამება თუ არა მხარის მიერ შეტანილი განცხადება კანონის მოთხოვნებს, სასამართლო სსსკ-ის 429-ე მუხლის ძალით ვალდებულია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
12. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას ადგენს სსსკ-ის 421-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
13. კანონის მითითებული დანაწესი აკონკრეტებს, თუ რა სახის სასამართლო აქტი შეიძლება გახდეს ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განცხადების ობიექტი. ასეთად მიჩნეული უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლითაც საქმის წარმოება არსებითად დასრულდა და დავის გადასაწყვეტად საბოლოო სამართლებრივი შედეგი დადგინდა.
14. საქმის წარმოების განახლების საპროცესო მექანიზმის მიზანია იმგვარი პროცედურის დადგენა, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაძლებლობას მისცემს მხარეებს ან დავის სამართლებრივი შედეგით ობიექტურად დაინტერესებულ პირებს, დაიცვან საქმის განხილვისას ხელყოფილი საკუთარი კანონიერი ინტერესები, რომლებიც უგულებელყოფილ იქნენ დავის წარმოების პროცესში ან რომელთა გათვალისწინება სასამართლოსა და ზემოაღნიშნულ პირთათვის საქმის განხილვისას შეუძლებელი იყო ობიექტური გარემოებების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ საქმეზე, რომლის წარმოებაც უკვე დასრულდა.
15. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ წარადგინა ისეთი სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე განცხადების შინაარსი არ უნდა იქნეს განმარტებული მარტოოდენ მისი მოთხოვნის საფუძველზე, არამედ მნიშვნელოვანია იმ მიზნის გარკვევა, რომლის მიღწევასაც განმცხადებელი ისახავდა. ასეთ მიზანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, შესაბამისად, განცხადება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს საჩივარს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ხელახლა უნდა იმსჯელოს განმცხადებლის მოთხოვნაზე, რა დროსაც უნდა დაადგინოს განმცხადებლის პროცესუალური სტატუსი და შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა წარმოდგენილი საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და მოცემული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ო-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე