Facebook Twitter

¹ბს-203-193(კს-06) 18 მაისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თბილისის საგადასახადო ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა; მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2004 წლის 22 დეკემბრის განჩინებით.

2005 წლის 15 ივნისს თბილისის საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა, იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების აღსრულება ვერ განხორციელდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ვინაიდან საგადასახადო ორგანოებში განხორციელებული რეფორმების შედეგად აღარ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექცია და, შესაბამისად, ამ ინსპექციის საქმის მწარმოებლის საშტატო ერთეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის იმგვარად შეცვლას, რომ განსაზღვრულიყო მოვალე, ის საგადასახადო ორგანო და საშტატო ერთეული, რომელზედაც მოხდებოდა ლ. ქ-ის აღდგენა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ე აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე.

ლ. ქ-ე 2000 წლის 21 აგვისტომდე მუშაობდა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის ¹281 ბრძანებულების საფუძველზე, 2000 წლის აგვისტოში საგადასახადო სისტემაში ჩატარდა რეფორმა, რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექცია და შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული _ გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექცია და ლ. ქ-ე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000 წლის 18 აგვისტოს ¹კ-85 ბრძანებით «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

«საქართველოს ფინანსთა სამინისტროს" საგადასახადო დეპარტამენტის ზონალურ-ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 მაისის ¹299 ბრძანებით შეიქმნა გლდანი-ნაძალადევის ზონალური საგადასახადო ინსპექცია, რომელიც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების საფუძველზე, სისტემაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, დღეისათვის გაუქმებულია. ამასთანავე, რეორგანიზაციის შედეგად საგადასახადო სისტემის საშტატო რიცხოვნობა, ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 2186 ერთეულისა, განისაზღვრა 1765-ით, ანუ შემცირდა 421 საშტატო ერთეული, რის გამოც და მოხელეები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის თანამდებობა, რომელზეც ლ. ქ-ე იქნა აღდგენილ 2004 წლის 1 ოქტომბრიდან აღარ არსებობს. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა, ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარება და მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. შესაბამისად, იმ პირობებში როცა აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა, შეუძლებელია მუშაკის თანამდებობაზე აღდგენა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩვარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა ნიშნავს აღსრულების ერთი სახეობის მეორეთი შეცვლას, ხოლო განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი, რომ შეიცვალოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალება და წესი იმგვარად, რომ განისაზღვროს მოვალე, ის საგადასახადო ორგანო და საშტატი ერთეული, რომელზეც უნდა მოხდეს ლ. ქ-ის აღდგენა, არ წარმოადგენს ზემოთ მითითებული ნორმით გათვალისწინებული აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად განმარტებას იმისა, თუ სად უნდა იქნეს აღდგენილი ლ. ქ-ე, სააპელაციო პალატის მითითებით, წარმოადგენს პირვანდელისაგან განსახიველ მოთხოვნას, რაც არ ყოფილა კერძო საჩივრის განხილვის საგანი გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას აფუძნებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და ითხოვს, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას იმგვარად, რომ განისაზღვროს ის ადგილი და თანამდებობა, რომელზედაც ლ. ქ-ე იქნება აღდგენილი.

საკასაციო სასამართლო თბილისის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე სრულად შეესაბამება ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპებს და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულებას და აღნიშნავს, რომ აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა ნიშნავს აღსრულების ერთი სახის მეორე სახით შეცვლას, ხოლო, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას, განისაზღვროს მოვალე და ის საშტატო ერთეული, სადაც ლ. ქ-ე იქნება აღდგენილი, ნიშნავს სასამართლოს მხრიდან ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რასაც ზემოაღნიშნული მუხლის დებულებები არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშნოს ან გაათავისუფლოს პირი, სასამართლო ახდენს მხოლოდ პირის უფლებების სასამართლო წესით დაცვას, ხოლო, რაც შეეხება ლ. ქ-ის შრომითი მოწყობის საკითხს, აღნიშნული უნდა გადაწყვიტოს თავად კერძო საჩივრის ავტორმა, პირისათვის შესაბამისი თანამდებობის შეთავაზებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა თბილისის საოქლო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.