საქმე №ას-589-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „გ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, 2013 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების ღირებულების – 118 784.43 ლარისა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის“ გადახდილი 2 500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2013 წლის 22 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე.
3. 2013 წლის 27 დეკემბერს მოპასუხემ შეადგინა წუნდებულ სამუშაოთა აქტები ... (...) სასაფლაოს გზაზე, გ. ქუჩაზე და ს. ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებზე. აღნიშნული აქტების მიხედვით: .... (....) სასაფლაოს გზაზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 22 630.54 ლარს; გ. ქუჩაზე – 48 650.56 ლარს; ს. ქუჩაზე კი – 47 503.33 ლარს. წარმოდგენილი წუნდების აქტების მიხედვით, სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 118 784.43 ლარს.
4. სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 8 აგვისტოს დასკვნით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, გ. ქუჩაზე შესრულებული სამუშაოები შეესაბამება სამშენებლო სტანდარტების მოთხოვნებს; დადებითი დასკვნა გაიცა .... (...) სასაფლაოს გზაზე შესრულებულ სამუშაოებზე; ს. ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზამ მიუთითა, რომ ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ტკეპნის ხარისხი შეადგენს 98%-ს, ნაცვლად 99%-ისა; ს. ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებზე სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნით, დიდი დახრილობის მქონე გზებზე, კერძოდ ისეთზე, როგორიც მოცემულ შემთხვევაშია, ა/ბეტონის ტკეპნის ტექნოლოგიის დაცვის პირობებში მიღებულმა ა/ბეტონის ტკეპნისა და ფორიანობის სიდიდეებმა შესაძლებელია ვერ დააკმაყოფილოს ზემოაღნიშნული სტანდარტისა და ს.ნ. წესების მოთხოვნები. წარმოდგენილი დასკვნებით უტყუარად დასტურდება შესასრულებელი სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის ფაქტი, რაც იწვევს მოპასუხის მხრიდან შესაბამისი თანხის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას.
5. მოსარჩელემ 2015 წლის 8 იანვარს №3 წერილით მიმართა მოპასუხეს და გამოთქვა მზადყოფნა თანხის გადახდევინების ნაწილში მორიგებასთან დაკავშირებით, რაზეც მოწინააღმდეგე მხრიდან რაიმე სახის რეაგირება არ მომხდარა. აღნიშნული მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებაზე.
6. 2013 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მოპასუხე ობიექტზე პერიოდულ ინსპექტირებას და კონტროლს ახორციელებდა თავად მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მეშვეობით. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტზე წუნდების აქტის გაფორმებით მოპასუხეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 118 784.43 ლარის ოდენობით. მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატა ობიექტის ინსპექტირების და ჩაბარების წესების დარღვევაში და შესრულებული სამუშაო უკანონოდ ცნო წუნდებულად. ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება მის მიმართ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, საექსპერტო მომსახურეობისთვის მოსარჩელემ გადაიხადა 2 500 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რაც გულისხმობს, რომ სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს წუნდების აქტებს და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
8. 2013 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოსარჩელის მიერ შეუსრულებლობის გამო, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 21 იანვარს. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარის მიერ შესრულებული შესაბამისი სამუშაოები დაწუნებულ იქნა უფლებამოსილი ორგანოს მიერ. საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან რაიმე ვალდებულებებისგან თავის არიდებაზე მითითება. ხსენებული სამუშაოების წუნდება მხარეებს სადავო არ გაუხდიათ. პირიქით, აქტის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს მოსარჩელის მთავარი ინჟინერი.
9. მოპასუხის განმარტებით, მიმწოდებელმა თავად დაადასტურა ის გარემოება, რომ წუნდებულ აქტებში მითითებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამებოდა არსებულ მოთხოვნებს. მის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები შესრულებულია სამუშაოების წარმოებიდან 8 თვისა და 11 თვის შემდეგ, რის გამოც შეუძლებელია, ისინი ობიექტურად ასახავდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
10. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, რის შემდეგაც მას წარმოეშობოდა თანხის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მიმწოდებლის მიერ სამუშაოები შესრულდა წუნდებით და ისე შეწყდა მათ შორის ხელშეკრულება, რომ ხარვეზი არ გამოსწორებულა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 8 აგვისტოს დასკვნა არ ადასტურებს ყველა მისამართთან მიმართებით სამუშაოების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
11. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნა იმპერატიული ხასიათის არ არის და მასში პოზიცია მითითებულია „ვარაუდისა“ და „შესაძლებლობის“ დონეზე.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 118 784.43 ლარისა და 2 500 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 22 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმდა ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
16. 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდულ კონტროლს, ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი ახორციელებდა. 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, შემსყიდველის მიერ დაქირავებულ საექსპერტო ჯგუფს, შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმება უნდა განეხორციელებინა და შემოწმების შედეგები შემსყიდველისთვის ეცნობებინა, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო.
17. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს წუნდებულ სამუშაოთა აქტები შედგა ... (...) სასაფლაოზე, გ. ქუჩაზე და ს. ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ქ.თბილისში, ... (...) სასაფლაოს გზის კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის, ნარევის გრანულომეტრიის ხარისხისა და სისქეების დადგენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: კერნის დატკეპნის ხარისხი 94%-ს, 95%-ს, 93%-ს, 97%-ს შეადგენს. გოსტი 9128-84-ით კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენს. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის საერთო ფართი 1 337.6კვ.მ-ია, რომლის ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 22 630.54 ლარს შეადგენს. გ. ქუჩის (სახლი №...-დან სახლი ...-ის ჩათვლით) კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის, ნარევის გრანულომეტრიის ხარისხის და სისქეების დადგენის მიზნით, 2013 წლის 13 დეკემბერს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას დაფიქსირდა, რომ კერნის დატკეპნის ხარისხი 97%-ს, ხოლო, გოსტ 9128-84-ით, კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენს. ამასთან, საკონტროლო კერნის მიხედვით, დაგებული ა/ბეტონის საფარის ქვედა სისქე საპროექტო 60 მმ-ის, ნაცვლად 40 მმ იყო. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის ქვედა ფენის ფართი 120.0კვ.მ-ს, ხოლო ზედა ფენის-929.5 კვ.მ.-ს შეადგენდა, რომლის საერთო ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 18 526.69 ლარი იყო.
18. 2013 წლის 27 დეკემბრის აქტის თანახმად, გ. ქუჩის შესახვევის კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის და ნარევის გრანულომეტრიის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: 2013 წლის 5 ოქტომბრისა და 2013 წლის 13 დეკემბრის ლაბორატორიული დასკვნების მონაცემების მიხედვით, კერნის დატკეპნის ხარისხი შესაბამისად 96%-სა და 97-97%-ს, ხოლო გოსტ 9128-84-ით კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენდა. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის საერთო ფართი 1 780.5კვ.მ-ია, რომლის ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 30 123.87 ლარს შეადგენდა.
19. ქ.თბილისში, ს. ქუჩის კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის და ნარევის გრანულომეტრიის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: კერნის დატკეპნის ხარისხი შესაბამისად 94-94%-ს, ხოლო, გოსტ 9128-84-ით კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენდა. ამასთანავე, ტროტუარებსა და ეზოში შესასვლელებზე დაგებული ა/ბეტონის საფარი ვიზუალურად ფორიანი იყო და ზემოქმედებისას ზედაპირი იშლებოდა. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის ფართი 2 630.0კვ.მ, შესასვლელის – 78 კვ.მ.-ს და ტროტუარის – 114.0 კვ.მ-ს, რომლის ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 47 503.33 ლარს შეადგენდა.
20. 2015 წლის 8 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თხოვნით მიმართა.
21. მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება – 118 784.43 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურდა.
22. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, შემსრულებლის მიმართ, 118 784.43 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.
23. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.
24. უდავოა ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა (სსკ-ის 630-ე მუხლი) და წესზე (სსკ-ის 648-ე მუხლი) შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს აცნობოს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ და შესრულებული ვალდებულების შესახებ ანგარიშები წარუდგინოს. ამასთანავე, სამუშაოების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შემსყიდველის მიერ დაქირავებულ საექსპერტო ჯგუფს ობიექტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება უნდა განეხორციელებინა. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დროს საექსპერტო ჯგუფი დეფექტს ან ნაკლს გამოავლენდა, მას შემსყიდველისთვის შემოწმების დროს აღმოჩენილი ნაკლის შეტყობინების ვალდებულება გააჩნდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად კი, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ამავე ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ დათქმა გაკეთდა.
25. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სსკ-ის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
26. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯეროვან შესრულებასთან მიმართებით მხარეთა შორის სპეციფიკური პირობები არ შეთანხმებულა. ხელშეკრულების თანახმად, შესრულებულ სამუშაოს მხოლოდ სამშენებლო სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინა.
27. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებაა და საქმის მასალებში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომ მენარდემ სამუშაოები დაგვიანებით დაასრულა. 2013 წლის 27 დეკემბერს შედგა წუნდების აქტები, რომლითაც მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გარკვეული ხარვეზები დაუდგინდა, აღნიშნულ აქტს ხელს თავად მენარდეც აწერს.
28. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ნაკლიანი შესრულების პირობებში, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს, რაც სსკ-ის 642-ე მუხლით არის გათვალისწინებული, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი შემკვეთს ნაკლის საკუთარი ძალებით აღმოფხვრისა და ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლებას ანიჭებს (სსკ-იის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი თქვას (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი) ამცირებს. დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი) გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შედეგობრივად ყოველთვის სანქციის დაკისრებას/დამატებითი ვადის დაწესებას/სამუშაოს არ მიღებას უკავშირდება, ანუ შესრულების ნაკლს თავისი საფასური აქვს. ნიშანდობლივია, რომ არაჯეროვანი შესრულება სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისგან და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგებისგან, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა უფრო მკაცრ სანქციას – შემკვეთის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმას შეიძლება დაუკავშირდეს.
29. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა, სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის თანახმად.
30. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შემკვეთმა, ნაკლის გამო, პრეტენზია განაცხადა, მენარდეს დაუწესა დამატებითი ვადა ან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.1 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენა და ნაკლიანი შესრულებისთვის მენარდეს პირგასამტეხლო დააკისრა. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო, მეტიც, მენარდის მიერ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებისა და შემდეგ სარჩელის აღძვრის მიზეზი სწორედ ის გარემოება გახდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სადავო საგზაო მონაკვეთის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გზა ექსპლუატაციაში მიღებული იყო. აპელანტი მხარე საქმის ზეპირი განხილვის დროს, მხოლოდ სიტყვიერი შედავებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ნაკლიანი შესრულება, რა თქმა უნდა, გულისხმობდა იმას, რომ სადავო გზის მონაკვეთებს ექსპლუატაციაში მიღებამდე გარკვეული გაუმჯობესება ჩაუტარდა, თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
31. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ გზის სადავო მონაკვეთები ექსპლუატაციაშია მიღებული. საქმის მასალებით არ დასტურდება ექსპლუატაციაში მიღებამდე გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ნაკლის გამოსასწორებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარების ფაქტი.
32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შემკვეთი შესრულებას იღებს და, ნაკლის გამოსასწორებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე, გზის ექსპლუატაციას ახდენს, ასეთ ვითარებაში შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თუ შემკვეთის მტკიცება შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, შესრულებული სამუშაოს ექსპლუატაციაში მიღების შედეგად შემკვეთს მარტოოდენ ფასის შემცირების ან ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ანაზღაურების უფლება უნარჩუნდება და აღნიშნული გარემოება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის წინაპირობას არ წარმოადგენს. ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი მარტოოდენ შესრულების მიღებაზე უარია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ფიქსირდება, რადგან გზა ექსპლუატაციაშია მიღებული, ხოლო შემკვეთს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ წუნდებული გზის მონაკვეთის შესაკეთებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა და ხარჯები გასწია.
33. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (შემკვეთი) მოსარჩელის (მენარდის) მიერ შესრულებული ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად შპს „ლ.“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე და მხარეთა მიერ ხელმოწერილ წუნდების აქტებზე მიუთითებდა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არსებობს მენარდის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის“ ბიუროს დასკვნები, რომლებიც შინაარსობრივად აპელანტის მიერ წარდგენილ დასკვნებს არ ემთხვევა, კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს“, საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 8 აგვისტოს და სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნების თანახმად, დიდი დახრილობის მქონე გზებზე, როგორიც იყო ა/ბეტონის ტკეპნის ტექნოლოგიის დაცვის პირობებში მიღებულმა ა/ბეტონის ტკეპნისა და ფორიანობის სიდიდეებმა, შესაძლებელია ვერ დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტისა და ს.ნ. ნორმები. დასკვნის კვლევით ნაწილში (ს.ფ. 44) აღნიშნულია, რომ ქ.თბილისში, გომბორის ქუჩაზე აღებული ა/ბეტონის საფარის ზედაფენის დატკეპნის ხარისხი 99%-ია, ხოლო ფორიანობა 6.8.%, 101%, ხოლო ფორიანობა 4.3%, რაც შეესაბამება გოსტ 9128-84-ის და 3.06.03-85-ის ს.ნ. ნორმებს. ასევე, კუკიის სასაფლაოს შიდა გზაზე აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშებიც ზემოაღნიშნულ სტანდარტებსა და ს.ნ. ნორმებთან შესაბამისობაშია. რაც შეეხება, ქ. თბილისში, საჭილაოს ქუჩაზე აღებული ა/ბეტონის ზედა ფენის ნიმუშებს, დატკეპნის ხარისხი 98%-ის ტოლია და ფორიანობა 7.1.%, რაც 1%-ის სხვაობით გოსტ 9128-84-ის და ს.ნ. და წესების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ დიდი დახრილობის მქონე გზებზე, როგორიც მოცემული/გზის დახრილობა 6 გრადუსი, ა/ბეტონის ტკეპნის ტექნოლოგიის დაცვის პირობებში მიღებულმა ა/ბეტონის ტკეპნის და ფორიანობის სიდიდეებმა შესაძლებელია ვერ დააკმაყოფილოს ზ/აღნიშნული სტანდარტისა და ს.ნ. და წესების მოთხოვნები, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ეს სიდიდეები მაქსიმალურადაა მიახლოებული (სხვაობა 1%) სტანდარტისა და ს.ნ. და წესების მოთხოვნებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, თბილისში, გ. ქუჩა ...-ის პირდაპირ აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის დატკეპნის ხარისხი 99%-ია, ხოლო ფორიანობა-6.8%-ს შეადგენს, რაც გოსტ 9128-84-ისა და 3.06.03.-75-ის ს.ნ. ნორმებს შეესაბამება. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ. ქუჩა ....-თან აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის დატკეპნის ხარისხი 101%-ია, ხოლო ფორიანობა-4.3%-ს შეადგენს, რაც გოსტ 9128-84-ისა და 3.06.03.-75-ის ს.ნ. ნორმებს შეესაბამება. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... სასაფლაოს შიდა გზაზე აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის დატკეპნის ხარისხი 101%-ია, ხოლო ფორიანობა-3.9%-ს შეადგენს, რაც გოსტ 9128-84-ისა და 3.06.03.-75-ის ს.ნ. ნორმებს შეესაბამება. შესაბამისად ცალსახაა, რომ მენარდის მიერ შესასრულებელი სამი გზის სამუშაოებიდან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ორ მონაკვეთზე განაცხადა, რომ იგი დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისი იყო, ხოლო ერთ მონაკვეთზე აღნიშნა, რომ მისი დახრილობის გამო, განხორციელებული სამუშაოები შესაძლებელია დადგენილ სტანდარტებსა და ს.ნ. ნორმებს ვერ აკმაყოფილებდეს, თუმცა მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და დაწესებულ სტანდარტს შორის მხოლოდ მინიმალური, 1%-იანი სხვაობა არსებობს, რაც სააპელაციო პალატის აზრით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არაჯეროვან შესრულებად დაკვალიფიცირების წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ არა შესასრულებელი სამუშაოების რაიმე კონკრეტულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე, არამედ, შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო, და ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოები ამ სფეროში დაწესებულ მშენებლობის სტანდარტებს შეესაბამებოდა, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მენარდემ უნაკლოდ შეასრულა სამუშაო. ამ მიმართებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან ისინი სამუშაოების შესრულებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ იყო შედგენილი და, გარდა ამისა, შპს „ლაბორატორიის“ მიერ ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, განხორციელებული იყო მხოლოდ გზის გარკვეულ ადგილებზე, რაც ექსპერტიზის დასკვნის სრულყოფილად მიჩნევის საფუძველს არ იძლეოდა. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. წერილობითი მტკიცებულება სსკ-ის 134-ე მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ დოკუმენტის, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობაა ან ის გზა თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები.
35. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტის მოსაზრება გაზიარებული იქნებოდა, შპს „ლ.“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების უაპელაციოდ გაზიარების საფუძვლები მაინც არ იარსებებდა, ვინაიდან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ცალსახად აღნიშნა, რომ გზის ორ მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ხოლო მესამე მონაკვეთის სპეციფიურობის გამო მინიმალური, 1%-იანი, ცდომილება არსებობდა, აღნიშნული კი შპს „ლ.“ მიერ შედგენილი დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნით მთელი შესრულებული სამუშაო ნაკლიანად არის ცნობილი. ხსენებული გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აპელანტ მხარეს სადავო გზების მონაკვეთზე გაუმჯობესების/დამატებითი სამუშაოების განხორციელებისა და აღნიშნულის შემდეგ გზების ექსპლუატაციაში მიღების ფაქტის სამტკიცებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის საქმეში არსებული სხვა გარემოებების გათვალისწინებასთან ერთად სასამართლო არა შპს „ლ.“, არამედ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას უნდა დაეყრდნოს.
36. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ წუნდების აქტებზე შემსრულებლის ხელმოწერა ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი უცილო მტკიცებულებაა, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამ მიმართებით, სასამართლო მიუთითებს, რომ წუნდების აქტზე ხელმოწერა ფორმალური პროცედურაა, ისეთი სპეციფიური სამუშაოს შესრულება, როგორიც გზის მშენებლობაა, ბევრ ბიუროკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული.
37. საწინააღმდეგო მტკიცებულების, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების არსებობის პირობებში, წუნდების აქტზე ხელმოწერა, აპრიორი, ნაკლიანი შესრულების დადასტურებას, მით უფრო, ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობის დაკარგვას არ ნიშნავს და, შესაბამისად, ასეთი დოკუმენტის არსებობა შემკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლების, ან/და მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
38. სააპელაციო პალატამ აღინიშნა, რომ ნივთობრივი ნაკლის თაობაზე წარმოშობილი დავისას არაჯეროვანი შესრულების მტკიცება შემძენს/შემკვეთს ეკისრება, რომელიც კანონით განსაზღვრული წინდახედულობის დარღვევის შემთხვევაში შედავების უფლებას კარგავს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ნივთობრივი ნაკლის გამოვლენის თაობაზე მხარეთა შორის ვადა დათქმული არ ყოფილა, არც ნაკლის აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ფასის დაანგარიშებულა, მეტიც, შემკვეთმა შესრულება მიიღო და განკარგა იგი (ექსპლუატაციაში მიიღო), ხოლო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ნაკლის არსებობის თაობაზე მის შედავებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განკუთვნადობის თვალსაზრისით, აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელებული შედავება არ შეიძლება გახდეს საკმარისი წინაპირობა შესრულების ნაკლის დადგენისათვის. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება წარმოადგენს.
39. ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.
40. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო დადგენილ სტანდარტებს შეესაბამებოდა, ასევე, არაჯეროვანი შესრულების მოტივით შემკვეთმა მიმართა არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს, არამედ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, ამდენად, აპელანტის ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისათვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ მიღებული შესრულების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა, მით უფრო კი ისეთ პირობებში, როდესაც მხარე სამუშაოს იმ სახით მიღების ფაქტს, როგორიც მან მენარდისაგან მიიღო, ვერ უარყოფს და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აპელანტის მიერ მიწოდებული საქონლის ნაკლოვანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას/გაფრთხილებას დაადასტურებდა.
42. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
43. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
44. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოსა და 18 ნოემბრის დასკვნები, რომლებიც წარმოდგენილ იქნენ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. შეუძლებელია, თვეების შემდეგ წარმოდგენილმა დასკვნამ სათანადოდ შეაფასოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არსებობდა წუნდების აქტების შედგენისას. ამასთან, აღნიშნული დასკვნები ეხება მხოლოდ ხელშეკრულების ობიექტის რამდენიმე წერილს და არა შესაკეთებელი გზის მთლიან პერიმეტრს.
45. სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა ის გარემოება, რომ 2014 წლის 8 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ს. ქუჩაზე შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტს, 18 ნოემბრის დასკვნა კი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებდა.
46. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მსჯელობა მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის პირობებში მას უფლება ჰქონდა, წარედგინა წუნდების აქტები.
47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
48. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
50. მხარეთა შორის 2013 წლის 22 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმდა ქალაქ თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩატარება. ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
51. 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდულ კონტროლს, ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი ახორციელებდა. 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, შემსყიდველის მიერ დაქირავებულ საექსპერტო ჯგუფს, შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმება უნდა განეხორციელებინა და შემოწმების შედეგები შემსყიდველისთვის ეცნობებინა, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო.
52. 2015 წლის 8 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თხოვნით მიმართა.
53. მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 118 784.43 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურდა.
54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
56. საკასაციო პალატა დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო იყო ნაკლიანი, რასაც ადასტურებს მოპასუხის მიერ წარდგენილი წუნდების აქტები. სააპელაციო პალატამ კი არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მიერ დართული ექსპერტიზის დასკვნები.
57. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
58. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
59. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
60. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
61. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ გაუწია გარკვეული მომსახურება, რის სანაცვლოდაც, მოპასუხეს ანაზღაურება მისთვის არ გადაუხდია.
62. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).
63. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ შესრულებული სამუშაოს ექსპლუატაციაში მიღების შედეგად შემკვეთს მარტოოდენ ფასის შემცირების ან ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ანაზღაურების უფლება უნარჩუნდება და აღნიშნული გარემოება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის წინაპირობას არ წარმოადგენს.
64. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა და შეფასება ხდება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შესწავლის შედეგად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აგვისტოსა და 18 ნოემბრის დასკვნებით. აღნიშნული კუთხით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომელიც მოცემული წინამდებარე განჩინების 34 პუნქტში.
65. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
66. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
67. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
68. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე