საქმე №ას-720-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – 1. ნ. დ-ია, რ. მ-ი, შ. მ-ი; 2. მ. ხ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 და 11 მარტის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითად სარჩელში) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ა. ჯ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ნ-ის“ წევრების – ნ. დ-იას (შემდგომ – შეგებებული სარჩელის ავტორი), რ. მ-ის, შ. მ-ის (შემდგომ – პირველი აპელანტი მოპასუხეები), მ. ხ-ის (მეორე აპელანტი მოპასუხე), თ. ც-ის, გ. ტ-ისა და ქ. კ-ის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 170356 ლარისა და 73 თეთრის, 2015 წლის 27 სექტემბრიდან 2015 წლის 22 აპრილამდე – 466096 ლარისა და 91 თეთრის, ასევე, 2015 წლის 22 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 25 აპრილს მოპასუხე ამხანაგობასთან დადო ხელშეკრულება ლითონის პროდუქციის მიწოდების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია.
3. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება.
4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონზე, თუმცა მიღებული თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად, ვინაიდან დავალიანება აუქციონის ჩატარების მომენტისათვის შეადგენდა 497234,7 ლარს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული საკასაციო პალატის მიერ, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
6. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით დატვირთული ქონების ფარგლებში. ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად შეზღუდვაც გაუქმდა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხისაგან დავალიანების დარჩენილი ნაწილი და შესაბამისი პირგასამტეხლო.
მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ 2011 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური, მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე, 54-56-ე, 59-ე, 61-ე, 115-ე და 346-ე მუხლების თანახმად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ფიზიკურ პირებს, როგორც ინდივიდუალური ბინათმენაშენეთა ამხანაგობის შექმნის შესახებ 2007 წლის 30 ნოემბერს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 170356 ლარისა და 73 თეთრის, ასევე, პირგასამტეხლოს – 170356 ლარისა და 73 თეთრის ლარის 0.03 პროცენტის გადახდა 2015 წლის 27 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც აპელანტმა მოპასუხეებმა და შეგებებული სარჩელის ავტორმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით პირველი აპელანტი მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, ასევე შეგებებული სარჩელის ავტორის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული ვადა პირველი აპელანტების თხოვნით გაგრძელდა 7 დღით.
11. განჩინების ასლი გაეგზავნათ პირველ აპელანტებს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართებზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საფოსტო შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ერთ-ერთ პირველ აპელანტს როგორც პირადად, ასევე, როგორც პირველი აპელანტის ოჯახის წევრს (სიდედრს) 2019 წლის 8 თებერვალს.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელის ავტორმა, რომელმაც წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველმა აპელანტებმა მას დაუთმეს მოთხოვნის უფლება. სააპელაციო საჩივარზე თანდართულია მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ასლები.
14. მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ან მოხდეს მისი გადავადება, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მართლმსაჯულებისათვის ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზებისათვის და არ უნდა მოხდეს ამ უფლების გამოყენება არამართლზომიერად, არაკეთილსინდისიერად. ისევე როგორც მოთხოვნის უფლების დათმობა შესაბამისი პირისათვის, რომელიც სარგებლობს შესაბამისი შეღავათებით, არ უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავის არიდებას.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარზე თანდართული ხელშეკრულებების (მოთხოვნის დათმობის შესახებ) დადების თარიღებსა და ზოგადი ხასიათის შინაარსზე, რის შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების დადების მიზანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოცემულ საქმეზე აპელანტებისთვის გადასახდელად დადგენილი სახელწიფო ბაჟისგან თავის არიდება, რაც, პალატის მოსაზრებით, შეგებებული სარჩელი ავტორის უფლებამონაცვლეობის დადგენასა და მის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ 2019 წლის 20 თებერვალს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე დართული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებები სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს უფლებამონაცვლეობის დასადგენად კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტს.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტების მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა.
18. სსსკ-ის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი აპელანტების სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სარჩელის ავტორის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მეორე აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსები ვადა მეორე აპელანტს გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი გაგეზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე.
21. საფოსტო შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა პირველ აპელანტს, 2018 წლის 19 დეკემბერის განჩინების ასლი ჩაბარდა მეორე აპელანტის წარმომადგენელს პირადად 2019 წლის 1 მარტს. მიმღები პირების სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, ჩაბარების თარიღი და ხელმოწერები გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათებზე.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბერის განჩინების ასლი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით მის მიერ მითითებულ მისამართზე და შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება.
23. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მხრიდან დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ მათ სასამართლოსათვის უცნობებიათ.
24. შესაბამისად, სსსკ-ის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
კერძო საჩივრების მოთხოვნები და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებაზე მეორე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
26. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ შეაფასა მისი ქონებრივი მდგომარეობა და უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების შესახებ. მხარემ წარადგინა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მეორე აპელანტს გააჩნია კრედიტი 90 000 აშშ დოლარის ოდენობით. მან ვერ მოახერხა ამხანაგობაში კუთვნილი წილის გასხვისება და აღნიშნული თანხის დაფარვა, რადგან საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მის ქონებას დაედო ყადაღა.
27. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სსკ-ის 463-ე, 467-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა 5000 ლარის გადახდა მაშინ, როდესაც სოლიდარულ ვალდებულებაში მისი წილი გაცილებით ნაკლები იყო.
28. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს პირველმა მოპასუხეებმა და შეგებებული სარჩელი ავტორმაც და მოითხოვეს მისი გაუქმება. მათ განმარტეს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული იყო მხარეთა შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები. შესაბამისად, სასამართლომ უკანონოდ არ მიიღო ისინი და შელახა კერძო საჩივრის ავტორთა უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
31. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
32. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სამივე აპელანტს (პირველ აპელანტ მოპასუხეებსა და მეორე აპელანტ მოპასუხეს) დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა. მეორე აპელანტ მოპასუხეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული საპროცესო ვადა მხარეთა თხოვნით 2018 წლის 7 დეკემბრის განჩინებით 7 დღით გაგრძელდა.
34. განჩინების ასლი გაეგზავნათ აპელანტებს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართებზე.
35. საფოსტო შეტყობინების ბარათებით დასტურდება და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ერთ-ერთ პირველ აპელანტს როგორც პირადად, ასევე, როგორც პირველი აპელანტის ოჯახის წევრს (სიდედრს) 2019 წლის 8 თებერვალს.
36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 თებერვალს სააპელაციო სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელის ავტორმა, რომელმაც წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველმა აპელანტებმა მას დაუთმეს მოთხოვნის უფლება. სააპელაციო საჩივარზე თანდართულია მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ასლები.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
38. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.)
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლისათვის სავალდებულოა ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც შესრულებული იყო მის დაშვებამდე იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა მისი წინამორბედისათვის.
40. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე.
41. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით პირველ აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა და შემდგომში სასამართლოს მიერ გაგრძელდა. ამდენად, ვინაიდან მოთხოვნის დათმობა განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის და ვადის გაგრძელების შემდეგ, აღნიშნული განჩინების შესრულება შეგებებული სარჩელის ავტორისათვის, როგორც მოთხოვნის შემძენისათვის, სავალდებულო იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან (იხ. სუსგ 23.07.2012წ. საქმე №ას-957-899-2012)
42. რაც შეეხება მეორე აპელანტს, 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსები ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
43. საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, 2018 წლის 19 დეკემბერის განჩინების ასლი ჩაბარდა მეორე აპელანტის წარმომადგენელს პირადად 2019 წლის 1 მარტს, რაც ასევე უდავოა.
44. აღნიშნულის მიუხედავად, არცერთ აპელანტს სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
45. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მეორე აპელანტი მოპასუხის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
46. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
47. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესებით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
49. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
50. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
51. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
52. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).
55. მოცემულ შემთხვევაში მეორე მოპასუხე აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ გააჩნია საკრედიტო ფულადი ვალდებულება, თუმცა აღნიშნული გარემოება მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას უტყუარად არ ადასტურებს. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.
56. დაუსაბუთებელია მეორე აპელანტი მოპასუხის მითითება, რომ მან სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს მოპასუხეთა სოლიდარული ვალდებულების კუთვნილი წილის პროპორციულად. სააპელაციო პალატამ აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ოდენობიდან მართებულად დაკისრა. რაც შეეხება უშუალოდ აპელანტებს შორის აღნიშნული ოდენობის გადანაწილებას, მითითებული საკითხი სცდება მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს კომპეტენციას.
57. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. დ-ას, რ. მ-ის, შ. მ-ისა და მ. ხ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 და 11 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე