Facebook Twitter

საქმე №ას-787-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. და მ. კ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ს-ძე, ლ. კ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ. ს-ემ და ლ. კ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და მ. კ-ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული 936 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმებისა და მოსარჩელეთათვის 613 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალურად გამოყოფის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები თანასაკუთრების უფლებით ფლობენ უძრავ ქონებას. მათ შორის ადრეც მიმდინარეობდა დავა ფართის გაყოფასთან დაკავშირებით, რაც მოწესრიგდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამჟამად მათ თანასაკუთრებაშია 936 კვ.მ, საიდანაც მოსარჩელეებს უნდა გამოეყოთ 613 კვ.მ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე გადაიდო 2019 წლის 4 თებერვლისათვის, 17:00 საათზე. 2019 წლის 31 იანვრის სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ასევე თავად ერთ-ერთი მოპასუხე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულებები ს.ფ. 135-136). სხდომის ოქმს ერთვის ხელწერილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის გაფრთხილების თაობაზე, რასაც ხელს აწერს მოპასუხე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელი (ს.ფ. 205-212).

7. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2019 წლის 4 თებერვალს (ს.ფ. 213-214). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ ესწრებოდნენ, მაგრამ მათთვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი.

8. დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2019 წლის 7 მარტს (ს.ფ. 227).

9. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.

10. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წარადგინა 2019 წლის 21 მარტს (ს.ფ. 229-240).

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 374-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების ასლი მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა 2019 წლის 7 მარტს წარდგენილი განცხადებით და იმავე დღეს ჩაიბარა.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2019 წლის 4 თებერვლიდან) 31-ე დღეს – 7 მარტს. ეს ვადა კი მე-14 დღეს – 2019 წლის 20 მარტს ამოიწურა 24:00 საათზე (ოთხშაბათი). სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და წარდგენილია 2019 წლის 21 მარტს (მე-15 დღეს). სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

13. საქმის მასალების თანახმად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც, სსსკ-ის 46-ე მუხლით დადგენილი შეღავათებიდან, ან საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს წარმოუქმნიდა მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებას.

14. ვინაიდან, პირველ ინსტანციაში მოპასუხე მხარის გასაჩივრების უფლების მქონე წარმომადგენელმა (რწმუნებულებები ს.ფ. 135-136) სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით – 2019 წლის 21 მარტს, სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაარღვია საქმის განხილვისა და შემდეგ გადაწყვეტილების მომზადების ვადები. სააპელაციო პალატამ წინამდებარე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა განიხილა სსსკ-ის 374-ე მუხლით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით, მე-11 დღეს.

17. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადას, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დაუშვებელია აღნიშნული ვადის იმგვარად კორექტირება, რომ შედეგად მხარის მდგომარეობა გაუარესდეს. აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2019 წლის 7 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით ამავე წლის 21 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

21. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

22. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

23. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2019 წლის 31 იანვრის სხდომაზე გადაიდო 2019 წლის 4 თებერვლისათვის, 17:00 საათზე. 2019 წლის 31 იანვრის სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ასევე თავად ერთ-ერთი მოპასუხე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულებები ს.ფ. 135-136). სხდომის ოქმს ერთვის ხელწერილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის გაფრთხილების თაობაზე, რასაც ხელს აწერს მოპასუხე და მოპასუხე მხარის წარმომადგენელი (ს.ფ. 205-212).

25. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2019 წლის 4 თებერვალს (ს.ფ. 213-214). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ ესწრებოდნენ, მაგრამ მათთვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი.

26. დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2019 წლის 7 მარტს (ს.ფ. 227).

27. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.

28. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წარადგინა 2019 წლის 21 მარტს (ს.ფ. 229-240).

29. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავთ. შესაბამისად, მათ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან – 2019 წლის 7 მარტიდან, შესაბამისად, მხარეს სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და წარდგენილია 2019 წლის 21 მარტს (მე-15 დღეს), კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო.

31. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

32. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

33. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, წარმოდგენილი არ წერილობითი დოკუმენტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების განმავლობაში მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და მ. კ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე