Facebook Twitter

საქმე №ას-708-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 90705,65 ლარის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 8 ივლისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების ობიექტია ვაკის რაიონის ტერიტორიაზე ექვს სხვადასხვა მისამართზე საყრდენი კედლების მოწყობა-შეკეთების სამუშაოების ჩატარება. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 277000 ლარით.

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2015 წლის 5 ოქტომბრისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს შემსყიდველის მხრიდან 2015 წლის 4 აგვისტოს წერილით ეცნობა სამუშაოების შესრულების ვადები კონკრეტული ობიექტების მითითებით. 2015 წლის 15 ოქტომბერს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 4.1 პუნქტში, შეიცვალა ორ ობიექტზე სამუშაოების ბოლო ვადა.

4. მოპასუხემ სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მხოლოდ ორ მისამართზე დაასრულა. შესრულდა 47756 ლარის სამუშაო. ოთხ მისამართზე დაირღვა სამუშაოების შესრულების ვადა. ამასთან, ნაწილობრივ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელემ 2015 ლის 31 დეკემბერს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

5. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელი გადააცილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ სამუშაოთა შესრულების ვადებს, რის გამოც მოპასუხემ არ დაადასტურა მათი მიღება ხელმოწერით და მოითხოვა კორექტირების შეტანა როგორც ვადებში, ასევე შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობაში. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ არ შეცვალა გეგმა-გრაფიკით დაშვებული შეუსაბამობები და არ შეუსაბამა იგი ხელშეკრულებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს ანაზღაურებს შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ერთ-ერთ ობიექტზე დარიცხული პირგასამტეხლოს – 63 064,52 ლარის დაკისრების შესახებ. ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების შესრულების ვადა მოპასუხის ბრალით არ გადაცილებულა.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს იმ სადავო გარემოების დადგენა, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხის ბრალით.

11. 2015 წლის 8 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა-შეკეთების სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 30 აგვისტომდე. 2015 წლის 15 ოქტომბრის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ... გზატკეცილი №...-....-ში სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებული საბოლოო ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 ოქტომბრით.

12. რაც შეეხება, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, ... გზატკეცილი №....-...-ში აღნიშნული განისაზღვრა 87 628,35 ლარით.

13. შემკვეთმა 2015 წლის 31 დეკემბერს, ცალმხრივად შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 8 ივლისის ხელშეკრულება.

14. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ ... გზატკეცილი №....-....-ში ვალდებულება დროულად არ შეასრულა და ვადაგადაცილება შეადგენს 86 კალენდარული დღეს. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეს სამუშაოები დასრულებული არ ჰქონდა.

15. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 8 ივლისის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

16. 2015 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ წერილით მიმართა გამგებელს და აღნიშნა, რომ .... გზატკეცილი №....-...-ში კომუნიკაციების არსებობა და მყარი გრუნტი მოითხოვს კორექტირებებს არსებულ პროექტებში. შესაბამისად, კომპანიამ ითხოვა, გათვალისწინებულიყო აღნიშნული და მისცემოდა დავალება შესაბამის საპროექტო ორგანიზაციას, ზემოაღნიშნული მისამართის პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის სახელზე 2015 წლის 7 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ .... გზატკეცილ №...-...-ში მშენებლობის პროცესში პროექტით გაუთვალისწინებელი მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობამ შეაფერხა მიმდინარე სამუშაოები, აქედან გამომდინარე, წერილის ავტორის განმარტებით, პროექტი საჭიროებს გარკვეულ კორექტირებებს.

17. 2015 წლის 15 ნოემბრის წერილით მოპასუხემ, სხვა შპს-ს (შემდგომ – შპს) წარუდგინა დასკვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, ... გზატკეცილზე №...-...-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის თაობაზე და მოითხოვა არსებული დასკვნისა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით ცვლილებების შეტანა პროექტში.

18. 2015 წლის 30 ნოემბერს შპს-მ მოპასუხეს მის მიერ მიწოდებული დასკვნისა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით წარუდგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე წყნეთის გზატკეცილზე №9-11-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის კორექტირებული პროექტი.

19. 2015 წლის 30 ნოემბერს მოპასუხემ წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და აღნიშნა, რომ ასრულებს რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს. წერილში მითითებულია, რომ მოპასუხემ წარადგინა საექსპერტო დასკვნა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, .... გზატკეცილზე №...-... მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის პროექტი. წერილში აღნიშნულია, რომ პროექტის კონსტრუქციულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იღებს მოპასუხე.

20. 2016 წლის 18 იანვრის მოპასუხის წერილში ა(ა)იპ „თ. მ. ლ.“ მიმართ აღნიშნულია, რომ იმ წერილის საპასუხოდ, რომელშიც მითითებული იყო კონსტრუქციული დარღვევების შესახებ, ჩატარდა საექსპორტო სამუშაოები და დაიდო საექსპერტო დასკვნა, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ საყრდენი კედლის პროექტით მოცემული გეომეტრიული ზომებიდან ნახსენები გადახვევები, საწყისი ინფორმაციის სიზუსტის საზღვრებშიც კი არ ცვლის ნაგებობის ტანში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის არსებულ სურათს. რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, შესაძლებელია მათი გამოსწორება, სარემონტო ხსნარით, ვიზუალური ფორმის სისწორეში მოყვანით.

21. დასკვნაში მითითებულია, რომ საყრდენი კედლის პროექტით მოცემული გეომეტრიული ზომებიდან ნახსენები გადახვევები, საწყისი ინფორმაციის სიზუსტის საზღვრებშიაც კი, არ ცვლის ნაგებობის ტანში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის არსებულ სურათს. რაც შეეხება ნახსენებ ხარვეზებს ისინი უნდა იყოს აღმოფხვრილი სარემონტო ბეტონის ხსნარით შელესვით. რის შემდეგაც შესაძლებელია სადრენაჟო სისტემისა და უკუჩაყრის მოწყობა პროექტით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

22. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ გაიზიარა დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ... გზატკეცილი №...-...-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო პროექტის ხარვეზით, რომლის კორექტირება განხორციელდა მხოლოდ 2015 წლის 30 ნოემბერისათვის, მოპასუხის ინიციატივით და მისი ბრალეულობა პროექტის კორექტირების დაყოვნებაში საქმის მასალებით არ დგინდება. პირიქით, დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი დროულად ახდენდა დამკვეთის ინფორმირებას არსებული კომუნიკაციების და გრუნტის ხასიათიდან გამომდინარე პროექტის კორექტირების აუცილებლობის შესახებ.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

24. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი გახდა, როგორც სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევა, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივი შესრულება. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ მოპასუხემ შესრულებული სამუშაოები კონსტრუქციულად დაარღვია წარმოდგენილი საპროექტო ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში და წარმოადგენს მშენებლობა-დაუსრულებელ ობიექტს. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც შეეხება ახალ ფაქტებს, აღნიშნულის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა სსსკ-ის 219-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით. რაც შეეხება, საქმის მასალებში წარმოდგენილ მოპასუხის წერილებს, აღნიშნული ამყარებს მოპასუხის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ .... გზატკეცილზე №...-... მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის პროექტის მშენებლობის ვადის დარღვევა, გამოწვეული არ ყოფილა მისი ბრალით, გარდა ამისა დასტურდება, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალგაყვანილობა, კანალიზაცია და ელექტრო კაბელები) არსებობის გამო აუცილებელი იყო დამატებითი სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა პროექტით. მოპასუხის მითითებით, სამუშაოთა გაგრძელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ 2015 წლის 30 ნოემბერს გასცა ნებართვა, მოპასუხეს შეესრულებინა დამატებითი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. წარმოდგენილი 27.08.2015წ, 7.10.2015წ, წერილებში აღნიშნულია, რომ წყნეთის გზატკეცილი 9-11-ში კომუნიკაციების არსებობა და მყარი გრუნტი მოითხოვს კორექტირებებს არსებულ პროექტებში, რომ სამუშაოების შეფერხება გამოიწვია გაუთვალისწინებელმა მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობამ. 15.11.2015წ. წერილით კი დასტურდება, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის კონტრაქტორ შპს-ს წარუდგინა დასკვნა საყრდენი კედლის მოწყობის თაობაზე და მოითხოვა არსებული დასკვნისა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით ცვლილებების შეტანა პროექტში.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობა მოითხოვდა შეთანხმებულ პროექტში ცვლილებების შეტანას და აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელმა აცნობა კიდეც შემსყიდველს. საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს-მ 2015 წლის 30 ნოემბერს მოპასუხეს წარუდგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, ... გზატკეცილზე №...-... მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის კორექტირებული პროექტი, რომელიც შესრულებული იყო მოპასუხის მიერ მიწოდებული დასკვნისა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით.

26. 2015 წლის 30 ნოემბერს კი, მოპასუხემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინების საფუძველზე მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის პროექტი. შესაბამისად, დასკვნა იმის შესახებ, რომ ობიექტის მახასიათებლების (რაც გულისხმობს - დენის კაბელების, საკანალიზაციო და გაზის მილების არსებობას), შემდგომში გამოვლენამ განაპირობა სამუშაოს შესრულების გაჭიანურება, საფუძვლიანი და დასაბუთებულია. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ დასკვნის თანახმად, ნაგებობის მდგრადობა დარღვეული არ არის, კერძოდ, მითითებულია, რომ პროექტით მოცემული გეომეტრიული ზომებიდან გადახვევები, არ ცვლის ნაგებობის ტანში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის არსებულ სურათს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალით.

27. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

28. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, მე-400, 401-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ... გზატკეცილი №...-...-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალით, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში სწორად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. რაც შეეხება, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, პალატის შეფასებით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 63 064,52 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ მშენებლობის პროექტში ცვლილება შევიდა იმის გამო, რომ მოპასუხემ არასწორად განახორციელა სამშენებლო პროცესი. სადავო ობიექტებიდან მოპასუხემ სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში დაასრულა მხოლოდ ორ მათგანზე, ... გზატკეცილის ობიექტზე ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვადაგადაცილებაა 86 კალენდარული დღე. შესაბამისად, სსსკ-ის 417-ე მუხლისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.2 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

34. 2015 წლის 8 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობა-შეკეთების სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2015 წლის 30 აგვისტომდე. 2015 წლის 15 ოქტომბრის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ... გზატკეცილი №...-...-ში სამუშაოების დასრულებისთვის გათვალისწინებული საბოლოო ვადა განისაზღვრა 2015 წლის 5 ოქტომბრით.

35. რაც შეეხება, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, ... გზატკეცილი №...-...-ში აღნიშნული განისაზღვრა 87 628,35 ლარით.

36. შემკვეთმა 2015 წლის 31 დეკემბერს, ცალმხრივად შეწყვიტა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 8 ივლისის ხელშეკრულება.

37. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ ... გზატკეცილი №...-...-ში ვალდებულება დროულად არ შეასრულა და ვადაგადაცილება შეადგენს 86 კალენდარული დღეს. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეს სამუშაოები დასრულებული არ ჰქონდა.

38. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სრულყოფილად არ შეასრულა და წარმოეშვა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

42. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

43. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

45. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

46. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

47. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

48. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

50. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

51. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

52. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

53. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

54. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

55. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

56. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2015 წლის 8 ივლისის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

57. 2015 წლის 27 აგვისტოს მოპასუხემ წერილით მიმართა გამგებელს და აღნიშნა, რომ წყნეთის გზატკეცილი №9-11-ში კომუნიკაციების არსებობა და მყარი გრუნტი მოითხოვს კორექტირებებს არსებულ პროექტებში. შესაბამისად, კომპანიამ ითხოვა, გათვალისწინებულიყო აღნიშნული და მისცემოდა დავალება შესაბამის საპროექტო ორგანიზაციას, ზემოაღნიშნული მისამართის პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის სახელზე 2015 წლის 7 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში მოპასუხემ აღნიშნა, რომ ... გზატკეცილ №...-...-ში მშენებლობის პროცესში პროექტით გაუთვალისწინებელი მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობამ შეაფერხა მიმდინარე სამუშაოები, აქედან გამომდინარე, წერილის ავტორის განმარტებით, პროექტი საჭიროებს გარკვეულ კორექტირებებს.

58. 2015 წლის 15 ნოემბრის წერილით მოპასუხემ, სხვა შპს-ს წარუდგინა დასკვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, .... გზატკეცილზე №...-...-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის თაობაზე და მოითხოვა არსებული დასკვნისა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით ცვლილებების შეტანა პროექტში.

59. 2015 წლის 30 ნოემბერს შპს-მ მოპასუხეს მის მიერ მიწოდებული დასკვნისა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინებით წარუდგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე ... გზატკეცილზე №...-...-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის კორექტირებული პროექტი.

60. 2015 წლის 30 ნოემბერს მოპასუხემ წერილით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს და აღნიშნა, რომ ასრულებს რაიონის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს. წერილში მითითებულია, რომ მოპასუხემ წარადგინა საექსპერტო დასკვნა და ადგილზე არსებული კომუნიკაციების გათვალისწინების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, ... გზატკეცილზე №...-.... მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის პროექტი. წერილში აღნიშნულია, რომ პროექტის კონსტრუქციულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას იღებს მოპასუხე.

61. 2016 წლის 18 იანვრის მოპასუხის წერილში ა(ა)იპ „თ. მ. ლ.“ მიმართ აღნიშნულია, რომ იმ წერილის საპასუხოდ, რომელშიც მითითებული იყო კონსტრუქციული დარღვევების შესახებ, ჩატარდა საექსპორტო სამუშაოები და დაიდო საექსპერტო დასკვნა, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ საყრდენი კედლის პროექტით მოცემული გეომეტრიული ზომებიდან ნახსენები გადახვევები, საწყისი ინფორმაციის სიზუსტის საზღვრებშიც კი, არ ცვლის ნაგებობის ტანში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის არსებულ სურათს. რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, შესაძლებელია მათი გამოსწორება, სარემონტო ხსნარით, ვიზუალური ფორმის სისწორეში მოყვანით.

62. დასკვნაში მითითებულია, რომ საყრდენი კედლის პროექტით მოცემული გეომეტრიული ზომებიდან ნახსენები გადახვევები, საწყისი ინფორმაციის სიზუსტის საზღვრებშიაც კი, არ ცვლის ნაგებობის ტანში დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის არსებულ სურათს. რაც შეეხება ნახსენებ ხარვეზებს ისინი უნდა იყოს აღმოფხვრილი სარემონტო ბეტონის ხსნარით შელესვით, რის შემდეგაც შესაძლებელია სადრენაჟო სისტემისა და უკუჩაყრის მოწყობა პროექტით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

63. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის პოზიცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოიწვია მისივე მხრიდან სამშენებლო სამუშაოების არასწორად წარმოებამ.

64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

65. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

66. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

67. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

68. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ... გზატკეცილი №...-...-ის მიმდებარედ მშენებარე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო პროექტის ხარვეზით, რომელიც შესწორდა 2015 წლის 30 ნოემბერისათვის მოპასუხის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე კასატორმა ვერ მიუთითა, შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცდენა მოპასუხის ბრალით არ განხორციელებულა.

69. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

70. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

71. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

72. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე