საქმე №ას-786-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. გ-ი, ი. ხ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. რ. ს-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ხ-ისა (შემდგომ – მოპასუხე) და ს. გ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელშიც, კანონიერი საფუძვლის გარეშე, ცხოვრობენ მოპასუხეები. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ საცხოვრებელ სახლს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში. მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად შეიძინა სადავო ფართი, სადაც ისინი ცხოვრობენ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2019 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ ესწრებოდნენ (ს.ფ. 76).
7. 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2019 წლის 21 თებერვალს, 17:00 საათზე. 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ასევე, თავად ერთ-ერთი მოპასუხე და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება – ს.ფ. 69). სხდომის ოქმს ერთვის ხელწერილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის გაფრთხილების თაობაზე, რასაც ხელს აწერს მოპასუხე მხარის წარმომადგენელი (ს.ფ. 75).
8. დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ ჩაიბარა 2019 წლის 18 მარტს როგორც პირადად, ასევე შვილის – მეორე მოპასუხისათვის გადასაცემად (ს.ფ. 85-86).
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.
10. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარემ წარადგინა 2019 წლის 3 აპრილს (ს.ფ. 87-96).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მუხლის 2591 მუხლის პირველი ნაწილის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილის და 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოპასუხე მხარემ მოითხოვა 2019 წლის 7 მარტს წარდგენილი განცხადებით და იმავე დღეს ჩაიბარა როგორც პირადად, ასევე შვილის – მეორე მოპასუხისათვის გადასაცემად (ს.ფ. 85-86).
12. სსსკ-ი ადგენს, რომ მხარეს ნებისმიერი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის აითვლა უნდა დაიწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (2019 წლის 18 მარტიდან) მეორე დღეს – 2019 წლის 19 მარტს. აღნიშნული ვადა კი – მე-14 დღეს – 2019 წლის პირველ აპრილს ამოიწურა 24:00 საათზე (ორშაბათი). სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია და წარდგენილია 2019 წლის 3 აპრილს (მე-16 დღეს).
14. საქმის მასალების თანახმად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც, სსსკ-ის 46-ე მუხლით დადგენილი შეღავათებიდან, ან საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს წარმოუქმნიდა მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულებას.
15. მოპასუხე მხარემ სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით – 2019 წლის 3 აპრილს, ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც პირადად, ასევე მეორე მოპასუხისათვის გადასაცემად. რეალურად მოპასუხე მეორე მოპასუხის ინტერესებს არ წარმოადგენდა. მეორე მოპასუხე არ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას და მის მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გასული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
20. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
21. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
22. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
23. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
24. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2019 წლის 21 თებერვალს, 17:00 საათისათვის. 2019 წლის 13 თებერვლის სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ როგორც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ასევე, თავად მოპასუხე და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი (რწმუნებულება შესაბამისი უფლებამოსილებით წარმოდგენილია ს.ფ. 69-ზე). სხდომის ოქმს ერთვის ხელწერილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის გაფრთხილების თაობაზე, რასაც ხელს აწერს მოპასუხე და მეორე მოპასუხის წარმომადგენელი (ს.ფ. 75).
25. დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხემ ჩაიბარა 2019 წლის 18 მარტს პირადად ორ ეგზემპლარად. ერთ-ერთ ხელწერილზე ფანქრით მითითებულია მეორე მოპასუხის სახელი და გვარიც, თუმცა ხელწერილში არ ფიქსირდება, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილება მეორე მოპასუხისათვის გადასაცემადაც ჩაიბარა. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მეორე მოპასუხისათვის ჩაბარებას.
26. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეებმა წარადგინეს 2019 წლის 3 აპრილს (ს.ფ. 87-96).
27. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა მოპასუხის მიმართ და ჩათვალა, რომ მოპასუხეს აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულება შეეძლო 2019 წლის 18 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, 2019 წლის 3 აპრილს მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვადადარღვევით და მისი სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
28. რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის ერთმნიშვნელოვნად მეორე მოპასუხისათვისაც გადაცემას არ უთანაბრდება. მოპასუხის მიერ ხელმოწერილ ხელწერილში არ ფიქსირდება, რომ მან ნება გამოავლინა, სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მეორე მოპასუხისათვისაც გადაეცა, ასევე, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომ მოპასუხემ მეორე მოპასუხეს ჩააბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი.
29. ამავდროულად, მეორე მოპასუხე სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში დასაბუთებული გადაწყევტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადებულა, შესაბამისად, მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 23 მარტს. სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა აითვლება 2019 წლის 24 მარტიდან და იწურება 8 აპრილს (6-7 აპრილი იყო უქმე დღეები). მეორე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2019 წლის 3 აპრილს, კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. გ-ისა და ი. ხ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება ი. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე