Facebook Twitter

საქმე №ას-229-2019 27 მაისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - გ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები - ბ.ჭ–ძე, კ.ს–ი, ზ.გ–ი, მ.მ–ძე, შპს “პ–ას“ დირექტორი - პ.ქ–ი, დ.კ–ი, ვ.შ–ძე, შპს “დ–ის“ დირექტორი - ლ.მ–ი, ი.კ–ძე, გ.კ–ძე, ჟ.ჯ–ი, ლ.ც–ძე, ვ.თ–ძე და გ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.გ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ.ჭ–ძის, კ.ს–ის, ზ.გ–ის, მ.მ–ძის, შპს “პ–ას“ დირექტორი - პ.ქ–ის, დ.კ–ის, ვ.შ–ძის, შპს “დ–ის“ დირექტორი - ლ.მ–ის, ი.კ–ძის, გ.კ–ძის, ჟ.ჯ–ის, ლ.ც–ძის, ვ.თ–ძისა და გ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) წინააღმდეგ, ი.ბ.ა. „ა.ა-ის“ წევრებისათვის (რომელთაც მოპასუხები წარმოადგენენ) და მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 55 000 აშშ დოლარისა და ზიანის - 30 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეთა ნაწილს - გ.კ–ძეს, ვ.თ–ძეს, კ.ს–სა და ბ.ჭ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის 55 000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა დანარჩენი მოპასუხეების - ზ.გ–ის, მ.მ–ძის, შპს “პ–ას“ დირექტორი - პ.ქ–ის, დ.კ–ის, ვ.შ–ძის, შპს “დ–ის“, ი.კ–ძის, გ.კ–ძის, ჟ.ჯ–ისა და ლ.ც–ძის მიმართ სარჩელისა და ზიანის - 30 000 აშშ დოლარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. თბილისის საქალაქო საასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. 2018 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხეების, კერძოდ ბ.ჭ–ძის, დ.კ–ის,ზ.გ–ის, მ.მ–ძის, ჟ.ჯ–ისა და ლ.ც–ძის საკუთრებაში არსებულ წილსა და უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის საკმარისი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან განმცხადებლის განმარტებით, უზრუნველყოფის გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და სწორედ ამ მიზნით მოითხოვა მან დამატებითი ღონისძიების სახით მოპასუხეთა წილსა და ქონებებზე ყადაღის დადება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის გაჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე გ.კ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების, მდებარე - ქ. თბილისში, ...... მდებარე 10.18კვ.მ N10 ავტოსადგომის, ს/კ ......; ქ. თბილისში, ....... მდებარე 18კვ.მ N12 ავტოფარეხის, ს/კ ......; ქ. თბილისში, ...... მდებარე 18კვ.მ N11 ავტოფარეხის, ს/კ .....; ქ. თბილისში, ...... მდებარე 18 კვ.მ N13 ავტოფარეხის, ს/კ ......., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8. 2018 წლის 21 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს 6 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

9. საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ გარემოებებზე:

9.1. სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებაში სასამართლო გადაწყვეტილების დაანონსება მიუღებელი და უკანონოა;

9.2. სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრიდან წარმოსადგენი იყო ამონაწერი იბა „შ-ის“ დამფუძნებლების თანასაკუთრებისა და მესაკუთრეთა ვინაობის თაობაზე.

9.3. წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ განცხადებაში მითითებული პირები წარმოადგენენ იბა „ა.ა-ის“დამფუძნებელ პარტნიორებს და გამგეობის წევრებს, ასევე ქ. თბილისში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, რომლებმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი შენატანის სახით შეიტანეს იბა „შ-ში“.

10. მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით წარმოებაში მიიღო.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 194-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლითაც დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსი და ამომწურავადაა განმარტებული ის საკითხები, თუ რას უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. დასახელებული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული თავისთავად ნიშნავს არა მხოლოდ ზეპირ მითითებას, არამედ მხარის მიერ არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც უტყუარად და უალტერნატივოდ უნდა დასტურდებოდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართებულობა.

11.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის თქმის საფუძვლად პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს არ ექმნებოდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი განცხადებაში მითითებული მოპასუხეების მიმართ შესაძლოა დაკმაყოფილებულიყო.

11.3. პალატამ აღნიშნა, რომ გ.გ–ძის საჩივრის განხილვის ეტაპზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა ნაწილის, კერძოდ: ზ.გ–ის, მ.მ–ძის, დ.კ–ის, ვ.შ–ძის, შპს პ–ას დირექტორის პ.ქ–ის, შპს დ–ის, ი.კ–ძის, გ.კ–ძის, ჟ.ჯ–ისა და ლ.ც–ძის მიმართ. აღნიშნული გარემოება, ასევე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების წარდგენისას ქმნიდა იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მითითებული პირების - დ.კ–ის, ზ.გ–ის (უფლებამონაცვლე - მ.გ.), მ.მ–ძის, ჟ.ჯ–ისა და ლ.ც–ძის მიმართ სარჩელი შესაძლოა არ დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნული ვარაუდი გამყარებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად აღნიშნული პირების მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.4. საქმეში არსებული ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინების არსებობის პირობებში, რომლებითაც გ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა ნაწილის მიმართ, პალატამ მიიჩნია, რომ ბ.ჭ–ძის, დ.კ–ის, ზ.გ–ის, მ.მ–ძის, ჟ.ჯ–ისა და ლ.ც–ძის საკუთრებაში არსებულ წილსა და უძრავ ქონებებზე რაიმე შეზღუდვის დაწესება გაუმართლებლად ხელყოფდა მოპასუხეთა უფლებებს.

11.5. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის მთავარ არგუმენტად სასამართლომ მიუთითა იმაზე, რომ მას არ შეექმნა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდებოდა. დამატებით, პალატამ მიუთითა ასევე იმ ხარვეზებზე, რომლებიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებას ჰქონდა, კერძოდ, განცხადებაზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დგინდებოდა მოპასუხეთა ქონებებზე საკუთრების უფლების მოპოვება. განცხადებაზე წარმოდგენილი ხელშეკრულებით, ერთობლივი საქმიანობის შექმნის თაობაზე, დადგენილი იყო, რომ მხარეები შეთანხმდნენ აშენებულ საცხოვრებელ სახლში უძრავი ქონებების შესაბამისი ფართების მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემაზე, თუმცა გადაეცათ თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მითითებულ მოპასუხეებს განცხადებაში მითითებული უძრავი ქონებები საკუთრებაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ხარვეზი მოსარჩელის მიერ ამ ეტაპისთვისაც არ იყო აღმოფხვრილი, რამაც შექმნა დამატებითი საფუძველი მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვების.

11.6 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სარჩელი არ დააკმაყოფილეს, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას უკავშირებს მოსამართლის ვარაუდს, რომ სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს. აღნიშნული მუხლის მიზანია, უზრუნველყოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება და შექმნას გარანტია, რათა მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების შესრულებისათვის თავის არიდების შემთხვევაში დაცულ იქნას მოსარჩელის უფლებები.

12. 2019 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მხარეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა. 2019 წლის 17 მაისი განჩინებით კასატორს დამატებით კიდევ ერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა.

14. 2019 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

16. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

17. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

18. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.

20. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების არარსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო აქვე ითვალისწინებს, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებული არის განჩინება, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. ამდენად, ის მიზანი, რისთვისაც მოთხოვნილ იქნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალების გამოყენება, აღარ არსებობს, შესაბამისად, აღარ არსებობს მხარის კანონიერი ინტერესი იმ მოპასუხეთა ქონების უზრუნველყოფის თაობაზე, რომელთა მიმართაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი კანონის დანაწესის ფარგლებში მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელია, რადგან განსახილველ დავაზე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე და საკასაციო სასამართლოს განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაუსაბუთებლობის გამო. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ მიიღო განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი