Facebook Twitter

საქმე №ას-737-2019 24 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ე. თ. ე. ჰ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე. თ. ე. ჰ.“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შპს „ე. თ. ე. ჰ.“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინების, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „ე. თ. ე. ჰ.“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 663,75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს განცხადებით ხარვეზის ნაწილობრივ შევსების და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით შპს „ე. თ. ე. ჰ.“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 663,75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ შპს „ე. თ. ე. ჰ.“ არასოდეს განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა დღიდან მისი შექმნისა, არ ფლობს აქტივებს, არ გააჩნია ფინანსები და მის პარტნიორებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის გაკოტრების თაობაზე. ამასთან, განმცხადებელი მიუთითებს, რომ კასატორმა ხარვეზი შეავსო ნაწილობრივ და მოითხოვა ბაჟის თანხის ნახევრის გადახდისაგან გათავისუფლება. ყოველივე აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას თან ერთვის: ა) ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვითაც შპს „ე. თ. ე. ჰ.“ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 08.08.2017 წლის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული ზედმეტობა 0 ლარი; ბ) ცნობები გაცემული სს „ს. რ. ბ.“, სს „თ. ბ.“ და სს „ს. ბ.“ მიერ, რომელთა მიხედვითაც შპს „ე. თ. ე. ჰ.“ არ ფლობს ანგარიშებს აღნიშნულ ბანკებში; გ) შპს „ე. თ. ე. ჰ.“ პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების მიზნებისათვის რომელიმე საბანკო დაწესებულებაში საბანკო ანგარიშის გახსნის, საზოგადოების გაკოტრების და სასამართლოში საზოგადოების გაკოტრების მოთხოვნით განცხადების შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი განცხადების დანართის ჩამონათვალში მითითებულია საგადასახადო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები განცხადებას არ ერთვის. შესაბამისად, ვერ დასტურდება კასატორის მიერ განცხადებაში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, სასამართლოს წინაშე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე ისე, რომ მას არ წარმოუდგენია კასატორის ფინანსური მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები დღეის მდგომარეობით, ხოლო წარმოდგენილ განცხადებაზე დართული დოკუმენტები არაა საკმარისი მტკიცებულება კასატორის გადახდისუუნარობის დასადასტურებლად. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე არ დასტურდება კასატორის გაკოტრების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ე. თ. ე. ჰ.“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და ამავე სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური