Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-207-81-კს-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განკარგულების გაუქმება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 11 ივნისს ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის” კავშირმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ,,ს. ე. ს. ბ.» კავშირის, სს ,,ს. გ. ს. ე.» და მისი ქუთაისის ფილიალის ,,ქ.» მიმართ განცხადება შეიტანა და მათგან ქუთაისისათვის ელექტროენერგიის შეზღუდვის აკრძალვა მოითხოვა.

განმცხადებელმა განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

იგი აღნიშნავდა, რომ 2003წ. 3 ივნისის 12 საათისათვის მოპასუხის მიერ ოთხი საათის განმავლობაში ქ. ქუთაისს ელექტროენერგია გამოერთო, რითაც მომხმარებელს 600000 ლარის ზარალი მიადგა. მართალია შემდგომ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, მაგრამ მოპასუხეთა მხრიდან მისი შეზღუდვა კვლავ მოსალოდნელი იყო, რითაც პატიოსანი გადამხდელის უფლებები დაირღვეოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმცხადებელი ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის და ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის” კავშირის წესდების 3.12 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის 2000წ. 21 თებერვლის ¹2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მყიდველისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი წესებისა და პროცედურების” მე-2 მუხლის ბათილობის, ,,ს. ე. ს. ბ.” კავშირის 23 მაისის ¹01/684 ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის შესახებ განკარგულების გაუქმების, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის და 3 ივნისის გამორთვის შედეგად მომხმარებლისათვის მიყენებული ზარალის – 600000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვას აპირებდა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2003წ. 9 ივნისს 12 საათზე მოპასუხეთა გადაწყვეტილებით ქუთაისში ელექტროენერგია უნდა შეზღუდულიყო, ამიტომ დროის სიმცირის გამო სარჩელის მომზადებას ვერ ასწრებდა და მას ხუთი დღის ვადაში წარადგენდა. ამიტომ, სსკ-ს 192-ე მუხლის და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი სარჩელის აღძვრამდე სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღებას მოითხოვდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ივნისის განჩინებით ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის” კავშირის განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: ,,ს. ე. ს. ბ.” კავშირს, სს ,,ს. გ. ს. ე.», სს ,,ს. გ. ს. ე.» ქუთაისის ფილიალს (,,ქ.”) სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისისათვის ელექტროენერგიის შეზღუდვა აეკრძალა.

2003წ. 16 ივნისს ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორანიზაციის» კავშირმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და სარჩელის წარდგენის ვადის გაგრძელება მოითხოვა, ვინაიდან, საქმის სირთულის გამო ხუთ დღეში სარჩელის მომზადებას ვერ ასწრებდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას სარჩელის წარდგენის ვადა 2003წ. 7 ივლისამდე განესაზღვრა, ხოლო 7 ივლისის განჩინებით ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორანიზაციის» კავშირის მორიგი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სარჩელის წარდგენის ვადა, ამჯერად, 14 ივლისამდე გაუგრძელდა.

2003წ. 23 ივნისს სს ,,ს. გ. ს. ე.” ქუთაისის საოლქო სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა და ამავე სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

იგი მიიჩნევდა, რომ სასამართლო კოლეგიამ სსკ-ს 191-ე მუხლი დაარღვია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა, მან ჩათვალა, რომ მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ საქართევლოს სსკ-ს 57-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის” კავშირი, რომელიც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფას ითხოვდა, ვალდებული იყო მიეთითებინა, თუ რას სთავაზობდა იგი მოწინააღმდეგე მხარეს იმ ზარალის უზრუნველსაყოფად, რომელიც შეიძლება განეცადა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს ის ფაქტიც უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სს ,,ს. გ. ს. ე.” პროდუქტის – ელექტროენერგიის მესაკუთრე იყო, რომელიც უნდა ეყიდა და რომელსაც თავისი საბაზრო ღირებულება გააჩნდა. მესაკუთრის უფლებებს კი კონსტიტუცია იცავს და არავის ძალუძს საკუთრი ნების გარეშე დაავალდებულოს მესაკუთრე თავისი პროდუქტი უფასოდ გაყიდოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის განჩინებით სს ,,ს. გ. ს. ე.” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის განჩინება გაუქმდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განმცხადებელმა სარჩელი დანიშნულ ვადაში არ შეიტანა.

,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის” კავშირმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა და აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასამართლოს მიერ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

იგი აღნიშნავდა, რომ სსკ-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე”. ვინაიდან, პირველ სამუშაო დღედ მოცემულ შემთხვევაში 14 ივლისი ითვლებოდა, შესაბამისად, სასარჩელო განცხადება და კერძო საჩივარი მის მიერ ქუთაისის საოლქო სასამართლოში დათქმულ ვადაში, 14 ივლისს იქნა შეტანილი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 ივლისის განჩინებით, ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირის 2003წ. 14 ივლისის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სსკ-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც ,,თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე».

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2003წ. 13 ივლისი წარმოადგენდა კვირას, უქმე დღეს, შესაბამისად, 14 ივლისი გახლდათ მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ამდენად, ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირისათვის სარჩელის წარდგენის ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება 14 და არა 13 ივლისი. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირის სარჩელი ქუთაისის საოლქო სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსის მითითებით მიღებულია მორიგე ა. ჩხიკვაძის მიერ 2003წ. 14 ივლისს.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირის სარჩელი ქუთაისის საოლქო სასამართლოში სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაშია შეტანილი.

საკასაციო პალატა, ამასთან, ქუთაისის საოლქო სასამართლოსა და სს ,,ს. გ. ს. ე.» ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2003წ. 14 ივლისის განჩინებაში, რომელიც სს ,,ს. გ. ს. ე.» კერძო საჩივარზე იქნა გამოტანილი სასამართლოს ამ კომპანიის კერძო საჩივარში მოყვანილ ყველა გარემოებაზე არ უმსჯელია. მაგრამ, რადგანაც ,,ს. გ. ს. ე.» ეს სადავოდ არ გაუხდია, საკასაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ,,საქართველოს მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის» კავშირის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ივნისისა და 14 ივლისის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.