Facebook Twitter

საქმე №ას-1767-2018 4 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ზ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ზ-იამ (შემდგომში − „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ას (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა: დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობა და მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2018 წლის 12 სექტემბერს პირადად ჩაბარდა.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 59-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეევსო (ვინაიდან განჩინების ჩაბარებიდან მე-10 დღე, 22 სექტემბერი, არასამუშაო დღე, შაბათი იყო), თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, ამდენად, მისი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საპატიოდ მიჩნევა.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა 2018 წლის 12 სექტემბერს. იგი აპირებდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ 2018 წლის 18 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში (სენაკში) ყოფნისას, მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და მძიმედ დაშავდა. აპელანტი 2018 წლის 27 სექტემბრამდე კლინიკა „ს.“ გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას, რის გამოც ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ იგი გამოითხოვს კლინიკა „ს.“ შესაბამის ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარმოადგენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაღვრა 10-დღიანი ვადა.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება 2018 წლის 12 სექტემბერს პირადად ჩაბარდა აპელანტს (იხ. ტ.2. ს.ფ. 293). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს − 2018 წლის 13 სექტემბერს, და ამოიწურა 2018 წლის 22 სექტემბერს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს (შაბათს), შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორება 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით შეეძლო, თუმცა დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მას დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. ამგვარად, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

18. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო. კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაშვება, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აპელანტი მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში, მძიმედ დაშავდა და 2018 წლის 27 სექტემბრამდე კლინიკა „ს.“ გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

21. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ აპელანტი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მძიმედ დაშავდა და 2018 წლის 27 სექტემბრამდე კლინიკა „ს.“ გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას, რის გამოც ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა მას აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ზ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე