საქმე №ას-112-2019 3 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ტ.“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ..., რუსთაველის ქუჩა, №..., საკადასტრო კოდით: №83.02.23.924...., მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 5-დღიანი ვადა და დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 80 ლარის ოდენობით. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტს ჩაბარდა პირადად, 2018 წლის 11 დეკემბერს.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-60 მუხლით და მიუთითა, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 12 დეკემბერს და ამოიწურა 2018 წლის 17 დეკემბერს. აპელანტს კი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა ქართულ ენაზე. რადგან აპელანტმა ქართული ენა არ იცის, განჩინების შინაარსი მისთვის გაუგებარი იყო, რის გამოც ვერ შეძლო ხარვეზის შევსება და დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება ესარგებლა სამართლიანი სასამართლოთი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო განჩინება მისთვის გასაგებ, აზერბაიჯანულ ენაზე გაეგზავნა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
18. დადგენილია ასევე და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2018 წლის 11 დეკემბერს პირადად ჩაბარდა აპელანტს (იხ. ტ.1. ს.ფ. 90).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს − 2018 წლის 12 დეკემბერს, და ამოიწურა 2018 წლის 16 დეკემბერს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს (კვირას), შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორება 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შეეძლო, თუმცა მას დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
22. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლო ვალდებული იყო განჩინება მისთვის გასაგებ, აზერბაიჯანულ ენაზე გაეგზავნა.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.
24. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას − სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (იხ. სუსგ-ები: №ას-682-648-2013, 10 მარტი, 2015 წელი; №ას-102-97-2013, 7 მაისი, 2013 წელი; №ას-933-898-2016, 5 იანვარი, 2017 წელი; №ას-522-522-2018, 29 ივნისი, 2018 წელი).
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლოს მიერ დავალებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მან ხარვეზის შევსება ვერ შეძლო, რადგან განჩინების შინაარსი მისთვის გაუგებარი იყო, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
26. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელიც და სააპელაციო საჩივარიც შედგენილია ქართულ ენაზე, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, მან შეძლო საკუთარი უფლების განხორციელება ქართულ ენაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებით, მისი აღმოფხვრისათვის განსაზღვრული იყო 5-დღიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მოძიებისათვის, რათა აპელანტისათვის გასაგები გამხდარიყო ხსენებული განჩინების შინაარსი.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე