Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-208-82-კს-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქმეზე სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნა და საქმის წარმოების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს სენაკის ,,ს.” წარმომადგენელმა მ. შ-ამ 2001წ. 29 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სენაკის რაიონულ სასამართლოში სენაკის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და მაღაზია ,,კ.” მესაკუთრე ზ. გ-ას მიმართ და მაღაზია ,,კ.” სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივით: სენაკში, ... მდებარე ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია შპს სენაკის სუპერმარკეტი, 1991 წლიდან გადაცემული იყო ავტომოყვარულთა საზოგადოებაზე ფასიანი სადგომის მოწყობისათვის. 1992წ. 10 ივნისის სენაკის რაიონის გამგეობის ¹6/11-22 გადაწყვეტილებით აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციონირების ნება დაერთო მრავალდარგოვან საკომისიო კომერციულ კოოპერატივ ,,კ.”. 1994წ. 13 აპრილის სენაკის რაიონული გამგეობის ¹18/7 გადაწყვეტილებით აღნიშნული ტერიტორია ჩამოერთვა ავტომოყვარულთა საზოგადოებას. იმავე წლის 30 მაისის ¹62 გადაწყვეტილებით სენაკში, ... მდებარე აღნიშნული ტერიტორია მუდმივ სარგებლობაში გადაეცა სენაკის სუპერმარკეტს, რაზეც შეიქმნა ტექნიკური პასპორტი და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის შესაბამისად, 1998 წლიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარდა შპს სენაკის სუპერმარკეტის სახელზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ შპს სენაკის ,,ს.” საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ნაწილი ასევე საკუთრების უფლებით უკანონოდ აღირიცხა მაღაზია ,,კ.”, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა კოოპერატივ ,,კ.” სახელზე 1999წ. 16 დეკემბერს განხორციელებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და ძალაში დარჩა შპს სენაკის ,,ს.” სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია. საქმე რამდენჯერმე განხილულ იქნა სააპელაციო-საკასაციო წესით.

ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სენაკში, ავტომოყვარულთა საზოგადოებისათვის გამოყოფილ შპს სენაკის ,,ს.” მიმდებარე ტერიტორიაზე 1992 წლიდან ფუნქციონირებს მაღაზია ,,კ.” პავილიონი. პავილიონის ტექნიკური დასაბუთებით დასტურდება, რომ პავილიონი მიწაზე მყარადაა დამაგრებული. ასევე დადგენილია, რომ ნაგებობა აშენების დღიდან უცვლელადაა განლაგებული სადავო მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო პალატამ იმის გასარკვევად მაღაზია ,,კ.” იყო თუ არა მყარად დამაგრებული მიწის ნაკვეთზე, დანიშნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა და შესაბამისად შეაჩერა სააპელაციო წარმოება. კერძოდ, ექსპერტიზის წინაშე სასამართლომ შემდეგი საკითხები დასვა:

1. ქ. სენაკში ... მდებარე მაღაზია ,,კ.” არის თუ არა მიწაზე მყარად დამაგრებული ობიექტი;

2. მაღაზია ,,კ.” სხვა ადგილას გადატანა შეიძლება თუ არა მისი დანიშნულების მოშლის გარეშე;

3. მაღაზია ,,კ.” დაშლა და სხვა ადგილას გადატანა გამოიწვევს თუ არა ობიექტის ღირებულებასთან შედარებით არამართლზომიერად დიდ დანახარჯებს;

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქმეზე სასამართლო საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-ამ, რომელიც ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, რადგან მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მაღაზია ,,კ." პავილიონის მიწასთან მყარად დამაგრების ფაქტი და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება უსაფუძვლოა. ზ. გ-ას მითითებით გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სასამართლოს არ განუმარტავს მისთვის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებები ექსპერტის წინაშე დასმული კითხვების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ივლისის განჩინებით ზ. გ-ას კერძო საჩივარი დაუსაბუთებლობისა და დაუშვებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თანახმად სსკ-ს 417-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ას კერძო საჩივარი, დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 და 28 ივლისის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ 2003წ. 2 ივლისის განჩინებით დანიშნა სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზა იმის დასადგენად, მაღაზია “კ.” პავილიონი იყო თუ არა მყარად დამაგრებული სადავო მიწის ნაკვეთზე, შესაძლებელი იყო თუ არა პავილიონის სხვა ადგილზე გადატანა მისი დანიშნულების მოშლის გარეშე და პავილიონის სხვა ადგილზე გადატანა გამოიწვევდა თუ არა ობიექტის ღირებულებასთან შედარებით არამართლზომიერად დიდ ხარჯებს. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს საქმეზე სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინების გაუქმებას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიაჩნია პავილიონის მიწასთან მყარად დამაგრების ფაქტი.

სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მითითების თანახმად: ,,კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში”. ვინაიდან ამავე კოდექსის 163-ე მუხლი – “განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ” არ ითვალისწინებს ამგვარი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრებას, ამიტომ ექსპერტიზის დანიშვნის ნაწილში კერძო საჩივარი ამ ეტაპზე დაუშვებელია და მისი გასაჩივრება მხარეს შეუძლია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასთან ერთად, თანახმად კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის განჩინება ასევე გაასაჩივრა სააპელაციო წარმოების შეჩერების ნაწილშიც, რასაც საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ასევე ვერ დაეთანხმება, რადგან სსკ-ს 280-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო პალატა, დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ზ. გ-ას კერძო საჩივარს საქმეზე სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნისა და საქმის წარმოების შეჩერების გაუქმების შესახებ და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 და 28 ივლისის განჩინებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ას კერძო საჩივარი, დაუშვებლობისა და უსაფუძლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 და 28 ივლისის განჩინებები.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.