საქმე №ას-562-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ს. კ. უ.“ (მოპასუხე, მეორე აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ბ-ძე (მოსარჩელე, პირველი აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ზეგანაკვეთური სამუშაოსა და შვებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზ. ბ-ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა შპს ,,ს. კ. უ.“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან მეორე აპელანტი ან კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად 5095 ლარისა და 2017 წლის ივნისის თვის საშვებულებო ანაზღაურების 286 ლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით, იგი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 25 ნოემბრიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ღამის მზარეულად. სამუშაო დრო ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ცვლაში მუშაობით. სტანდარტული სამუშაო დრო შეადგენდა 5:00-21:00 საათამდე. შესვენების დრო 2 საათი, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო 4 საათი, სულ, სამუშაო დრო შეადგენდა 14 საათს, ხოლო ნამუშევარი საათების რაოდენობა ტაბელის მიხედვით დგინდებოდა. 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისამდე პერიოდში სისტემატიურად ირღვეოდა სამუშაო დროის განრიგი და უწევდა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. აგვისტოში ზეგანაკვეთურად ნამუშევარია 50 საათი, სექტემბერში 170 საათი, ოქტომბერში 140 საათი, ნოემბერში 130 საათი, დეკემბერში 140 საათი, 2017 წლის იანვარში 150 საათი. თებერვალში 187 საათი, მარტში 175 საათი, აპრილში 148 საათი, მაისში 173 საათი. ივნისში 92 საათი. მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა ღამის მზარეულად, რის გამოც, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები უნდა აუნაზღაურდეს ღამის მზარეულის ხელფასის ოდენობით საათში 3 ლარით. 2017 წლის ივნისის თვეში ისარგებლა ფასიანი შვებულებით 11 დღის განმავლობაში, რაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია და მისაღები საშვებულებო თანხაა 286 ლარი.
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელიში განმარტა, რომ მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ოდენობა და ანაზღაურების წესი, კერძოდ, ხელშეკრულებაში განსაზღვრულია, რომ საბაზისო დღიური ანაზღაურება შეადგენს 14.24 ლარს, ხოლო ზეგანაკვეთური ანაზღაურება შეადგენს 6.61 ლარს (გადასახდების გარეშე) (იხ., შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 32). მოსარჩელის ცვლა იწყებოდა დილის 5:00 საათზე და მისი მორიგეობის დრო სრულდებოდა 21 საათზე, მოსარჩელის სამუშაო ადგილი იყო დაბა ვაზიანში არსებული სამხედრო ნაწილი, საიდანაც სახლში წასვლას ტრანსპორტის პრობლემების გამო ხშირად ვერ ახერხებდა. ამის გამო, რჩებოდა სამსახურში, სადაც არის მოსასვენებელი პირობები, სამხედროებისთვის განკუთვნილი საწოლები. ამდენად, მოსარჩელე სამსახურში შრომითი მოვალეობის შესრულების მიზნით არ რჩებოდა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა ზვიად ბედოიძისათვის 3208,5 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შვებულების ანაზღაურების, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაოს საათში 3 ლარით ანაზღაურების შესახებ.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.
6. პირველმა აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტმა (მოპასუხე) ამავე გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები უარყოფილი იქნა.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ღამის მზარეულის თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 ივლისამდე. თავდაპირველად, 2016 წლის 31 დეკემბერამდე დადებული შრომის ხელშეკრულება გაგრძელდა 2017 წლის 1 იანვარს დადებული შრომის ხელშეკრულებით, რაც მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2017 წლის 1 ივლისიდან. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ცვლაში მუშაობის რეჟიმი, სამუშაო დროა 5:00-21:00 საათი, შესვენება 2 საათი, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო 4 საათი, სულ სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 14 საათი. სამუშაო დღეები განისაზღვრება ტაბელის შესაბამისად. საბაზისო ხელფასია 14,24 ლარი, ზეგანაკვეთი ანაზღაურება 6,61 ლარი, სულ ხელფასია 20,85 ლარი.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით ფაქტიურად შრომით მოვალეობას ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოების დროის გადაჭარბებით.
10. ტაბელში მითითებული მონაცემებით დასტურდებოდა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის სამსახურში ყოფნის დრო აჭარბებს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას - ცვლაში 14 საათს, საიდანაც, 4 საათი არის ზეგანაკვეთური სამუშაო დრო.
11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სამსახურში გამოცხადების ტაბელის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობაა: 2016 წლის აგვისტოში 50 საათი, 2016 წლის სექტემბერში 170 საათი, 2016 წლის ოქტომბერში 140 საათი, 2016 წლის ნოემბერში 130 საათი, 2016 წლის დეკემბერში 140 საათი, 2017 წლის იანვარში 150 საათი, 2017 წლის თებერვალში 187 საათი, 2017 წლის მარტში 175 საათი, 2017 წლის აპრილში 148 საათი, 2017 წლის მაისში 173 საათი, 2017 წლის ივნისში 92 საათი.
12. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ იმსჯელა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის პერიოდზე, სამართლებრივი ურთიერთობების ხასიათზე, ზეგნაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტის არსებობასა და პერიოდზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტისა და პერიოდის დადგენის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მოსარჩელისათვის თანხის მიკუთვნების სისწორის დადგენა, აგრეთვე, საშვებულებო თანხის ანაზღურებაზე უარის თქმის სისწორის დადგენა იყო მნიშვნელოვანი.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს - 48 საათს. სპეციფიური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.
14. სშკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო: ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე; ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით. 2. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. 3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. 4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. 5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
15. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი რეგულირების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე; დამსაქმებულის კანონისმიერ ვალდებულებაზე, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მოპასუხის ქმედება კი, სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობასთან მიმართებით შეფასდა არამართლზომიერ ქმედებად.
16. სასამართლომ მიუთითა მხარეთა მიერ დადებულ შრომის ხელშეკრულებაზე, რომლითაც გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს 4 საათის ანაზღაურება ჯამურად 6,61 ლარის ოდენობით, რაც არის საათში 1,65 ლარი.
17. თუმცა, რადგან მოსარჩელე როგორც სამხედრო ძალების ვეტერანი სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით და გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მისი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაა საათში 2,07 ლარია (სშკ-ის 14.1 და 17.3 მუხლების სამართლებრივი ანალიზით).
18. შესამისად, მოსარჩელის (პირველი აპელანტი) მოთხოვნა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სახით 3 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
19. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ: ა) მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ცვლაში მუშაობის რეჟიმი, სამუშაო დროა 5:00-21:00 საათი, შესვნება 2 საათი, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო 4 საათი, სულ სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 14 საათი. სამუშაო დღეები განისაზღვრებოდა ტაბელის შესაბამისად. საბაზისო ხელფასი იყო 14,24 ლარი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 6,61 ლარი, სულ ხელფასი გათვალისწინებული იყო 20,85 ლარის ოდენობით.
20. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ ტაბელი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია აღირიცხოს დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რადგან დასაქმებულების შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა არა ფიქსირებული ანაზღაურებით, არამედ საათობრივი ანაზღაურებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით. შესაბამისად, ტაბელის მეშვეობით დამსაქმებელი აჯამებს თითოეული დასაქმებულის სამუშაო საათებს, განსაზღვრავს რამდენია სტანდარტული სამუშაო და რამდენი ზეგანაკვეთური სამუშო დრო, რაც უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა. თავისი არსით ტაბელი არის დამსაქმებლისათვის აუცილებელი დოკუმენტი, რადგან ტაბელით არის შესაძლებელი დასაქმებულის ფაქტობრივად ნამუშევარი სამუშაო საათების აღრიცხვა და ამის მიხედვით მისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა. ტაბელის შევსება არის დასაქმებულის კონტროლის ფარგლებში, დასაქმებულთა გამოცხადების და სამუშაო დროის დამთავრების სათანადოდ აღრიცხვა არის დამსაქმებლის ზედამხედველობის სფერო და ტაბელში ინფორმაციის მითითება მხოლოდ დასაქმებულის ნებაზე დამოკიდებული არ არის.
21. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობაა: 2016 წლის აგვისტოში 50 საათი, 2016 წლის სექტემბერში 170 საათი, 2016 წლის ოქტომბერში 140 საათი, 2016 წლის ნოემბერში 130 საათი, 2016 წლის დეკემბერში 140 საათი, 2017 წლის იანვარში 150 საათი, 2017 წლის თებერვალში 187 საათი, 2017 წლის მარტში 175 საათი, 2017 წლის აპრილში 148 საათი, 2017 წლის მაისში 173 საათი, 2017 წლის ივნისში 92 საათი. საერთო ჯამში, საათში 2,07 ლარის ანაზღაურების პირობით მოსარჩელეს მართებულად აუნაზღაურდა 3208,5 ლარი.
22. რაც შეეხება 2017 წლის ივნისის თვეში გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით 286 ლარის ანაზღაურებას, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა ფასიანი შვებულებით სარგებლობა და დამსაქმებლის მიერ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა შვებულების თანხის ანაზღაურებაზე უარყოფილი იქნა.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის (მეორე აპელანტი) მიერ; კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
24. კასატორი აღნიშნავს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა მის გადაწყვეტილებაში სამსახურში გამოცხადების ტაბელი წარმოადგენს დამსაქმებლისათვის აუცილებელ დოკუმენტს, თუმცა, მსგავს ჩანაწერს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. კასატორისთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით არის გაკეთებული მსგავსი განმარტება ან რატომ არის ასეთი დოკუმენტის არსებობა აუცილებელი. კასატორის განმარტებით, ტაბელას არსებობა გამომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან და კომპანიის კეთილი ნებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე კომპანიას გააჩნია ტაბელის მსგავსი დოკუმენტი, თუმცა, აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს ოფიციალური სახე, რადგან არ არის დამტკიცებული კომპანიის დირექტორის მიერ ბრძანებით ან სხვა რაიმე დოკუმენტით, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არის თანამშრომელთა (ცვლებში) სამსახურში გამოცხადების უწყისი და არ ემსახურება სამსახურში გამოცხადების საათების დაანგარიშებას, რადგან სამუშაო საათები შრომითი ხელშეკრულებით იმპერატიულად არის დადგენილი და მასში, ასევე გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურების მითითებით. კასატორი ციტირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც საუბარია დასაქმებულის სამუშაო დროსა და განრიგზე, ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაოზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო თავისივე მითითებებს ეწინააღმდეგება და არ ითვალისწინებს ხელშეკრულებაში მითითებულ ზუსტად იმ პუნქტს, რომელიც ამ ჩანაწერს ეხება და რაც დადასტურებულად ითვლება. სასამართლო თავად ადასტურებს, რომ სამუშაო გრაფიკი იყო ლიმიტირებული. კასატორი ციტირებს ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც საუბარია სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულის შესვენებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განმარტება უსაფუძვლოა, რადგან სამუშაო ადგილზე ნებისმიერი დასაქმებული შესაძლებელია დარჩეს თავისი სურვილით ან პირადი ინტერესის გამო, რაც არ გულისხმობს, რომ ხელმძღვანელი სარგებლობს ამ შემთხვევით. კასატორი განმარტავს, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უნდა არსებობდეს დამსაქმებლის მკვეთრად გამოხატული ნება (წერილობითი), ან სხვა გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, მსგავსი ნება არ არსებობს, მეტიც, სამსახურში გამოცხადების უწყისებით, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, როგორც მთავარ მტკიცებულებას, საკმაოდ ბუნდოვანი სწორედ მოსარჩელის სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის საათებია, მაშინ როდესაც ყველა დანარჩენი თანამშრომელი მუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საათების განმავლობაში. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მისი ინიციატივით რჩებოდა სამსახურში. თუმცა, სასამართლო აღნიშნულ ვითარებას არ ჩაუღრმავდა და მხედველობაში არ მიიღო, მაშინ როდესაც მსგავსი ქმედებები მოსარჩელის მხრიდან სისტემატიურად მეორდებოდა, რასაც თავად სასამართლოც ადასტურებს. შეუძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მოთხოვნა ხდებოდეს სისტემატიურად.
სამოტივაციო ნაწილი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 3208,5 ლარის ანაზღაურების ნაწილში, რასაც სადავოდ ხდის კასატორი და თავის საკასაციო საჩივარს აფუძნებს შემდეგ მოსაზრებებს: კასატორი აღნიშნავს, რომ სამსახურში გამოცხადების ტაბელის არსებობა გამომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან და კომპანიის კეთილი ნებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე კომპანიას გააჩნია ტაბელის მსგავსი დოკუმენტი, თუმცა, აღნიშნულ დოკუმენტს არ აქვს ოფიციალური სახე, რადგან არ არის დამტკიცებული კომპანიის დირექტორის მიერ ბრძანებით ან სხვა რაიმე დოკუმენტით, თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი არის თანამშრომელთა (ცვლებში) სამსახურში გამოცხადების უწყისი და არ ემსახურება სამსახურში გამოცხადების საათების დაანგარიშებას, რადგან სამუშაო საათები შრომითი ხელშეკრულებით იმპერატიულად არის დადგენილი და მასში, ასევე გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურების მითითებით.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის შრომითი დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს დასაქმებული დამსაქმებლისაგან და რის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა შემოწმდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელდობრ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში მუშაობდა ღამის მზარეულის თანამდებობაზე 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის 1 ივლისამდე. ამასთანავე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით მოსარჩელე ფაქტიურად შრომით მოვალეობას ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეგანაკვეთური სამუშაოების დროის გადაჭარბებით, სახელდობრ, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ცვლაში მუშაობის რეჟიმი, სამუშაო დროა 5:00-21:00 საათი, შესვენება 2 საათი, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო 4 საათი, სულ სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 14 საათი. სამუშაო დღეები განისაზღვრება ტაბელის შესაბამისად. საბაზისო ხელფასია 14,24 ლარი, ზეგანაკვეთი ანაზღაურება 6,61 ლარი, სულ ხელფასია 20,85 ლარი. ტაბელში მითითებული მონაცემებით დასტურდებოდა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის სამსახურში ყოფნის დრო აჭარბებს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას - ცვლაში 14 საათს, საიდანაც, 4 საათი არის ზეგანაკვეთური სამუშაო დრო. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი სამსახურში გამოცხადების ტაბელის მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობაა: 2016 წლის აგვისტოში 50 საათი, 2016 წლის სექტემბერში 170 საათი, 2016 წლის ოქტომბერში 140 საათი, 2016 წლის ნოემბერში 130 საათი, 2016 წლის დეკემბერში 140 საათი, 2017 წლის იანვარში 150 საათი, 2017 წლის თებერვალში 187 საათი, 2017 წლის მარტში 175 საათი, 2017 წლის აპრილში 148 საათი, 2017 წლის მაისში 173 საათი, 2017 წლის ივნისში 92 საათი.
28. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს ტაბელის მონაცემების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ჯერ ერთი, ამ გარემოებაზე მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია (იხ., შესაგებელი ტ.1. ს.ფ. 32) და ამასთან, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისა, მიაკუთვნებს ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შინაარსისა, არ არის ვარგისი ამა თუ იმ გარემოების სამტკიცებლად, ვინაიდან ამ გარემოების დამამტკიცებელი დოკუმენტის სახე თვითონ კანონმა - კონკრეტულმა ნორმამ განსაზღვრა, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა მტკიცებულებებით (სსკ-ის მე-3, მე-4 დ 102-ე მუხლის მესამე ნაწილი).
29. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მითითება მასზედ, რომ მართალია მოპასუხე კომპანის ჰქონდა ტაბელის მონაცემები, თუმცა, ვინაიდან ეს კომპანიისათვის იყო არასავალდებულოდ საწარმოები დოკუმენტი, ამიტომ მასზე დაყრდნობა არარელევანტურია, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადავოა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტი და რამე სპეციალური მტკიცებულება, რითაც შესაძლებელია აღნიშნულის დადასტურება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ხოლო მოპასუხე კომპანიაში არსებობდა ტაბელები და ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი გახდა სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, აღნიშნული არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
30. იმავდროულად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ ტაბელი წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის მიზანია აღირიცხოს დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რადგან დასაქმებულების შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა არა ფიქსირებული ანაზღაურებით, არამედ საათობრივი ანაზღაურებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით. შესაბამისად, ტაბელის მეშვეობით დამსაქმებელი აჯამებს თითოეული დასაქმებულის სამუშაო საათებს, განსაზღვრავს რამდენია სტანდარტული სამუშაო და რამდენი ზეგანაკვეთური სამუშო დრო, რაც უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა. თავისი არსით ტაბელი არის დამსაქმებლისათვის დოკუმენტი, რადგან ტაბელით არის შესაძლებელი დასაქმებულის ფაქტობრივად ნამუშევარი სამუშაო საათების აღრიცხვა და ამის მიხედვით მისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა. ტაბელის შევსება არის დასაქმებულის კონტროლის ფარგლებში, დასაქმებულთა გამოცხადების და სამუშაო დროის დამთავრების სათანადოდ აღრიცხვა არის დამსაქმებლის ზედამხედველობის სფერო და ტაბელში ინფორმაციის მითითება მხოლოდ დასაქმებულის ნებაზე დამოკიდებული არ არის.
31. სშკ-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. ამასთან, დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო ზეგანაკვეთურად რომ ჩავთვალოთ, საჭიროა მისი შესრულება მხარეთა შორის შეთანხმებული იყოს და აღემატებოდეს კანონით განსაზღვრულ ზღვრულ ხანგრძლივობას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურებულია გარემოება მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ და ამასთან, მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა, სარჩელის უარყოფის შესახებ კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია (ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ დავაზე იხ., სუსგ № ას-420-400-2015, 16 დეკემბერი, 2015 წელი).
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომითსამართლებრივ ურთიერთობებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს. კ. უ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს ,,ს. კ. უ.“ (ს/კ:40448....) უკან დაუბრუნდეს ს. ქ-ის მიერ 2019 წლის 24 აპრილს საგადახდო დავალება N78615... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე