Facebook Twitter

საქმე №ას-578-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – ზ. ვ-ია

მეორე კასატორი – ნ. მ-ძე

თავდაპირველი თანამოსარჩელეები - ჯ. ვ-ია, ი. დ-ძე

მეურვეობსა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი (ნ. მ-ის სარჩელში) – ალიმენტის დაკისრება, ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა

დავის საგანი (ზ. ვ-იას სარჩელში) - განქორწინება, არასრულწლოვან შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის დადგენა, ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2015 წლის 25 სექტემბერს ზ. ვ-იამ (შემდგომში: პირველი მოსარჩელე ან პირველი კასატორი), ჯ. ვ-იამ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და ი. დ-ემ (შემდეგში - მესამე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს ნ. მ-ის (შემდეგში - მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს შემდეგი: ა) შეწყვეტილ იქნას პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 08 აპრილს სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით; ბ) პირველ მოსარჩელეს მიენიჭოს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 20... წლის ... სექტემბერს დაბადებულ მ. ვ-ასთან და 20... წლის ... მარტს დაბადებულ ბ. ვ-ასთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით; გ) პირველი მოსარჩელე აღიარებულ იქნას მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, დ. თ. ქ. №...-ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა №...-ის (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) თანამესაკუთრედ ½ წილის უფლებით და აღნიშნულის შესაბამისად უძრავი ქონების ½ წილზე დარეგისტრირდეს პირველი მოსარჩელე თანამესაკუთრედ.

2. მეორე და მესამე მოსარჩელეთა მოთხოვნა კი, მოპასუხეს წარედგინა შემდეგი სახით: ა) მეორე და მესამე მოსარჩელეებს მიენიჭოთ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 20... წლის ... სექტემბერს დაბადებულ მ. ვ-ასთან და 20... წლის ... მარტს დაბადებულ ბარბარე ვადაჭკორიასთან ყოველდღიურად, 4 საათის განმავლობაში და ყოველი მეორე კვირის პარასკევს და შაბათს ღამისთევით ბავშვების თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.1-13).

3. მოსარჩელეებმა მოთხოვნა დაასაბუთეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით: პირველი მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2010 წლის 08 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები. მეუღლეები, ურთიერთშორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ერთად აღარ ცხოვრობენ, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებიან დედასთან, რომელიც ბავშვების მამას და ბებია-ბაბუას არ აძლევს ბავშვების ნახვისა და მათთან ურთიერთობის უფლებას. პირველმა მოსარჩელემ და მოპასუხემ ქორწინების პერიოდში შეიძინეს სადავო უძრავი ქონება, რაც საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ მოპასუხის სახელზე, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება შეძენილია მთლიანად პირველი მოსარჩელის სახსრებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების განმავლობაში, ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

4. მოპასუხემ პირველი მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია; მამასთან და ბებია-ბაბუასთან არასრულწლოვანი ბავშვების ურთიერთობის ფორმის განსაზღვრის ნაწილში მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, შემდეგი სახით: მამას მიეცეს უფლება, ღამისთევით ბავშვების წაყვანის გარეშე, ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან კვირაში 1 დღის მანძილზე რამდენიმე საათით, იმ პირობით, რომ ბავშვებს ხელი არ შეეშალოთ ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესში. ბებია-ბაბუას მიეცეთ უფლება, ღამისთევით ბავშვების წაყვანის გარეშე, ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან კვირაში 1 დღის მანძილზე 1 საათით, იმ პირობით, რომ ბავშვებს ხელი არ შეეშალოთ ბაღსა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესში. მოპასუხემ განმარტა, რომ მამასთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის ფორმის სხვაგვარად განსაზღვრა ბავშვების ასაკიდან და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანთა ინტერესებზე. იმავდროულად, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილში, მოპასუხემ, სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, მოითხოვა პირველი მოსარჩელის წილის განსაზღვრა თანაბრობის პრინციპის დარღვევით - უძრავი ქონების 1/3 ნაწილით.

5. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელის მიერ განიმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან და მამის მშობლებთან, ბებიასთან და ბაბუასთან. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მოსარჩელეთა ოჯახში შექმნილია ბავშვის განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო, უსაფრთხო გარემო. არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით მამისა და მისი მშობლების ქცევა არის ადეკვატური, ბავშვების სურვილებისა და მათი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შერჩეული. მოდავე მხარეთა მხრიდან აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები, იზრდებოდნენ თბილ და მათ მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში.

6. თავის მხრივ, მოპასუხემაც 2015 წლის 07 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი მოსარჩელის მიმართ, საერთო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მისი განმარტებით, იგი და პირველი მოსარჩელე 2010 წლის 08 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს სადავო საცხოვრებელი ბინა, რომელიც გაფორმებულია პირველი მოსარჩელის სახელზე. მამა საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობას შვილის რჩენაში და არ ეხმარება მას შვილების რჩენა-აღზრდაში. ალიმენტის ყოველთვიურ ოდენობად დედამ მოითხოვა თითოეულ ბავშვზე ცალ-ცალკე 1500-1500 აშშ დოლარის განსაზღვრა, ასევე, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ. ბათუმი დ. თ. ქუჩა №... ბინა №... (შემდეგში - სადავო მეორე უძრავი ქონება) ½ წილის მიკუთვნება.

7. მამამ - პირველმა მოსარჩელემ, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სახელდობრ ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი, მართალია, პროფესიით არის მეზღვაური, მაგრამ დიდი ხანია ამ პროფესიით დასაქმებული აღარ არის. შესაბამისად, სტაბილური სამსახური და შემოსავლები არ გააჩნია. ის პერიოდულად გადადის თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, სადაც დასაქმებულია მუშად, დღიური ანაზღაურებით, რაც იმდენად მცირეა, რომ ალიმენტის სახით, ჯამში, 200 ლარზე მეტი თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია. სადავო მეორე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მოპასუხის აღიარების ნაწილში, პირველმა მოსარჩელემ განმარტა, რომ მართალია, ბინა შეძენილია მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მაგრამ მოპასუხეს მის შეძენაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, რადგან აღნიშნული შეძენილი იქნა მხოლოდ მისი დანაზოგი თანხებით.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 აპრილის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების სარჩელსა და მოპასუხის სარჩელზე დაწყებული დავა.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 08 აპრილს სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით; მეორე და მესამე მოპასუხეებს მიეცათ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან - 20... წლის ... სექტემბერს დაბადებულ მ. ვ-ასთან და 20... წლის ... მარტს დაბადებულ ბ. ვ-ასთან, ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით. მოპასუხე ზ. ვ-იას მიეცა უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან - 2011 წლის 17 სექტემბერს დაბადებულ მ. ვ-ასთან და 20... წლის ... მარტს დაბადებულ ბ. ვ-ასთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, მოსარჩელეს მიეცა უფლება არასრულწლოვანი შვილები - 20... წლის .... სექტემბერს დაბადებული მ. ვ-ია და 20... წლის ... მარტს დაბადებული ბ. ვ-ია წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით). მოსარჩელე ცნობილი იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით. სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ 1/2 წილის უფლებით აღირიცხა პირველი მოსარჩელე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი მოპასუხე მოსარჩელის მიმართ. მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის - 20... წლის ... სექტემბერს დაბადებულ მ. ვ-იას რჩენის მიზნით, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20... წლის .... ოქტომბრიდან მ. ვ-იას სრულწლოვანებამდე. მამას არასრულწლოვანი შვილის - 20.... წლის ... მარტს დაბადებულ ბ. ვ-იას რჩენის მიზნით, დაეკისრა ალიმენტის გადახდა 250 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 20... წლის ... ოქტომბრიდან ბ. ვ-იას სრულწლოვანებამდე. მოპასუხე ცნობილი იქნა მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სადავო მეორე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, 1/2 წილის უფლებით. უძრავი ქონების თანამესაკუთრედ 1/2 წილის უფლებით აღირიცხა მოპასუხე.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა მოსარჩელემ და მოპასუხემ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით პირველ მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 500-500 ლარის ოდენობით ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან შვილების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე; დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

12. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში და ნაცვლად, 250-250 ლარისა, თითოეულ ბავშვზე ალიმენტის სახით გადასახდელ თანხად განსაზღვრა 500-500 ლარი. ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონფლიქტური დამოკიდებულების გამო, 2015 წლიდან მხარეები (ცოლ-ქმარი) ცხოვრობენ ცალ-ცალკე. დედა ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად სადავო ბინაში, ხოლო პირველი მოსარჩელე (მამა) ფაქტობრივად ცხოვრობს მშობლებთან (მეორე და მესამე მოპასუხე) ერთად სხვა ბინაში. მხარეთა არასრუწლოვანი შვილები მ. და ბ. ვ-ები იმყოფებიან დედის კმაყოფაზე. დედა არის მუსიკალური სკოლის პედაგოგი და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. ბავშვების მამა სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრუწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე, მეზღვაურია, დასაქმებულია პროფესიით და იგი რეგულარულად დადის საზღვარგარეთ ნაოსნობაში და აქვს სოლიდური შემოსავალი. მოცემულ დასკვნამდე სააპელაციო პალატა მივიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების, დედის განმარტებისა და მის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. სახელდობრ: ა) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაციით ბანკში პირველ მოსარჩელეს (მამა) 20... წლის ... თებერვალს ა.მ ნომიკოს ტრანს-მსოფლიო საზღვაო სააგენტოდან ანგარიშზე ჩაერიცხა 4 430. 57 აშშ დოლარი, ხოლო ამავე წლის 20 მაისს კი-10 028.95 აშშ დოლარი. ამასთან, პირველი მოსარჩელე 2015 წლის განმავლობაში ზემოხსენებულის გარდა, მითითებული სააგენტოდან სხვა ჩარიცხვები არ უფიქსირდება. ბ) დედის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ა.მ. ნომიკოს ტრანს- მსოფლიო საზღვაო სააგენტოების მიერ პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში გაცემული საზღვაო სამსახურის შესახებ ცნობით დადგენილია (დასტურდება), რომ პირველი მოსარჩელე სატვირთო გემზე (ტანკერი) სახელწოდებით მსახურობდა 6 თვისა და თოთხმეტი დღის განმავლობაში (იხ. ტომი მე-3, ს.ფ. 159-161); გ) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით -ა.მ. ნომიკოს ტრანს-მსოფლიო საზღვაო სააგენტოების მიერ პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში გაცემული საზღვაო სამსახურის შესახებ ცნობით დადგენილია (დასტურდება), რომ პირველი მოსარჩელე სატვირთო გემზე (ტანკერი) სახელწოდებით ,,ტ. ქ.“ მსახურობდა 7 თვისა და 10 დღის განმავლობაში; დ) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - ა.მ. ნომიკოს ტრანს-მსოფლიო საზღვაო სააგენტოების მიერ პირველ მოსარჩელესთან მიმართებაში გაცემული საზღვაო სამსახურის შესახებ ცნობით დადგენილია (დასტურდება), რომ პირველი მოსარჩელე სატვირთო გემზე (ტანკერი) მხახურობდა 202 დღის განმავლობაში (იხ. ტომი მე-3, ს.ფ. 138-142). ამ გარემოებების გათვალისწინებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პირველი მოსარჩელე ნაოსნობაში იმყოფება არა 12 თვის, არამედ საშუალოდ 6-7 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მისი თვიური შემოსავალი ერთ წელზე გადაანგარიშებით წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე შეადგენს (4 430. 57+10 028.95)=14459. 52 :12= 1204.96 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით შეადგენს (1204.96 : 2.68)= 3229.29 ლარს.

13. მშობლებისა და არასრუწლოვანი ბავშვების ურთიერთობის საკითხის შესწავლისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციით, რომლის მიხედვით მშობლები სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით და ადგილი არ ქონდეს პირად ანგარიშსწორებებს. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, სასურველია შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებას და მორიგებას. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, ისინი არ უნდა განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ძალადობას. მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვებს ურთიერთობა უნდა ქონდეთ როგორც დედასთან და მამასთან, ასევე მშობლების ნათესავებთან. მოცემულ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სასამართლოს დავალების შესაბამისად ფსიქოლოგის მონაწილეობით შეისწავლა ბავშვებისა და მამის ურთიერთობის საკითხი, გამოარკვია, რომ ბარბარემ გამოხატა მამასთან ურთიერთობის სურვილი, მიიტანა სკამი მასთან ახლოს, შეეცადა მამისთვის გაეზიარებინა სათქმელი, გამოხატა მასთან ერთად თამაშის სურვილი, უღიმოდა მამას. მარიამი კი, ტიროდა ურთიერთობის დასაწყისიდანვე, სხეულებრივად გამოხატავდა ჭირვეულობას, ბრაზს, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მამა - შვილის შეხვედრის უზრუნველყოფა. მამა ადეკვატურად რეაგირებდა ბავშვის ქცევაზე, ერიდებოდა ბავშვის გაღიზიანებას. ის გამოხატავს ბავშვებთან ურთიერთობის სურვილს, სურს განახორციელოს ზრუნვა, განიცდის ასეთი ფორმით ურთიერთობას. ამბობს, რომ ბავშვი მასთან ძალიან კარგად იყო, მოჰყავს მაგალითები, გამოხატავს შვილების მიმართ სითბოსა და სიყვარულს. დედას მიეცა რეკომენდაცია, რომ აუცილებელია ხელი შეუწყოს მამა-შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, არ გამოიყენოს დამაშორებელი ქცევები, არ ისაუბროს ბავშვის თანდასწრებით მამაზე ნეგატიურად, მამასთან ურთიერთობა დაეხმარება ბავშვს გათავისუფლდეს შფოთვისაგან, ირაციონალური შიშისაგან, ბავშვებს მამასთან უნდა ქონდეთ დადებითი ემოციებით მიმდინარე საჭირო ურთიერთობა, რაც შემდგომში აყალიბებს სანდო ემოციურ კავშირს.

14. რაც შეეხება განქორწინების შესახებ მოთხოვნას, მხარეთა მწვავე დაპირისპირებისა და კონფლიქტური დამოკიდებულების, ასევე, განქორწინების თაობაზე მოსარჩელე მხარის კატეგორიული პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შემდგომი შერიგება და მათ შორის ოჯახური თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 1122-ე და 1106-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მისი ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი - არ შეწყდეს ქორწინება - არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარე არ უშვებს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და მეუღლეებს კომუნიკაცია ერთმანეთთან ფაქტობრივად არ გააჩნიათ. კომუნიკაციის ნებისმიერი მცდელობა სრულდება კონფლიქტით. ამასთან, პირველმა მოსარჩელემ სარჩელი განქორწინების თაობაზე აღიძრა 25.09.2015 წელს და 2018 წლის მდგომარეობით მისი პოზიცია ქორწინების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

15. პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა არასრულწლოვან შვილებთან/შვილიშვილებთან ურთიერთობას, სასამართლომ მიუთითა რომ არასრუწლოვანთა მშობლები კონფლიქტური დამოკიდებულების გამო ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრუწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან და მამას არ ეძლევა შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა შვილების მხრიდან მამის მიმართ გაუცხოება. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. სახელდობრ, მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით, იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ. სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

16. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან კეთილსაიმედო, დაცულ, უსაფრთხო გარემოში, მათ დედასთან აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა და ასევე პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ დედის მხრიდან ოჯახის წევრებისადმი - დედის მშობლებისა და ძმისადმი. თუმცა, ბავშვების ასეთივე პოზიტიური დამოკიდებულება არ იკვეთება მამისადმი და მამის მშობლებისადმი, რაც განპირობებულია ურთიერთობის დეფიციტით, ეს კი გამოწვეულია მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებით. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სოციალური სამსახურის მიერ სასამართლო დავალების შესაბამისად, შესწავლილი იქნა მოსარჩელე მხარის საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობებიც დამაკმაყოფილებელია და ბავშვების ნორმალური განვითარებისათვის შექმნილია ყველა პირობა. ასევე დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელეს, რომელიც ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში იყო მოსიყვარულე, მზრუნველი და ყურადღებიანი მამა, აღარ ეძლევა შვილებთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ სურს შვილებთან ურთიერთობა და შვილებზე მზრუნველობა. დადგენილია, რომ შვილებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო, მასსა და ბავშვებს შორის აღარ არის მიჯაჭვულობა, თუმცა პირველი მოსარჩელის, ქცევა შვილებთან არის ყოველთვის ადეკვატური და ბავშვების ემოციების შესაბამისი. მამასთან ბავშვების ურთიერთობა არ არის საფრთხის შემცველი. პირიქით, მისი მიზანია ბავშვები თავს გრძნობდნენ მშვიდად და დაცულად. დადგენილია, რომ მარიამ ვადაჭკორია 2011 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა მამასთან და მის მშობლებთან (ბებია-ბაბუსათან ანუ მეორე და მესამე მოსარჩელეებთან). ისინი ერთად მზრუნველობდნენ ბავშვზე და მათ შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმც,ა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი და მშობლების დაშორება უარყოფითად აისახა მარიამ ვადაჭკორიას ემოციურ მდგომარეობაზე და ის დღეის მდგომარეობით მამასთან და ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის სურვილს არ გამოხატავს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ პრობლემა დაძლევადია ბავშვებთან მამისა და ბებია - ბაბუას ურთიერთობის წესის განსაზღვრით და ასევე, მშობლების მხრიდან იმ გარემოების გაცნობიერებით, რომ მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ბავშვების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს. სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saertashoriso- kvlevebi8.pdf). აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. ს. წ.“, ველი 58, 60). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მამას უნდა ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა არასრულწლოვან შვილებთან, ბავშვს ორივე მშობელთან აკავშირებს მიჯაჭვულობა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე ისინი მეტ მიჯაჭვულობას დედის მიმართ ავლენენ. ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, რაც წარმოადგენს დამცავ ფაქტორს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. მნიშვნელოვანია მამის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელების აკრძალვა, რაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მისი წაყვანის მცდელობა, მეორე მშობლის წინააღმდეგ განწყობის ჩამოყალიბება და სხვა. რაც საქმის განხილვის პერიოდში მოსარჩელე მხარის მხრიდან არ გამოვლენილა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გამომხატველია მამასთან ურთიერთობის რეჟიმის დადგენა იმგვარად, რომ მამას მიეცეს უფლება ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან შვილებთან ყოველდღიურად, დღეში სამი საათის მანძილზე, 21:00 საათამდე. მამას ასევე უნდა მიეცეს უფლება სასწავლო პროცესისაგან თავისუფალ დროს, შვილები წაიყვანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ყოველი მეორე კვირის შაბათ დღეს 14:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე (ღამისთევით). სასამართლო მიიჩნევს, რომ მამასა და შვილებს შორის ურთიერთობისათვის ამ სახით განსაზღვრული რეჟიმი, ამ ეტაპზე, შეესაბამება ბავშვების სწორად აღზრდის უპირატეს ინტერესებს და მათ კანონით დაცულ უფლებებს. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე. მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან ან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

17. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ. და ბ. ვ-ები არიან მეორე და მესამე მოსარჩელეთა შვილიშვილები. მოსარჩელეთა განმარტებით მათ მოპასუხის მხრიდან ეზღუდებათ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის უფლება.

18. მოპასუხე არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეებს ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ღამით მათთან დარჩენის გარეშე, იმ პირობით, რომ ბავშვებს არ დაერღვევათ დღის რეჟიმი, სასწავლო პროცესი.

19. ასევე დადგენილია, რომ მესამე მოსარჩელე არის პედაგოგი. ეს უკანასკნელი მეორე მოსარჩელესთან (ბაბუა) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მ. ვ-იას აღზრდაში, ვიდრე ბავშვი ცხოვრობდა მათ ოჯახში.

20. ბ. ვ-იას დაბადების შემდეგ არაერთხელ ქონდათ მცდელობა ენახათ ბავშვი და ურთიერთობა ჰქონოდათ შვილიშვილებთან, თუმცა, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის გამო ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება არ ეძლეოდათ.

21. საქმის განხილვის პროცესში არ გამოვლენილა რაიმე იმგვარი გარემოება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბებიასთან და ბაბუასთან ურთიერთობა ხელს შეუშლის ბავშვების ნორმალური აღზრდის პროცესს და მავნე ზეგავლენას მოახდენს მათზე.

22. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად არასრულწლოვან ბავშვს აღზრდისა და განვითარებისათვის ესაჭიროება ორივე მშობელი და მათ თანაბრად უნდა იზრუნონ ბავშვის კეთილდღეობისათვის, მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ცხოვრებისა. დავის გადაწყვეტისას, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, იზრდებოდეს თბილ და მის მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში. ბავშვის ურთიერთობა მშობლების ნათესაურ წრესთან დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც მათი სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. სასამართლომ ხაზგასმით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის ბებიის და პაპის უფლებას, მაშინაც, როცა ბებია და პაპა უშუალოდ არ იღებენ მონაწილეობას შვილიშვილების აღზრდაში აღნიშნული საკითხის მშობლებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში. ამიტომ, ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ ხდება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი ბავშვების, წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სწორად აღზრდისათვის, მნიშვნელოვანია, მშობლების გარდა მათ ბებიასთან და პაპასთან ჰქონდეთ ურთიერთობა. არასრულწლოვანის უფლებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან, ორივე ოჯახი ვალდებულია, იზრუნოს და შეუქმნას მას განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სასამართლომ გაიზიარა სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტება, რომლის თანახმადაც მიზანშეწონილია, მოსარჩელეებს არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობისათვის განესაზღვროთ დროის ის მონაკვეთი, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი, შესაგებელში აღნიშნული პირობების გათვალისწინებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ურთიერთობა არ აქვთ ბებია-პაპასთან. ბავშვები მიჯაჭვული არიან დედასთან და ღამით ბებიისა და პაპის გარემოცვაში, დედის გარეშე დარჩენამ შესაძლოა მათზე მოახდინოს სტრესული ზეგავლენა. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბარბარე ვადაჭკორიას გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების ბებია-პაპასთან ურთიერთობას ხელი უნდა შეეწყოს ეტაპობრივად. სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, მათ რეჟიმს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი არასრულწლოვან შვილიშვილებთან უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბავშვების ჩვეული რეჟიმი და არ შეექმნათ დაბრკოლება სასწავლო პროცესში.

23. ამდენად, შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და ბებია-ბაბუას უნდა მიცემოდათ უფლება ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილებთან ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით, შაბათს - 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით და კვირას 15:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

24. თანასაკუთრების გაყოფის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. განსახილველი ნორმების მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის, თუკი არ აქვს ადგილი კანონით დადგენილ გამონაკლისს. მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურვავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 183-ემუხლზე, რომლის თანახმადაც უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მხარეები დაქორწინდნენ 20... წლის 8 აპრილს. სადავო უძრავი ქონება შეძენილი იქნა ქორწინების პერიოდში - 20... წლის ... აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და ის საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა 20... წლის ... აპრილს, ხოლო სადავო მეორე უძრავი ქონება შეძენილი იქნა 20... წლის ... თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე და ის საჯარო რეესტრში პირველი მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა 20... წლის .... თებერვალს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თანამესაკუთრე მეუღლეს არ ეკისრება საჯარო რეესტრში ნივთის აღრიცხვის ვალდებულება და რეგისტრაციის არარსებობა არ უკარგავს მას სადავო ქონებაზე სანივთო უფლებას. უძრავი ნივთის რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენისა და ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი, ქმნის სადავო ქონების თანასაკუთრებად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.

26. სსკ-ის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ასევე ხაზგასმა გააკეთა ამავე კოდექსის 1164-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო სსკ-ის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი მოსარჩელის კუთვნილი წილი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან შეადგენს 1/2- ს, ხოლო მოპასუხის კუთვნილი წილი პირველი მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონებიდან შეადგენს ასევე 1/2-ს. სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ პირველმა მოსარჩელემ უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ აღიარების ნაწილში სრულად ცნო მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა, რაც საკმარისი საფუძველია სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

27. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ ის მიერ აღძრული დამოუკიდებელი სარჩელით მოითხოვა წილთა თანაბრობიდან გადახვევა და მისი კუთვნილი წილის 2/3-ით განსაზღვრა.

28. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს წილთა თანაბრობიდან გადახვევა დასაშვებია სსსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა. ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესშია და მათ ნორმალურ აღზრდას ხელს შეუშლის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა საბუთდებოდეს, რომ არასრულწლოვანი შვილები და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დედა თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი და მოპასუხის სახელზე აღრიცხულ №24 და №25 ბინებში, რომელთა საერთო ფართი 134.87 კვმ-ია. ამასთან, დედის სახელზე აღრიცხული ფართი შეადგენს 84.37. კვმ-ს, საიდანაც მისი კუთვნილი წილი თანაბრობის დაცვით 42.085 კვმ-ია. ხოლო მამის სახელზე აღრიცხული ფართი შეადგენს 53.50 კვმ-ს, საიდანაც დედის კუთვნილი წილი შეადგენს 26.75 კვმ-ს. ჯამში თითოეული მეუღლის კუთვნილი ფართი შეადგენს 68.83 კვმ-ს. ამასთან, ამგვარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოშობილი უნდა ყოფილიყო სსკ-ის 1168-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, როგორიცაა არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების არსებობა.

29. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მასთან ცხვრობდნენ ბავშვები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება ერთ- ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედებოდა.

30. დედა ვალდებული იყო წილის თანაბრობის პრინციპის დარღვევის მოთხოვნისას მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის გაზრდა აუცილებელი იყო ბავშვების ინტერესების დასაცავად, მას კი, ამგვარ ფაქტებზე არ მიუთითებია.

31. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით.

32. პირველი კასატორი მოითხოვს, რომ ნაწილობრივ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში.

33. პირველი კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ პირველი მოსარჩელე არის მეზღვაური და მისი ხელფასია 10 000 აშშ დოლარი, რადგან საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ საბანკო ამონაწერებს, სადაც 2015 წელს განხორციელებული ჩარიცხვებია ასახული. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მას მოპოვებული აქვს უკანონოდ. კერძოდ, მხარემ განმარტა, რომ საზღვაო სააგენტოს თანამშრომელმა გადასცა მას ეს დოკუმენტები, შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა პირის პერსონალურ და პროფესიულ მონაცემებს უკანონოდ იქნა გავრცელებული, რაც მიანიშნებს მის უკანონობაზე. კასატორის განცხადებით სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საკითხის დაყენების მიუხედავად სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პოზიცია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ კასატორს ჰყავს პენსიონერი მშობლები და მათ მზრუნველობა სჭირდებათ, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან, აღნიშნული გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.

34. მეორე კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და თავდაპირველი სარჩელის უარყოფას.

35. მეორე კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია და იმაზე მეტი ვიდრე იგი ითოვდა.

36. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია. მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ბავშვებს ძილის, დასვენების, კვების და მკურნალობის სპეციალური რეჟიმი და პირობები სჭირდებათ.

37. კასატორი მიიჩნევს, რომ ბებიაა და ბაბუას სარჩელის განხილვა ცალკე უნდა მომხდარიყო.

38. კასატორის მიაჩნია, რომ თუ სადავო გადაწყვეტილება არ გაუქმდება - ეს გადაწყვეტილება ფიზიკურად ვერ აღსრულდება რადგანაც მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელია; მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ; საქმეში ერთვება ფსიქოლოგი, რომელიც რა თქმა უნდა მცირეწლოვანი ბავშვების ყოველდღიურად ნახვის და ღამისთევის წაყვანის ანუ დედასთან დაშორების წინააღმდეგია; ასევე წინააღმდეგია ბავშვებს მსგავსი გრაფიკით ურთიერთობები ქონდეთ ბებიასა და პაპასთან.

39. კასატორი ციტირებს სსკ-ის 1199-ე მუხლის შინაარს და განმარტავს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. თუ ძალაში დარჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბავშვებთან ურთიერთობის ნაწილში, მაშინ ზიანი მიადგება ბავშვების ინტერესებს; კასატორის განცხადებით, ამ პირობებით ბავშვების დაშორება დედასთან დაუშვებელია, ასევე, ბებია-ბაბუასთვის ამგვარი უფლებების მინიჭება უკანონოა.

40. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბავშვი აღსაზრდელად ფაქტობრივად გადაეცემა ბებიას და ბაბუას, რადგან მამა მუშაობს. იგი მეზღვაურია და უმეტესად ბავშვებთან ვერ იქნება, გასულია ოჯახიდან სამუშაოდ და შვილებს დაუტოვებს დედას და მამას.

41. კასატორის განმარტებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება - ქ. ..., დ. თ. ქ. #...-ში, მე-6 სართულზე მდებარე ბინა 24 (ს/კ 05.28.05.006....) 2016 წლის 11 აპრილს იყიდა მეორე კასატორმა.

42. სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს იძლევა.

43. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ, ½ წილის უფლებით. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხეთან ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი შვილი და შესაბამისად, მეუღლეთა ქონებივი დავა უნდა გადაწყვეტილიყო 1168.2 მუხლით დადგენილი წესით. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1168.2 მუხლი.

44. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ალიმენტის თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მამა არის მეზღვაური და მისი შემოსავალი იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ფიქსირდება მის საბანკო ანგარიშზე.

45. კასატორის განცხადებით, საქმეზე წარმოდგენილია ბანკის მიერ გაცემული საბანკო ამანაწერი რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მამა, როგორც მეზღვაურს, მითითებული საზღვაო კომპანიიდან ხელფასის სახით ერიცხებოდა 10 028.95 აშშ დოლარი.

46. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ბავშვებს ყავთ ძიძა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

47. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

49. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არც პირველი და მეორე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, ორივე მათგანი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

50. თავდაპირველად, საკასაციო პალატა იმსჯელებს პირველი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე და ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ პირველი კასატორი სადავოდ ხდის გადაწყვეტილების კანონიერებას ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში. იმავდროულად, კასატორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილოდა მოპასუხის მოთხოვნა და საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო საზღვაო სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტები პირველი მოსარჩელის საქმიანობის შესახებ.კასატორის მითითებულ მოთხოვნას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნა იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს არც კონკრეტულ განჩინებაზე (იხ., ტ.3. ს.ფ. 266), სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მათი უსწორობის საკითხი, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

51. რაც შეეხება პირველი კასატორის პრეტენზიას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს, კერძოდ, კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

53. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და პირველ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ დედა ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად სადავო ბინაში, ხოლო პირველი მოსარჩელე (მამა) ფაქტობრივად ცხოვრობს მშობლებთან (მეორე და მესამე მოპასუხე) ერთად სხვა ბინაში. მხარეთა არასრუწლოვანი შვილები მარიამ და ბარბარე ვადაჭკორიები იმყოფებიან დედის კმაყოფაზე. დედა არის მუსიკალური სკოლის პედაგოგი და აქვს შემოსავალი ხელფასის სახით. ბავშვების მამა (მოპასუხე) მეზღვაურია, დასაქმებულია პროფესიით და იგი რეგულარულად დადის საზღვარგარეთ ნაოსნობაში და აქვს შემოსავალი. პირველი მოსარჩელე ნაოსნობაში იმყოფება წელიწადში საშუალოდ 6-7 თვის განმავლობაში, შესაბამისად მისი თვიური შემოსავალი ერთ წელზე გადაანგარიშებით წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე შეადგენს (4 430. 57+10 028.95)=14459. 52 :12= 1204.96 აშშ დოლარს, რაც ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით შეადგენს (1204.96 ხ 2.68)= 3229.29 ლარს (იხ., ამ განჩინების პ- 12).

54. პირველი კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას, რომლითაც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო ცნობები მისი შემოსავლების შესახებ, თუმცა, როგორც ამ განჩინების პ- 14-შია აღნიშნული, კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს.

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

56. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). იმავდროულად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სსსკ-ის 354.1 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ ეხება მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვთა საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპით, (იხ. ევროკონვენციის მე-8 მუხლი, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მიმართებით, მაგ: მაგ: Maslov v. Austria [GC], საჩ. ნომ. 1638/03, 2008 წლის 23 ივნისი) და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა სწორად შეაფასა ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-18 მუხლთან. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სსკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი (სსკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი).

57. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა - სსკ-ის 1214-ე მუხლი, სწორად შეაფასა არასრულწლოვანთა ინტერესები, ასევე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა და ამგვარდ განსაზღვრა ალიმენტის გონვრული და სამართლიანი ოდენობა.

58. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ პირველი კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (შდრ: სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი და სხვ).

59. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ მეორე კასატორიც სადავოდ ხდის ალიმენტის ოდენობას და არასკმარისად მიიჩნევს პირველი კასატორისათვის (მამა)დაკისრებულ თანხას მისივე შემოსავლების გათვალისწინებით, რასაც საკასაციო პალატა ზემოთჩამოყალიბებულ მოსაზრებებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ იზიარებს და მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა ამ ნაწილში ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება.

60. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორის მოსაზრებით, არასრულწოვან ბავშვებთან მამისა და ბებია-ბაბუის ურთიერთობის სასამართლოს მიერ დადგენილი წესი არასწორადაა განსაზღვრული, ჯერ ერთი, ვერ აღსრულდება, ხოლო აღსრულების შემთხვევაში, დააზიანებს ბავშვების ყოველდღიურ რეჟიმს, ემოციურ მდგომარეობასა და ა.შ. (იხ., მეორე საკასციო საჩივრის საფუძვლები).

61. სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენესი სასამართლოს პრაქტიკა. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არასრულწლოვან შვილებთან მამის ურთიერთობის წესის განსაზღვრა წარმოადგენდა ყურადღება მიაქცია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის პოზიციას, რომლის მიხედვით ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მამას უნდა ჰქონდეს შვილებთან თავისუფალი ურთიერთობის საშუალება. მითითებულ საქმეში დადგენილი იქნა, რომ ორივე არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი იყო მამის ოჯახი, მამა არ იყო მოძალადე, პირიქით, იგი მზრუნველი მამა იყო, არასრულწლოვან ბავშვებს სურდა მამასთან ურთიერთობა, მამას ჰქონდა მართლზომიერი უფლება ურთიერთობა ჰქონოდა არასრულწლოვან შვილებთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა კი, პირველ რიგში, დააზარალებდა არასრულწლოვანთა ინტერესებს (შდრ: სუსგ №ას-198-2019, 28 მაისი, 2019 წელი).

62. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნები. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს როლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის საქმეებზე მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს (სკ-ის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი; შდრ: საქმე „გ.ს. ს. წ.“საჩივარი N2361/13, 2015 წლის 21 ივლისი; ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N 71776/12), 2 თებერვალი, 2016 წელი (სუსგ №ას-198-2019, 28 მაისი, 2019 წელი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“ და „ოჯახური ცხოვრების“ კონცეფციის ფართო გაგებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის ურთიერთობა ერთ-ერთ მშობელსა და ბებია-ბაბუასთან არ შეიძლება მხოლოდ კანონის ფორმალურ დანაწესზე იყოს დამყარებული (რომ ამ პირებს კანონი ანიჭებთ სრულ შესაძლებლობასა და ვალდებულებას, ზრუნავდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ბავშვის აღზრდაში, ხოლო მეორე მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი, არ აქვს ამ უფლებათა შეზღუდვის შესაძლებლობა), ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვებსა მშობლებს, აგრეთვე, ბებია-ბაბუას ურთიერთდამოკიდებულება, ბავშვების ასაკი, ემოციური კავშირი, ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები, რაც ბავშვის ოჯახთან ინტეგრირებას შეუწყობს ხელს (შდრ: სუსგ №ას-85-81-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი, პ-1.6.2). მოცემულ შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელის მიერ განიმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან და მამის მშობლებთან, ბებიასთან და ბაბუასთან. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მოსარჩელეთა ოჯახში შექმნილია ბავშვის განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო, უსაფრთხო გარემო. არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით მამისა და მისი მშობლების ქცევა არის ადეკვატური, ბავშვების სურვილებისა და მათი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შერჩეული. მოდავე მხარეთა მხრიდან აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები, იზრდებოდნენ თბილ და მათ მიმართ კეთილგანწყობილ გარემოში (იხ., ამ განჩინების პ-5; შდრ: №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი, პ-66).

63. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია და დადგენილია, რომ ბავშვების მხრიდან ისეთივე პოზიტიური დამოკიდებულება, როგორიც დედისა და დედის ოჯახის წევრების მიმართ აქვთ, არ იკვეთება მამისადმი და მამის მშობლებისადმი, რაც განპირობებულია ურთიერთობის დეფიციტით, ეს კი გამოწვეულია მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებით. სოციალური სამსახურის მიერ სასამართლო დავალების შესაბამისად, შესწავლილი იქნა მოსარჩელე მხარის საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური გარემო. შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობებიც დამაკმაყოფილებელია და ბავშვების ნორმალური განვითარებისათვის შექმნილია ყველა პირობა. ასევე დადგენილია, რომ პირველ მოსარჩელეს, რომელიც ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში იყო მოსიყვარულე, მზრუნველი და ყურადღებიანი მამა, აღარ ეძლევა შვილებთან თავისუფლად ურთიერთობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ სურს შვილებთან ურთიერთობა და შვილებზე მზრუნველობა. დადგენილია, რომ შვილებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო, მასსა და ბავშვებს შორის აღარ არის მიჯაჭვულობა, თუმცა პირველი მოსარჩელის, ქცევა შვილებთან არის ყოველთვის ადეკვატური და ბავშვების ემოციების შესაბამისი. მამასთან ბავშვების ურთიერთობა არ არის საფრთხის შემცველი. პირიქით, მისი მიზანია ბავშვები თავს გრძნობდნენ მშვიდად და დაცულად. დადგენილია, რომ მ. ვ-ია 2011 წლიდან 2015 წლამდე ცხოვრობდა მამასთან და მის მშობლებთან (ბებია-ბაბუსათან ანუ მეორე და მესამე მოსარჩელეებთან). ისინი ერთად მზრუნველობდნენ ბავშვზე და მათ შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრობლემა დაძლევადია ბავშვებთან მამისა და ბებია - ბაბუას ურთიერთობის წესის განსაზღვრით და ასევე, მშობლების მხრიდან იმ გარემოების გაცნობიერებით, რომ მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ბავშვების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე.

64. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. სასამართლომ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saertashoriso- kvlevebi8.pdf).

65. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გამომხატველია მამასთან ურთიერთობის რეჟიმის განსაზღვრა იმგვარად, როგორც ეს წინამდებარე საქმეზეა დადგენილი, ხოლო ის გარემოება, რომ მამა მეზღვაურია და უმეტეს დროს ოჯახისგან შორს ატარებს (იხ., მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები) არ მიუთითებს რომ გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.არც ის მოსაზრებაა მართებული, რომ მამის არყოფნის შემთხვევაში, ბებია-ბაბუასთან დარჩება ბავშვები, რადგან როგორც გადაწყვეტილებითაა დადგენლი ბებია-ბაბუას განსაზღვრული აქვს ურთიერთობის სხვა რეჟიმი შვილიშვილებთან (იხ., ამ განჩინების პ-9), ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტლების მიმართ ვრცელდება კანონითვე განაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები) (შდრ: სუსგ №ას-323-2019, 5 ივნისი, 2019 წელი, პ-32).

66. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვან ბავშვებთან მამისა და ბებია-ბაბუის ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილშიც მეორე კასატორმა დასაბუთებული საკასაციო ედავება ვერ წარმოადგინა.

67. აღსანიშნავია, რომ მეორე კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას თანასკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყოფისას მეუღლეთა წილთა თანაბრობიდან გადაუხვევლობის ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში არასწორად განმარტა სსკ-ის 1168-ე მუხლი და არასწორად უარყო სარჩელი.

68. საკასაციო პალატამ სხვადასხვა საქმეში განმარტა, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანი შვილის ერთ-ერთ მეუღლესთან ცხოვრების ფაქტი, არამედ ისეთი გარემოების ან გარემოებათა არსებობა, რომელიც სასამართლოს უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ პირის (მეორე მეუღლის) თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს _ შემცირდეს. სასამართლოს შინაგანი რწმენა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას. ეს გარემოებები შესაძლებელია იყოს არასათანადო საბინაო პირობები, არასაკმარისი საცხოვრებელი ფართი და სხვა ნებისმიერ ფაქტორი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესშია და მის ნორმალურ აღზრდას ხელს უშლის. ამდენად, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, რომ არასრულწლოვანი შვილი და მასთან მცხოვრები მშობელი უფრო მეტად საჭიროებენ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მეორე მშობელი (შდრ: სუსგ №ას-752-703-2017, 31 ივლისი, 2017 წელი; ¹Nას-894-1180-09, 22 იანვარი, 2010).

69. მაშასადამე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1168-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს საკუთრების უფლების მოპოვების განსხვავებულ რეჟიმს, რაც მხოლოდ ამავე ნორმით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები. შესაბამისად, მითითებული ნორმის საფუძვლით აღძრული სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც ადასტურებენ მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისისაგან გადახვევის აუცილებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სახელდობრ, როგორც წინამდებარე განჩინებითაა დადგენილი მოსარჩელე მოთხოვნას იმით ასაბუთებდა, რომ არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობდნენ. მხოლოდ ეს გარემოება ერთ- ერთი მეუღლის წილის გაზრდას საფუძვლად ვერ დაედებოდა. მოსარჩელე ვალდებული იყო წილის თანაბრობის პრინციპის დარღვევის მოთხოვნისას მიეთითებინა და დაესაბუთებინა, რომ საერთო ქონებაში მისი კუთვნილი წილის გაზრდა აუცილებელი იყო ბავშვების ინტერესების დასაცავად, მას კი, ამგვარ ფაქტებზე არ მიუთითებია (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები).

70. რაც შეეხება განქორწინების ნაწილში წარმოდგენილ მეორე საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა ვერც ამ ნაწილში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და გასაჩივრებული განჩინება ამ თვალსაზრისითაც არ არის არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, წინამდებარე საქმეში არსებულ სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

73. საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ვ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ. ვ-იას (პ/ნ:610...) უკან დაუბრუნდეს 20... წლის ... აპრილს საგადახდო დავალება N12 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (480 ლარის) 70% – 336 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. ნ. მ-ეს (პ/ნ: 610010...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 25 აპრილს საგადახდო დავალება N... გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1609 ლარის) 70% – 1126.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 101001000.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური